რის გამო ემადლიერება მამას გია ბაღაშვილი?

რის გამო ემადლიერება მამას გია ბაღაშვილი?

ჩვენი სტუმარია მუსიკისმცოდნე, ფოლკლორისტი, ხელ­ოვნებათმცოდნეობის დოქტორი გია ბაღაშვილი, რომელსაც ჩვ­ენი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. ბატონი გია დიდი სიამოვნებით მოგვითხრობს მისთვის ძვირფას და გამორჩეულ წიგნებზე:

- პირველი წიგნი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა, იყო ქართული ზღაპრები და თქმულებები. მახსოვს ამ საოცარ სამყაროსთან შეხების განცდა, მქონდა შეგრძნება, რომ მე არა მხოლოდ ვკითხულობდი, არამედ ვმონაწილეობდი ზღაპრული სიუჟეტების შექმნაში. ხატოვნად წარმოვიდგენდი კოპალას, იახსარისა თუ ამირანის სახეებს, მათ სამყოფელს, დევებთან ბრძოლის პერიპეტიებს. შემდეგ იყო ”მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები”, არაჩვეულებრივი გამოცემა, მრავალტომეული. ძალიან მიყვარდა არჩილ სულაკაურის ზღაპრები. განსაკუთრებული მოვლენა იყო ჩემთვის ასტრიდ ლინდგრენი. კარლსონი, პეპი და ლეონბერგელი ემილი, ჩემი ”ნამდვილი” მეგობრები იყვნენ. ასეთივე შეგრძნება მქონდა ტომ სოიერის და ჰეკლბერი ფინის მიმართ. საოცარი კეთილშობილება, მახვილგონიერება და კაცთმოყვარეობა გამოარჩევს მარკ ტვენს. ის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე. იმავეს ვიტყვი ნოდარ დუმბაძეზე, რომლის მადლიანმა შემოქმედებამ უდიდესი როლი ითამაშა მთელი თაობების, მათ შორის ჩემი სულიერი სამყაროს ფორმირებაში. ძალიან მიყვარდა ჯეკ ლონდონი, არტურ კონან დოილი, ალექსანდრე დიუმა; ვგიჟდებოდი ”სამ მუშკეტერზე”… თითქოს მათთან ერთად ვმოგზაურობდი, ვიბრძოდი, დუელში გავდიოდი. ყველასგან გამორჩეული იყო ანტუან დე სენტ ეკზიუპერის ,,პატარა უფლისწული” - თავისი სულიერი სიფაქიზითა და სიმართლით. ბავშვობის უდიდეს აღმოჩენად იქცა ჩემთვის აპოლონიოს როდოსელის ”არგონავტიკა”. ათი წლის ვიყავი, როცა წავიკითხე და იმ დღიდან ბერძნული მითოლოგიის მეტი კარგა ხანს არაფერი მაინტერესებდა. რაზეც კი ხელი მიმიწვდებოდა, ყველაფერს ვკითხულობდი ამ თემაზე. ამ გზით გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში გენიალური ჰომეროსის ”ილიადა” და ”ოდისეა”. დიდი გატაცებით ვკითხულობდი პლუტარქეს, რომელიც ჩემი კიდევ ერთი უსაყვარლესი ავტორია. დაუვიწყარი შთაბეჭდილება მომყვება დღემდე ამ წიგნებიდან. თანაც საინტერესოდ დაემთხვა ის, რომ სწორედ იმ პერიოდში ანსამბლ ”ივერიას” ჰქონდა გასტროლები ლენინგრადში, ახლანდელ პეტერბურგში. მშობლებმა მეც თან წამიყვანეს. როცა აღმოვჩნდი ”ერმიტაჟის” ანტიკური ხელოვნების განყოფილებაში, მქონდა შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის კარგად ნაცნობი და ახლობელი იყო, რამაც თან გამიადვილა და თანაც გამიმძაფრა მუზეუმში დაცული შედევრების აღქმა. მაშინ მივხვდი, რომ წიგნი სიამოვნებასთან ერთად თურმე მრავალმხრივ სასარგებლო რამ ყოფილა.

- მამა, ჯემალ ბაღაშვილი თუ ერეოდა თქვენს არჩევანში, თუ გირჩევდათ, რა წაგეკითხათ და რა არა?

- მამა ყოველთვის აქტიურად ინტერესდებოდა იმით, თუ რას ვკითხულობდი. არასოდეს დაუვალებია რაიმეს წაკითხვა, მით უფრო არასოდეს დაუძალებია. მხოლოდ რჩევებს მაძლევდა და ყოველთვის დროულსა და ზუსტს, რისთვისაც მას უზომოდ ვემადლიერები. საერთოდ, ვფიქრობ, მამა უთუოდ უნდა იყოს ჩართული შვილის წიგნთან ურთიერთობის საკითხში, მაგრამ ისე, როგორც ყველაფერში, აქაც პირად მაგალითს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სულ რომ არაფერი უთხრას, თუ თავად მშობელია აქტიური მკითხველი, ადრე თუ გვიან შვილი აუცილებლად მიბაძავს მას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე უზომოდ დაკავებული იყო, არც დედა და არც მამა წიგნის გარეშე არ მახსოვს. სულ კითხულობდნენ, ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, კამათობდნენ, მსჯელობდნენ და ასე არიან დღესაც.

- თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე დიდი მოაზროვნე ქართველ მწერლებსა და პოე­ტებს შორის?

- ქართველ მწერლებსა და პოეტებს შორის ყველა დროის ყველაზე დიდი მოაზროვნე უდავოდ შოთა რუსთაველია. რუსთაველი მეტია, ვიდრე მწერალი, ვიდრე მოაზროვნე, ფილოსოფოსი. ის თითქოს თავად არის ქართული ენის განსხეულება; ქართული იდენტობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი… როცა ყველაზე მეტად გიჭირს ქართველს, შოთა რუსთაველის გახსენებაც კი საკმარისია საკუთარი ღირსებისა და ეროვნული სიამაყის განცდისთვის. განსაკუთრებით მიყვარს ვაჟა-ფშაველა და აკაკი წერეთელი. ილია ჭავჭავაძე ხომ, საერთოდ, ყველაზე დიდი ფიგურაა ქართველი ერის ისტორიაში. ეროვნული ფესვებისა და დახვეწილი ევროპეიზმის შერწყმის გასაოცარი მაგალითია კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება. ძალიან მიყვარს დავით კლდიაშვილი და ნიკო ლორთქიფანიძე. იშვიათი სითბო სდევს თან რეზო ინანიშვილის მოთხრობებს. რაც შეეხება ტრაგიკულ შემოქმედთ, ყველა ნამდვილი მწერლისა თუ პოეტის ბედი ამა თუ იმ კუთხით ტრაგიკულია, მაგრამ მე მაინც ორ ჩემთვის უსაყვარლეს ავტორს გამოვყოფდი ქართველ მწერლებს შორის: მიხეილ ჯავახიშვილს და გოდერძი ჩოხელს.

ქართველი პოეტებიდან უსაზღვროდ მიყვარს გალაკტიონი და მუხრან მაჭავარიანი. ყველაზე უკეთ კი ქართველი კაცის სატკივარსა და პრობლემებს ილია ჭავჭავაძის ”კაცია ადამიანი?!”, ჯავახიშვილის ”კვაჭი კვაჭანტირაძე”, ”ჯაყოს ხიზნები” და პოლიკარპე კაკაბაძის ”ყვარყვარე თუთაბერი” ასახავს.

- როგორ ფიქრობთ, თანამედ­როვე ახალგაზრდებს მართლა არ უყვართ წიგნის კითხვა?

- სრულებითაც არ ვფიქრობ ასე. მე, როგორც ლექტორს, არაერთ უმაღლეს სასწავლებელში მომიხდა ლექციების წაკითხვა და მინდა გითხრათ, რომ ახლანდელი სტუდენტობა გაცილებით მეტად არის სწავლაზე, განათლების მიღებაზე, რეალური ცოდნის შეძენაზე მომართული, ვიდრე ჩემს დროს. უბრალოდ, თანამედროვე ტექნოლოგიების სახით თავად წიგნს გაუჩნდა ძლიერი კონკურენტები. ცხადია, წიგნს თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს, რომელსაც ვერაფერი ჩაანაცვლებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდებს ეს მშვენივრად ესმით და თავად მოძებნიან ოპტიმალურ ბალანსს.

- თქვენს შვილებს რომელი წიგნების წაკითხვას ურჩევდით?

- უჰ! მათ იმდენი საინტერესო რამ აქვთ წასაკითხი, ბატონ გურამ დოჩანაშვილს რომ დავესესხოთ, მისალოცი ხალხია! ჯერ ძალიან პატარები არიან: ნინი სამი წლისაა, ლიზა - წლისა და რვა თვის. მიხარია, რომ უყვართ მოსმენა. როცა დრო მაქვს, ვცდილობ ბევრი რამ წავუკითხო, თუმცა ამ მხრივ ძირითადი დატვირთვა ჩემს მეუღლეზე მოდის. თამუნა ოსტატურად ახერხებს, არ გადაღალოს ბავშვები და თანაც ბევრი საინტერესო მოთხრობა თუ ზღაპარი მოასმენინოს.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს