ნანიკო ხაზარაძე: "დავბრუნდი "იმედზე" და ახალი ავანტიურისთვის მზად ვარ"

ნანიკო ხაზარაძე: "დავბრუნდი "იმედზე" და ახალი ავანტიურისთვის მზად ვარ"

ნანიკო ხაზარაძის ცხოვრებაში სიახლეა, ის ერთი თვეა, "იმედის" არხზე გადავიდა, მაყურებელი ყოველდღიურ პროექტ "დღის შოუს" ეთერში იხილავს. "ამბები.გე" ნანიკო ხაზარაძეს დაუკავშირდა.

- ნანიკო, როდის გავა "დღის შოუ" "იმედის" ეთერში?

- გადაცემა ეთერში ცოტა ხანში გავა, რისთვისაც უკვე ახალ ჯგუფთან ვემზადები.

- მგონი, ტელევიზია არ დარჩენილა, რომელშიც არ გიმუშავია, არა?

- "მზის" გარდა, ყველა ტელევიზიაში მიმუშავია.

- თან, როგორც ვიცი, არაერთხელ...

- 22 წლის სატელევიზიო მუშაობის სტაჟი მაქვს და რა გასკვირია, რომ ჩვენში არსებული 5 კინკილა ტელევიზიიდან თითოეულში მაგალითად, 2-ჯერ მემუშავა? ესეც რომ არ იყოს, ცოლ-ქმარი იყრებიან და მე ამა თუ იმ ტელევიზიაზე "ჯვარი" ხომ არ მაქვს დაწერილი?! მოკლედ, "იმედში" ვიყავი, იქიდან "მაესტროში" წავედი და ისევ "იმედში" მოვედი. საიდანაც მივიღებ კარგ წინადადებას, სამუშაოდ იქ მივდივარ. რა მოხდა მერე?

- ვისთან ერთად იმუშავებ ეთერში?

- ამას მალე გაიგებს მაყურებელი, სწორედ ამაზე მიმდინარეობს ახლა მუშაობა. სერიოზული სამზადისია.

- "მაესტრო" რატომ დატოვე? უთანხმოება ხომ არ მოგივიდა მამუკა ღლონტთან? …

- არანაირი უთანხმოება არ მქონია. "მაესტროდან" უკვე დიდი ხანია შვებულებაში ვიყავი და ლაპარაკი იყო იმაზე, რომ დილის ეთერში უნდა მემუშავა. ეს არ მომწონდა, რადგანაც დილის 5 საათზე ადგომას გადაჩვეული ვარ, მაგრამ რადგანაც სხვა გზა არ მქონდა, ამ წინადადებას დავთანხმდი. ისე მოხდა, რომ ამ დროს "იმედმა" დამირეკა. წინადადებამ მომხიბლა და ამის შესახებ მაშინვე ვაცნობე მამუკა ღლონტს. სადაც კომფორტულად იგრძნობ თავს, შენი ნებაა, წადიო, მითხრა მამუკამ. ჩვენ შორის მეგობრული საუბარი შედგა. არანაირი დაპირისპირება, რა სისულელეა. ახლა ისევ უკან დაბრუნება და იმავეს გაკეთება მომიწევს, ოღონდ, სხვა ხალხთან ერთად.

- ია ფარულავას და დოდოშკა ხურცილავას გარეშე ხომ არ მოიწყენ?

- მოწყენისთვის დრო არ მაქვს, მაგრამ ის რაც "დღის შოუში" იყო, მართლა კარგი იყო... ერთმანეთს თითო მიმიკით, პაუზით, სიტყვით ვუგებდით. იქ დიდი სკოლა გავიარე. ახლა კი ახალი თანამშრომლების გაცნობა მომიწევს.

- ნანიკო, მუდმივად რაღაც ახლის დაწყება არ გღლის?

- მე ვარ ადამიანი, რომელიც სულ სიახლეების მოლოდინშია, ზოგჯერ ეს სიახლე შეიძლება უკან დახევაც იყოს, მაგრამ მზად ვარ ავანტიურისა და პროვოკაცისთვის...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები