შინაგან საქმეთა სამინისტროს განაღმვითი სამსახურის თანამშრომლებმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობა დატოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ტელეკომპანიის თანამშრომლები შენობაში უკვე შეუშვეს და მუშაობას განაგრძობენ. ტერიტორია დატოვა საპატრულო პოლიციამაც.
"რუსთავი 2"-ის თანამშრომლები მორიგი ცრუ განგაშის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და აცხადებდნენ, რომ ამ ფაქტმა ტელეკომპანია ძალიან დააზარალა.
როგორც ცნობილია, "რუსთავი 2"-სა და "იმედში" ბომბის არსებობის შესახებ მორიგი შეტყობინება 112-ში დღეს საღამოს შევიდა. ორივე ტელეკომპანიიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
"რუსთავი 2"-ში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ 112-ში ზარი გუშინ საღამოსაც შევიდა. "იმედში" კი განგაში დღის განმავლობაში უკვე მეორედ გამოცხადდა.
შსს-ს ინფორმაციით, აქამდე თითქმის ყველა შემთხვევაში ცრუ შეტყობინებების ავტორები არასრულწლოვნები იყვნენ.