ირმა ინაშვილი ეკა კვესიტაძესა და დავით პაიჭაძეს "ობიექტივში" გადაცემებს სთავაზობს!

ირმა ინაშვილი ეკა კვესიტაძესა და დავით პაიჭაძეს "ობიექტივში" გადაცემებს სთავაზობს!

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ტელეკომპანია "ობიექტივის" საქმე უკვე განიხილეს. როგორ გასხვისდა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ "ობიექტივის" საკონტროლო პაკეტი და რას ელოდება დროებითი კომისიისგან მედიაკავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი? - "ვერსიას" ირმა ინაშვილი ესაუბრა.

- "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წელს, მედიაკავშირ "ობიექტივს" კუთვნილი 35-ე დეციმეტრული სიხშირე წაართვეს, რომლის საშუალებითაც ტელეკომპანია თბილისის მასშტაბით მაუწყებლობას შეძლებდა. მაშინ არხის პროდიუსერი და მენეჯერიც მე ვიყავი და საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტელევიზიის შექმნას ვცდილობდი, თუმცა "ვარდების ხელისუფლებამ" ტელეკომპანიის დირექტორი მიხეილ აგლაძე მარეგულირებელ კომისიაში დაიბარა და კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ დიმიტრი ქიტოშვილმა პირდაპირ უთხრა, რომ ტელევიზიაში კუთვნილი წილი უნდა დაეთმო, წინააღმდეგ შემთხვევაში, არხის თანამშრომლებს დააპატიმრებდნენ. ეს მუქარა სასაცილოდ ჟღერდა, რადგან საზოგადოება ჯერ კიდევ აღფრთოვანებული იყო "ვარდების რევოლუციის" შედეგებით, თუმცა პირადად მე, თავიდანვე ვიცოდი, რა ძალასთან გვქონდა საქმე.

- მიხეილ აგლაძემ წილი ვის სასარგებლოდ დათმო?

- მიხეილ აგლაძეზე ზეწოლამ ინტენსიური სახე მიიღო - პირადად დიმიტრი ქიტოშვილი გვირეკავდა და გვემუქრებოდა - პრობლემები შეგექმნებათო. ამ ფონზე, ბუნებრივია, თავგანწირვას ყველას ვერ მოსთხოვ და ვერც იმას ეტყვი, წილი არ დათმო და ციხეში ჩაჯექიო, ამიტომ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ და იმ პიროვნებასთან შეხვედრა გადავწყვიტეთ, რომლისთვისაც, დიმიტრი ქიტოშვილის მოთხოვნით, ტელეკომპანიის წილი უნდა გადაგვეფორმებინა. ეს პიროვნება ახალგაზრდა სტომატოლოგი დავით კაკაურიძე აღმოჩნდა, რომელსაც ტელევიზიასთან შეხება არასოდეს ჰქონია. მას ტელეკომპანიის 50%-იანი წილი გვიან ღამე გადავუფორმეთ, თუმცა საკონტროლო პაკეტი ჯერ კიდევ ჩვენს ხელში იყო. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა სწორედ ამ 1%-სთვის დაიწყო. იმის გამო, რომ მიხეილ აგლაძე საკონტროლო პაკეტის გადაცემაზე უარს ამბობდა, სახლთან უცნობი პირები დახვდნენ და იმდენად მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რომ დღეს ინვალიდია. ეს იყო გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ მოგვაყენა.

- იცით, დიმიტრი ქიტოშვილი ვისი დირექტივით მოქმედებდა ამ ნაცმოძრაობას 2004 წელს, ჯერ კიდევ ახლადშექმნილი ტელევიზიის რატომ ეშინოდა?

- ბუნებრივია, დირექტივა მაღალი ეშელონებიდან მოდიოდა, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ჩემს ხელში ტელევიზია არ უნდა აღმოჩენილიყო. ამის შემდეგ მიხეილ აგლაძემ და ტელევიზიის დანარჩენმა მესაკუთრეებმა კაკაურიძის სასარგებლოდ 1%-იც დათმეს. მოგვიანებით, 35-ე დეციმეტრულ სიხშირეზე, რომელზეც "ობიექტივი" მაუწყებლობდა, მოულოდნელად, ახალი ტელევიზია გაჩნდა – ტელეკომპანია "ალანია", რომელიც სამი წლის განმავლობაში აბსოლუტურად არალეგალურად, საგადასახადო რეგისტრაციის გარეშე მაუწყებლობდა და თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემაც კი არ ფიქსირდებოდა. მაშინ მარეგულირებელ კომისიას ვკითხეთ, თუ რომელ სიხშირეზე მაუწყებლობდა ახალი ტელევიზია, პასუხი კი მხოლოდ 2008 წელს გაგვცეს და დაგვიდასტურეს, რომ "ალანია" "ობიექტივის" სიხშირეზე გადიოდა. ყველაფერ ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კაკაურიძემ "ობიექტივის" წილი ვინმე ნოდარ ჭარხალაშვილს გადაუფორმა, რომელიც მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი წევრის, სოფიო ბრიტანჩუკის მეუღლე იყო. თინა ხიდაშელის განცხადებით, როცა ჭარხალაშვილმა წილი იჩუქა, მისი მეუღლე მაშინ კომისიის წევრი არ იყო, თუმცა ეს ვითარებას არ ცვლის, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, კომისიის წევრს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტელევიზიის მიმართ ინტერესი არ უნდა უფიქსირდებოდეს. პროცესი აქ არ გაჩერებულა - მალე ნოდარ ჭარხალაშვილმა "ობიექტივის" წილი გურამ გრიგალაშვილს გადაუფორმა.

- ანუ ამით კვალის დაფარვა ხდებოდა?

- რა თქმა უნდა,… გურამ გრიგალაშვილს რამდენიმე წლის განმავლობაში ვეძებდი, მხოლოდ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მივაგენი და სიმართლის თქმა საჯაროდ შევთავაზე, თუმცა უარი მითხრა. გურამ გრიგალაშვილმა ნოდარ ჭარხალაშვილისგან მიღებული წილი 2008 წელს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა. მარეგულირებელ კომისიის სხდომას მაშინ გიორგი არველაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც მითხრა, დღეს ჩვენ ძლიერები ვართ და იმას გავაკეთებთ, რაც გვინდაო.

- "ობიექტივის" საკონტროლო პაკეტი დღემდე სახელმწიფოს ხელშია?

- 2008 წელს სახელმწიფომ 35-ე სიხშირე ტელეკომპანია "ალანიას" გადასცა, რომელიც მანმადე ულიცენზიოდ მაუწყებლობდა. ეს ტელევიზია კონტრდაზვერვის მიერ იყო შექმნილი, რომლის უკან ამირან მესხელი, ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი იდგა. როცა მსგავს უსამართლობაზე საუბარი ხმამაღლა დავიწყეთ, ტელეკომპანია "ალანიას" სახელი გადაარქვეს და "რეგიონ-ტვ"- უწოდეს, რომელიც შემდეგ "პიკს" შეუერთეს.

- ფიქრობთ, პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ დადებული დასკვნის შემდეგ ლიცენზია დაგიბრუნდებათ ან საქმეში მონაწილე პირები დაისჯებიან?

- ჩვენი მთავარი მიზანია, კომისიამ სამართლიან დასკვნა დადოს და "ობიექტივის" მიმართ ჩადენილი დანაშაული ისტორიას დარჩეს, რათა მსგავსი პრობლემები მომავალში არც ერთ ტელეკომპანიას არ შეექმნას. სხვათა შორის, პარლამენტის დროებითი კომისია საკმაოდ კომპეტენტურად მუშაობს. მისი ხელმძღვანელი თინა ხიდაშელიც ინფორმაციას სრულად ფლობს. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს მოლოდინი, რომ წართმეულ ლიცენზიას დაგვიბრუნებენ ან სახელმწიფო, სანაცვლოდ, ახალ სიხშირეს მოგვცემს, მაგრამ თინა ხიდაშელის პროფესიონალიზმის იმედი ნამდვილად მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელები არასოდეს მომწონდა და არც მათ იდეოლოგიეს ვიზიარებ.

მართალია, თინა ხიდაშელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამ საქმეზე გრიგალაშვილს, ჭარხალაშვილსა და კაკაურიძეს დაიბარებენ, მაგრამ არ მაქვს მოლოდინი, რომ ვინმე დაისჯება. მთავარია, დოკუმენტი გვექნება, რითიც საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები შეიტყობენ, რომ არხი ნამდვილად წაგვართვეს.

- ირმა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, კოალიციის მმართველობის პირობებში, მედია სახელისუფლო ზეწოლისგან გათავისუფლდა?

- მიუხედავად იმისა, რომ დავით პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის გადაცემები არ მომწონდა, მიმაჩნია, რომ ყველა ხელისუფლება ჟურნალისტებისთვის გადაცემის დახურვის საკითხს ფაქიზად უნდა მოეპყროს. მზად ვარ, ორივე ჟურნალისტს "ობიექტივში" ეთერი დავუთმო, რადგან კარგად ვიცი რა განცდაა, როცა ტელევიზიიდან გათავისუფლებენ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, როცა "პირველი არხიდან" გამოგვყარეს, არავის დაუფასებია ჩვენი პროფესიონალიზმი, წარსული და გამოცდილება, ამიტომ არ მინდა, მეც იგივენაირად მოვიქცე. შესაძლოა, საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი გათვლები და პოლიტიკა აქვს, მაგრამ ამ ჟურნალისტებს "ობიექტივში" იმიტომ ვიწვევ, რომ მათ არსებული სივრცე დაეხურათ.

- ამასობაში, ევროპარლამენტარი ანა გომესი ექსტრემისტს გიწოდებთ და იუსტიციის მინისტრს თქვენს შეჩერებას სთხოვს.

- ამას ნაციონალური მოძრაობა აკეთებს, რადგან კარგად ვიცით, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას დასავლეთში პოზიციები წაგებული აქვს. არგუმენტი, რომ "ოცნების" პრიორიტეტი პიარსა და ლობისტებში ფულის დახარჯვა არ არის, გაუმართლებლად მეჩვენება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ციხის კადრების გავრცელების შემდეგ ევროსტურქუტრებში, ბრიუსელში, სტრაბსურგსა და ვაშინგტონში პოზიციები მოგებული გვქონდა და აზრი ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ იყო შეცვლილი.

- ხელისუფლებამ დასავლეთში პოზიციები ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ შეგნებულად დათმო?

- ალბათ, არა... ეს უფრო იმით აიხსნება, რომ ხელისუფლება სხვადასხვა დასავლელი კონგრესმენის რეკომენდაციებს უსმენს. სხვათა შორის, როცა ანა გომესის განცხადების შესახებ შევიტყვე, აღმოვაჩინე, რომ მსგავსი პრეცენდენტი, როცა დეპუტატი უცხო ქვეყნის ჟურნალისტს ექსტრემისტს უწოდებს, ევროპარლამენტში არ მომხდარა, ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიური ბომბია, რომელზეც საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავენ საზღვარგარეთ რეიტინგული ოპონენტების წინააღმდეგ. ანა გომესს ბრიუსელში, ლისაბონსა და სტრასბურგში აუცილებლად ვუჩივლებთ, რომ ინფორმაცია არ გადაამოწმა და შეურაცხყოფა მომაყენა. მისგან, ბოდიშის მოხდასთან ერთად, ფულად კომპენსაციასაც მოვითხოვ, რადგან მსგავსი განცხადება პირდაპირი სიგნალია, რომ ჩვენს არხზე რეკლამა არავინ მოიტანოს... ამიტომ ეს ფულადი ზარალი გომესმა უნდა აგვინაზღაუროს!

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები