რატომ იხურება სანდრა რულოვსის რადიო "მუზა"?

რატომ იხურება სანდრა რულოვსის რადიო "მუზა"?

"მუზა" დახურვის პირასაა. რას ველოდებით, გადაწყვეტილებას დღემდე არ იღებენ. მივიდეთ კულტურის სამინისტროსთან მოთხოვნით - არ მოკლათ "მუზა"! - ამ პათოსის სატელეფონო ზარები რადიო "მუზას" ოფისში არ წყდება. მელომანები პირდაპირ ეთერშიც რადიკალურები არიან და მოითხოვენ - სანამ მედიასივრციდან გაქრება საქართველოში ერთადერთი არაკომერციული და ამიერკავკასიაში ერთადერთი, სრულად კლასიკურ მუსიკაზე ორიენტირებული რადიო, ყველანი დავირაზმოთ მის გადასარჩენად. რადიოს ხელმძღვანელები კი ოდიშარიას უწყების გადაწყვეტილებას ელოდებიან. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვითარება სამართლებრივ ჩიხშია.

"მუზას" გარშემო ვითარება მაშინ დაიძაბა, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. 2007 წელს, საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის მიერ დაარსებულ რადიოს შექმნის დღიდან სწორედ საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" აფინანსებდა. რადიოს გენერალური მენეჯერი შორენა კოპალეიშვილი "ვერსიასთან" საუბრისას აცხადებს, რომ დაფინანსების საკითხი ყოველთვის გამჭვირვალე იყო: "5 წლის განმავლობაში, რადიოს "ქართუ" აფინანსებდა. პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემდეგ, ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშვა მიუხედავად იმისა, რომ პირველი ლედის მიერ დაარსებული რადიო სრულიად აპოლიტიკურია, მის ეთერში არასოდეს გასულა პოლიტიკური რეკლამა, მოწოდება, გადაცემა თუ თოქ-შოუ. "მუზა" ემსახურებოდა მხოლოდ კულტურის პროპაგანდას!"

2012 წლიდან "ქართუს" დაფინანსება რადიოს აღარ აქვს. მაუწყებლის ხელმძღვანელები კი ინვესტორის ძებნას იწყებენ. "მივმართეთ რამდენიმე ფონდს, მეგობარს... მათ გარკვეული დახმარება გაგვიწიეს, მაგრამ რადიოს გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა არაა მარტივი, მით უმეტეს, აქ ნაკლებია კომერციული ინტერესი. ყველა გვეკითხებოდა, რატომ ეძებთ ინვესტორს, ქვეყნის პრესტიჟი არაა, ამ ფორმატის რადიო არსებობდეს, მიმართეთ მთავრობასო".

ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები, რომელთა ეთერშიც კლასიკური მუსიკა ჟღერს. ქართული კანონმდებლობა კრძალავს, სამინისტროს ლიცენზია ჰქონდეს მაუწყებელზე, თუმცა გურამ ოდიშარიამ, სანდრა რულოვსთან ერთად, 2013 წლის 27 მაისს ჯერ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმად, "მუზა" სამინისტროს უნდა გადასცემოდა, 4 თვის შემდეგ კი, აღმოაჩინა, რომ თურმე ამის უფლება არ ჰქონდა (?!). მემორანდუმის თანახმად, კლასიკური, ქართული, ტრადიციული და სასულიერო მუსიკის განვითარებაში "მუზას" მნიშვნელობის გათვალისწინებით, გამოთქვეს მზადყოფნა, ურთიერთთანამშრომლობით ხელი შეუწყონ რადიოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებას და ფუნქციონირებას. მემორანდუმში, რომელსაც ხელს კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის დამფუძნებელი სანდრა რულოვსი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია აწერენ, გარკვევით წერია, რომ სსიპ-ის ჩამოყალიბების შემდეგ, ასოციაციის საკუთრებაში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს, ასოციაცია საკუთრებაში გადასცემდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. "მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ყველანი ვიყავით ბედნიერები. მნიშვნელოვანი იყო, რომ რადიო გადაეცემოდა სახელმწიფოს და არა რომელიმე კერძო პირს ან სტრუქტურას, რაც უფრო დიდ მნიშვნელობას შესძენდა მას", - აცხადებს შორენა კოპალეიშვილი.

სამართლებრივ ჩიხში ვითარება სწორედ ამ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ შევიდა. რამდენიმე თვეში ოდიშარიამ აღმოაჩინა, რომ მის უწყებას მაუწყებლის მესვეურობის უფლებას კანონი არ აძლევდა. "როცა ეს აღმოაჩინეს, გამოიძებნა პრობლემის მოგვარების კანონიერი გზა - კულტურის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა უნდა მოემზადებინა, რომლის თანახმად, მას გამონაკლისის სახით მიეცემოდა არაკომერციული, მხოლოდ კულტურის პროპაგანდაზე ორიენტირებული მედიასაშუალების ფლობის უფლება. ამაზე თანხმობა გასცა იუსტიციის სამინისტრომ, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ... შეფერხება იყო ეკონომიკის სამინისტროსგან, როგორც კულტურის მინისტრის მოადგილე მარგიშვილმა განმიმარტა, ამის მიზეზი ისაა, რომ 2015 წელს იგეგმება გარკვეული ცვლილებები მაუწყებლის შესახებ კანონში და მედიასაშუალებები HD ფორმატზე გადადიან, მაგრამ რა შუაშია აქ რადიო, გაუგებარია. საბოლოოდ, 4 თვის შემდეგ მაცნობეს, რომ ვერაფერს აკეთებენ, რადგან სამართლებრივ ჩიხში ვართ", - აცხადებს შორენა კოპალეიშვილი და გვიმხელს, რომ სამინისტროში მისთვის არავის დაუკონკრეტებია, ვინ უნდა იზრუნოს ვითარების ჩიხიდან გამოყვანაზე. ამის შემდეგ, კოპალეიშვილმა არაერთი წერილი გაგზავნა სამინისტროში ერთადერთი კითხვით, მოიხსნა თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით ოდიშარიას უწყების პასუხისმგებლობა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. კოპალეიშვილმა ოფიციალური წერილით მიმართა ბიძინა ივანიშვილსაც, მაგრამ ეს წერილიც ოდიშარიასთან გადაამისამართეს. ამასობაში, რადიოს დანაზოგი გაიხარჯა, თემატური გადაცემების უმრავლესობა დაიხურა, 18 თანამშრომლიდან 13 გაათავისუფლეს, ეთერის უმეტესი ნაწილი ე.წ. ნონსტოპმა დაიკავა... "მუზას" სახეცვლილება არ გამოეპარა მის ერთგულ მსმენელს. რადიოს გადარჩენის მიზნით კამპანია დაიწყო, რის შემდეგაც კოპალეიშვილს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაუკავშირდა, "მუზას" საკითხი ისევ განიხილება სამინისტროში და გადაწყვეტილებას მალე მოგახსენებთო. "პირველი, ვინც ოპერატიულად გამოვიდა კონტაქტზე, მანანა ბერიკაშვილი იყო. მითხრა, რომ ამ საკითხზე მსჯლეობენ და დადებითად გადაწყვეტენ", - შორენა კოპალეიშვილი იმედოვნებს, რომ ქალბატონი მანანას დაპირება დაპირებად არ დარჩება, მაგრამ სანამ სამინისტროში მსჯელობენ, რადიო მედიასივრციდან ქრება. შორენა კოპალეიშვილი გამოგვიტყდა, რომ კრიზისული ერთი წლის შემდეგ ყველა რესურსი ამოიწურა: "2013 წელს 5 წლის დანაზოგით ვიარსებეთ, ფაქტობრივად, დაგვრჩა 3 თვის რესურსი - მაქსიმუმ, ნოემბრის ბოლომდე შევძლოთ ფუნქციონირება. ამის შემდეგ, იძულებულები ვიქნებით, გავთიშოთ სიგნალი". "მუზას" ჩანაწერების კოორდინატორი თეა მუქერია ამბობს, რომ რადიოს გადარჩენა მხოლოდ სიხშირის შენარჩუნებასა და მუსიკის გაშვებას არ ნიშნავს: "მთავარია, შეინარჩუნო ფორმატი და გუნდი, ვინც "მუზა" შექმნა. ამ ადამიანებმა საარსებო წყარო დაკარგეს. პრობლემის მოგვარება დროში თუ გაიწელა, შეიძლება ძველი გუნდის დაბრუნებაც გართულდეს და ახალი კადრების მოყვანაც, რადგან ასეთი სპეციფიკური გადაცემების წამყვანი ჟურნალისტი საქართველოში ძალიან ცოტაა".

პროგრამების მენეჯერის ასისტენტი ტატო ჯინჯიხაძე კი იმ მაღალი ხარისხის აპარატურისა და უკვე შექმნილი "ოქროს ფონდის" გაურკვეველ მომავალზე წუხს, რომელიც "მუზას" საკუთრებაშია: "მხოლოდ რადიო "მუზას" აქვს აპარატურა, რომელსაც შეუძლია, კლასიკური მუსიკის კონცერტების ჩაწერა მაღალი ხარისხით. ტელევიზიებში კონცერტების ტრანსლირებას ხმად "მუზას" ჩანაწერი ედება. "მეცომ" პირველი და ერთადერთი პროექტი საქართველოში სწორედ "მუზას" ტექნიკურ აღჭურვილობასა და ბაზაზე დაყრდნობით განახორციელა. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, სამინისტროს მოთხოვნა იყო, რეგიონები არ გაგვეთიშა და კონცერტების ჩაწერა არ შეგვეწყვიტა. ხვდებიან, რომ ეს ჩანაწერები გადაეცემა თაობებს, რომლებსაც წლების შემდეგ წარმოდგენა ექნებათ, რა ხდებოდა 21-ე საუკუნის საქართველოში ამ სფეროში. "მუზა" რადიო კი არა, კულტურული ჟურნალისტიკის დარგია, დაუშვებელია, გაქრეს და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ".

საინტერესოა, "ყველაფრის გაკეთებაში" იგულისხმება თუ არა სანდრა რულოვსის განზე გადგომა და "მუზას" "ორბიტიდან" გასვლა? შორენა კოპალეიშვილი "ვერსიას" გამოუტყდა, რომ საქართველოს პირველი ლედი მზად იყო გამდგარიყო გვერდით, იურიდიულ დოკუმენტებშიც კი აღარ დაფიქსირებულიყო, შეეწყვიტა საავტორო გადაცემები, ოღონდ "მუზა" გადაერჩინა. ამ ფონზე, რადიოს გენერალური მენეჯერი მიიჩნევს, რომ "მუზა" ჩიხში პოლიტიკური მოტივით ან სანდრა რულოვსის ფაქტორის კი არა, იმის გამო შევიდა, რომ მისი მნიშვნელობა კარგად ვერ დააფასეს...

არ არის გამორიცხული, ყველაფერი პოლიტიკურ თამაშებს უკავშირდებოდეს და ივანიშვილის ხელისუფლებას სააკაშვილის მეუღლის რადიო ყელში ფხასავით გასჩხეროდა, თუმცა თუ ახალ მთავრობას ამ რადიოს არსებობა არ აწყობდა, საერთოდ რატომ გაფორმდა მემორანდუმი? საბოლოოდ კი, ყველაფერი მაინც პოლიტიურ ნებამდე იმდის – ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული ან არის "მუზას" ფორმატის რადიოს არსებობა, ან არა. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, "ვერსია" კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა. მინისტრის მოადგილემ ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ განგვიმარტა, რომ საკითხი გადაწყვეტილი არ არის და, იმედია, დადებითად გადაწყდება: "კანონში მაუწყებლობის შესახებ წერია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება, ჰქონდეს ლიცენზია მაუწყებელზე. არადა, ჩვენი სურვილი იყო, "მუზა" ყოფილიყო სსიპ-ი. დავავალეთ ჩვენს იურიდიულ სამსახურს და გვინდა ცვლილება შევიტანოთ კანონში... საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავების პროცესშია და დანარჩენი უკვე დროის ამბავია. ვერ გეტყვით, რომ ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნება დადებითი, რადგან ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ პარლამენტმა უნდა განიხილოს. იყო გარკვეული უთანხმოება ინიციატივის შემუშავების პროცესშიც. მთავარია, ყველაფერზე შევჯერდეთ.

ამაზე მთავარი კი ისაა, რომ ეს სახელოვნებო რადიო ყველას ძალიან უყვარს და დაინტერესებულები ვართ, "მუზასთან" დაკავშირებით პრობლემა მოიხსნას. ვიცი, გადაცემები დაიხურა, თანამშრომლები გაათავისუფლეს... ეს ჩემი გულისტკივილიცაა. რაც შეგვიძლია, დავუდგებით გვედით რადიოს. იმედია, მალე პრობლემა დაჩქარებული ტემპით გადაიჭრება. ახლა მაინც წინასაარჩევნო პერიოდია... "მუზამ" უნდა იარსებოს და, მგონი, ნამდვილად იარსებებს, რადგან ამის ღირსია".

ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ "მუზას" პრობლემებსა და პოლიტიკურ ბატალიებს შორის კავშირი უარყო და განაცხადა: "ერთი წუთით არ იფიქროთ, რადგან ქალბატონი სანდრაა დამფუძნებელი, იმიტომ იქმნება პრობლემები. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაკეთდება საკითხის დადებითად გადასაჭრელად".

რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ჯერ გაურკვეველია, არადა, როცა სახეზე გვაქვს "სასაცილოდ" მონათლული კანონების დაჩქარებული წესით მიღება, როცა სამსახურს კარგავენ პროფესიონალები და ხელის ერთი მოსმით ინგრევა წლების განმავლობაში ნაშენები, როცა მომავალი თაობების გადარჩენის სპეკულირებით ვიღებთ კანონებს თამბაქოს, აზარტული თამაშების, პრეზერვატივებისა და ლამის სერიალების აკრძალვის შესახებ, ერთი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასა და გატანას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება. "მუზას" ეროვნული მნიშვნელობის შესახებ არაერთი ხელოვანი თუ საზოგადო მოღვაწე საუბრობს წერილებში, რომლებიც კულტურის მინისტრს გაუგზავნეს უნიკალური რადიოს გადარჩენის მოთხოვნით. წერილების რაოდენობა 100-ს დიდი ხანია ასცდა. "ვერსია" მათგან ძალიან მწირ ამონარიდებს გთავაზობთ.

გია ყანჩელი: "ქართული კულტურული მემკვიდრეობა, უდავოდ, საერთაშორისო მასშტაბის მოვლენაა და სწორედ ამიტომ, ძნელად წარმოსადგენია, რომ აღმავლობის გზაზე მდგომი ქვეყანა, კლასიკური მუსიკის მაუწყებლის გარეშე, ოდესმე საერთაშორისო დონის მოთამაშე გახდეს. არ ვისურვებდი, რომ ქართული მრავალხმიანობის ფენომენს მოაკლდეს ისეთი მნიშვნელოვანი ხმა, რომელიც კლასიკური მუსიკის სახელს ატარებს".

ელისო ვირსალაძე: "დღეს კლასიკური მუსიკის სფერო, მრავალგვარი პრობლემის წინაშე დგას და ვფიქრობ, აუცილებელია ყველა ღონე ვიხმაროთ, რომ შევინარჩუნოთ არაჩვეულებრივი რადიოარხი, რომელიც ნამდვილად ემსახურება ეროვნულ ინტერესებს".

რეზო თავაძე: "როგორც გავიგე, რადიო "მუზას" გაუჩნდა პრობლემები მატერიალური უზრუნველყოფის სახით. მისი მუშაობის შეწყვეტა, ისეთ ვითარებაში, როცა არ არსებობს სხვა მსგავსი არხი, რომელსაც ასევე თამამად შეუძლია თქვას: "ჩვენ ვართ კლასიკა!; მაიძულებს, მოგმართოთ თხოვნით როგორც ქართველს, ხელოვან მწერალს, კულტურის მინისტრს, გააკეთოთ ყველაფერი, რაც ხელგეწიფებათ".

ხატია ბუნიათიშვილი: "ბატონო გურამ, ვიცი, რომ კლასიკური მუსიკის დიდი მოყვარული ხართ. გთხოვთ, როგორც ხელოვანს, მწერალს, ენდეთ საკუთარ ინტუიციასა და ლოგიკას, ენდეთ თქვენს გულს, გონებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, იმასვე გკარნახობთ, რასაც მე გწერთ არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველა ჩემი კოლეგის და იმ ადამიანის სახელით, რომელთა გულებში ჯერ არ დაუმკვიდრებია კლასიკურ მუსიკას ადგილი და ამ საგანძურის არაღმოჩენის საშიშროების წინაშე შეიძლება დადგნენ".

ლაშა გაბუნია: "ნუ მოკლავთ მუზას! "მუზას" სიკვდილი ძალიან ცუდი იქნება ქართული კულტურისთვის, ამიტომ ჩვენ - მოსახლეობამ და სახელმწიფომ იქნებ მოვახერხოთ მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. არსებობს მარადიული კულტურული ღირებულებები, რომლებიც ვერ ჯდება შოუბიზნესის მკაცრ ჩარჩოებში. ეს უკანასკნელი დიდი კომერციული მანქანაა, ხოლო კლასიკური მუსიკა, ისევე როგორც ფოლკლორი, ხალხის კუთვნილებაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ერის განვითარების აუცილებელი ფაქტორია".

ლაშა ბუღაძე: "იქნებ დაეხმაროთ რადიო "მუზას", რადგან დამერწმუნეთ, ამ ხმაურიან და კაკაფონიურ დროში, "მუზა", უდავოდ, მნიშვნელოვანი და დამაიმედებელი თავშესაფარია მუსიკის ყველა მოყვარულისთვის".

ნინო ლურსმანაშვილი

გაზეთი "ვერსია"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები