"ახლა მომცენ ორი მილიონი და ავიღებ"

"ახლა მომცენ ორი მილიონი და ავიღებ"

ციხის კადრების გავრცელებაში ჟურნალისტ ირმა ინაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის. თუმცა ირმა საზოგადოების თვალში გმირი ვერ გახდა. ჭორი გავრცელდა, ორი მილიონი აიღო, კადრების გავრცელებისთვის ხელი რომ შეეწყოო. საზოგადოებისგან ასეთი რეაქციის გამო ირმას ბევრჯერ უტირია, მაგრამ არ უნანია ერთი წლის წინანდელი გადაწყვეტილება. რამდენიმე თვეა დაცვით დადის. ამის გამო დისკომფორტი ბევრჯერ შექმნია, მაგრამ სამსახურში მეგობრების შეთავაზებაზე უარს არ ამბობს. საქართველოში თავს დაუცველად გრძნობს.

რატომ ეძახდა მამა სამოსან ჟურნალისტს

- მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ კომბოსტოს ფურცლებში გახვეული მიპოვეს. მეც ისევე მატყუებდნენ, როგორც ყველა საბჭოთა ბავშვს. მდინარეს მოჰქონდი კომბოსტოს ფურცლებში გახვეული და გიპოვეთო, მიყვებოდნენ. მე სულ ვკითხულობდი, მამამ ცურვა არ იცის, როგორ გადახტა წყალში და როგორ ამომიყვანა-მეთქი. მშობლები ბავშვობიდან სხვა სამყაროთი გვასაზრდოებდნენ მე და ჩემს ძმას. მამა პედიატრი იყო და ბავშვები ძალიან უყვარდა. ახალ წელს სახლში ყოველთვის მოჰყავდა ერთი ბავშვი ბავშვთა სახლიდან. ბორჯომის სავადმყოფოში მუშაობდა.  ყოველთვის განიცდიდა უპატრონო ბავშვების ბედს. თუ საავადმყოფოში რომელიმე ბავშვს ღამის პერანგი არ ჰქონდა, ჩემი მიჰქონდა. ამ ამბავს ვაპროტესტებდი და არ მომწონდა. მამა ძალიან კეთილი კაცი იყო. ვინც ჯემალ ინაშვილს იცნობდა, ამაში ყველა დამეთანხმება. ბევრი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი. ორი წლის წინ გარდაიცვალა. ამ დროს ჩემი ძმა, კოტე, ციხეში იყო. მამას არ გავაგებინე, ძმის დაჭერის ამბავი. იმ გაზეთებს ვმალავდი, სადაც ჩემი ძმის დაკავების შესახებ იწერებოდა. დედა ინგლისურის მასწავლებელი იყო. ფოტოზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ ბორჯომშია გადაღებული, დედასთან ერთად ვარ. დედა ბორჯომში პირველ სკოლაში მუშაობდა. მშობლებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ეს ბავშვზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბავშვი იზრდებოდეს იმ გარემოში, სადაც ერთმანეთი უყვართ. მამას მიაჩნდა, არ უნდა მეფიქრა, რომ ძალიან მაგარი ვარ. უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მისაღებ გამოცდებზე სამი ხუთიანი მივიღე და ძალიან გახარებული ვიყავი. მამამ მითხრა, მერე რა, რომ ხუთები მიიღე, შენზე მაგრები სხვა სტუდენტები არიან. მუშაობას რომ დაიწყებ და თხუთმეტი წელი გავა, მერე ვილაპარაკოთ, ვინ ხარო.

- თხუთმეტი წელი რომ გავიდა, რა გითხრათ?

- მაინც უკმაყოფილო იყო. ისეთი არ ხარ, როგორიც მე მინდაო. სულ თავს ვაწონებდი, მინდოდა მამას ეთქვა, მაგარი ხარო, მაგრამ ამას ვერ ვახერხებდი. მერე აფხაზეთის ომში წავედი, მთელი საქართველო უყურებდა იმ კადრებს, რომელიც მე გადავიღე. მამას ეს კადრები რომ უნახავს, თურმე ინფარქტი დაემართა და არ მითხრეს. რომ დავბრუნდი, მითხრა, არაუშავს, სამოსიანი ჟურნალისტი ხარო. სანამ გარდაიცვლებოდა, არც მაშინ შეუცვლია ჩემს პროფესიონალიზმზე აზრი. მთავარია, რომ კარგი ადამიანი ხარ და ჟურნალისტიკაში კი რასაც ვუყურებ, სამიანიდან მაღლა არ იწევიო. ასეთი კაცი იყო. არ უნდოდა, მე და ჩემს ძმას ჩვენს თავზე გვეფიქრა, რომ განსაკუთრებულები და მაგრები ვართ. ასე რომ გავიზარდე, ძალიან კარგია. მე შემიძლია ჩემი კოლეგების კარგი ნამუშევარი დავინახო და აუცილებლად აღვნიშნო და ამისთვის ჩემი მშობლების მადლობელი ვარ.

- ირმა რატომ დაგარქვეს?

- რომ დავიბადე, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, სახელი ირმა პოპულარული იყო მომღერალ ირმა სოხაძის წყალობით. ირმა ახლა ჩემი მეგობარია. ჩემმა მშობლებმაც მისი სიყვარულის გამო დამარქვეს ეს სახელი. თუმცა ნათლობის სახელი ანა მქვია. ჩემს ძმას კი ბაბუის, მამაჩემის მამის სახელი დაარქვეს. კოტე "ობიექტივში" მუშაობს. სურათი ერთ-ერთი გადაცემის მსვლელობის დროსაა გადაღებული.

- თქვენი სახელებიდან რომელი უფრო მოგწონთ?

- ორივე მომწონს, იმიტომ რომ ირმა ჩემთან შესისხლხორცებული სახელია და ღმერთი კი ანათი მიცნობს.

- ბავშვობა ბორჯომში გაატარეთ?

- დიახ, ეს იყო ულამაზესი და დაუვიწყარი პერიოდი. ჩვენი ფანჯრიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა. მყავდა ციყვები და კურდღლები. ვუვლიდი ყვავილებს. ბუნებასთან გვქონდა მე და ჩემს ძმას შეხება და ამან ორივეს ცხოვრებაზე თავისი კვალი დატოვა. სკოლაც ამ ქალაქში დავამთავრე. მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით დუშელი ვარ და არა ბორჯომელი, მაინც მიმაჩნია, რომ ბორჯომია ჩემი მშობლიური ქალაქი. დღესაც, როცა ძალიან მიჭირს, მაშინვე ბორჯომში გავრბივარ, მგონია, რომ იქ ჩემს ბავშვობას ვხვდები. მართალია, ყველა ჩემი ძველი ნაცნობი წამოსულია, მაგრამ ბავშვობასთან დაბრუნება კარგია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები