დავით პაიჭაძე - "ჩვენ შეგვეხო პოლიტიკური ნება"

დავით პაიჭაძე - "ჩვენ შეგვეხო პოლიტიკური ნება"

ჟურნალისტი დავით პაიჭაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" ეკა კვესიტაძისა და მის გათავისუფლებას პოლიტიკურ ნებას უკავშირებს და არა საზოგადოების დაკვეთას. ამის შესახებ ჟურნალისტი გაზეთ "კვირის პალიტრასთან’ საუბრობს.

"არანაირი რეორგანიზაცია არ მიმდინარეობს. ჩვენ შეგვეხო პოლიტიკური ნება, რომელიც აღასრულა გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა. ეკა კვესიტაძე და მე ტელეეთერს ჩამოგვაშორეს.

ჩვენი პროექტების დახურვის მიზეზები არავისგან მოგვისმენია. აიღეს და ხელის ერთი მოსმით დახურეს. მიკერძოებას ახსენებდა გენდირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სხვადასხვა მედიასაშუალებასთან ინტერვიუში, მაგრამ ის არც ერთხელ არ შეგვხვედრია, არაფერი განუმარტავს და მის ბრძანებაში ჩვენი შრომითი ხელშეკრულებების შემდგომი ბედის შესახებ არაფერი წერია. მივიჩნევ, რომ გადაწყვეტილების საფუძველი საძიებელია არა ჩვენს პროფესიონალიზმში, არამედ სხვაგან, კერძოდ, პოლიტიკის სიბრტყეში.

საზოგადოების დაკვეთის ბუნდოვანი ცნებით ვერავინ შენიღბავს ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ საფანელს", - აცხადებს პაიჭაძე.

თუმცა იქვე განმარტავს, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" არა საზოგადოების დაკვეთის, არამედ კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულება ევალება.

"საზოგადოებრივ მაუწყებელს" ევალება არა საზოგადოების დაკვეთის შესრულება, არამედ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებებისა. შეგიძლიათ ჩახედოთ "მაუწყებლობის შესახებ" კანონის შესაბამის თავს, ასევე საარჩევნო კოდექსს, რომელიც არჩევნების წინა პერიოდში განსაზღვრავს მაუწყებლის ვალდებულებას", - აღნიშნა პაიჭაძემ.

ტელეწამყვანი ალოგიკურს უწოდებს ტელევიზიიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას მაშინ, როდესაც საზოგადოებრივ რადიოში დარჩენის შეთავაზება მიიღო.

"რადიოში დარჩენას დავთანხდი. საზოგადოებრივ რადიოში მუშაობა 2006 წელს დავიწყე, ტელეპროექტამდე სამწლინახევრით ადრე და დღემდე არ შემიწყვეტია. ასე რომ, რადიოში მუშაობას ვაგრძელებ. ესეც კიდევ ერთი უცნაურობაა - მე რადიოშიც და ტელევიზიაშიც ერთი ვარ; არ მიმაჩნია, რომ როგორც ჟურნალისტი სხვა ვარ ტელეეთერში და სხვა - რადიოში. ერთგან დამტოვეს, მეორე - დამატოვებინეს; ლოგიკას ხედავთ?", - ამბობს პაიჭაძე.

კვესიტაძისა და პაიჭაძის გათავისუფლებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს ასევე მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე და აცხადებს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელში ჩასაგდებად ორი პოლიტიკური ძალის ბრძოლა უკვე აშკარაა.

"რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო პაიჭაძისა და კვესიტაძის გადაცემების დახურვა. ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლება. ძალიან ცუდია, როცა ბორდი არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე გენერალურ დირექტორს ათავისუფლებს.

სამეურვეო საბჭოს "ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებს, ხოლო მენეჯმენტს - "ქართული ოცნება". პოლიტიკური აქტივობა "საზოგადოებრივ მაუწყებელში" აქამდე დაფარული იყო. მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორი გაათავისუფლა, "ქართული ოცნების" ინტერესი აშკარა გახდა. აშკარაა ორი პოლიტიკური ჯგუფის მწვავე დაპირისპირება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სივრცეში", - აღნიშნა ქორიძემ.

მედიაექსპერტი სოციოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ პირველი არხი ბოლო ათწლეულის განმავლობაში საზოგადოებრივ დაკვეთას არ ასრულებდა და მას ხალხი არ უყურებდა.

ბოლო 9 წელი ეს ტელევიზია მთლიანად პოლიტიკური ზემოქმედების ქვეშ იყო. თუ სწორად შევაფასებთ ყველა გადაცემას, სოციოლოგიური კვლევებით გამოვლენილ საზოგადოების განწყობას, დავინახავთ, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ჩვენი საზოგადოება არ უყურებდა", - განაცხადა ქორიძემ.

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ წამყვანები - დავით პაიჭაძე და ეკა კვესიტაძე გაათავისუფლა.

იხილეთ ბმული

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები