რა ასწავლა მამამ სალომე ზურაბიშვილს

რა ასწავლა მამამ სალომე ზურაბიშვილს

წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული სალომე ზურაბიშვილის წიგნი "საქართველოსკენ" უკვე იყიდება - პრეზენტაცია 26 სექტემბერს გაიმართა. ქალბატონი სალომე ცოტა ხანში საზოგადოებას თავის მეორე წიგნსაც შესთავაზებს.

- როდესაც საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრად დავინიშნე, ეს წიგნი მაშინ საფრანგეთში ფრანგულად გამოიცა, რადგანაც ჩემი პერსონის მიმართ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გაჩნდა და ერთ-ერთი ფრანგული გამომცემლობა დამიკავშირდა... ზოგადად, სიტუაციის მიმართ იყო ინტერესი, ანუ როგორ შეიძლება, ადამიანი ერთ ქვეყანაში იყოს დაბადებულ-გაზრდილი და მოგვიანებით, ორი პრეზიდენტის თანხმობით, სხვა ქვეყნის მინისტრი გახდეს.

აინტერესებდათ ამ უცნაური გზისა და გადაწყვეტილების ახსნა, რაზეც შემდგომ ჩემ მიერ დაწერილმა წიგნმა პასუხი გასცა. წერა რომ დავიწყე და ერთის მხრივ, ჩემს ბიოგრაფიას გადავხედე და იმას, თუ რატომ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე, რატომ დავუბრუნდი ქართულ პოლიტიკას და საერთოდ საქართველოს, ასევე გადავხედე ჩემი წინაპრების ბიოგრაფიებსაც და მივხვდი, რომ ამან ჩემზე უდიდესი გავლენა იქონია. იმასაც მივხვდი, რომ ეს ყველაფერი როგორც ფრანგულ, ისე ქართულ საზოგადოებას დააინტერესებდა. რადგანაც ორივე ქვეყანაში ერთი და იგივე კითხვები გაუჩნდათ: - როგორ შეიძლება, იქიდან აქ დაბრუნდე და სრულყოფილი მონაწილეობა მიიღო ქართულ პოლიტიკაში.

- წიგნს "საქართველოსკენ" დაარქვით. ის მართალია ბიოგრაფიული ხასიათის ნამუშევარია, მაგრამ მხოლოდ მშრალი ბიოგრაფია არ არის. სავსეა ემოციური და სენტიმენტალური ეპიზოდებით...

- კი, მასში როგორც ჩემი, ასევე ჩემი ოჯახის ბიოგრაფიაა ასახული იმ ისტორიული სინამდვილის ფონზე, რაშიც მათ უხდებოდათ ცხოვრება. ამასთან, ეს ჩემი სუბიექტური ნამუშევარიც არის და ასახავს ჩემ მიერ განვლილ გზას, მოთხრობილია ჩემი თავგადასავალი... ეს არ არის პოლიტიკური წიგნი. პოლიტიკაში მოღავწეობა და შეფასებები მომდევნო წიგნში იქნება თავმოყრილი, რომელიც ასახავს ჩემს პოლიტიკაში მოსვლის პერიოდს - მინისტრობას და ყველა იმ მოვლენას, რაც ამ ყველაფერს ახლდა. ეს გახლავთ ჩემი შემდგომი წიგნის თემა, რომელიც ასევე მალე გამოიცემა.

- მამათქვენზე რას გვეტყვით, რომელსაც წიგნში ერთ-ერთი სერიოზული ადგილი უჭირავს?

- მამამ ჩემზე დიდი გავლენა იქნონია, - მას თავისუფლების სრული განცდა ჰქონდა. ბავშვობიდან სულ იმას მინერგავდა, რომ ადამიანი აბსოლუტურად თავისუფალი იბადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის რასაც ცხოვრებაში თვითონ გადაწყვეტს, მასზე პასუხისმგებელია. მგონი, მამის ეს შეგონება დღემდე მომყვება. ასევე, მამამ მასწავლა სამშობლოს სიყვარული, რომ ადამიანმა ის სხვა ყველა ინტერესზე მაღლა უნდა დააყენოს.

- რას ურჩევდით სხვადასხვა ქვეყანაში გაბნეულ ქართველ ემიგრანტებს?

- მე რა უნდა ვურჩიო? მიმაჩნია, რომ მათზე სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მეტადრე მაშინ, როდესაც ქვეყნის მესამედი დაკარგულია... თუ ისინი სამშობლოში დაბრუნებას გადაწყვეტენ, სახელმწიფომ ქართველი ემიგრანტების ადგილი უნდა იცოდეს. ქვეყანამ მათ უნდა გააგებინოს, რომ ისინი სადაც არ უნდა იყვნენ, მისი განუყოფელი ნაწილები არიან (დაბრუნებულები თუ ემიგრაციაში მყოფნი), რომ მათთან ერთად შენდება სახელმწიფო და არა მათ გარეშე.

- ქალბატონო სალომე, წიგნის დასაბეჭდად გამომცემლობა "პალიტრა L" რატომ შეარჩიეთ?

- ამ გამომცემლობას იმიტომ დავუკავშირდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული გამომცემლობაა და მათთან თანამშრომლობით ძალიან კმაყოფილი ვარ. ის კი არა, ჩემს შემდეგ წიგნსაც, უახლოეს მომავალში, რომელიც თითქმის უკვე გამოსაცემად მზად არის, მათთან გამოვცემ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს