თავხედი მძღოლები

თავხედი მძღოლები

თბილისში ტრანსპორტის მოძრაობის პრობლემა მანქანების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს. ამ საქმეს ვერც საგზაო ინფრასტრუქტურის მეტ-ნაკლებად მოწესრიგებამ უშველა და ვერც შსს-ს მიერ თბილისის ქუჩებში სისწრაფის განმსაზღვრელი რადარების დამონტაჟებამ.

"თბილისს რომ თავხედი მძღოლები ჰყავს, ასეთი არსად მინახავს. ეს ავტობუსები ხომ დაჩანჩალებენ, სამარშრუტო ტაქსების სითავხედემ კი უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა, ისე მოულოდნელად გაგიჩერებენ წინ და გაყურყუტებენ, სანამ მგზავრი არ ჩამოვა ან არ ავა, რომ ერთი სული გაქვს, გადმოხვიდე და ჭკუა ასწავლო. თან მგზავრების დატაცებაზე არიან და ერთმანეთის გასწრებაში გზებზე სერიოზულ საფრთხეს ქმნიან. ამ სამარშრუტო ტაქსებმა ნევროზი გაგვიჩინა მძღოლებს, არ ვიცი, ამას რა ეშველება", - ამბობს თბილისში მცხოვრები კახა ბერუაშვილი.

სამარშრუტო ტაქსის მძღოლები კი ასე სულაც არ ფიქრობენ: "თბილისში იმდენი სამარშრუტო ტაქსია, რამდენიმე თუ ცუდად დადის, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, იმათ კი, ვისაც ჩვენი ნელა მოძრაობა აწუხებს, განვუმარტავ: ჩვენ გვაქვს ფულადი გეგმა, რომელიც უნდა შევასრულოთ, ამიტომ, როცა მგზავრთა ნაკლებობაა, ვცდილობთ, ნელა ვიმოძრაოთ. ავტობუსებისგან განსხვავებით, სადაც მგზავრი ხელს დაგვიქნევს, იქ ვაჩერებთ. თუ ესეც პრობლემაა, მაშინ დააწესონ გაჩერებები და ხალხიც გაჩერებაზე დაგველოდება. ჩვენზე რომ ამდენს ლაპარაკობენ, მსუბუქი მანქანები რა, ჩვენზე უკეთ მოძრაობენ? - ამბობს #75 სამარშრუტო ტაქსის მძღოლი.

ექსპერტი ლავრენტი ალანია თბილისში არსებულ სატრანსპორტო ქაოსს მარეგულირებელი კანონების არარსებობით და მართვის მოწმობის გამარტივებული გაცემით ხსნის:

"რადარების დამონტაჟებამ ავ­ტო­ავარიები კი შეამცირა, მაგრამ თბილისში მოძრაობის პრობლემას მარტო რადარები რომ ვერ უშველიდა, თავიდანვე ვიცოდი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მართვის მოწმობები ასე მარტივად არ უნდა გაიცემოდეს. ელემენტარულ გამოცდებს ჩააბარებენ და მანქანის მართვის უფლება აქვთ. არადა, კატეგორიების მიხედვით უნდა იყოს დაწესებული დამატებითი გამოცდები, მხოლოდ ეს მოგვცემს უსაფრთხო მგზავრობის გარანტიას.

როგორ შეიძლება, მიკროავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის მძღოლებმა ერთი და იგივე გამოცდა გაიარონ? ავტობუსის მძღოლისთვის გამოცდა უფრო გართულებული უნდა იყოს, რადგან მას მეტი პასუხისმგებლობა აკისრია. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ბევრს სცოდავენ, მაგრამ პასუხს არავინ სთხოვს. სადაც უნდათ, იქ აჩერებენ, ვინმემ ხომ უნდა დაუწესოს, სად გააჩერონ ტაქსი და სად არა? მაგალითად, ავტობანზე ხომ არ აჩერებენ, რადგან იქ ამის საშუალება არ არის? უნდა დაუწესონ და დაუხაზონ გაჩერებები, არ შეიძლება, ასე ყოველ ნაბიჯზე აჩერებდნენ მანქანას. წესით, ავტობუსმა და სამარშრუტო ტაქსებმა პირველ ხაზზე უნდა იარონ, მაგრამ ჩვენთან ხომ ამ მხრივ ქაოსია! ვინ როგორ და რა მარშრუტით დადის, ღმერთმა უწყის, ამის რეგულირებას კანონი სჭირდება".

მოამზადა მაკა ქობალიამ

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)