"ისე წავიდა, ერთი ლიტერატურული პრემიაც კი არავის მიუცია" - უცნობი ისტორიები გოდერძი ჩოხელის ცხოვრებიდან

"ისე წავიდა, ერთი ლიტერატურული პრემიაც კი არავის მიუცია" - უცნობი ისტორიები გოდერძი ჩოხელის ცხოვრებიდან

ჩემი სტუმარი - მალხაზ წიკლაური რომ მესტუმრა, თითქოს მთის გრილი და სუფთა ჰაერის შეგრძნება შემოიყოლა. ჩოხში იზრდებოდა და რაც მეხსიერება ჰქონდა, გოდერძიც სულ ახსოვდა. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ დადიოდა გუდამაყარში, რას ამბობდაო... ერთზე კი ძალიან სწყდებოდა გული: ამხელა მწერალი ისე როგორ გავუშვით ამ ქვეყნიდან, ერთი ლიტერატურული პრემია არავის მიუციაო. იმით დავამშვიდე, რასაც გულწრფელად ვფიქრობდი: გოდერძის რომ არანაირი პრემია არ აქვს მიღებული, მისი ყველაზე დიდი ჯილდო შეიძლება იყოს-მეთქი. სიცოცხლეში არც ერთ დაჯგუფებასთან არ ჰქონია მჭიდრო კავშირი (მწერლებმა ხშირად იცოდნენ ჯგუფებად გაერთიანება). იქნებ არც ახსენდებოდათ საკუთარ გარემოცვაში ჩაფლულ კომისიის წევრებს, რომ იყო ასეთი დიდი მწერალი, რომელიც ხალხს უყვარდა, რომლის სიყვარულიც, რაც დრო გადის, უფრო იზრდება. ბოლოს და ბოლოს, პრემია ვერაფერს შემატებდა გოდერძის და ვერც უიმისობა დააკლებდა რამეს.

მალხაზ წიკლაურს 2 ოქტომბერი არასოდეს დაავიწყდება: - ბებოჩემს და პაპას არაერთხელ უამბნიათ ჩემთვის, როგორ მივიდა გოდერძის დედა, ლელა თავისი მშობლების სახლში, ბურსაჭირში, ორსული იყო და დრო ჰქონდა, შვილი უნდა გაეჩინა. ჩოხი წმინდა მიწაა, იქ მშობიარის გაჩერება კი არა, მიწაზე შეხებაც არ შეიძლება რიდისა და მოკრძალების გარეშე. ჩვენი სახლის ახლოს ასტკივებია მუცელი ლელას. ბებოჩემს ხმა გაუგია და ჩვენთან შემოუყვანია, ბაგაში. იქ გაჩნდა გოდერძიო, - მიამბობდა. ჯერ არავინ იცოდა, გოდერძი რეჟისორი და მწერალი გახდებოდა თუ არა, ჩვენები მაშინაც დიდი სიყვარულით ჰყვებოდნენ ამ ამბავს, მათთვის ძალიან ძვირფასი იყო, რომ კარგი ვაჟკაცი, გოდერძი ჩოხელი მათ სახლში მოევლინა ქვეყანას.

- როგორი გოდერძი გახსოვთ?

- გოდერძი თერთმეტი წლით უმცროსი ვარ. ძალიან ენერგიული იყო. ჩოხში სულ ორი სპორტის სახეობა იყო პოპულარული - ფეხბურთი და თხილამურებით სრიალი. გოდერძი თხილამურებს თვითონ აკეთებდა. = ტყეში იფნის ხეს მოჭრიდა. ხე ცოტა მოხრილი უნდა ყოფილიყო. ხის გულისგან თლიდა თხილამურებს. ჩემთვისაც გაუკეთებია თხილამურები.

ერთი მძიმე ამბავი მახსენდება: 1977 წელს მთის ერთ მხარეზე იყო პატარა სოფელი საქორე. იქ ერთადერთი მოსახლე იყო - ცხოვრობდნენ დედა-შვილი და ჩვილი შვილიშვილი. წამოვიდა მსუბუქი ზვავი - ფუფქარს ვეძახით - მოპირდაპირე მთიდან, ავიდა მთის მეორე მხარეს. დედა-შვილი ამ დროს გარეთ ყოფილა გამოსული შეშისთვის და ორივე იქვე ჩაუმარხავს. ბავშვი დარჩა აკვანში... გავიდა დრო. ჩაჩა წიკლაურმა ათნოხიდან გახედა საქორეს - წაშლილი იყო სოფელი. იმ ერთადერთ სახლს სამი მეტრი თოვლი დასდებოდა. დაიძახა, - ხალხო, საქორე არ ჩანსო. ჩემი ბიძაშვილი წავიდა საქორეში ამბის გასაგებად. გარეთ არავინ ჩანდა. სახლში ზემოდან რომ ჩაიხედა, აკვანში გარდაცვლილი ჩვილი დაინახა. თოვლი ჩაცვენოდა ყელში. ეს ამბავი გოდერძისაც უზომოდ სტკენდა გულს...

ზამთარში დიდი თანადგომა და ყურადღება სჭირდება მთის სოფელს. ხმაურზე ყველა გაფაციცებულია: აბა, რომელი მთა ჩამოვიდა, რომელი - ჩამოსასვლელია.\ ჩვენი სახლი უფრო უსაფრთხოდ იდგა, ზვავი არ უდგებოდა, არც გოდერძის ბიძის სახლს ემუქრებოდა ზვავი. იქ დღესაც სითბო ტრიალებს!

- გოდერძის ძალიან უყვარდა ჩოხში ასვლა...

- უყვარდა! და ჩვენ როგორ გვიყვარდა მისი მოსვლა! სტუდენტი რომ გახდა, ამოდიოდა. ბავშვებს გვამოწმებდა: აბა, როგორ სწავლობთ, თხილამურით თუ სრიალებთ, თუ თამაშობთ ფეხბურთს, ხომ არაფერი გჭირდებათო. სტუმრები რომ ამოჰყავდა ჩოხში, ზეიმი იყო. ბავშვები ვტრაბახობდით - გოდერძის სტუმრები გავიცანითო.

გოდერძი დედას სულ მხარში ედგა, სათიბი, თივის მოგროვება, ჩამოტანა - მისი საქმე იყო. მისი შრომა სულ არ გვიკვირდა. საოცარი ის გახლდათ, როგორ შეეძლო, რომ სამყარო შეეყვარებინა ჩვენთვის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს