პატარკაციშვილის ოჯახი მზად არის #106 ლიცენზია "იბერია TV"-ს გადასცეს

პატარკაციშვილის ოჯახი მზად არის #106 ლიცენზია "იბერია TV"-ს გადასცეს

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მზად არის კეთილი ნების საფუძველზე #106 ლიცენზია "იბერია TV"-ს გადასცეს, - ამის შესახებ ნათქვამია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მერი გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი წინა ხელისუფლების დროს ტელეკომპანია "იმედის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, თუ რა პროცესებს ჰქონდა ადგილი და როგორ ცდილობდა იმჟამინდელი ხელისუფლება ტელეკომპანიაზე კონტროლის დაწესებას და მისი აქტივების ხელში ჩაგდებას. ბადრის გარდაცვალების შემდეგ, ჯოზეფ კეის გამოყენებით, მათ მოახერხეს და დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობდა, ჩააყენეს სახელისუფლებო პროპაგანდის სამსახურში.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ტელეკომპანიის ე.წ. მფლობელები იძულებული გახდნენ დაებრუნებინათ არხი კანონიერი მესაკუთრისთვის, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მედია-ჰოლდინგის აქტივების დიდი ნაწილის დაბრუნება ვერ მოხერხდა, რადგან ის უკვე გასხვისებული ან/და მითვისებული იყო იმ პირების მიერ, ვისი მეშვეობითაც ხელისუფლებამ ხელში ჩაიგდო და წლების განმავლობაში აკონტროლებდა ტელეკომპანიას.

გვსურს ასევე საზოგადოებას ვამცნოთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" დაბრუნების შემდეგ ჰოლდინგის საკუთრებაში აღმოჩნდა #106 ლიცენზია, რომელიც როგორც ირკვევა, წარსულში "იბერია TV"-ს საკუთრებას წარმოადგენდა. ამდენად, მოცემულ ვითარებაში გარკვევის შემდეგ, ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ჯოზეფ კეის და მსგავსი ელემენტების გამოყენებით, იმჟამინდელი ხელისუფლება ჰოლდინგური კომპანიის მეშვეობით აკონტროლებდა "ტელეიმედს" და ამავდროულად ფლობდა აღნიშნულ ლიცენზიას.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის უცხო არ არის იმჟამინდელი ხელისუფლებისა და მისი ემისრების ქმედებების ფორმები და ამგვარი ქმედებების შედეგად მიღებული უსამართლობის და განუკითხაობის განცდა, მივიღეთ გადაწყვეტილება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, მზად ვართ, კეთილი ნების საფუძველზე, გადავცეთ #106 ლიცენზია "იბერია TV"-ს.

და ბოლოს, გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება და ყველა დაინტერესებული პირი, რომ მიუხედავად იმისა, რაოდენ დიდია ზიანი, რომელიც ჩვენს ოჯახს მიადგა ძველი ხელისუფლების პირობებში, ჩვენ ვიბრძოდით და თუ ეს აუცილებელი იქნება, მომავალშიც ვიბრძოლებთ მხოლოდ სამართლიანობისთვის და არასოდეს შევეცდებით სხვისი ქონების ხელში ჩაგდებას. ასევე, გვსურს გვწამდეს, რომ საქართველოში დასრულდა ის დრო, როდესაც ხელისუფლება სხვადასხვა მაქინაციებითა და საყოველთაოდ ცნობილი თაღლითების წახალისებით სხვათა საკუთრების ხელყოფას ახერხებდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები