რა შეკითხვის დასმა ვერ მოახერხა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე მერაბ მეტრეველმა

რა შეკითხვის დასმა ვერ მოახერხა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე მერაბ მეტრეველმა

პრემიერისა და ექსპერტების ცნობილი შეხვედრისა და ივანიშვილის მხრიდან ექსპერტთა საჯარო "მიჯირყვნის" შემდეგ საზოგადოება ასევე დიდი ინტერესით ელოდებოდა, რით დასრულდებოდა ბიძინა ივანიშვილის შემდეგი შეხვედრა ჟურნალისტებთან. სეირის მომლოდინეებს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრამ იმედები არ გაუცრუა, თუმცა ამჯერად "მიჯირყვნის" საკითხი აქტუალური აღარ იყო. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილს აქვს პრეტენზიები ჩვენი პროფესიის ადამიანებისადმი, განსაკუთრებით კი მათ მიმართ, ვინც პოლიტიკურ პროცესებს აშუქებს, ერთი რამ ცხადი იყო - ტელეჟურნალისტთა ნაწილმა პრემიერ-მინისტრთან საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შეძლო. მათ შორის გახლდათ "პალიტრა ტივის" პოლიტიკური თოქშოუების წამყვანი, მერაბ მეტრეველი, რომლის მიერ დასმული რამდენიმე შეკითხვა პრემიერის გაცხარების მიზეზიც გახდა და მისი მხრიდან საკმაოდ ემოციური საუბრებიც მოვისმინეთ. მერაბს "პალიტრა ტივიში" პრემიერსა და ჟურნალისტებს შორის დისკუსიის დასრულებიდან ერთ საათში შევხვდით მისი პოზიციის გასაგებად.

- წინასწარ თუ გქონდა განწყობა, რომ შენი ეპიზოდი იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ემოციების გარეშე არ დასრულდებოდა?

- ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამომეწერა "ქართული ოცნების" პროგრამიდან ის დაპირებები, რომელთა შესრულებასაც, ჩემი მოსაზრებით, დიდი დრო არ სჭირდება და შესაძლებელი იყო მათი ერთი წლის განმავლობაში შესრულება. ჩემდა სამწუხაროდ, შეკითხვების დასმის საშუალება ბოლომდე არ მომეცა, მაგალითად, ვერ დავსვი შეკითხვა იმ დაპირების შესახებ, რომელიც "ქართული ოცნების" პროგრამაში ეწერა - რომ აიკრძალებოდა დიდი ჰესების მშენებლობა. არადა, შესაძლოა, "ქართულ ოცნებას" ხაიშის მოსახლეობამ სწორედ ამ დაპირების გამო მისცა ხმა... გამოდის, რომ ისინი დღეს მოტყუებულები არიან. რამდენიმე შეკითხვა ჩამოწერილი მქონდა და ბოლოსთვის მოვიტოვე ეს შეკითხვა. ხომ ნახეთ, რა მითხრა პრემიერმა, მეორე წრეში დასვი შემდეგი კითხვაო და ამის საშუალება აღარ მომეცა.

იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერი ხშირად მახსენებს ხოლმე, წინა დღეს ვხუმრობდი, ჟურნალისტებიც უნდა მიგვჯირყვნოს-მეთქი (იცინის). მქონდა გარკვეული მოლოდინი, მითხრა, რომ ჩემი ციტატებიც ჰქონდა მომზადებული, მაგრამ რატომღაც არ წაუკითხავს (იღიმის). ექსპერტებთან შეხვედრიდან გამომდინარე გარკვეულ დაძაბულობას ველოდი. ეჭვი მქონდა, რომ ჟურნალისტებთანაც იგივე ფორმატი იქნებოდა და ყველა ჟურნალისტთან ექნებოდა პრეტენზიები, მაგრამ ასევე ველოდი იმასაც, რომ ჟურნალისტები მაგრად დავდგებოდით და ასეც მოხდა. არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს თავი მივაჯირყვნინეთ (იღიმის). შეხვედრა საკმაოდ დამღლელი იყო, სამ საათზე მეტხანს ვისხედით და ვსაუბრობდით.

- პრემიერი ძალიან ემოციურად შეხვდა შენს შეკითხვებს.

- არა მხოლოდ ჩემს შეკითხვებს, არამედ სხვებისაც. ნინო ჟიჟილაშვილთან, ალეკო ელისაშვილთან, ვახო სანაიასთან, ინგა გრიგოლიასთან ჰქონდა ასეთივე საუბარი. მე ბიძინა ივანიშვილს კონკრეტული ფაქტები, დაპირებები დავულაგე, რამაც, როგორც ჩანს, გააღიზიანა. თუმცა მას ჰქონდა თავისი პასუხები, რომ თითქოს ამ დაპირებების შესრულებას დრო სჭირდება, მე კი არა მგონია, შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების გამოყოფას დიდი დრო სჭირდებოდეს. ამაზე სულ იყო ლაპარაკი და პრემიერის პასუხმა ამ კუთხით მე ვერ დამაკმაყოფილა.

- მერაბ, შენი და პრემიერის დაპირისპირებას გარკვეული წარსული აქვს.

- შალვა რამიშვილთან გარკვეული ნიუსის საფუძველზე შეკითხვა დავსვი. ეს არჩევნებამდე მოხდა. მეორე დღეს შალვას გადაცემაში ბიძინა ივანიშვილი მივიდა და "ვაჟბატონი" მეძახა. თურმე, უფრო დიდი სინქრონი გასულა იმ თემაზე, რომელიც მე არ მინახავს და სააგენტოს მასალას დავეყრდენი, მაგრამ დასკვნები არ გამიკეთებია, უბრალოდ, შეკითხვა დავსვი. სწორედ მაშინ მახსენა პირველად და გამაკრიტიკა. მას შემდეგ ინტერვიუც ჩავწერე, რომელიც "პალიტრის" ეთერში გავიდა და არ გვაქვს ცუდი ურთიერთობა, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ, ვაკრიტიკო ხელისუფლება და არც ივანიშვილია გამონაკლისი. ერთხელ ისიც თქვა, მერაბ მეტრეველი ჩემი მუდმივი ოპონენტიაო და დღესაც თქვა, თუმცა მგონია, რომ ამ შეხვედრაზე ჩემს შეკითხვებს გაექცა.

- როდესაც შეხვედრა დასრულდა, ჟურნალისტებმა რა შთაბეჭდილებები გამოიტანეთ, რისთვის შედგა ეს შეხვედრა და რა გაიგო აქედან საზოგადოებამ?

- პასუხები იყო, მაგრამ არა დამაკმაყოფილებელი. ალბათ, შეხვედრის მიზანი ის იყო, რაც ექსპერტებთან, ანუ რასაც თავად ამბობს პრემიერი. მინდა გაჩვენოთ, რომ საკუთარ საქმეში პროფესიონალები არ ხართ, თქვენს სიტყვებს ყურადღება მიაქციეთ, ტყუილად ნუ გვაკრიტიკებთ, კარგიც დაინახეთ და ცუდიც, შეკითხვებსა და მოსაზრებებს უფრო დაუკვირდით, საკითხები გამოიძიეთო. კი ბატონო. არავინ არის სრულყოფილი და შენიშვნებიც ზოგადად მისაღები უნდა იყოს, მაგრამ პრემიერისგან ამ შენიშვნების თქმა მისაღები არ არის. დღეს რასაც აკეთებს, ეს მიჯირყვნას ემსგავსება და ცუდი სანახავია. იმედია, მას ამის შესახებ ვინმე ეტყვის. საზოგადოების აღზრდის სურვილი აქვს, ყოველ შემთხვევაში, ასე გამოდის. თქვა, რომ შემდეგში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორ შეიძლება, ერთმა ადამიანმა იცოდეს, როგორი უნდა იყო კარგი ექსპერტი, ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი?!. მას რატომღაც აქვს ამისი პრეტენზია. მინდა 20 წელიწადში, ქართული საზოგადოება ევროპულ საზოგადოებას დავამსგავსოო. ბიძინა ივანიშვილი თანამდებობიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებს, რომ მესიობა არ სურს, მაგრამ ეს უფრო არის მესიანიზმი, როცა საზოგადოების მენტალიტეტის შეცვლა გწადია. სწორედ ასე გადიოდნენ ქრისტე, ბუდა საზოგადოებაში და მის შეცვლას ცდილობდნენ. მესიანიზმზე ვლაპარაკობ ზოგადად და არც ქრისტეს და არც ბუდას ბიძინა ივანიშვილს არ ვადარებ. არ ვიცი, რამდენად აქვს მას გაცნობიერებული, მაგრამ როცა საზოგადოების გაზრდისთვის ფიქრობს მოღვაწეობას, ეს სხვა არაფერია, თუ არა მესიობის სურვილი მისი მხრიდან.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები