დაწყევლილი საზმაუწყებელი - პირველი არხის წარუმატებლობის ქრონიკა

დაწყევლილი საზმაუწყებელი - პირველი არხის წარუმატებლობის ქრონიკა

თეატრალური ლეგენდის თანახმად, მსახიობებისგან გულმოკლულმა კოტე მარჯანიშვილმა, წასვლისას, დღეს უკვე მისი სახელობის თეატრი დაწყევლა. არ ვიცი, ვინ დაწყევლა საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ რაღაც რომ სჭირს, ფაქტია. ეს არხი, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს პირუთვნელად აშუქებდეს, რაც თავი მახსოვს, თვითონაა გასაშუქებელი. მოვლენების ეპიცენტრში კი არაა, თავადაა ეპიცენტრი.

ეს ეპოპეა 90-იანი წლებიდან დაიწყო, ტელევიზიის კიბეებიდან, პროტესტის ადრესატი მაშინ ზვიად გამსახურდია იყო. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრი ხელისუფლება ჩაბარდა წარსულს, მაგრამ ხმაური და მძვინვარება არ მოკლებია იქაურობას. ყველა ხელისუფალი სათავისოდ ცდილობდა ამ არხისთვის აღვირის ამოდებას, ცდილობდა რა, წარმატებით ახერხებდა კიდეც, მაგრამ მოახერხეს რა? თავი მოგვაბეზრეს თავიანთი შიდაპრობლემებით, შიდადაპირისპირებებით. ჩვენი ჯიბეებიდან ფინანსდება არხი, რომელიც ჩვენ არ გვემსახურება, ლამის, მნიშვნელობა აღარ აქვს, ვის ემსახურება - ფაქტია, მოსახლეობა არ იყენებს მათ მომსახურებას და სხვა არხებს უყურებს - ამას მოწმობს რეიტინგები, მარტო ბოლოდროინდელი კი არა, საერთოდ მთელი ამ წლების. ამ არხზე გადაცემების უმეტესობა იმდენად დაბალრეიტინგულია, ვგონებ, ზოგ ტელეწამყვანს საკუთარი ოჯახის წევრებიც აღარ უყურებენ.

ამ არხის ბოლო 20 წლის ისტორიას რომ ჩაუღრმავდე, ტვინი აგეთქვიფება, ბერძნულ მითოლოგიაში უფრო იოლად გაერკვევი, ვიდრე ამ ტელევიზიის ამბებში. აქ ერთმანეთს ენაცვლებოდა წმინდა პოლიტიკური და პოლიტიკურად მოტივირებული პროფესიული კონფლიქტები. საბჭოთა პროპაგანდის მანქანამ დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ისე დაიწყო ბრძოლა დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ეგიდით, გეგონება, რამდენიმე თვის უკან იგივე ჟურნალისტები, წამყვანები მუხლჩაუხრელად არ აშუქებდნენ ცეკას სხდომებსა თუ ჩაის კრეფას. ტელევიზია ორად გაიხლიჩა - ოპოზიცია "შუშის სასახლეში" გამაგრდა, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერმა დიქტორებმა ავტობუსიდან გააგრძელეს მაუწყებლობა, მაგრამ სულ მოკლე ხანში, ბურთი და მოედანი პუტჩის იდეოლოგ ჟურნალისტებს დარჩათ. ახალი ხელისუფლების დიქტატი უკვე აღარ გაუპროტესტებიათ - თავადაც ამ ახალ ძალაში მოიაზრებდნენ თავს. პრაქტიკულად, წმინდა სამთავრობო არხად ჩამოყალიბდნენ და ასეც აგრძელებდნენ საქმიანობას წლების მანძილზე. მონასტერი მოგვიანებით აირია, როდესაც აუცილებელი გახდა ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება - სამთავრობო ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლობად ქცევა. მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების პატივი წილად გამოცდილ "ტელევიზიონშიკ" ზაზა შენგელიას ხვდა, თუმცა რამდენად იყო ეს პატივი, ძნელი სათქმელია - ტელევიზიიდან კადრები უნდა გაეშვა, აქედან დაიწყო აყალმაყალი, სკანდალები, მძაფრი დაპირისპირებები, წასვლა არავის უნდოდა, არადა, ვიღაც აუცილებლად უნდა წასულიყო. ბევრი, მართლაც, ისეთი წავიდა, ვინც არ უნდა წასულიყო - იმიტომ, რომ ვინც წასვლას იმსახურებდა, პატრონები გამოუჩნდა "ზემოთ". ეს პროცესი საკმაოდ მტკივნეულად წარიმართა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დღის წესრიგში ამორტიზირებული შენობის გაყიდვისა და ამ ფულით სხვა ადგილზე ახალი შენობის აგების საკითხი დადგა, ახლა ამაზე ატყდა სკანდალი. ამორტიზირებული შენობა, ლამის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, სიმბოლოდ გამოაცხადეს, ალაპარაკდნენ მის დიად წარსულზე, არადა, მართლაც გაუგებარი იყო, რომელ წარსულზე ლაპარაკობდნენ - საბჭოთა პროპაგანდის წარსულზე, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ძმათამკვლელ ომში და დვრიტად დაედო სამოქალაქო დაპირისპირებას? ან არქიტექტურულად რა ფასეულობას წარმოადგენდა ეს "აკვარიუმი"?

მოკლედ, ეს პროექტი ჩავარდა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბჭოთა ისტორიის კედლებში დაიდო ბინა. ამავე კედლებში, უკვე ამჟამინდელმა ხელისუფლებამ სავლეს პავლედ გადაქცევა გაიხსენა, ცხადია, კონკრეტული ჟურნალისტის კონტექსტში, მაგრამ თვითონ საბჭოთა ისტორიით დამძიმებული ტელევიზია - სავლე რომ პავლედ - საზოგადოებრივ მაუწყებლად ვერ იქცა, უკვე ფაქტია. ან რატომ გვქონდა იმედი, რომ უწყებრივი კუდი გასწორდებოდა და მთავრობების მსახურებისგან დახლართული კირჩხიბი დაიწყებდა მართლადსვლას? სამთავრობო არხმა ინერციით გააგრძელა სამთავრობო არხად ფუნქციონირება, მცირედი ცვლილებებით - თუ ადრე პირდაპირ, ლეგალურად კონტროლდებოდა, ახლა კონტროლმა ირიბი სახე მიიღო, შეიფუთა, შეინიღბა და რაც მთავარია, ჩვენი ჯიბიდან დასაფინანსებელი იყო კვლავაც. სკანდალებით კი კვლავაც გვამარაგებდა, კვლავაც პოლიტიკურ ძალთა შერკინების ასპარეზი იყო. პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად შეღერებულმა ოპოზიციამ მანამ არ დაიცხრო ვნებები, სანამ თამარ კინწურაშვილი არ წავიდა თანამდებობიდან.

არც კინწურაშვილის წასვლით დამთავრებულა მიეთ-მოეთი. ხან ბორდ-ში იყო აყალმაყალი, ხან შენობაში, ხან შენობის წინ. მილიონები მიდიოდა და მიდიოდა.

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ რამდენიმე გადაცემა, მართლაც, აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, ისევ და ისევ პიროვნული პროფესიონალიზმის ხარჯზე, იქნებოდა ეს გოგი გვახარიას, ეკა კვესიტაძისა თუ დათო პაიჭაძის გადაცემები და იგივე დაბალანსებული საინფორმაციო გამოშვებები. თუმცა, ამ გადაცემების პარალელურად, არხზე იყო გადაცემები, არანაირ მოთხოვნებს რომ არ აკმაყოფილებდა - არც პროფესიულს, არც კომერციულს, არც ხალხს აინტერესებდა, არც არავის. აინტერესებდათ მხოლოდ მათ, ვინც იმ იდოტობების კეთებაში კაი მსუქან ხელფასს იღებდა და დანებივრობდა. რა იყო ეს? ნაციონალებს ემსახურებოდნენ? არანაირად, თუ მათ არავინ უყურებდა? ეს უფრო იმ ვაიპროფესიონალების სათბურს ჰგავდა, რომლებიც სხვა, პოლიტიკის წარმმართველ არხებზე ვერ ივარგებდნენ, მაგრამ მაინც უნდა შეენახათ. ინახავდნენ კიდეც.

შეიცვალა ხელისუფლება და ახლა ახალმა მოიწადინა სხვების შენახვა. არჩევნების შემდეგ სახელისუფლებო რყევამ ტელეპოლიგონზე გადაინაცვლა. იმთავითვე ცხადი იყო, რომ საზმაუწყებელი შტურმის ობიექტი გახდებოდა, რომ დღეს და ხვალ ბიძინა ივანიშვილს აღარ დასჭიდებოდა ის "მეცხრე არხი", რომელიც არჩევნებამდე სჭირდებოდა. გამოთქვა კიდეც მოსაზრება, რომ საზმაუწყებელი და "მეცხრე არხი" დაექორწინებინათ. "მეცხრე არხს" მზითვად აპარატურასაც ატანდა, მაგრამ საზოგადოება კარგად მიხვდა, რაც მოხდებოდა - დახურული "მეცხრე არხის" კადრები მაყარში გამოყვებოდნენ ამ მზითვს და, პრაქტიკულად, საზოგადოებას მოუწევდა ივანიშვილის არხის შენახვა. ეს გეგმა ჩავარდა. იერიშებმა უკვე პერსონიფიცირებული სახე მიიღო. გია ჭანტურია გადადგა. შემდეგ არხი დაატოვებინეს საინფორმაციო სამსახურის უფროსს ხათუნა ბერძენიშვილს, რომელიც თეა წულუკიანის უდიპლომობის სკანდალს შეეწირა. მიუხედავად იმისა, რომ ბერძენიშვილის აქტივში დაბალანსებული გადაცემები იყო, რაც ევროპულ დასკვნებში აისახა, სწორედ მისი ხელმძღვანელობისას მოხდა გაუგონარი რამ - საჯარო ბიბლიოთეკაში მიმდინარე ამბების "ლაივში" გაშვება მხოლოდ საზმაუწყებელმა მოახერხა. მოკლედ, ბერძენიშვილი გაუშვეს. ამ ფაქტმა ცხადყო, რომ დაბალანსებული გადაცემები არავის აწყობდა! შეიძლება, ვინმე არ დამეთანხმოს ამაში, მაგრამ თუ აწყობდათ, რა მნიშვნელობა ჰქონდა, ამ დაბალანსებულ გადაცემებს ნაციონალების მეგობარი ბერძენიშვილი გააკეთებდა თუ "ოცნების" ფავორიტი რომელიმე "ტელევიზიონშიკი"? ჯერი ტელეწამყვანებზე მიდგა და ახლა ეკა კვესიტაძე და დათო პაიჭაძე გაუშვეს - გადაცემები დაუხურეს. მანამდე შეიცვალა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი, სკანდალი მოჰყვა საინფორმაციო სამსახურის უფროსის, სოფო მოსიძის Facebook-ის სტატუსს.

რა პროცესთან გვაქვს საქმე? "მეცხრე არხი" მზითვით არ ვინდომეთ და ხელში უმზითვოდ შეგვრჩა - მაყარი მაინც გამოაყოლეს - არხი ნელ-ნელა იწმინდება ძველი კადრებისგან და მათ "მეცხრეარხელები" ენაცვლებიან. ეკა კვესიტაძეს ბრალი დასდეს, მხარე ხარო და არხზე სხვა მიკერძოებული ჟურნალისტები მიჰყავთ. თუნდაც მიკერძოებულ რამდენიმე პროფესიონალს, თან მიჰყვება მთელი ლაშქარი დაბალკვალიფიციურების, თანაც მიკერძოებულების - ანუ ახლა ისინი უნდა შევინახოთ.

დღევანდელი ხელისუფლება მათ არჩევნებამდე გაწეულ ამაგს უფასებს, მერე რა, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხარჯზე ხდება, და მერე რა, რომ საზმაუ კიდევ დამატებით 4 მილიონს ითხოვს ბიუჯეტიდან და ეს ფული ჩვენი ჯიბიდანაა გადასახდელი. საზმაუწყებელი ახალი ხელისუფლების სამსახურში დგება და თან არცთუ სასიამოვნო ფორმით - ქვეყნის წამყვან ჟურნალისტებს, ვითომცდა საზოგადოების მოთხოვნით, უშვებენ არხიდან. ამაზრზენია იმის მოსმენა, თუ როგორ საუბრობს მთელი საზოგადოების სახელით საზოგადოების ერთი მუჭა ნაწილი. სავარაუდოდ, ეს ის ნაწილია, ვინც 41 შემოხაზა, თუმცა საკითხავია, ვინც შარშან 41 შემოხაზა, ახლა რა ხასიათზე აყენებს ციფრი 41, და მეორეც - რას ეუბნებიან ან იმას, ვინც 5 შემოხაზა, ან იმას, ვინც საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე? საზოგადოებაში აღარ არიან? როდის განხორციელდა მოკვეთა? ან როდის გავუფორმეთ ირაკლი კაკაბაძეს და კორკოტას მინდობილობები, ყველგან რომ ჩვენი სახელით ლაპარაკობენ? ან მაშინ რა გუნებაზე უნდა დადგე, როცა უყურებ ხალხს, რომელსაც "თხა და გიგოს" მერე რომ არაფერი აქვს წაკითხული და კვესიტაძესა და პაიჭაძეს უვიცებად იხსენიებს? ან მაშინ, როცა ფუნას ესვრიან საზმაუწყებელს? ან ეს ცრუეპატაჟი რის სიმპტომია და მერე კიდევ ვინ ისვრის ამ ფუნას, რას ესვრის და რაც მთავარია - რატომ? ან ვინ იღებს გადაწყვეტილებებს დღეს საზოგადოებრივ არხზე, ვინ არიან და რას უნდა ველოდეთ მათგან?

სამეურვეო საბჭოს ემზარ გოგუაძე ხელმძღვანელობს, რომლის ჟურნალისტურ აქტივში "სახალხო განათლების" კორესპონდენტობა (1985-1990 წწ.) და გაზეთ "ერის" სტილისტ-ლიტმუშაკობაა (1992-2002 წწ.). ამ გამოცდილებით ვაპირებთ არხის აღორძინებას? გენდირექტორი თამაზ ტყემალაძეა, ის თამაზ ტყემალაძე, რომელიც სწორედ საზმაუს რეფორმებს შეეწირა - 2004 წელს გაუშვეს. მანამდე კი - 1998-2000 წლებში რედაქტორობდა ასლან აბაშიძის დაფინანსებულ გაზეთს "ახალი ქართული გაზეთი", რომელმაც 2 წელიც ვერ იარსება, მიუხედავად გვარიანი დაფინანსებისა. მაშინ ვერ უპასუხა მისმა ნაღვაწმა საზოგადოების მოთხოვნებს და ახლა რატომ გვგონია, რომ სუპერრეიტინგულ არხს გაგვიკეთებს, საზოგადოების მოთხოვნებს რომ უპასუხებს?

ამდენი სკანდალის შემდეგ, ისევ გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ საერთოდ გასაუქმებელია საზოგადოებრივი მაუწყებელი. საპრლამენტო უმრავლესობიდან ეს პოზიცია ზვიად კვაჭანტირაძემ გაახმოვანა Facebook-ში ("საზმაუს დახურვის მომხრე ვარ, დიახ, საერთოდ უნდა დავხუროთ, რადგანაც წურბელებად იქცნენ და ვერა და ვერ გახდნენ მიუკერძოებლები და ნეიტრალურები. იქ დღესაც მოკალათებულები არიან ნაცების ხელისუფლების მანქურთები და ათასგვარ ინტრიგებს ხლართავენ. ჩვნ კი მათ ხელფასებს ვუხდით"). საზმაუს დახურვის მოთხოვნას სხვა პირების გვერდებზეც ნახავდით ნაც-ქოცობის მიუხედავად.

ამ ინიციატივით კოკა ყანდიაშვილი ჯერ კიდევ შემოდგომით გამოვიდა. მას მიაჩნდა, რომ "საზმო" - უნდა გაუქმდეს და არ უნდა ფინანსდებოდეს ხალხის მიერ, რომ ქონება და ლიცენზია უნდა გაიყიდოს ძალიან ძვირად და მიღებული თანხა მოხმარდეს ხალხს! "თუ არ გაუქმდება", მაშინ პირველი: უნდა შეიქმნას ისეთი კანონი, რომელიც სრული დამოუკიდებლობის გარანტიას მიანიჭებს. - მეორე: ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ეს ტელევიზია ისევ მთავრობის ჯიბის ტელევიზია იქნება! ლაკმუსის ქაღალდივით არის ამ არხების მომავალი - იქ გამოჩნდება, რეალურად, რა სახის მთავრობა მიიღო საქართველომ", - წერდა მაშინ ყანდიაშვილი; დღეს კი, ნაციონალების განცხადებით, სწორედ კოკა ყანდიაშვილი ახორციელებს კონტროლს საზმაუში.

რა ხდება? ამ კითხვის ადრესატი მხოლოდ კოკა ყანდიაშვილი არაა. ადრესატი ყველაა - დიდიან-პატარიანად: წინა და ახალი ხელისუფლება, საზოგადოება. მართლაცდა, გვინდა ეს ტელევიზია? კიდევ რამდენი წელი უნდა ვიხადოთ ჯიუტად ამ არხისთვის ფული? ერთი ანეკდოტის არ იყოს, ხო ხედავთ რომ გვწყენს? ხომ ხედავთ რომ დაწყევლილია?

რეზო შატაკიშვილი

გაზეთი "ვერსია"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები