ხათუნა ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ინიშნება?

ხათუნა ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ინიშნება?

სწორედ მაშინ, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეორგანიზაცია დაიწყო და არხი საქართველოში ყველაზე დაბალანსებულ ტელევიზიად უნდა გარდაქმნილიყო, სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან კიდევ ერთხელ გადააყენა. ბორდ-მა ბარათაშვილს პოსტი პირველად ექვსი თვის წინ დაატოვებინა, თუმცა სასამართლომ თანამდებობაზე აღადგინა. ამჯერად, ბარათაშვილის გადაყენებას სამეურვეო საბჭოს ცხრავე წევრმა დაუჭირა მხარი და კულუარებშიც მითქმა-მოთქმა დაიწყო...

"ვერსიის" ექსკლუზიური ინფორმაციით, მაუწყებლის ბორდს ტელევიზიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ხათუნა ბერძენიშვილის დაბრუნება და დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა აქვს განზრახული! შეგახსენებთ, ხათუნა ბერძენიშვილი ტელევიზიიდან სწორედ გიორგი ბარათაშვილთან დაპირისპირების გამო წავიდა, რამდენიმე დღეში კი, თბილისის მერმა გიგი უგულავამ კრწანისის რაიონის გამგებლად საგანგებოდ დანიშნა.

მართლაც, თუ პროცესებს თანმიმდევრულად მივყვებით, აღმოვაჩენთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ნაციონალური რევანში სახეზეა. გიორგი ბარათაშვილს, რომელიც ირაკლი ტრიპოლსკის მეუღლის ნათესავია, ტელევიზიაში რეორგანიზაციის დასრულება არავინ აცალა და საპრეზიდენტო არჩევნებამდე შვიდი კვირით ადრე, მაუწყებლის ბიუჯეტისა და არხის პრიორიტეტების შესახებ სრულყოფილი პასუხის ვერმიღების საბაბით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ისე, ბორდ-ის აღნიშნული განმარტება სრულყოფილ არგუმენტად ვერ ჩაითვლება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ გენერალური დირექტორ ბარათაშვილის მიერ, 29 აგვისტოსა და 2 სექტემბერს ზემოხსენებულ თემებზე დოკუმენტური მასალა გამოქვეყნდა.

ეჭვს ბადებს ის ფაქტიც, რომ გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება ბორდ-მა ახალი სატელევიზიო სეზონის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, ანუ სწორედ მაშინ მიიღო, როცა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მაუწყებელზე არსებული გადაცემები იხურებოდა და მათ "მეცხრე არხის" ჟურნალისტები - ეკა ბერიძე და ნანა ლეჟავა ახალი პოლიტიკური თოქ-შოუებით ჩაანაცვლებდნენ.

პროცესები საეჭვოდ დაემთხვა ბიძინა ივანიშვილის მორიგ განცხადებასაც იმის შესახებ, რომ მის მფლობელობაში არსებული ტელევიზიის სააქციო საზოგადოებად გადაკეთების ნაცვლად, საზოგადოებამ "პირველი არხის" გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს. ცნობილია, რომ პრემიერი "მეცხრე არხის" ტექნიკური რესურსის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადასაცემად დიდი ხანია მზადყოფნას გამოთქვამს. ყველაფერ ამის ფონზე, გიორგი ბარათაშვილის დირექტორობა, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ტრიპოლსკის ნათესავია, ნაციონალური მოძრაობის ქომაგებს, ალბათ, ნაკლებად აწყობდათ.

ფაქტებიდან გამომდინარე და "გონივრული ეჭვის" საფუძველზე, ასევე შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო ოპოზიციას საზოგადოებრივ მაუწყებელში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ახალი სეზონის პარალიზება სურს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულმა თამაზ ტყემალაძემ შს სამინისტროს ანალიტიკის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისა და ვანო მერაბიშვილის მეგობრის, შოთა უტიაშვილის მეუღლის, ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის გადაცემების მომავალ სეზონში განახლებულ ფორმატში გაგრძელება დააანონსა, თუმცა ეკა ბერიძისა და ნანა ლეჟავას შესახებ სიტყვა არ დასცდენია.

თავად გიორგი ბარათაშვილიც თანამდებობიდან მისი მეორედ გადაყენების პროცესში ნაციონალური მოძრაობის კვალს ხედავს:

"როგორც მითხრეს, თანამდებობიდან ჩემი გადაყენების მიზეზი არის ის, რომ ბორდ-ს ბიუჯეტთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია არ მივაწოდე. მოგეხსენებათ, პირველი გადაყენების დღიდან მხოლოდ ექვსი თვეა გასული, ტელევიზიაში კი მხოლოდ სამი თვეა დავბრუნდი, თუმცა ამ საკმაოდ მოკლე დროში მაუწყებელმა ახალი ეთერის დაწყება მოახერხა. თუნდაც იმ მოტივით, რომ ბიუჯეტი არასრულყოფილად იქნა მიწოდებული, გენერალური დირექტორის გადაყენება ახალი საეთერო სეზონის დაწყების წინ და თანაც წინასაარჩევნოდ, რამდენად სწორია, ამ კითხვას ბორდ-მა უპასუხოს. პირადად მე კი, წინასაარჩევნოდ ასეთი გადაწყვეტილება წარმოუდგენლად მიმაჩნია! ერთი რამ ცხადია, წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივ მაუწყებელში ეს პროცესები ტყუილად არ ხდება და ამაში პოლიტიკურ მხარეს ვხედავ. საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად სწორად მოიქცა ბორდ-ი. პოლიტიკურ ძალაში კი ნაციონალურ მოძრაობას ვგულისხმობ, რომლითაც ბორდ-ია დაკომპლექტებული".

"ვერსიის" ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელში მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება და საბოტაჟი ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებულმა სამეურვეო საბჭოს წევრმა ეკა მაზმიშვილმა დაგეგმა. სხვათა შორის, ეკა მაზმიშვილი ბორდ-ის ერთადერთი წევრი არ არის, რომელიც წინა ხელისუფლების გუნდთან ასოცირდება - ერთ-ერთი წევრი ემზარ გოგუაძე სამეურვეო საბჭოში გიორგი ბარათაშვლის გადაყენებამდე ხუთი დღით ადრე დაინიშნა და ნაციონალების მეგობრად ითვლება, ამასთან, ბორდ-შია ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი გიორგი მელაძე, რომელიც დიდი ხანია, "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრია. აქედან გამომდინარე, ბორდ-ის დამოუკიდებლობაზე საზოგადოებამ დასკვნა თავად გამოიტანოს.

"პირველი არხისთვის" ნაციონალების ბრძოლა ასე მარტივად, სავარაუდოდ, არ დასრულდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდ-ის თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა განმარტებისთვის უკვე დაიბარა. აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ელისო ჩაფიძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები აშკარად ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის უმაღლესი მმართველი ორგანოს მიერ დამტკიცებული პროგრამული პრიორიტეტების შესრულების საკითხი საფრთხის წინაშე დგას:

"პროგრამული პრიორიტეტების შესრულების აუცილებლობა განსაკუთრებით მწვავედ დგას წინასაარჩევნო უკვე დაწყებული კამპანიის პერიოდში".

ამ ეტაპზე, სამეურვეო საბჭომ დირექტორის მოვალეობას თამაზ ტყემალაძე ასრულებს, რომელიც გიორგი ბარათაშვილის პირველი მოადგილე 2013 წლის აპრილიდან იყო. კანონმდებლობის მიხედვით, სამეურვეო საბჭო ვალდებულია, 10 დღის ვადაში გენერალური დირექტორის შესარჩევი ღია კონკურსი გამოაცხადოს.

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები