ქრისტინე იმედაძე ახალჯვარდაწერილ მამიდასა და ტელევიზიაში დაბრუნებაზე

ქრისტინე იმედაძე ახალჯვარდაწერილ მამიდასა და ტელევიზიაში დაბრუნებაზე

"ჩემს საყვარელ ტელევიზიას, გადაცემას და ადამიანებს დავუბრუნდი. მიყურეთ უკვე დღეიდან, ყოველ ხუთშაბათს", - წერდა მომღერალი ქრისტინე იმედაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე. მომღერალსა და ტელეწამყვანს, პირველი კითხვა ახალგათხოვილ მამიდასთან დაკავშირებით დავუსვით.

- მამიდაშენი - ია ფარულავა ბოლო დროს კრიტიკოსად ჩამოყალიბდა. საინტერესოა, შენ თუ გაკრიტიკებს? როგორც ტელეწამყვანს, რას გირჩევს? მით უმეტეს, რომ თავადაც აქვს მსგავს შოუში მუშაობის გამოცდილება...

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ გახარებული ვარ მის პირად ცხოვრებაში მომხდარი სიახლით: ჩემი ლამაზი მამიდა მართლა ბედნიერია! მისი მეუღლე სიმპათიური, კეთილი და ნიჭიერი მუსიკოსი - ტარიელ სუარი არაჩვეულებრივი ადამიანი გახლავთ და მე მას სიმების მბრძანებელს ვუწოდებ! ია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და მინდა, ყოველთვის ყველაზე ბედნიერი იყოს. იმედია, მის გრანდიოზულ ქორწილში წასვლა მალე მომიწევს! იას შევპირდი: თუ ქორწილს გადაიხდით, საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას საკუთარ თავზე ავიღებ-მეთქი... როგორც ტელეწამყვანს, რჩევებს მაძლევს. ძალიან გაუხარდა, მუშაობა რომ დავიწყე. იას მე და ჩემი შვილი ძალიან ვუყვარვართ. მის სიტყვას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს...

- რას გეუბნება შენი შვილი - ტაისია, მოსწონხარ ტელეეკრანზე?

- ტაისია ძალიან ჭკვიანი გოგოა და სხვათა შორის, წელს სკოლაშიც წავიდა. მოსწონს, ტელეეკრანზე რომ მხედავს, მგულშემატკივრობს და რჩევებსაც მაძლევს. მეც, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვითვალისწინებ... მინდა გითხრათ, რომ "სხვა შუადღე" დაკომპლექტებულია პროფესიონალი და გემოვნებიანი ადამიანებით. გადაცემის პროდიუსერები, წამყვანები თუ თანაწამყვანები - ყველანი იმდენად კარგი ადამიანები არიან, რომ მათთან ერთად ყოფნა და მუშაობა მხოლოდ სიამოვნებაა. სწორედ ამიტომ, უზომოდ მიხარია, რომ თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ მათი გუნდის წევრი გავხდი.

- რა თემებზე მოგიწევს ლაპარაკი?

- შევეცდებით, საინტერესო სტუმრებთან ერთად, საინტერესო თემებით, მაყურებელს გავულამაზოთ შუადღე. მათ ბევრ სიურპრიზსა და ექსკლუზივს ვპირდები...

- ქრისტინე, როგორც ვიცი, პროფესიით ჟურნალისტი ხარ...

- თავდაპირველად თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე, შემდეგ სწავლა ტელე-რადიოჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გავაგრძელე. სწავლის პროცესი ძალიან საინტერესო იყო.

- სატელევიზიო კარიერა "იმედის" დილის გადაცემით დაიწყე. როგორ გაიხსენებ იმ პერიოდს?

- მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე, დილის 5 საათზე ვიღვიძებდი, რის გამოც საოცარი დისკომფორტი მქონდა, ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება... შემდეგ "რუსთავი 2"-ში, გადაცემაში "შუადღე" წელიწადზე მეტხანს ვიმუშავე. ჩვენი შემოქმედებით გუნდი ცდილობდა, მაყურებლისთვის საინტერესო და აქტუალური თემები შეგვეთავაზებინა. მათ ვურჩევდით, ვაწვდიდით რეცეპტებს სილამაზისა თუ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ და ა.შ. გადაცემას ძალიან კარგი რეიტინგი ჰქონდა. შემდეგ მე ცოტა ხნით, საქართველოდან კიევში წავედი, სადაც პატარ-პატარა პროექტებში ვმონაწილეობდი და რამდენიმე კარგი სიმღერაც ჩავწერე; გარდა ამისა, ბიჭოლასთან ერთად, ბევრ საინტერესო ღონისძიებას, წარმოდგენას, ჩვენებასა თუ კონცერტს დავესწარი... მოკლედ, იქ მშვენიერი დრო გავატარე, მაგრამ ვინაიდან საქართველოს გარეშე ყოფნა არ შემიძლია, შინ დავბრუნდი...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ფოტოგალერეა

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები