რას ნიშნავს რიცხვი 41 და რომელი ავტომობილით მგზავრობა ურჩია დევიდ ბექჰემმა ლონდონში მყოფ ქართველს?

რას ნიშნავს რიცხვი 41 და რომელი ავტომობილით მგზავრობა ურჩია დევიდ ბექჰემმა ლონდონში მყოფ ქართველს?

ერთადერთი ახდენილი ოცნება ჩემს ცხოვრებაში - გორან ბრეგოვიჩის კონცერტზე მოხვედრა იყო. სტუდენტობისას, კუსტურიცათი აღფრთოვანებულმა შევიტყვე, რომ არსებობს კომპოზიტორი, რომელიც სულში ჩამწვდომ მუსიკას წერს და მას გორან ბრეგოვიჩი ჰქვია. მას მერე სულ მის კონცერტზე მოხვედრაზე ვოცნებობდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მჯეროდა ამ ოცნების ასრულების. ერთ დღეს კი "პალიტრამედიიდან" რეპორტაჟის გასაკეთებლად გამგზავნეს. მაშინ ვირწმუნე ოცნების ახდენის, მაგრამ მას შემდეგ აღარაფერზე მიოცნებია - ბავშვობის დროინდელი ერთადერთი ახდენილი ოცნება რომ არ გამეუფერულებინა.

ეს ამბავი ახლა ერთმა ჩემმა "ფეისბუკ"-მეგობარმა, საჯარო ფიგურამ, რუსეთიდან დევნილმა, დისიდენტმა ჟურნალისტმა, ოლეგ სანდრო (ეს სახელი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაირქვა) პანფილოვმა გამახსენა, თავისი ცოტა არ იყოს, ღიმილის მომმგვრელი პოსტით (სტილი დაცულია): Послушал сегодня одного журналиста иностранца, который за месяц проехал на велосипеде пол-Грузии, и понял что цифра 41 означает не что иное, как количество оставшихся перед выборами мечтателей...

მომიტევეთ, ბატონი ოლეგ სანდროს მშობლიურ ენას ვეცი პატივი და მისი პოსტი ორიგინალშივე გადმოვაკოპირე. ახლა კი, ჩემი მშობლიური ენის დიდი პატივისცემის ნიშნად, პოსტის ქართულ თარგმანს შემოგთავაზებთ:

"დღეს ერთ უცხოელ ჟურნალისტს მოვუსმინე, რომელმაც ერთი თვის მანძილზე ნახევარი საქართველო შემოიარა და მიხვდა, რომ რიცხვი 41, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოში დარჩენილი მეოცნებე ადამიანების რაოდენობის აღმნიშვნელია".

რომ გითხრათ, ამ პოსტის კომენტარით ვინმემ თავი გაიგიჟა-მეთქი, მოგატყუებთ. მან "ლაიქები" უფრო მოაგროვა, მაგრამ ახლა ოლეგ სანდროს მიერ დადებული ერთი ძველი პოსტი გამახსენდა:

რა ხდება, ბიძინა ივანიშვილი ევაკუაციისთვის ემზადებაო? პოსტი "მეცხრე არხის" დახურვისთანავე გაჩნდა მის კედელზე. მალევე ინტერნეტსივრცე პოლიტიკიდან პრემიერ-მინისტრის მოსალოდნელ წასვლაზე გავრცელებული ინფორმაციით აივსო. დღეს კი რას ვხედავ? ჯერ წერენ, - თეა წულუკიანი განცხადებას წერს გადადგომის თაობაზეო, ცოტა ქვემოთ კი - იმავე შინაარსის განცხადების დაწერას სოზარ სუბარიც აპირებს თურმე. ჰოდა, მეც დავფიქრდი. ბოლო დროს შევატყვე, თავში ერთადერთი სიტყვა - "ევაკუაცია" მიტრიალებს და ოლეგ სანდროს ხმა ჩამესმის. ჰოდა, მგონი, ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებიდან - აპოლიტიკურობაა. თქვენც და საკუთარ თავსაც ამას ვურჩევ. არც იმედი გაგიცრუვდებათ და არც ოცნებები გაგიუფერულდებათ...

ისე, გადადგომაზე ვსაუბრობ და არ შემიძლია, ქუთაისის უკვე ყოფილი მერის, დიმიტრი კოპალიანის განცხადება არ ვახსენო, რომელიც მან თანამდებობიდან გადადგომის მიზნით დაწერა. ერთი ჩვეულებრივი განცხადებაა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკუთარი ნებით დავტოვო ჩემ მიერ დაკავებული თანამდებობაო. კოპალიანმა განცხადება 11 სექტემბერს, საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის სახელზე დაწერა. რა არის ამაში უცნაური, არა? ერთი ჩვეულებრივი განცხადებაა, მაგრამ ის სრულიად "ფეისბუკ"-საზოგადოების საღადაო თემად იქცა, კოპალიანის მიერ ბატიფეხურად შესრულებული ნაწერის გამო (ისე, მართლა ისეთი ხელწერით დაუწერია, ღიმილს მოგგვრის). სასკოლო რვეულიდან ამოხეულ, ბოლო მერხზე მჯდარი ონავრის მიერ უკვე ვინ იცის, მერამდენედ, კლასის დამრიგებლისთვის მიცემულ პირობას ჰგავს, - მეტს აღარ ვიცელქებო, - თავისი სიტყვაძუნწობითა და ალაგ-ალაგ დადღაბნილი მელნით. ხალხსაც მეტი რა უნდა, მიმშვენებს ახლა ეს დასკანერებული განცხადება კედელს, თავისი კომენტარებით. ვიღაც კითხულობს, ეს ის არ არის, ამერიკიდან რომ მოევლინა ქუთაისს მხსნელადო? განცხადების დაწერა მაინც ესწავლა ამერიკაშიო!.. - ისე, თუ ამერიკაში სწავლობდა, გასაგებიცაა, რატომაც უჭირს მშობლიურ ენაზე სუფთად და ლამაზად წერაო, - გაამართლა ვიღაც, შედარებით ჰუმანურმა ადამიანმა. ერთმა კი ორთოგრაფიის მსხვერპლი, ამერიკიდან ჩამოტანილ პროდუქტს შეადარა, რომელიც საბაჟოზე შემოწმებას გადის. უვარგისობის შემთხვევაში მას თურმე უკან აბრუნებენ. ჰოდა, კოპალიანიც იმ პროდუქტივით არისო. ღიმილით ჩავიკითხე ყველა კომენტარი და უკანასკნელის წაკითხვისას ეს ღიმილიც გამიქრა: მგონი, განათლების მინისტრად უპირებენ კოპალიანს დანიშვნასო.

ისე, ზემოთ თამაზ მარგველაშვილი ვახსენე და მისი მოგვარე, სუფთად წვერგაპარსული საპრეზიდენტო კანდიდატი გამახსენდა, უფრო სწორად - 25 წლის წინანდელი ფოტო, სადაც ის სუფრაზე მოქეიფეა გადაღებული, გიგა ბოკერიასთან ერთად ("ფეისბუკელებს" რამე სურათს გამოაპარებ?). ჰოდა, ამ ფოტოსაც უმალ მოუძებნეს ღირსეული სათაური: "კოაბიტაციის ადრეული ეტაპი". ადრეული თუ პრეკოაბიტაციური არ ვიცი, მაგრამ თავად პრემიერს უთქვამს (ამასაც "ფეისბუკ"-ბაგენი ღაღადებენ), რომ მას თავისი მთავრობის ბევრი ჩინოვნიკი ჰყოლია შემჩნეული "ნაციონალებთან" ახლო ურთიერთობასა და ბიზნესსაქმიანობაში. ჰოდა, ამის დამადასტურებელი ფოტო- თუ ვერბალური მასალა არ აკლდება მედიასივრცეს. მერე რა, რომ ზოგიერთი მათგანი ამ ადამიანების არაპოლიტიკური წარსულიდან არის?! მთავარი ხომ ერთად ყოფნის ფაქტია. უფრო მეტიც - მთელი "ფეისბუკი" მარჩიელობს, ვისი ხელია დასვენებული ბოკერიას მხარზე (ფოტოგრაფს მისი გადაღება რატომღაც, საჭიროდ არ ჩაუთვლია)? ვატყობ, ეს ხალხი ამ ჩხრეკა-ჩხრეკაში ისე შორს წავა, რომ მალე ბავშვობის დროინდელ რაიმე სურათს გამოუძებნის ჩვენს პოლიტიკოსებს, "პლავკებში" გადაღებულს, ზღვაზე ან - უფრო უარესი... გახსოვთ, ადრე წესად, რომ ჰქონდათ - ტიტლიკანა ბავშვს, ზეწარზე დაგორებულს რომ უღებდნენ სურათს? ჰოდა, თუ მალე ასეთი სურათი დაუდეს ჩვენს პრეზიდენტობის კანდიდატსაც, მაშინ სულმთლად დავღუპულვართ და ეგ არის.

Is it f...g Shevardnadzes country?! ასე თურმე ალ პაჩინოს მოუხსენებია ჩვენი ქვეყანა. მხატვარ მამუკა გიორგაძის მონათხრობმა, "ფეისბუკ"-მპოსტავებს საქმე გაუჩინა, პოსტავენ და პოსტავენ. იცით, რაში იყო თურმე საქმე?.. ამერიკაში, მამუკა "არმანის" მაღაზიაში შესულა და იქ პირისპირ შესჯახებია ალ პაჩინოს. ალსაც შეუნიშნავს მამუკა, ჟაკეტს რომ იზომავდა. პაჩინო საოცრად კომუნიკაბელური ადამიანი ყოფილა და უკითხავს, - მოგწონსო (ჟაკეტზე, რა თქმა უნდა)? მერე ისიც გამოუკითხავს, საიდან ხარო, და როცა გაუგონია ჩვენი თანამემამულის პასუხი, დედამ...ი შევარდნაძის ქვეყნიდან ხარო?! - უთქვამს. დამშვიდობებისას კი ის ჟაკეტი უყიდია საჩუქრად მამუკასთვის და ზედ საკუთარი ავტოგრაფიც დაუტოვებია. მოკლედ, ახლა ამ პოსტზე გაკეთებულ ყველა კომენტარს ნუ ჩამომათვლევინებთ.

ეს ამბავი კი, გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მე კი ერთ კომენტარს შემოგთავაზებთ, რომელმაც ლამის პოსტზე მეტად გამახალისა. მისი ავტორი, ინტერნეტში ვინმე Maxus Van Dert-ად დარეგისტრირებული მომხმარებელია: "მეც შემხვდა ლონდონში ყოფნისას "როლს-როისის" სალონში დევიდ ბექჰემი და მკითხა, მოგწონს ეს მანქანაო? - დიახ, მაგრამ ძალიან ძვირია-მეთქი, - ვუპასუხე ცნობილ ფეხბურთელს. - საიდან ხარო? - მკითხა დევიდმა. - საქართველოდან-მეთქი, - გავეცი პასუხი. Is it f...g Ivanishvilis and Kaladzes country?! - მითხრა და დამემშვიდობა. სალონის დატოვებისას გაყიდვების მენეჯერი მომიახლოვდა და კონვერტი მომაწოდა, რომელშიც წერილი და ორი გასაღები იდო: ერთი - "როლს-როისის", ხოლო მეორე - "ზაპოროჟეცის"; წერილში კი ეწერა: "თუ აქ, ბრიტანეთში დააპირებ დარჩენას, "როლს-როისი" გამოიყენე, ხოლო თუ უკან აპირებ შენს სამშობლოში დაბრუნებას... "ზაპოროჟეცს" გირჩევ"...

მომავალ Facebook მონიტორამდე

ქეთი ნიკოლავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)