დაბრუნდება თუ არა ნიკა გრიგოლია ტელევიზიაში

დაბრუნდება თუ არა ნიკა გრიგოლია ტელევიზიაში

ნიკა დიდი ხანია, საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა, ამიტომ დავუკავშირდით და გავარკვიეთ, რატომ აღარ ჩანს სატელევიზიო სივრცეში, რა გეგმები აქვს სამომავლოდ და სად დაისვენა მეუღლესთან ერთად.

-  ბევრი დრო გავიდა, რაც საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილხართ, როგორც იუმორისტი. რას საქმიანობთ?

-  რამდენიმე საიდუმლო გეგმა მაქვს. ერთ-ერთი ის არის, რომ ვმუშაობდი იუმორისტულ გადაცემაზე, მაგრამ ცოტა ხნით შევჩერდი, რადგან მე, ილიკო სუხიშვილმა და გია სამყურაშვილმა საქართველოში პირველი "მოტო ფესტის" ჩატარება გადავწყვიტეთ. სამი თვის განმავლობაში, ყოველდღე ვმუშაობდით. ფესტივალის ორგანიზებაში იმდენად აქტიურად ვიყავი ჩართული, რომ თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩებოდა. ფესტივალი 23, 24 და 25 აგვისტოს, რუსთავში გაიმართა. ახლა ვისვენებ.

-  ტელევიზიაში დაბრუნებას აპირებთ?

-  დიახ, ჩემს იუმორისტულ გადაცემაზე გავაგრძელებ მუშაობას "რუსთავი 2"-ში.

-  უამრავი ჭორი დადის იმაზე, თუ რატომ წამოხვედით "კომედი შოუდან". თავად რა კომენტარს გააკეთებდით?

-  შემცირებაში მოვყევი - ოფიციალურად ასეა და სხვა ვერაფერს გეტყვით...

-  ამბობენ, რომ თქვენი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ვანო ჯავახიშვილთან კონფლიქტი იყო.

-  არა, ვანოსთან არასდროს არანაირი პრობლემა არ მქონია. როგორც კლასში, მოწაფეებს შორის ხდება კონფლიქტი, ანალოგიური რამ ხდება სამსახურშიც. ყველასთან მეგობრულად ვერ იქნები. როცა 30 ადამიანთან ერთად მუშაობ, ვიღაცასთან მცირე უთანხმოება აუცილებლად გექნება.

-  ყველასათვის ცნობილია, რომ ძალიან გიყვართ მოტოციკლეტი. პირველი მოტო როდის შეიძინეთ?

-  მოტოციკლეტის ყოლის სურვილი იმ დღიდან გამიჩნდა, რაც მისი არსებობის შესახებ გავიგე. თავიდან ველოსიპედით დავდიოდი. მამა ჩემთვის ერთგვარი "ნატვრის თვალი" იყო - რასაც ვთხოვდი, ყველაფერს მისრულებდა, ერთადერთი, მოტო არ მიყიდა, - საამისოდ პატარა ხარო. ჰოდა, მგონი, 21 წლის ვიყავი, როცა ოცნება ავიხდინე.

-  პირველად მოტოზე დაჯდომის შიში ბევრს აქვს...

-  მე ასეთი შეგრძნება არ მქონია.

-  ალბათ ავარიულ სიტუაციაში ბევრჯერ აღმოჩენილხართ, არა?

-  კი, უამრავჯერ. ბოლოს რაც შემემთხვა, იმას გიამბობთ: ამ ზაფხულს, ჩემი ცოლის დაბადების დღის აღსანიშნავად 2 დღით, ბათუმში წასვლა გადავწყვიტე. ჰოდა, ისე მოხდა, რომ ურეკში დაფეთებულმა ცხენმა დამამტვრია, თან - გზაც სველი იყო... თავიდან სერიოზულ ავარიაშიც ბევრჯერ მოვყოლილვარ, მაგრამ ეს ალბათ გამოუცდელობის ბრალი იყო. ისე, ქალაქში მოტოთი სიარული გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. აქ ყველა თავის ნებაზე დადის და ყოველ წუთას შეიძლება, ვინმე დაგეჯახოს.

-  რუსთავის "მოტო ფესტივალზე" რას იტყვით? ხალხი ასეთი ფესტივალების საორგანიზაციო დონით ყოველთვის უკმაყოფილოა.

-  უკვე გითხარით, რომ საქართველოში მსგავსი ფესტივალი პირველად გაიმართა და აქცენტი უცხოელ სტუმრებზე იყო გაკეთებული. ისინი აქ, ქვეყნის სანახავად და სამი დღით ფესტივალზე დროის გასატარებლად ჩამოვიდნენ: გერმანიიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, უკრაინიდან და ა.შ. ზოგიერთ მათგანს კარავი ჰქონდა გაშლილი და სამი დღის განმავლობაში იქ ცხოვრობდა, ზოგიერთები კი სასტუმროში დაბინავდნენ. საბოლოო ჯამში, ფესტივალმა კარგად ჩაიარა, ყველა კმაყოფილი წავიდა და ჩვენც შესაბამისად, კმაყოფილები დავრჩით.

-  საპატრულო პოლიცია თუ გეხმარებოდათ?

-  24-ში იყო დიდი გარბენი ქალაქში, რომელშიც 500-მდე მოტოციკლეტისტი მონაწილეობდა. პატრული საოცარი ესკორტით მოჰყვებოდა ჩვენს კოლონას, რისთვისაც მადლიერი ვარ მათი.

-  ხალხი უკმაყოფილებას ვერ ფარავს და ამბობენ, რომ ბაიკერები ხმაურიანი ხალხი ხართ, მოსახლეობას აწუხებთ...

-  ბაიკერობა მაინცდამაინც მოუწესრიგებლობას, ხმაურს და დალეწვას არ ნიშნავს. ზოგიერთი ბაიკერი მოწესრიგებულია, ზოგიც - არა, ისევე, როგორც ნებისმიერი ავტომობილის მძღოლი.

-  ცოტა ხნის წინ უამრავი ბაიკერი დააჯარიმეს. ამაზე რას იტყვით?

-  მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ და ცხადია, ამ საკითხით დავინტერესდი. ვესაუბრე როგორც ბაიკერებს, რომლებიც დააჯარიმეს, ისე, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსსაც. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყოველთვის მოტომოყვარულების მხარეს ვარ, მაგრამ ამ დაჯარიმებებს შორის ვერ აღმოვაჩინე ისეთი შეთხვევა, როცა უსამართლობას ჰქონდა ადგილი. და მაინც, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ უსამართლოდ დააჯარიმეს, შემეხმიანოს და თუ შევძლებ, დავეხმარები. მოტოს რომ მართავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წესებს არ უნდა დაემორჩილო.

-  როგორც გვითხარით, დასასვენებლად წასვლა ჯერ ვერ მოახერხეთ. ახლა თუ აპირებთ სადმე გამგზავრებას?

-  კარგია, როცა დასასვენებლად საზღვარგარეთ მიდიხარ. ძალიან მიყვარს ბათუმიც, მაგრამ ზაფხულში, როცა იქ ჩავდივარ, მხვდება "ზღვაზე გადატანილი თბილისი". ცუდად არ გამიგოთ და დასვენებას ვერ ვახერხებ. კარგად ვისვენებ იქ, სადაც არავინ მიცნობს და მშვიდად დავდივარ... მე და ჩემი მეუღლე პატარა მოგზაურობას ვაწყობთ ხოლმე: დავსხდებით ჩემს მოტოზე, წავიღებთ კარავს და ლამაზ ადგილებს ვეწვევით...

ნათია მაისურაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები