"მეოცნებე და რომანტიკოსი ვარ"

"მეოცნებე და რომანტიკოსი ვარ"

მსახიობი კოკო როინიშვილი მეორე პროფესიასაც დაეუფლა. ახლახან სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. სადიპლომო სპექტაკლზე მუშაობა იმდენად მოეწონა, შემოდგომაზე დასადგმელად ახალ პიესას არჩევს. ახლა დასვენების პერიოდი აქვს, სექტემბერში კი მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე უნდა მოხდეს - მამა გახდება.

პრეამბულის მაგიერ

- რეჟისორის ამპლუაში თავი როგორ იგრძენი?

- საინტერესო სამუშაოა, ძალიან კარგი მსახიობები მყავდნენ. სადიპლომო სპექტაკლად "პროვინციული ანეკდოტები" ავირჩიე. ეს სევდისა და იუმორის ნაზავია. მგონი, მოწონება დაიმსახურა.

- როგორი მკითხველი ხარ?

- აქტიური. ყოველ საღამოს ვკითხულობ. ახლა უმეტესად პიესებს ვეცნობი და ვარჩევ, სექტემბრიდან მუშაობა რომელზე დავიწყო.

- დრამატურგია ის დარგია, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებს?

- არა, პროზაც და პოეზიაც თანაბრად მიყვარს.

- ლექსებს თავადაც ხომ არ წერ?

- ბავშვობაში დამიწერია, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი.

- სექტემბრისთვის ახალი პიესის დასადგმელად ემზადები. შენს ცხოვრებაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე გელის - მამა გახდები.

- წარმომიდგენია, წინ რა დიდი სიხარული მელის, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ აღვიქვამ.

- ანი ჭირვეული ორსულია?

- არა, კიდევაც რომ ჭირვეულობდეს, ნებისმიერ მის სურვილს სიამოვნებით ავასრულებ.

- მეგობრად რომელ ლიტერატურულ გმირს აირჩევ?

- დონ კიხოტს. ნამდვილი რაინდია.

- ჰგავხარ?

- მასავით მეოცნებე და რომანტიკოსი ვარ. სანჩოსთანაც ვიმეგობრებდი. შეიძლება ცოტათი რთული ყოფილიყო, მაგრამ იმ სირთულეში იქნებოდა მთავარი ინტერესი.

- ბავშვობაში წასაკითხ ლიტერატურას ვინ გირჩევდა?

- მახსოვს, პირველად ბაბუამ მირჩია, ლადო ასათიანის პოეზია წამეკითხა. ეს იყო პირველი გაოცება, წიგნისგან მიღებული პირველი დიდი შთაბეჭდილება და კითხვა შემიყვარდა.

- დეილ კარნეგის წიგნიდან ერთ გამოცანას გეტყვი: უფასოა, მაგრამ ძვირი ღირს, რასაც მეტს გასცემ, მეტს მიიღებ. წამიერია, მაგრამ ხსოვნაში სამუდამოდ რჩება. ვერსად იპოვი მდიდარს, რომელიც უმისოდ ძლებს და ვერც ღატაკს, რომელსაც ის არ გაამდიდრებს. მას ვერ იყიდი, ვერც თხოვნა-მუდარით მოიპოვებ, ვერც ისესხებ, ვერც მოიპარავ, რადგან თუ ნებით არ გაიცა, გროშია მისი ფასი. რაზეა ლაპარაკი? თუ ამ შეკითხვას სწორად უპასუხებ, აუცილებლად "გეწვევა".

- ბედნიერება, არა?

- ვერ გამოიცანი, სწორი პასუხია - ღიმილი.

- მართალია, აი, გამეღიმა.

- რა არის მანაგუა?

- მანაგუა ნიკარაგუის დედაქალაქია.

- რომელ სპექტაკლს დგამდნენ სოფლის სცენაზე ფილმში "იმერული ესკიზები"?

- (იცინის) ეს ფილმი კარგად მახსოვს, "ოტელოს" დგამდნენ.

- რომელ მეფეზე წერდა ლეონტი მროველი: "ამან განავრცო ენა ქართული და შექმნა მწიგნობრობა ქართული"?

- ფარნავაზზე.

- რომელ ენაზე წერდა და კითხულობდა ჩინგიზ ყაენი?

- არ ვიცი.

- აბა, კარგად დაფიქრდი.

- წერა-კითხვა იცოდა?

- მართალია, არ იცოდა.

- ამ ჩამჭრელ შეკითხვას გადავურჩი.

- ამის მიზეზი შეიძლება იყოს: ახალი წელი, დაბადების დღე ან სხვა დღესასწაული, ნადირობა, ყინვა და ა.შ. შეიძლება, ეს რაღაც სრულიად უმიზეზოდაც მოხდეს. რაზეა ლაპარაკი?

- ალკოჰოლის მიღებაზე.

- ალკოჰოლთან "მეგობრობ"?

- ზომიერად. ბევრს არასდროს ვსვამ.

- უპირატესობას რომელ სასმელს ანიჭებ?

- ღვინო მირჩევნია. არაყი - ნაკლებად, მაგრამ ვისკი და კონიაკი მომწონს.

- ოჯახში ღვინის დაყენების ტრადიცია თუ გაქვთ?

- არა, მაგრამ ძალიან მინდა, ეს ტექნოლოგია კარგად ვიცოდე. ღვინის დაყენების პრაქტიკა მამაჩემსაც ნაკლებად აქვს.

- იზაბელა, საფერავი, ალექსანდროული, ცოლიკაური. ამ ჯიშებიდან რომელს არ აქვს შავი ნაყოფი?

- ცოლიკაურს.

- რა დრო სჭირდება დედამიწას მზის გარშემო ერთი სრული ბრუნის გასაკეთებლად?

- 365 დღე-ღამე.

- რიგში დგას 25 ბავშვი. მერამდენე ბავშვი დგას შუაში?

- როგორ? (კითხვის გამეორების შემდეგ) მე-13 იდგება, თავიდან ცოტა დავიბენი (იცინის).

- "და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს/ სერებს თოვლიანს,/ ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,/ ყეფდა თოლია,/ იდგა ბერმუხა ღამისმთევარი თოვლში ნაბდითა, /დილით მისდევდა სერზე მწევარი ნაკვლევს ნადირთა./ ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით/ გრძნეულ მარანთან... დაასრულე და დაასახელე ლექსის ავტორი.

- "...შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა". ანა კალანდაძეს ეკუთვნის.

- ყველა თვე, გარდა თებერვლისა, 30 ან 31 რიცხვით მთავრდება. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

- (იცინის) ყველა თვეშია.

- ზიმბაბვეს ეროვნულ პარკში მოსეირნე ამერიკელმა ტურისტმა საფულე დაკარგა. მან ეს სამართალდამცავებს აცნობა. ქურდი მალე იპოვეს, მას მიმალვა არც უცდია. მიუხედავად დანაშაულისა, ის პასუხისგებაში არ მიუციათ. რატომ?

- არ ვიცი.

- ქურდი მაიმუნი იყო. ვინ იყო თამარ მეფისთვის დავით ნარინი?

- შვილიშვილი.

- "ამორძალივით მოჯირითე რაინდთა შორის", "ყინწვისის ანგელოზივით მჭმუნვარე"... რომელ პერსონაჟს ახასიათებს ასე კონსტანტინე გამსახურდია?

- შორენა კოლონკელიძეს.

- რა ერქვა შორენას მამას?

- (ფიქრობს) თალაგვა.

- "ლიტერატურა ჩემი კანონიერი ცოლია, მედიცინა - საყვარელი. როცა ვიღლები ერთ-ერთი მათგანისგან, მთელ ღამეს ვატარებ მეორესთან". რომელი რუსი დრამატურგია ამ სიტყვების ავტორი?

- როგორც მახსოვს, ექიმი ანტონ ჩეხოვი იყო.

- მსახიობობასა და რეჟისორობას შორის, რომელია შენი ცოლი და რომელი - საყვარელი?

- ორივე ჩემი პროფესიაა, ასე დაყოფა გამიჭირდება. ჩემი ცოლიც და საყვარელიც არის ანი იმნაძე.

- რა ერქვა ძველ რომში წვეტიან ჯოხს, რომლის დახმარებითაც საქონელს მიერეკებოდნენ?

- არ ვიცი.

- სტიმული.

- ეს სადღაც წავიკითხე და ვეღარ გავიხსენე.

- ქალის ფსიქოლოგიას კარგად იცნობ?

- ისე, როგორც ჩემი ასაკის ადამიანმა შეიძლება იცოდეს.

- მარჩელო მასტროიანი ქალების ფსიქოლოგიის კარგი მცოდნე იყო. ისიც კი იცოდა, რომელ გოგოსთან გაება რომანი, როცა ზაფხულობით ზღვაზე ისვენებდა. რა ნიშნით ირჩევდა ის გოგოს, გარდა იმისა, რომ სიმპათიური უნდა ყოფილიყო?

- არ ვიცი.

- ყველაზე გაურუჯავს არჩევდა, მთელი შვებულება წინ აქვსო.

- და მასთან რომანი მალე არ დამთავრდებაო? ყოჩაღ, მარჩელო!

- რამდენი ფლოქვი აქვს ცხენს თითოეულ კიდურზე?

- 1.

- რომელ ქართულ მხატვრულ ფილმშია გამოყენებული გრიგოლ ორბელიანის მუხამბაზი: "გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ"?

- "ქეთო და კოტეში".

- რამდენ სერიად არის გადაღებული "დათა თუთაშხია"?

- 7 თუ 8 სერიაა, ზუსტად არ მახსოვს.

- 7. ჭიდაობის რომელ სახეობას უწოდებენ კლასიკურს?

- ბერძნულ-რომაულს.

- რა ერქვა ალუდა ქეთელაურის ცოლს?

- სახელის პირველი ასო მითხარი და გავიხსენებ.

- "ლ".

- (ფიქრობს) ვერ გიპასუხებ.

- ლელა. ავტომობილებში კარგად ერკვევი?

- საშუალოდ.

- "ბენტლი", "როლს-როისი", "იაგუარი", "ლამბორჯინი". ამათგან, რომელი არ არის ინგლისური წარმოების ავტომანქანა?

- "ლამბორჯინი".

- ნოდარ დუმბაძის რომელი ცნობილი გმირია გოგი თუშურაშვილი?

- კუკარაჩა.

- ნებისმიერ ზრდასრულ ვეფხვს საკუთარი სანადირო ტერიტორია აქვს, სადაც არავის უშვებს, მაგრამ ხდება გამონაკლისიც, როდის?

- გვალვის დროს, არა?

- ცდები.

- გამრავლების პერიოდში? წამიკითხავს, დიდი გვალვების დროსაც ცხოველებში რაღაც გადაჯგუფება ხდება.

- ძველ რომში ბატონები თავიანთი სამფლობელოების დასაცავად შავ დოგებს იყენებდნენ. სიბნელეში მათი შემჩნევა რთული იყო. მაშინ წარმოიშვა და დღემდე მოაღწია ამ ცნობილმა გამოთქმამ, რომელიც სულ 3 სიტყვისგან შედგება. რომელ გამოთქმაზეა ლაპარაკი?

- ვერ ვხვდები.

- მიგანიშნებ. ქართულ სცენაზე ამ სახელწოდების სპექტაკლიც დაიდგა.

- ძაღლებთან დაკავშირებული? (პაუზის შემდეგ) ა! მივხვდი, "ეზოში ავი ძაღლია".

- ბოდრუმი თურქეთის პატარა ცნობილი ქალაქია. მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი ამ ქალაქში იყო. დღეს მისი ნანგრევების მოსანახულებლად ბევრი ტურისტი მიდის. დაასახელე ეს საოცრება.

- ვერ დავასახელებ.

- ჰალიკარნასის მავზოლეუმი. სპორტის რომელ სახეობაში მოასპარეზეს აქსესუარებია თეთრი კოსტიუმი, ლითონისბადიანი მუზარადი და ხელთათმანი?

- ფარიკაობის.

- ერთ-ერთი ფრანგი მხატვრის მოპარულ ტილოს დიდი ხნის განმავლობაში ძალიან ძვირად ყიდდნენ, ბოლოს ეს ავტორმა გაიგო და თქვა, საღებავები კატამ დამიქციაო. ვინ იყო ეს მხატვარი?

- არ ვიცი.

- შაგალი. დაბოლოს, დაასრულე სენეკას ცნობილი გამონათქვამი: "ბედნიერება ადამიანს არასდროს აყენებდა ისეთ სიმაღლეზე, რომ მას არ დასჭირვებოდა..."

- "ახლობელი ადამიანი..."

- "...არ დასჭირვებოდა მეგობარი".

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს