ქართველი ჟღალთმიანი ფოტოგრაფი და კადრები, რომლებმაც მსოფლიო მოიარა

ქართველი ჟღალთმიანი ფოტოგრაფი და კადრები, რომლებმაც მსოფლიო მოიარა

სასამართლო დარბაზი, ქუჩა, აქცია, ესა თუ ის ოფიციალური სტრუქტურა და კიდევ ძალიან ბევრი ადგილია ისეთი, სადაც ამ პატარა ჟღალთმიანი გოგონას ნახვა შეგიძლიათ. თიკო ციცვიძე საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორი გახლავთ. მისი თვალისა და ფოტოკამერის მიღმა არასდროს რჩება მნიშვნელოვანი კადრი, მოვლენა და ფაქტი. საქმეს დიდი მონდომებით, მთელი გულით აკეთებს და შედეგიც საკმაოდ კარგი აქვს...

- ფოტოაპარატი ხელში პირველად როდის აიღე?

- პროფესიით ფილოლოგი ვარ, სოხუმის უნივერსიტეტი დავამთავრე. თავიდანვე ფოტომოყვარული ვიყავი, მაგრამ პროფესიონალური ფოტოების გადაღების სურვილიც ყოველთვის მქონდა. სხვებიც მირჩევდნენ, ეს საქმე მესწავლა, მაგრამ ვინაიდან კარგი ფოტოაპარატი არ მქონდა, თავს ვიკავებდი. დროთა განმავლობაში, სწავლისთვის და ფოტოაპარატის შესაძენად ფული შევაგროვე: ჯერ სპეციალური კურსები გავიარე და შემდეგ აპარატიც ვიყიდე. კარგი მასწავლებელი მყავდა - კახა ფხაკაძე. ჩემი აზრით, საქართველოში ამ სფეროში ერთ-ერთი წარმატებული ადამიანია. მოკლედ, ამ კურსების გავლის შემდეგ უფრო დამაჯერებელი ფოტომოყვარული გავხდი. ახლაც ვერ ვიტყვი, რომ ფოტოგრაფი ვარ.

- ახლა რამდენი წლის ხარ?

- 25 წლის ვარ და უკვე წელიწად-ნახევარია, ქვეყნის მთავარ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსში" სერიოზულ თემებზე ვმუშაობ.

- ეს არის შენი პირველი ოფიციალური სამსახური?

- კი, მანამდე არსად მიმუშავია. ისე, სტუდიაში მუშაობის გამოცდილებაც მაქვს, პეიზაჟების გადაღებაც მიცდია და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ სააგენტოში რეპორტაჟების კეთებისას ყველაზე უკეთ ვგრძნობ თავს...

- თუ გახსოვს, რა იყო შენი პირველი დავალება, რომელიც სააგენტოში მოგცეს?

- ერთხელ, ბიძინა ივანიშვილი სამების ტაძარში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს შეხვდა. მაშინ ჯერ, ხელისუფლებაში არ იყო მოსული. პოლიტიკოსებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, მაგრამ იქ ძალიან ბევრი ხალხი იყო და საშინელი ქაოსი. გადაღება გამიჭირდა, მაგრამ ვხედავდი, ფოტორეპორტიორები, ჟურნალისტები და ოპერატორები კადრისთვის გადასაღებად სასწაულებს აკეთებდნენ (სადღაც ადიოდნენ, ძვრებოდნენ, ხტებოდნენ). იმ ყველაფრის ყურების შემდეგ, გაოგნებული და შოკირებული დავრჩი. ვფიქრობდი, - კადრის გამო ეკლესიაში ასე როგორ იქცევიან, მე ამას ვერ გავაკეთებ, მით უმეტეს, რომ გოგო ვარ-მეთქი და ფოტოები არ გადამიღია...

- გადაღების დროს, შენთვის მნიშვნელოვანი რა არის?

- მნიშვნელოვანია, რეპორტაჟული და მხატვრული ფოტოების გადაღება. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი ფოტოებისთვის აქციები საუკეთესო რამ არის. ხშირად რეგიონშიც მიწევს გასვლა, რაც კარგია. გადაღებისას მთავარია, არ შემამჩნიონ, რომ ვიღებ. ერთხელ, ლაფანყურში მომხდარი ამბის შემდეგ ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ინფორმაციის მოგროვებას ვცდილობდით. ერთ ადგილას ვიდექით, იმის იქით პოლიცია აღარ გვიშვებდა. მაგრამ ჩვენ: მე, ჟურნალისტმა, ოპერატორმა გამბედაობა გამოვიჩინეთ და აკრძალულ ტერიტორიაზე შევიპარეთ, სადაც სამხედროებმა დაგვიჭირეს და "პრესკარტა" ჩამოგვართვეს, სავარაუდოდ, ჩიპებსაც ჩამოგვართმევდნენ, მაგრამ რაღაც პრობლემა შეექმნათ და გადავრჩით. იმ ტერიტორიიდან კი გამოგვაძევეს, მაგრამ კადრები შეგვრჩა.

- ერთადერთი ფოტოგრაფი ხარ, ვინც გახმაურებულ სასამართლო პროცესებზეც არის ნამყოფი. იქ გადაღებისთვის განსაზღვრული დრო გაქვს?

- თავიდან სასამართლო პროცესებზე შესვლა ყველას შეეძლო, ახლა ერთი კამერა და ერთი ფოტოგრაფი შედის და მთელი დღე იქ ვრჩებით.

- როგორ მოიპოვე ამის უფლება?

- "ინტერპრესნიუსი" ქვეყანაში პირველი საინფორმაციო სააგენტოა და ამიტომაც მომცეს ამის უფლება. აქ მუშაობა იმას ნიშნავს, რომ ყველგან უნდა მივიდე და ყველაფერი გადავიღო.

- როდესაც გადაღებას გიკრძალავენ, როგორ იქცევი?

- ვაკეთებ ყველაფერს, რომ საჭირო კადრი მაინც გადავიღო. როცა კადრის გადასაღებად მნიშვნელოვანი მომენტი დგება, არაადეკვატური ვხდები...

- შენი ბოლოდროინდელი ფოტოებიდან, ერთ-ერთი სასამართლო პროცესიდან, ვანო მერაბიშვილის რეპორტაჟი მომეწონა. თითოეული მათგანი იყო წამი, რომელიც არ მეორდება და ეს ყველაფერი შენ დაიჭირე, შეაჩერე (მერაბიშვილი ვიღაცას ენას უყოფს, კოცნას უგზავნის, თვალს უკრავს და ა.შ.). ამ ფოტოებმა მსოფლიო მოიარა...

- ეს ყველაფერი ნიკაპის დალურჯების ხარჯზე მოვახერხე. მთელი პროცესის განმავლობაში, ხელში კამერა მეჭირა და ნახევრად მჯდომარე პოზიციაში ვიღებდი იმიტომ, რომ ადგილი არ იყო და ნიკაპით მოაჯირს ვეყრდნობოდი. მერე რამდენიმე დღე დალურჯებული ნიკაპით დავდიოდი.

- წელიწად-ნახევრის მანძილზე შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი დღე რომელი იყო?

- შარშან, ციხეში ჟურნალისტებთან და სასულიერო პირებთან ერთად შევედი. ეს ამ წლების განმავლობაში ერთ-ერთი ემოციური დღე იყო. ციხეში ვნახე პატიმრების დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, მოვისმინე მათი შეძახილები, გვაწოდებდნენ ახლობლებისთვის გადასაცემ წერილებს, რაღაცებს გვიყვებოდნენ. მოვინახულეთ არასრულწლოვნებიც. ავადმყოფი პატიმრების ნახვა და მათთან ლაპარაკი, საპატიმროს ერთი კორპუსიდან მეორეში გადასვლა ძალიან მძიმე იყო... იქ ისიც მომესმა, რომ ვიღაც ჩემს სახელს ყვიროდა: - "თიკო! თიკო!" თავიდან ვიფიქრე: ვინ უნდა მეძახდეს ციხეში-მეთქი? აღმოჩნდა, რომ ჩემი მეზობელი ყოფილა...

- 17 მაისის აქციაზე იყავი?

- როგორ არა! იმ პერიოდში სტაფილოსფრად მქონდა თმა შეღებილი, ხელში აპარატი მეკავა და ქუჩაში დავრბოდი. ადამიანები, რომლებიც "ელგებეტეების" წინააღმდეგ აგრესიულად იყვნენ განწყობილები, მეც გამომეკიდნენ. ჟურნალისტებმა დამიცვეს, თორემ შეიძლება, ვარცხნილობის გამო, ვინმეს ჩავექოლე.

- ვიცი, რომ რამდენიმე დღის წინ დვანში იყავი...

- მძიმე და ემოციური დღე მქონდა. იქიდან დათრგუნვილი ჩამოვედი. საათ-ნახევრის სავალ გზაზე რუსები დგანან და საზღვარს აკეთებენ... დამძაბა ამდენი გაჭირვებული ადამიანის ნახვამ. ეს ყველაფერი ფოტოაპარატით აღვბეჭდე. მავთულხლართის იქით ოსი ცხოვრობს, აქეთ - ქართველი. საოცარი სიტუაციაა.

- ცოტა ხნის წინ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ავღანეთშიც იყავი. შეხვდი ქართველ მეომრებს, რომლებიც იქ მსახურობენ. რას ნიშნავს ეს შენთვის?

- სამხედრო თემაზე მუშაობა ჩემთვის კიდევ რაღაც ცალკე მიმართულებაა - მიყვარს და მომწონს მეომრების გადაღება. რაღაც სხვა დამოკიდებულება მაქვს ქართველი სამხედროების მიმართ და კადრებიც ემოციური გამომდის. ალბათ იმიტომ, რომ ვცდილობ, მთელი გულით ვიმუშაო. სხვათა შორის, მინისტრი ირაკლი ალასანია საოცრად კომფორტული ადამიანია.

- რა შთაბეჭდილება მოახდინა შენზე ავღანეთმა?

- ჰელმანდის პროვინციაში ქართველი მეომრების ბაზაზე გახლდით. იქ რამდენიმე ავღანელს მოვკარით თვალი, რომლებთანაც კონტაქტის საშუალება არ გვქონდა, ამიტომ მათზე ვერაფერს გეტყვით. ქვეყნის შესახებ ჩემი შთაბეჭდილება ძალიან მძაფრი იყო; ავღანეთს პირველად თვითმფრინავიდან რომ გადავხედე, დავინახე უზარმაზარი, ყვითელი სივრცე, ქვიშისფერი სახლები. სადღაც, მხოლოდ ერთი ხე ჩანდა... იქ საოცარი და ულამაზესი პეიზაჟი ვნახე - ქვიშისფერ სივრცეში მზის ჩასვლა, მაგრამ ეს მომენტი ვერ გადავიღე: რაღაცებში შეზღუდული ვიყავი და იქაურ წესებს ვერ დავარღვევდი...

- თავად ქართველ სამხედროებზე რას იტყვი?

- ემოციური იყო ქართველ სამხედროებთან შეხვედრა, რომლებსაც ძალიან ენატრებათ საქართველო და ერთი სული აქვთ, როდის დაბრუნდებიან შინ. ზოგიერთებმა "ფეისბუკზე" დამიმეგობრეს და ახლა მწერენ ხოლმე, საჩუქრების ჩამოტანას მპირდებიან (იღიმის). თითოეულ მათგანს დიდ პატივს ვცემ.

- ვიცი, რომ გაზაფხულზე სპეციალური სასწავლო კურსი გაიარე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი ავღანეთში კონფლიქტური სიტუაციის დროს...

- ამ სასწავლო კურსის გავლის შემდეგ უფრო მეტად მომინდა ავღანეთში წასვლა. ტრენინგებზე ისეთ მძიმე სიტუაციას გვიხატავდნენ, რომ ვფიქრობდი, ფოტორეპორტაჟის გამო, მიღირდა თუ არა სიცოცხლით გარისკვა, მაგრამ იმდენად ექსტრემალურ სიტუაციაში მოგვიხდა ავღანეთში წასვლის გადაწყვეტილების მიღება, რომ ფიქრის დროც არ იყო... 7 საათი ვიყავით ავღანეთში, სადაც გადავიღეთ ჯარისკაცები და ისიც, თუ როგორ ახორციელებენ ისინი ამა თუ იმ ამოცანას... იქ ყოფნისას მძაფრი შთაბეჭდილებები მქონდა, მაგრამ ერთი დღე ძალიან ცოტა გახლდათ იმისთვის, რომ ყველაფერი გვენახა... გზაში ცუდზე არაფერზე ვფიქრობდი, უბრალოდ, ერთი პერიოდი, ცოტა არ იყოს დავიძაბე, როცა ავტობუსში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ამოვიდა და გაგვაფრთხილა, პირდაპირი ცეცხლის შემთხვევაში როგორ უნდა მოვქცეულიყავით. უსაფრთხოების ზომები ისეთი გამკაცრებული იყო, რომ თავდასხმა საერთოდ როგორ ხდება, მიკვირს. მოკლედ, ავღანეთში შიშის მომენტი გამიქრა.

- იქ ჩასვლით ოცნება აისრულე. კიდევ რა გინდა, რომ გადაიღო?

- რაღაც პროექტები მაქვს დაგეგმილი. აუცილებლად მოვახერხებ, სამხედრო თემატიკაზე ფოტოებს გადავიღებ და გამოვფენ. კიდევ, აზიაში მინდა ვიმოგზაურო, განსაკუთრებით კი, სპილოების გადაღებაზე და მათთან ჩახუტებაზე ვოცნებობ. ვფიქრობ, ამას აუცილებლად შევძლებ.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები