რატომ შეწყდა სერიალის - "შუა ქალაქში" გადაღება

რატომ შეწყდა სერიალის - "შუა ქალაქში" გადაღება

პოპულარული კომედიური სერიალი - "შუა ქალაქში" დასრულდა. სულ მალე ტელემაყურებელი ახალ სიტუაციურ კომედიას - "ჩვენი ამბავი" იხილავს. ის 4 მეგობრის - 3 ბიჭისა და 1 გოგონას (რომელსაც ბიჭები "ძმაკაცად" მიიჩნევენ) სახალისო ამბებს მოგვითხრობს. მხიარული მეგობრების როლში ვიხილავთ მსახიობებს: ტატო ჩახუნაშვილს, როლანდ ოქროპირიძეს, ლევან ბუაძესა და რუსკა მაყაშვილს. ასევე, სერიალში საზოგადოებისათვის ცნობილი და უცნობი სხვა მსახიობებიც მონაწილეობენ...

რუსკას გარდა, სერიალის - "შუა ქალაქში" მსახიობებიდან ახალ სიტუაციურ კომედიაში დიმიტრი ტატიშვილსაც ვიხილავთ. ის ამჯერადაც საინტერესო და სახალისო როლს ასრულებს, მაგრამ იმედო მეშველიანის "საუცხოო" მუსიკალური შემოქმედების მოტრფიალე გიასგან განსხვავებით, ახლა მისი გმირი მკაცრი და წესრიგის მოყვარული გახლავთ...

ტელემაყურებლებისთვის საყვარელი მსახიობები - ნოდარ გურგენაშვილი და ბაჩო ქაჯაია დროს უქმად არ კარგავენ და "ღამის შოუს" სტუდიასთან თანამშრომლობას აგრძელებენ. ნოდარ გურგენაშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონშიც იცეკვებს...

"ჩვენი ამბავის" პირველი და მეორე სერიის ჩაწერას დავესწარით. გადაღებამ ხალისიანად ჩაიარა. ახალი სერიალის პერსონაჟების ხუმრობებზე მაყურებლებს ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ...

ტატო ჩახუნაშვილი:

-  ჩემი გმირი - ზურა მწერალი გახლავთ და ამავდროულად, მთხრობელიც არის: სერიალში განვითარებული ორომტრიალი სწორედ ზურას გარშემო ხდება და ამის შესახებ თავად გვიყვება... სერიალებში ვმონაწილეობდი, თეატრის მსახიობიც გახლავართ, მაგრამ ისეთი სამუშაო არასოდეს მქონია, როცა დარბაზში მაყურებლებიც სხედან და თან, გადაღება მიმდინარეობს. თავიდან მსახიობების უმეტესობა ცოტა არ იყოს, შეშინებულები ვიყავით. თამაში არ გამჭირვებია, მაგრამ გადაღების დაწყებამდე მართლა ვღელავდი. შემდეგ მივხვდი, რომ გადაღებაზე მაყურებლების დასწრება გვეხმარება, სტიმულს გვაძლევს და ვხვდებით - თამაში როგორ "წავიყვანოთ". ეს ძალიან კარგია!

-  ზურა რაიმეთი თუ გგავთ?

-  საერთო თვისები გვაქვს: ისიც მეგობრულია; სმა, გართობა და წიგნი ორივეს გვიყვარს, ორივე ვეწევით, ისიც ცოტათი მელოტია და მეც (იცინის). ამ ეტაპზე შეყვარებული არ ვარ, მაგრამ როცა ვიყავი, ალბათ მაშინ ისე ძლიერად მიყვარდა, როგორც ახლა ზურას უყვარს: მას თავისი ცოლ-შვილი ძალიან უყვარს, მაგრამ ცოლთან ურთიერთობა მაინც უიღბლოდ "მიდის" და დაშორებულები არიან... პირველი სერია დავძლიეთ. დავწყნარდი და მივხვდი, რომ საშიში არაფერია, პირიქით - ასეთ გარემოში მუშაობა საინტერესო ყოფილა. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც მხარში გვიდგას.

როლანდ ოქროპირიძე:

-  ჩემი პერსონაჟი - გიორგი კარგი ქართველი ბიჭია. ღვინის სმა და მეგობრები უყვარს. მოკლედ, ისეთია, როგორიც - ბევრი ქართველი. ეჭვიანი ცოლი ჰყავს, მაგრამ რა ქნას? ჩემი გმირი ამ ამბავს შეგუებულია და სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან რეალურად, ცოლისთვის საეჭვიანოს არაფერს აკეთებს. მან ზუსტად იცის, რომ მის ოჯახს ცუდი არაფერი ემუქრება. ჰოდა, მშვიდად არის.

-  გადაღებისას ნერვიულობდით?

-  ცოტათი. როცა დარბაზში მაყურებელია, მსახიობები ნერვიულობენ. გადაღებამდე რეპეტიცია ბევრჯერ გავიარეთ და გულწრფელად რომ გითხრათ, მობეზრების შეგრძნება უფრო მქონდა.

ნიკა კუჭავა:

-  სერიალში გიორგის ცოლისძმას - თორნიკეს როლს ვასრულებ. თორნიკე ბევრს ლაპარაკობს, ყველას თავს აბეზრებს. ის დისტრიბუტორად მუშაობს და სულ რაღაც პრობლემა აქვს... და ძალიან უყვარს, მაგრამ სიძეს გულზე დიდად არ ეხატება. გიორგის ცოლისძმასთან ერთად დალევას ურჩევნია, მისი თანამესუფრე უცხო ადამიანი იყოს და ყველაფერს აკეთებს, რომ თორნიკე მის ოჯახში არ მივიდეს, მაგრამ ცოლი საყვედურობს: როგორ, ჩემი ძმა არ გიყვარსო?! ამიტომ მას ცოლისძმასთან შეგუება უწევს.

-  მეორე სერიაში, სიძის მიერ მოწყობილი ოინის შედეგად, თორნიკე უხერხულ და სახალისო სიტუაციაში აღმოჩნდა. რეალურ ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევები შენთვის ნაცნობია?

-  უხერხულ სიტუაციაში ხშირად აღმოვჩენილვარ. მახსოვს, ჯერ კიდევ თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი, როცა ერთ-ერთი, სპექტაკლის პრემიერის შემდეგ, მეგობართან ერთად პარტერში შევედი. სიბნელე იყო. ვამბობდი: ეს რა ცუდი სპექტაკლი იყო, რეჟისორმა რა დადგა-მეთქი? სინათლე რომ აინთო, დავინახე - პარტერში რეჟისორი და მხატვარი ისხდნენ! კინაღამ მოვკვდი... თან, ყველაზე უარესი ის იყო, რომ საკუთარ თავთან მართალი არ ვიყავი: პირველი კურსის სტუდენტი გახლდით და სპექტაკლი არაკომპეტენტურად შევაფასე. მას შემდეგ, ამ ამბავზე ხშირად "მეფიქრება"...

-  "ღამის შოუს" სტუდიასთან თანამშრომლობა როგორია?

-  მე, დიმა და როლანდი ერთსა და იმავე თეატრში ვმუშაობთ და ლამის დღე და ღამე ერთად ვართ. "ღამის შოუს" სტუდიის ბიჭებსაც ვიცნობდი და მათთან მუშაობაც გამიადვილდა. რამდენიმე ჩვეულებრივი ფორმატის სერიალში ვმონაწილეობდი, მაგრამ მათ გადაღებას მაყურებელი არ ესწრებოდა. "ჩვენი ამბავი" ჩემთვის სიახლეა! ეს ნახევრად სპექტაკლია. რა თქმა უნდა, რთული სამუშაოა: მოგეხსენებათ, სპექტაკლის პრემიერისთვის თვეების განმავლობაში ემზადებიან, ჩვენ კი ფაქტობრივად, ყოველკვირა პრემიერა გვაქვს...

რუსკა მაყაშვილი:

-  ეკატერინე მომწონს. მის მსგავსად, ქალაბიჭა - არა, მაგრამ ბავშვობაში ახტაჯანა ვიყავი. დღესაც ბევრი მეგობარი ბიჭი მყავს. შემიძლია, მათი საიდუმლოებები მოვისმინო და ჩემიც გავანდო...

-  ახალ სერიალში მონაწილეობის შესახებ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შენთვის მოულოდნელი ხომ არ იყო?

-  არა. "ღამის შოუს" სტუდიაში დიდი ხანია, ვმუშაობ. აქ ჩემი მეორე სამსახური და ოჯახია. ჰოდა, ეს შემოთავაზებაც დიდად არ გამკვირვებია.

დიმიტრი ტატიშვილი:

-  გამიხარდა, ახალ სერიალში მონაწილეობა რომ შემომთავაზეს. რატომღაც, მენდვნენ. ჩემი პერსონაჟი სერიალის - "შუა ქალაქში" გმირისგან რადიკალურად განსხვავებულია: გია სულელი კაცი იყო. მთლად დალაგებული არც ახალი პერსონაჟია, მაგრამ საინტერესო ტიპია. მგონი, მისი ხილვისას მაყურებელი გახალისდება... როცა რაიმე საქმეს წამოვიწყებ, ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო და ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭიროა. ძალიან კარგ ადამიანებთან ვთანამშრომლობ - ისინი ჩემი მეგობრები არიან. "ღამის შოუს" სტუდიასთან მუშაობა მსიამოვნებს, რადგან ამ გუნდის წევრები პროფესიონალები არიან.

ახალი სერიალის ჩაწერას ნოდარ გურგენაშვილი და ბაჩო ქაჯაიაც ესწრებოდნენ...

ნოდარ გურგენაშვილი:

-  სერიალის ჩაწერისას მაყურებლის ამპლუაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ.

-  სევდა ხომ არ მოგეძალა?

-  არა, ამაზე არ ვფიქრობდი. უბრალოდ, ინტერესით ვადევნებდი თვალს ახალი სერიალის გადაღების პროცესს.

-  მერე, მოგეწონა? როგორც მაყურებელი, ახალ სერიალს როგორ შეაფასებ?

-  დასაწყისისთვის კარგია. ყოველ შემთხვევში, ეტყობა, რომ კიდევ უფრო საინტერესო გახდება. დეტალებზე ვფიქრობდი: მსახიობები ნერვიულობენ, დაძაბულები არიან... ნელ-ნელა რაღაცებს "დაამუღამებენ", გათამამდებიან... ჩემს შემთხვევას გავიხსენებ: პირველი ჩაწერა რთულია. რა თქმა უნდა, ღელავ და რაღაცას ისე ვერ აკეთებ, როგორც საჭიროა და როგორც შეგიძლია...

ბაჩო ქაჯაია:

-  ახლა ვხვდები, ის მაყურებელი რას გრძნობს, ვინც დარბაზშია. ეს საინტერესო პროცესია...

-  მაგრამ ალბათ, თქვენთვის სერიალში მონაწილეობა უფრო საინტერესო იყო, არა?

-  სხვადასხვა ამპლუაში ყოფნა უფრო კარგია. ახალი სერიალის პირველი სეზონი დაიწყო, პირველი სერიის ჩაწერა მიმდინარეობს და ალბათ, ახლა ჩემი მეგობრები და კოლეგები ნერვიულობენ. მათ წარმატებას ვუსურვებ! დარწმუნებული ვარ, "ჩვენი ამბავი" ტელემაყურებლებისთვის საინტერესო იქნება. სერიალი თანდათან უფრო განვითარდება, როცა მაყურებლები პერსონაჟებს გაიცნობენ, შეიყვარებენ და მათი გულშემატკივრები გახდებიან...

-  სერიალის - "შუა ქალაქში" დასრულების გამო, გულდაწყვეტილი ხომ არ ხართ?

-  რაღაც იმიტომ მთავრდება, რომ ახალი დაიწყოს. გული არ დამწყვეტია, მაგრამ დრო რომ გავა, შეიძლება, ნოსტალგია გამიჩნდეს...

დავით გოგიჩაიშვილი, "ღამის შოუს" სტუდიის გენერალური მენეჯერი:

-  ივლისის ბოლოს, როცა სერიალის - "შუა ქალაქში" მეთექვსმეტე სეზონი დავასრულეთ, გადავწყვიტეთ, რაღაცები შეგვეცვალა. მოგეხსენებათ, სერიალი 2 ეტაპად იყოფა: მთელი 10 სეზონის განმავლობაში, მასში ერთი და იგივე "სასტავი" მონაწილეობდა, მეთერთმეტე სეზონიდან კი ახალი ეტაპი დაიწყო, როცა ცვლილებები უფრო ხშირი გახდა... სცენარისტებთან ერთად ვფიქრობდი და პერსონაჟები, ამბები შევცვალეთ. ბოლოს ვთქვით: მოდი, "მიწოდების" ფორმაც შევცვალოთ-თქო. ახალ სერიალში მთხრობელის ხმა ისმის, წარსულის გახსენების სცენებია. მერე გადავწყვიტეთ, სერიალისთვის სახელიც შეგვეცვალა. "ჩვენი ამბავი" ახალი სიტუაციური კომედია გახლავთ, ოღონდ სერიალის - "შუა ქალაქში" საფუძველზეა შექმნილი.

-  სერიალის - "შუა ქალაქში" ბოლო სეზონის მსახიობებიდან ახალ კომედიაში მხოლოდ დიმიტრი ტატიშვილი მონაწილეობს. ის რა პრინციპით შეარჩიეთ?

-  პერსონაჟის მიხედვით: მეორე "პილოტისთვის" მოვიფიქრეთ, რომ ზურას უფროსი ძმა უნდა ჰყოლოდა, რომელიც წესრიგის მოყვარული ტიპი იქნებოდა. "ბაზაში" ვიღაცები გვყავდა, მათ შორის - დიმაც. როცა ამ როლისთვის მსახიობს ვარჩევდით, ყველაზე მეტად დიმა მოგვეწონა.

-  სერიალის - "შუა ქალაქში" ამბავი ცოტა არ იყოს, დაუსრულებელი დარჩა...

-  მე ასე არ ვფიქრობ. სერიალი პრინციპში, ლოგიკურად დასრულდა. მსახიობებს რაც შეეხებათ, მათთან სხვა პროექტებში ვითანამშრომლებთ, ჩვენ მეგობრებად ვრჩებით.

-  ალბათ ახალი პერსონაჟებისთვის მსახიობების შერჩევა რთული იყო...

-  დიახ, ეს რთული ეტაპი იყო. ვიდრე არ დავრწმუნდებოდით, რომ მსახიობს ჩვენთან ყოფნა უნდა, მუშაობა არ ეზარება, რადგან ზარმაცების ადგილი ჩვენთან არ არის.

-  ძველი მსახიობებიდან ახალ სერიალში კიდევ ვინმეს ხომ არ ვიხილავთ?

-  ამას არ გამოვრიცხავ. იცი, როგორ ვიქცევით? ხანდახან მსახიობი ეპიზოდური როლის შესასრულებად "შემოგვყავს", მაგალითად - ბაჩო ქაჯაია, რომელიც წინათ უბრალოდ, მოვიწვიეთ, მაგრამ სცენარისტებს მისი პერსონაჟის და ქეთევანის ურთიერთობა მოეწონათ და მეორე სცენაც გადავიღეთ, მესამეც და ა.შ. ჩვენ სერიალის მთელი სეზონის სცენარი დაწერილი არ გვაქვს და შესაბამისად, წინასწარ არ ვიცით, როდის რა მოხდება. პერსონაჟების მიმართ ხალხის რეაქციას ვაკვირდებით და სცენარის წერას ამის მიხედვით განვაგრძობთ, - ანუ მაყურებელი გვკარნახობს, რა გავაკეთოთ.

-  თავად მსახიობებმა როდის შეიტყვეს, რომ სერიალზე - "შუა ქალაქში" მუშაობა შეწყდა?

-  ივლისში, როცა სეზონს მოვრჩით, მათ ამის შესახებ ვუთხარით. თუმცა, ჩვენთან მათი თანამშრომლობა შესაძლებელია. მაგალითად, ვიწყებთ ახალი პროექტის "პილოტის" გადაღებას, რომელშიც ნოდარი და ბაჩოც მონაწილეობენ. მოკლედ, ერთმანეთს არ ვკარგავთ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)