''რუსების ყველაფერი მოგვწონს და ვემონებით''

''რუსების ყველაფერი მოგვწონს და ვემონებით''

''ვხატავ... ძალიან ბევრს ვმუშაობ. ზაფხული ჩემთვის ძალიან პროდუქტიულია, რადგან ამ დროს წასვლა არ მიყვარს, ვზივარ და ვხატავ. მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში გავდივარ ქალაქგარეთ'' , - ამბობს ჩვენთან სატელეფონო საუბარში სამხატვრო აკადემიის ყოფილი რექტორი გია ბუღაძე. ამჟამად 17 გმირის ისტორიაზე მუშაობს, რომლებიც 2006 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაეცნენ. ''ამ სურათს ჩემთვის ვხატავ, ჯერჯერობით არ დამისრულებია'' , - ამბობს მხატვარი. პოლიტიკაზე საუბარი არ სურდა, მაგრამ ამ თემას მაინც ვერ ავუარეთ გვერდი...

- ვერ გეტყვით, რომ წინა ხელისუფლების დროს რაიმე განსაკუთრებული ხდებოდა ქვეყანაში... თუკი ჩვენს ახლანდელ სიტუაციას შევაფასებთ, ყველაზე მეტად ერთი რამ მხვდება თვალში, სამოქალაქო კულტურის თვალსაზრისით უმძიმესი მდგომარეობაა. ვითარების გამოსწორებაში სახელმწიფომაც უნდა მიიღოს მონაწილეობა და ჩვენმა საზოგადოებამაც, თუკი ამას საზოგადოება ჰქვია...

- მაშ, რა ჰქვია?..

- ეს არ არის საზოგადოება, ეს ხალხია. ამდენი აგრესია ჩვენი უკულტურობიდან მოდის. დღეს ხალხი აგრესიულია ყველასა და ყველაფრის მიმართ. ეს ეხებათ პოლიტიკოსებს, ხელოვანებს, უბრალო ადამიანებს, რომლებიც კამათიდან მაშინვე ძველბიჭურ საუბარზე გადადიან. ასევე, ძალიან მხვდება თვალში სამოქალაქო უგემოვნობა... დიდი ხანია არ მიმგზავრია, რადგან ზაფხულობით ქალაქიდან გასვლა არ მიყვარს. უმეტესად სახლში ვზივარ და ვმუშაობ, მაგრამ ამას წინათ ბათუმში მომიწია წასვლამ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიწვევით ლექციები წავიკითხე, სწორედ თანამედროვე კულტურის შესახებ და იქიდან სამარშრუტო ტაქსით დავბრუნდი. მთელი გზა, ბათუმიდან თბილისამდე, საშინლად დაბალი დონის რუსული სიმღერები იყო ჩართული. მორიდებით ვთქვი, იქნებ, რამე სხვა ჩართოთ, თუნდაც გაპოპურებული ქართული ფოლკლორი, რომელიც დღეს ასე მოდაშია-მეთქი. მივხვდი, აზრი არ ჰქონდა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ტაქსიში გადავჯექი და იქაც იგივე ჩამირთეს, საზიზღარი, რუსული მუსიკა და მაშინ კი აღვშფოთდი. როგორ შეიძლება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, მაღაზიაში, ყველგან რუსული მუსიკა ჟღერდეს...

მე რუსული მუსიკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თავადაც ვუსმენ ჩაიკოვსკისა და შოსტაკოვიჩს, მაგრამ ის, რასაც ჩვენთან უსმენენ, საშინელებაა. არ მინდა, ვიღაცამ ცუდად გამიგოს, ამიტომაც განვმარტავ, რომ მათ კულტურას დიდ პატივს ვცემ, განსაკუთრებით მწერლობასა და მხატვრობას, რომელიც მართლაც დიდია თავისი ღირებულებით, მაგრამ ეს საზიზღარი, დაბალი დონის ესტრადა ხალხში, მასაში შედის... ჩემ გარშემო ყველას, ტაქსის მძღოლი იქნება თუ სხვა პროფესიის ადამიანი, ვეკითხები, რატომ უსმენ ამას-მეთქი, კარგად ისმინებაო, მპასუხობენ. ამ დროს ვეღარ ვითმენ და პირდაპირ მივახლი ხოლმე, ეს საშინელება შენში მონურ ფსიქოლოგიას ზრდის-მეთქი.

- რას გპასუხობენ?

- არაფერს, ზოგი მცნობს და არ მეკამათება. ზოგსაც ალბათ გიჟი ვგონივარ... თუ მაინცდამაინც დაბალი დონის მუსიკის მოთხოვნილება გაქვს, შენს ''ნაგავს'' მაინც მოუსმინე, ცოტა გვაქვს? რაღა იმას უსმენენ, რაც პირდაპირ კლავს ქართველობას... ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვამბობ, რომ ჩვენ ბევრი გვიკლია საზოგადოებამდე.

ამ ბოლო დროს ჩემი ხალხის საქციელს რომ ვუყურებ, სიტყვა ადამიანის თქმისგანაც ვიკავებ თავს... ხშირად ვეკითხები თავს, რა დაემართა მცხეთის ჯვრის, სვეტიცხოვლის, სამთავისის ამშენებელ ხალხს, სად წავიდა ის გენი და ჯიში, რომელიც უნიკალურ ფრესკებს ქმნიდა... რა ხდება, საიდან მოდის ასეთი მოზღვავებული უგემოვნობა?.. სხვებისგან განსხვავებით, რუსეთმა მენტალურად დაგვიპყრო. ვერა და ვერ დავაღწიეთ თავი მის მონობას... ეტყობა, დამპყრობლის მიმართ მონური ფსიქიკის მქონე ხალხად ჩამოვყალიბდით. ამიტომაც გვაჭრის ყოველ ათ წელიწადში ერთხელ ტერიტორიებს, ჩვენ კი მაინც მას შევცქერით, როგორც მხსნელს. ამის მერე რატომ გვიკვირს, რომ ხუთ დღეში დავმარცხდით და მთავარსარდალი უკან მორბოდა, როდესაც ხალხი შინაგანად არის დამარცხებული... ავღანეთი დღე-ნახევარში დაიპყრო რუსეთმა 80-იან წლებში, მაგრამ ვერ შეინარჩუნა, მენტალურად ვერ მოერივნენ და ვერ გატეხეს. ამის გაკეთება ვერც ამერიკამ შეძლო ავღანეთში. ჩვენ მათ ველურებს ვუწოდებთ, მაგრამ დღემდე ვერ გავთავისუფლდით რუსული მუსიკისგან, მათი ქალების ტყვეობისგან... პრინციპში, რუსი ქალი რატომ არ უნდა მოგწონდეს, რა დააშავა, მაგრამ საქმე ის არის, რომ მათი ყველაფერი მოგვწონს და ვემონებით. სწორედ ამის ეშინოდათ ყველაზე მეტად ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას და მათი შიში გამართლდა. მათ სცოდნიათ ქართველი კაცის ბუნება.

იხილეთ ინტერვიუს სრული სტატია