წიგნები საუკეთესო მეგობრები არიან, ყველა განსაცდელში შეგიძლიათ მათ მიმართოთ, წიგნები არასოდეს გიღალატებენ" - წერდა ცნობილი ფრანგი მწერალი ალფონს დოდე. ჩვენი სტუმარი, ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა, ბოლომდე იზიარებს ამ მოსაზრებას. მისი თქმით, წიგნებიდან ადამიანი ძალიან კარგად შეიცნობს ცხოვრებას და ისე არაფერი სრულყოფს მის სულიერ სამყაროს, როგორც კარგი წიგნი.
- ქალბატონო ნანა, თქვენ ფიქრობთ, რომ წიგნისადმი სიყვარულს საფუძველი ადრეულ ბავშვობაში უნდა ჩაეყაროს. თქვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა?
- ცნობილია, რომ ბავშვობისდროინდელი შთაბეჭდილებები ადამიანს მთელი ცხოვრების გზაზე მიჰყვება, ამიტომ, წიგნის სიყვარულიც ბავშვობაში უნდა შეიგრძნოს. ჩემს ცხოვრებაშიც ასე მოხდა: კითხვა სრულიად დამოუკიდებლად, სკოლაში შესვლამდე ვისწავლე და მესამე კლასში ვიყავი, როცა "რობინზონ კრუზოს თავგადასავალი" წავიკითხე. ეს იყო პირველი წიგნი, რომელმაც განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ეს იყო ჩემი პირველი შეხება ლიტერატურასთან. ამის შემდეგ სათავგადასავლო ჟანრის წიგნებმა გამიტაცა. რით გამაოცა რობინზონ კრუზომ? - პირველ რიგში ამ პერსონაჟის სულიერმა სიძლიერემ და იმან მომხიბლა, თუ როგორ ახერხებდა მარტოსული ადამიანი შებრძოლებოდა თითქმის გამოუვალ მდგომარეობას და თავი გადაერჩინა. სხვათა შორის, "რობინზონ კრუზოს თავგადასავალს" როცა ვკითხულობდი, თითქოს ყველაფერს ვხედავდი და ეს სასიამოვნო განცდა ახლაც დამყვება. კრუზოს მიერ შექმნილი სამყარო, პარასკევასთან შეხვედრა, ათასგვარი ხიფათი, რომელიც ემუქრებოდა - ეს ყველაფერი შეგრძნების დონეზე თან დამყვებოდა და წიგნის სიყვარულიც სწორედ აქედან დაიწყო. სხვათა შორის, კუროსავას აქვს გადაღებული არაჩვეულებრივი ფილმი "აკირა კუროსავას სიზმრები", სადაც არის ერთი საოცარი კადრი: დარბაზში ვან გოგის სურათებია გამოფენილი და რეჟისორი გვაჩვენებს, თუ როგორ შედის დამთვალიერებელი შთაბეჭდილებებით ამ ნახატებში. წიგნის კითხვის დროს მეც ასეთი რამ მემართებოდა: თითქოს სულ სხვა სივრცეში, სხვა სამყაროში გადავდიოდი და იქ ვცხოვრობდი. მახსოვს, როდესაც მშობლები დამიძახებდნენ, მათი ხმაც კი არ მესმოდა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მშობელმა შვილს წიგნი ადრეული ასაკიდანვე უნდა შეაყვაროს, რადგან ბავშვობისდროინდელ შთაბეჭდილებებს ვერაფერი შეედრება.
- მშობელმა უნდა აკონტროლოს რას კითხულობს ბავშვი?
- რასაკვირველია, ყურადღება აუცილებელია, რადგან ყველა ასაკს თავისი შესაბამისი ლიტერატურა აქვს, მაგრამ ჩემი მშობლები არ იყვნენ ასე, არ მიკონტროლებდნენ რა უნდა წამეკითხა და ამ საკითხში თავისუფლებას მაძლევდნენ. მახსოვს, "გრაფი მონტე კრისტო" რომ გამოვიდა რამდენიმე ტომად, დღეში თითო წიგნს ვკითხულობდი, რადგან ვერ ვწყდებოდი. ყოფილა შემთხვევა, როცა კითხვისას ვტიროდი და დედა გამომაფხიზლებდა ხოლმე. საკმაოდ ადრეულ ასაკში წავიკითხე ბუვიეს "იზა" და ემილ ზოლას "ნანა", მაგრამ ჩემთვის საყვედური არ უთქვამთ: ჩემი ოჯახი ამ მხრივ ძალიან ლიბერალური იყო - მთავარი იყო, წიგნი გქონოდა ხელში. განსაკუთრებით მიყვარდა წვიმიანი დღე, რადგან ამ დროს სიმყუდროვე იყო, ეზოში ბავშვები არ გამოდიოდნენ, ერთი ადგილი მქონდა ამოჩემებული ტახტის კუთხეში, იქ ვჯდებოდი და ვკითხულობდი. ჩემი ბავშვობის წიგნებმა და საყვარელმა პერსონაჟებმა მასწავლეს, რომ ადამიანი ცხოვრებისეულმა დაბრკოლებებმა არ უნდა შეაშინოს, პირიქით - უნდა გამოაწრთოს და გააძლიეროს.
- ქართველ მწერლებს შორის თუ გყავთ რჩეულები?
- ქართველ მწერლებს შორის განსაკუთრებით მიყვარს ილია ჭავჭავაძე და ხშირად ვამბობ: ჩვენ ბოლომდე არა გვაქვს გაცნობიერებული ილიას სიღრმეები, კარგად არ გვაქვს წაკითხული მისი "მგზავრის წერილები", "ოთარაანთ ქვრივი" "გლახის ნაამბობი" და სხვა ქმნილებები. ილიას "ჩატეხილი ხიდის" პრობლემა კი კონფლიქტის ფსიქოლოგიაში სახელმძღვანელოდ შეიძლება გამოდგეს. ჩემს რჩეულ მწერლებს შორის უნდა დავასახელო ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი და მიხეილ ჯავახიშვილი.
- დღეს მშობლები ერთხმად ჩივიან, რომ ძალიან უჭირთ ბავშვის მიყვანა წიგნთან, რომ მათ შვილებს კომპიუტერი და ტელევიზორი ურჩევნიათ.
- თუ ოჯახში არ არის წიგნის კითხვის კულტურა, სხვაგვარად ბავშვს წიგნს ვერ შეაყვარებ. მშობელმა ადრეული ასაკიდანვე უნდა წაუკითხოს ბავშვს საინტერესო ზღაპრები, მოთხრობები. ბავშვი წიგნით ხელში უნდა გვხედავდეს, რადგან მაგალითს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არანაკლებ მნიშვნელოვანია წიგნის ყდა და ილუსტრაციები. ფსიქოლოგებმა კარგად იციან, რომ სასურველია წიგნი იყოს სქელყდიანი და ლამაზად გაფორმებული იმიტომ, რომ როდესაც ბავშვი ეხება ლამაზ წიგნს, ეს დიდ ზეგავლენას ახდენს წიგნისადმი მის დამოკიდებულებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში პოეზიასთან ზიარებაც, თავდაპირველად ლექსები, ზღაპრები უნდა წავუკითხოთ და შევაყვაროთ. აქვე უნდა ვთქვა, რომ ნაირა გელაშვილს აქვს არაჩვეულებრივი საბავშვო ქმნილებები, რომლის გაცნობაც თქვენს შვილს წიგნსაც შეაყვარებს და ჰორიზონტსაც გაუფართოებს.
- ზღაპრებისა და საბავშვო ლექსების შემდგომ ეტაპზე რა ჟანრის ლიტერატურა უნდა შეურჩიოს მშობელმა შვილს?
- ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მშობლებს ვურჩევდი, შეაყვარონ შვილს სათავგადასავლო ლიტერატურა, რომელიც მათ ცხოვრებასთან ბრძოლას ასწავლის. და ბოლოს, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო: თუ ოჯახში წიგნის კითხვის კულტურა არ არსებობს, ძალიან გაგიჭირდებათ, თქვენს შვილს წიგნები შეაყვაროთ.
ხათუნა ჩიგოგიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)