ერთგული მკითხველები და მისია, რომელსაც მათ წინაშე პრესის გამავრცელებელი კისრულობს

ერთგული მკითხველები და მისია, რომელსაც მათ წინაშე პრესის გამავრცელებელი კისრულობს

კომპანია "პალიტრამედია" მრავალი პროფესიის ადამიანს აერთიანებს. ბევრი მათგანი საზოგადოებისთვის "ჩრდილშია მოქცეული" და საკუთარ საქმეს, რომ იტყვიან, ჩუმად აკეთებს, თუმცა მკითხველებთან უშუალო, პირდაპირი კავშირი აქვს. პრესასა და საზოგადოებას შორის პირდაპირი კავშირის თვალსაზრისით, განსაკუთრებული როლი ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა ბეჭდური პროდუქციის გამავრცელებლებს აკისრიათ.

მანანა მახარაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც დილის 9-ის ნახევრიდან ღამის 12-ის ნახევრამდე ამ საქმეს ემსახურება და ამბობს, - ამ სფეროში მუშაობა დიდ გამძლეობას მოითხოვსო, - რითაც თავად უდავოდ გამოირჩევა და ბევრი კოლეგისთვის ამ და სხვა თვისებებით სამაგალითოდ შეიძლება ჩაითვალოს...

მანანა მახარაძე, პრესის გამავრცელებელი:

- საერთოდ, იქ, სადაც ახლა ვმუშაობ, ყოველთვის ყიდდნენ პრესას. 3 წელია, რაც აქ ვარ. ჩემი წინამორბედის წასვლის შემდეგ მაღაზიის ეს განყოფილება მე ჩავიბარე. სამუშაოს შესრულება არცთუ ისე რთული იყო, მაგრამ, ასე თუ ისე, ათვისება სჭირდებოდა, და ეს შევძელი. ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო საქმე მაქვს. აქ მარტო პრესა კი არ არის, დიდი მარკეტია; ძალიან კარგი კოლექტივი მყავს გვერდით. ერთად ვსაქმიანობთ და ერთმანეთს ვენაცვლებით კიდეც. დილაობით, პრესა როცა მოდის, ვახარისხებთ და შემდეგ ვიწყებთ გაყიდვას. მომხმარებლებმა იციან, პრესა რა დროისთვის მოაქვთ, ასე რომ, დილიდანვე მოდიან და ყიდულობენ. უამრავ ადამიანთან მიხდება ურთიერთობა.

- როცა მყიდველმა არ იცის, კონკრეტულად რის საყიდლად მოდის და ჟურნალ-გაზეთებს ადგილზე არჩევს, მას ყურადღებას რაზე უმახვილებთ?

- გააჩნია ადამიანს: ზოგს პოლიტიკური ამბები იზიდავს, ზოგი - მხატვრული ლიტერატურითაა დაინტერესებული. მოდიან ბავშვებიც. როცა მყიდველი ადგილზე ეცნობა პრესას, გამყიდველი მას არჩევაში ეხმარება, ჟურნალ-გაზეთებს აცნობს, ის რჩევებს ითვალისწინებს და ასე იღებს გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ძალზე საპასუხისმგებლოა. ვგულისხმობ არა მარტო მყიდველს, არამედ - გამომცემლობასაც. მომხმარებელი, რომელმაც რაღაც ლიტერატურა ვერ შეიძინა, როცა მოდის, დახმარებას, რჩევას გვთხოვს; ჩვენც ყოველთვის ვცდილობთ, დავეხმაროთ. ამაში პრესის მომწოდებელიც აქტიურად მეხმარება.

- ე.ი. ცდილობთ, რასაც მომხმარებელი ითხოვს, ის გამოცემა მოიპოვოთ?

- ასეა. საერთოდ, ვცდილობ, მკითხველი უკმაყოფილო არ გავუშვა. გამომცემლობებში ვრეკავ, ვუკვეთ და თუ იმ ლიტერატურის მოპოვების საშუალება გაჩნდება, მომიტანენ. აი, ასე ვეხმარებით მკითხველებს.

- ისეთი შემთხვევა თუ ყოფილა, როცა ადამიანს ფული არ აქვს, პრესას წასაკითხად კი მაინც ატანთ?

- რა თქმა უნდა. ზოგს წიგნის, ჟურნალის ან გაზეთის შეძენა უნდა, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ყიდულობს. ჩემგან მას პრობლემა არ ექმნება, წასაკითხად ყოველთვის ვატან. ნამდვილად არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ დაებრუნებინოთ.

- თავად, აქტიურად თუ ეცნობით პრესას?

- დიახ. ჩვენთან ხომ წიგნებიც იყიდება. მხატვრული ლიტერატურა ძალიან მიყვარს. "50+ და კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" - ძალიან კარგი პროექტია. აგრეთვე - საბავშვო ლიტერატურა, რომელიც ჩემი ოჯახის უმცროს წევრებს ძალზე მოსწონთ. უკვე ბევრი წიგნი შევაგროვე.

- რომელიმე გამოცემას განსაკუთრებულად ერთგული მომხმარებლები თუ ჰყავს?

- რასაკვირველია. რამდენიმე ძალიან ერთგული მომხმარებელი მოდის: ყიდულობენ "კვირის პალიტრას", "გზას", "კარუსელს" და იმ წიგნებს, რომლებიც ამ ჟურნალ-გაზეთებს "მოჰყვება". ჩვენ შორის საკმაოდ კარგი დამოკიდებულებაა, სხვადასხვა თემას განვიხილავთ კიდეც. ამჟამად ჟურნალ "ისტორიანს" გრიგოლ აბაშიძის რომანი "ლაშარელა" ახლავს. უკვე დაინტერესებული პირები გამოჩნდნენ და შეკვეთებსაც ვიღებ. ამ ნაწარმოების გარკვეული მონაკვეთებიც გავიხსენეთ. აქედან გამომდინარე, მყიდველები ჩემთან საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობენ.

- ამ საქმის პლუსებსა და მინუსებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- სიახლეებს ყოველთვის მივესალმები. ძალიან კარგია, რომ შემეცნებითი ლიტერატურა იყიდება ბავშვებისთვის, მოზარდების განვითარებისთვის ეს უმნიშვნელოვანესია. პრესის გავრცელებისას ბევრი სიახლე მხვდება. თუნდაც ინგლისური ენის წიგნები ავიღოთ, რომელიც გაზეთ "ყველა სიახლესთან" ერთად გამოდიოდა: ამ პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მკითხველისთვის ილუსტრირებული ენციკლოპედიაც ძალზე მიმზიდველია. ხალხი ძირითადად, "პალიტრამედიის" გამოცემებით ინტერესდება. პლუსად ისიც უნდა ჩაითვალოს, რომ ყოველ დილით ვიგებთ სიახლეებს, ვეცნობით ამბებს და ზოგიერთ პრობლემაზე ვკამათობთ კიდეც. ჩემი საქმის მინუსებზე ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ, რომ არ მახსენდება.

- ისე კი, დამეთანხმებით, თქვენი საქმიანობა ძალზე დამღლელია...

- ჩემთვის ასე ნამდვილად არ არის. ალბათ იმიტომ, რომ დიდი ინტერესით ვეკიდები. დროთა განმავლობაში ამ პროფესიას შევეჩვიე და შემიყვარდა კიდეც. თავის დროზე, პრესის გავრცელებაში მუშაობის დაწყება ჩემთვის სხვა სამყაროში გადასვლის ტოლფასი იყო. სიმართლე გითხრათ, თავიდან შემეშინდა კიდეც. მანამდე გარკვეული დროის განმავლობაში დიასახლისი ვიყავი, პროფესიით კი მუსიკისმცოდნე ვარ. შიში ალბათ იმანაც განაპირობა, რომ როცა ადამიანს უმაღლესი განათლება რუსულ ენაზე აქვს მიღებული, ეშინია, ქართველ საზოგადოებას კარგად რომ ვერ გაუგოს. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად აეწყო. პასუხისმგებლობით რომ ვუდგები საქმეს, ეს ალბათ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარეა.

- დიასახლისობის შემდეგ, თავიდან მაინც გაგიჭირდებოდათ ასეთ დატვირთულ სამუშაო გრაფიკზე გადასვლა, არა?

- დიასახლისობას თავისი პლუსები და მინუსები აქვს, მუშაობას კი - თავისი. ვფიქრობ, ადამიანმა ოქროს შუალედი უნდა გამონახოს და საქმიანობა და პირადი ცხოვრება ერთმანეთს შეუთავსოს.

- როგორც ვხვდები, თქვენ ამას კარგად ახერხებთ...

- დიახ, ვცდილობ. დღის განმავლობაში შესვენებები გვაქვს. როგორც ვთქვი, ძალიან კარგი თანამშრომლებიც მყავს და ერთმანეთს ხელს ვუწყობთ. აქ ერთი დიდი ოჯახია. მეც ვცდილობ, დიასახლისობა, მუშაობა და, თქვენ წარმოიდგინეთ, გართობაც ერთმანეთს შევუთავსო!

ეკა აბაშიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები