ძველესი, მრავალსაუკუნოვანი ხელნაწერი წიგნები ჩვენი ქვეყნის ფასდაუდებელი სიმდიდრეა, არანაკლებ საინტერესოა, ამ ხელნაწერი წიგნების ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით შემკული ყდები.
ბერთის ოთხთავი
"XII საუკუნით დათარიღებულ ბერთის ოთხ-თავს, მოოქრული ვერცხლით მოჭედილი ყდა აქვს. ყდის ზედა ფრთის ცენტრში გამოსახულია ჯვარცმა ტრადიციულად ღვთისმშობლის, იოანე მახარებლისა და ანგელოზების ფონზე. ქვედა ფრთაზე - ვედრება ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის თანხლებით. ყდა შემკულია ნახევრად ძვირფასი ქვებით. ქრისტეს საყდრის ქვემოთ იკითხება: "მოიჭედა ხელითა ბეშქენ ოპიზარისაით".
გელათის ოთხთავი
"ვერცხლით მოჭედილი გელათის ოთხთავის ტყავის ყდა XVI საუკუნის ნიმუშია. ყდის ზედა ფრთაზე გამოსახულია ჯვარცმა, ტრადიციულად, ღვთისმშობლის, იოანე მახარებლისა და ანგელოზების ფონზე. ქვედა ფრთაზე გვხვდება აღდგომის სიუჟეტი."
ოთხთავი
"ბაჯაღლო ოქროს ბუდე ძვირფასი თვლებით, ზურმუხტით, საფირონით და ლალითაა შემკული. ყდის ზედა ფრთაზე მაცხოვარია გამოსახული, ქვედაზე კი - წმინდა გიორგი. ყდა XVII-XVIII საუკუნეშია დამზადებული, ოთხთავი XVI საუკუნით თარიღდება".
ალავერდის ოთხთავი
"ალავერდის ოთხთავს ტყავისა და ლითონის კომბინირებული ყდა ამკობს. ყდის ზედა ფრთაზე ქრისტეს ფერწერული გამოსახულება ჩასმულია ვერცხლის ჭედურ, ძვირფასი თვლებით შემკულ ჩარჩოში. ალავერდის ოთხთავი 1054 წლით თარიღდება. რაც შეეხება ყდას, ყველა ნიშნის მიხედვით, XVII საუკუნეშია დამზადებული და მიჰყვება სამეგრელოს მთავარ ლევან დადიანის სახელოსნოში შესრულებული ხატების ხელწერას".
დაუჯდომელი
"ყავისფერი, ტყავგადაკრული მუყაოს ოქროტვიფრული ყდა XIX საუკუნით თარიღდება. ზედა ფრთაზე ოვალურ მედალიონში ჩასმული ჯვარცმაა ამოტვიფრული. ქვედა ფრთაზე ოვალურ მედალიონში ორი მდგომარე ადამიანის ფიგურაა გამოსახული."
ვეფხისტყაოსანი
"XVI-XVII საუკუნით დათარიღებულ "ვეფხისტყაოსანს" ტყავგადაკრული ტვიფრული ყდა აქვს. სწორად მოთლილი ხის დაფები, ოქროთი მოვარაყებულ ინკრუსტრირებულ აღმოსავლური ტყავის ყდაშია ჩასმული. ყდა, სავარაუდოდ, აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანაშია დამზადებული და XVII საუკუნით თარიღდება".
იხილეთ ფოტოგალერეა
მოამზადა თეკლა ტუღუშმა
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)