"იმედში" გამნაღმველები ტელეკომპანიის თანამშრომელთა ევაკუაციის გარეშე მუშაობენ

"იმედში" გამნაღმველები ტელეკომპანიის თანამშრომელთა ევაკუაციის გარეშე მუშაობენ

"იმედში" გამნაღმველები ტელეკომპანიის თანამშრომელთა ევაკუაციის გარეშე მუშაობენ. როგორც ჟურნალისტებს "იმედის" საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბაია ცანავამ განუცხადა, თავდაპირველად, თანამშრომლების ევაკუირება მოხდა, თუმცა სამართალდამცავებმა "იმედის" თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლება მალევე მისცეს. ბაია ცანავას განცხადებით, იმის თაობაზე, რომ შენობაში ბომბია, შეტყობინება დღეს, დაახლოებით 14:10 საათზე შევიდა, იმ დროს, როდესაც ეთერში საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკა" იყო.

"მოგვთხოვეს ეთერის გაჩერება და დავემორჩილეთ სამართალდამცველთა მოთხოვნებს. შეწყდა საინფორმაციო მაუწყებლობა. ამის შესახებ წამყვანმა აცნობა მაყურებელს. ეს მესამე შემთხვევაა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც ძალიან ცუდი ტენდენციაა. მოვიდნენ გამნაღმველები, ევაკუაციის შემდეგ მალევე დაგვრთეს უფლება, რომ შენობაში დაბრუნებულიყავით და დაგვპირდნენ, რომ მუშაობას შეფერხების გარეშე გავაგრძელებდით", - განაცხადა ბაია ცანავამ.

მისივე თქმით, შენობის დათვალიერება სწორედ ევაკუაციის გარეშე მოხდება. ამასთან, ბაია ცანავას უჭირს ვარაუდების გამოთქმა თუ რას უკავშირდება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ტელეკომპანია "იმედში" ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების შესვლა.

"ამაზე რთულია ვარაუდების გამოთქმა, ეს შეიძლება არის ბოროტი ხუმრობა, ან მიზანმიმართული ქმედება, მაგრამ ძალიან ცუდია, როდესაც ქვეყნის ორ ნაციონალურ არხზე მსგავსი ქმედებების გამო მუშაობა ფერხდება. მივესალმები შს მინისტრის ინიციატივას, ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, რათა იმ ადამიანებმა, ვინც ზარებს ახორციელებენ, შეიგნონ, რომ მსგავსი ქმედება არის ძალიან ცუდი საქციელი და დასჯადი", - განაცხადა ბაია ცანავამ.

"იმედში" რამდენიმე წუთის წინ გამნაღმველები მივიდნენ. ისინი შენობის დათვალიერებას ახორციელებენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები