მამუკა ღლონტი: "ხელისუფლებამ მეც მაჩუქოს 24 მილიონი და მეც მექნება სათადარიგო სტუდია"

მამუკა ღლონტი: "ხელისუფლებამ მეც მაჩუქოს 24 მილიონი და მეც მექნება სათადარიგო სტუდია"

გუშინ ნაღმის არსებობის შესახებ სამი ცრუ შეტყობინება განხორციელდა. როგორც გაირკვა, ეს ყველაფერი ცრუ განგაში აღმოჩნდა. "ამბები.გე" ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძღვანელს, მამუკა ღლონტს დაუკავშირდა.

- მამუკა, როგორ ფიქრობთ, რას უნდა ნიშნავდეს გუშინდელი სამი ცრუ შეტყობინება, რომ ორ მედიასაშუალებასა და აეროპორტში ასაფეთქებელი საშუალება იყო დამონტაჟებული?

- არა მგონია, ამით ვინმემ მედია შეაშინოს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ვიღაც ერთობოდა. აბა, რეალურად სხვა რა უნდა იყოს? როდესაც მედიას აშინებენ, წინასწარ არ ეუბნებიან, "ბომბიაო", ბომბს ააფეთქებდნენ ისე, როგორც ეს ადრე ჩვენ შემთხვევაში მოხდა.

- რას იტყვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომ კანონი უნდა გამკაცრდეს ''ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე"?

- კანონი აუცილებლად უნდა გამკაცრდეს, რომ ჩვენი საზოგადოება ცრუ განგაშისგან დაცული იყოს. თუმცა ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ რაც გუშინ ჩვენთან მოხდა, სრული მარაზმი იყო.

- ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც და შესაბამისად, ცრუ შეტყობინების ავტორ არასრულწლოვანთა მშობლების მიმართ დაწესდება სოლიდური ჯარიმა... ეთანხმებით ამას?

- პუნქტებში ასე ვერ ჩავალ, მაგრამ, ალბათ, კანონი უნდა იყოს შესაბამისი, რომ დაცულები ვიყოთ. გუშინ მაგალითად, ჩემს ორგანიზაციაშიც შეიძლებოდა, შემოსულიყო მსგავსი შინაარსის ზარი და მუშაობაში ხელი შემშლოდა. ისე, ვინც ვერ აღზრდის თავის შვილს, რომელიც მე შემდგომ ზარალს მომაყენებს, კარგი იქნება, თუ მოყენებული ზიანისთვის ფინანსურად გადამიხდის.

- როგორ ფიქრობთ, ეს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იქნება?

- ახლა წინასწარ მაგას ვერ გაიგებ, ვის, როდის, რა აზრი მოუვა თავში, მაგრამ, რა თქმა უნდა, კანონის გამკაცრება კარგი იქნება.

- გუშინ, ალბათ, გარკვეული სტრესი და მოლოდინი თქვენს ტელეკომპანიასაც ჰქონდა...

- სტრესი არ გვქონია, უბრალოდ მოვემზადეთ, რამე რომ ეთერი არ გამორთულიყო. ისე, როგორც გითხარით, ჩვენ აქამდე უკვე ბობშემოგდებული ტელევიზია ვართ და ასეთი რაღაცებით ვერ შეგვაშინებენ. ბომბი რეალურად უკვე შემოგვიგდეს! თუმცა მოლოდინი გვქონდა, რომ ჩვენც გაგვეხუმრებოდნენ, საბედნიეროდ, გადავრჩით.

- "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში ისინი ეთერში სათადარიგო სტუდიიდან გავიდნენ, "იმედის" ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ სათადარიგო სტუდია არ გაააჩნია. თქვენ შემთხვევაში, როგორ არის საქმე?

- ჩვენ არ გაგვაჩნია ასეთი სტუდია. ხელისუფლებამ მეც მაჩუქოს 24 მილიონი და მეც მექნება სათადარიგო სტუდია...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები