"რატომ?" - ახალი პროექტი "პალიტრა TV "-ზე

"რატომ?" - ახალი პროექტი "პალიტრა TV "-ზე

ახალი სეზონი "პალიტრა TV-ზე" და რადიო "პალიტრაზე" ახალი პროგრამით - "რატომ?" დაიწყება. ამ ტოქშოუს სულხან მელაძე წაიყვანს. საინტერესოა, რატომ - "რატომ"? იმიტომ, რომ ეს კითხვა უმთავრესია მათ შორის, რომელიც ყველგან ძალიან ხშირად გაისმის. გადაცემა სწორედ ამ კითხვაზე შეეცდება პასუხის გაცემას...

სულხან მელაძე:

- შოუს გაკეთების იდეა 2004 წელს გამიჩნდა. "პალიტრა მედიაში" მუშაობს ადამიანი, რომელთანაც ჩემი ჟურნალისტური ცხოვრების საუკეთესო წლები მაკავშირებს. ეს თამარ ცაგარეიშვილია. ერთად მიგვყავდა დილის გადაცემა, საინფორმაციო-მუსიკალური პროგრამა "ალიონი". მიუხედავად იმისა, რომ 1995 წელს დავასრულეთ თანამშრომლობა, ამ წლების განმავლობაში ურთიერთობა არ შეგვიწყვეტია. ხშირად ვხვდებით, ვსაუბრობთ ჩვენი პროფესიის შესახებ და იმ სიახლეებზე, რაც მუდმივად ჩნდება. ჟურნალისტიკა საოცარია; ის, რაც ერთ საღამოს ნოვატორულია, მეორე დილით უკვე ძველდება. ჩემი შოუს იდეა თამარს გავუზიარე და მოხდა ისე, რომ "პალიტრაში" ახალი გადაცემა გაჩნდა. ზოგადად, სატელევიზიო სივრცე გაჯერებულია კითხვებით: "რა", "ვინ", "სად", "როდის", "როგორ", "ვის" და ა.შ. ეს კითხვები ხშირად და ყველგან ისმის. ჩემი აზრით, მთავარი კითხვა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ, არის - "რატომ?" ის მოიცავს ანალიტიკას და ამ კითხვაზე პასუხის გაცემით ჩვენ გარკვეულწილად ვაფასებთ წარსულს, ვაანალიზებთ აწმყოს და ვიხედებით მომავლისკენ. ეს არის მიზეზი, რომ ამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ შოუს ჰქვია "რატომ". შეგვიძლია, ვთქვათ ასეც: "სულხან მელაძე კითხვით - "რატომ". შოუს მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემაა. ასე გაჩნდა გადაცემის შექმნის იდეა, შევთავაზე "პალიტრას" და თანხმობა მივიღე. ერთი მხრივ, მედია რეალობას ასახავს და გვიყვება, თუ რა მოხდა, ვინ ვის შეხვდა, რას მოეწერა ხელი, პარლამენტმა რა კანონი მიიღო და ა.შ. ეს ფაქტებია, ჩვენ კი ანალიზი გვაინტერესებს. თუ ვიღაცებს შეხვედრა ჰქონდათ, ჩვენ ვინტერესდებით იმით, თუ რატომ შეხვდნენ ერთმანეთს, რა არის ამის მიზანი, რა იქნება ამის შედეგი მომავალში.

- თუ პროექტი 2004 წლიდან ჩაიფიქრეთ, მისი განხორციელება აქამდე რატომ ვერ მოხდა?

- ეს საინტერესო შეკითხვაა და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჟურნალისტთა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვისაც 2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ, პირდაპირ ვიტყვი, ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელების საშუალება არ მიეცა. ამ წლების განმავლობაში, ძირითადად, პედაგოგიური საქმიანობით ვიყავი დაკავებული გრიგოლ რობაქიძის სახელობის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. თუმცა, არ დაგიმალავთ და გეტყვით, მუდმივად ვმუშაობდი საკუთარ თავზე და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი, ჩემთვის არ იყო სატელევიზიო სივრცე, ვამზადებდი გადაცემებს და საშინაო პირობებში მიმყავდა კიდეც.

- დიდი ჟურნალისტური გამოცდილება გაქვთ და როგორ ფიქრობთ, იქნება "რატომ" იმისგან განსხვავებული, რაც აქამდე გაგიკეთებიათ?

- დიდი არა, მაგრამ, ასე ვთქვათ, ჟურნალისტური გამოცდილება მაქვს. წინასწარ ამის პროგნოზირება რთულია. გადაცემა გავა როგორც რადიოში, ისე ტელევიზიაშიც. მსმენელსა და მაყურებელს ვპირდები, ძალას არ დავიშურებ, შოუ საინტერესო რომ გამოვიდეს. ხშირად მიჩნდება განცდა, რომ ამა თუ იმ გადაცემაში, კითხვებს, რომლებიც უნდა დაისვას, არ სვამენ. ჩემი მიზანია, ნებისმიერი კითხვა დაისვას ეთერში, თუნდაც უაღრესად მწვავე, რა თქმა უნდა, კორექტულად და ეთიკის ფარგლებში.

- როგორც თქვით, გადაცემა რადიოსა და ტელევიზიაში პარალელურად გავა. როგორ ფიქრობთ, ეს რაიმე სირთულეს ხომ არ შეგიქმნით?

- საერთოდ, ეთერში ასე გასვლა პირველად მიწევს. კომენტატორები მახსენდება, რომლებიც რეპორტაჟის წაყვანისას ტელემაყურებლებს აფრთხილებდნენ, რომ თამაშს იმავდროულად, რადიოშიც გადასცემდნენ და საფეხბურთო მატჩების დეტალურად აღწერის გამო ბოდიშსაც უხდიდნენ. ვფიქრობ, სირთულე არ შემექმნება. ჩემი მიდგომა არ არის ისეთი, რომ ტელემაყურებლებთან ვიმუშაო და რადიოს მხოლოდ სიგნალი მიეწოდებოდეს. გადაცემაში ვიზუალურ მხარეს არსებითი მნიშვნელობა არ მიენიჭება. იქნება წამყვანი, ანუ მე და გადაცემის სტუმარი. ქრონომეტრაჟი 50 წუთი გახლავთ. რაც მთავარია, არის ინტერაქტივი, მსმენელს თუ მაყურებელს საშუალება ექნება, ტელეფონით დაგვიკავშირდეს, დასვას შეკითხვა და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. რა თქმა უნდა, ინტენსიურად გამოვიყენებ სოციალურ ქსელსაც, კერძოდ - "ფეისბუკს", რომ საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტი მქონდეს.

- თქვენს ჟურნალისტურ გამოცდილებაზეც მოგვიყევით...

- საბჭოთა საქართველოში ჩემზე თამამად იტყოდით: "სკოლის მერხიდან - წარმოებაში". ასეთი სათაური იბეჭდებოდა გაზეთებში, როცა ახალგაზრდა კაცი სკოლაში სწავლას დაამთავრებდა და პირდაპირ მუშაობას იწყებდა. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ნამდვილად გამიმართლა და მოვხვდი საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე. რეჟისორის ასისტენტობით დავიწყე, ვთანამშრომლობდი ახალგაზრდული პროგრამების მთავარ რედაქციასთან, მქონდა ჩემი გადაცემათა ციკლი, მქონდა ინტერვიუ, ანკეტა. მოგვიანებით, საინფორმაციო გადაცემაში ვიყავი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, საუკეთესო პერიოდი იყო "ალიონი", როცა ჩემს მეგობრებთან ერთად მიმყავდა ეს გადაცემა. შემდგომ, შვიდი წლით, პირობითად დავემშვიდობე პროფესიას, ვიყავი პარლამენტის პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია გახლდათ. თუმცა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიას არ მოვწყდი, ჩემს კოლეგებთან მქონდა ურთიერთობა და პრაქტიკოს ჟურნალისტს კარგად მესმოდა, მათთვის რა პროდუქტი უნდა მიმეწოდებინა, რა იყო მნიშვნელოვანი, საქართველოს პარლამენტის საქმიანობა საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე რომ ყოფილიყო და ცხადია, გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ მედიას ენიჭებოდა. შემდეგ ისევ პირველ არხზე დავბრუნდი საავტორო გადაცემით - "ცაიტნოტი". ეს იყო ჩემი ბოლო სატელევიზიო პროექტი. გარდა ამისა, ორი სასწავლო-შემეცნებითი ფილმის ავტორი ვარ.

ეკა აბაშიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები