თბილისში გლობალური დეველოპერული ფესტივალი "Devfest თბილისი" გაიმართება

თბილისში გლობალური დეველოპერული ფესტივალი "Devfest თბილისი" გაიმართება

გლობალური დეველოპერული ფესტივალი "Devfest თბილისი" დღეს სასტუმრო "რადისონში" კონფერენციით გაიხსნება. ფესტივალი Google-ს დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით იმართება და მისი სპონსორები არიან "პალიტრა მედია", Google და SAMSUNG.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, "GDG თბილისის" მენეჯერმა, გიორგი კინწურაშვილმა განუცხადა, "Devfest თბილისის" ფარგლებში, 19-20 ოქტომბერს გაიმართება ჰაკათონი - დეველოპერული შეჯიბრი მოკლე დროში ანდროიდის მობილური აპლიკაციების შექმნაში. ჰაკათონში წინასწარ რეგისტირიებული პირები მიიღებენ მონაწილეობას.

მონაწილეები უნდა ფლობდნენ ანდროიდს, ჰქონდეთ ინოვაციური იდეა და ჰყავდეთ 2-3 წევრისგან შემდგარი გუნდი. ჰაკათონის თემატიკა იქნება ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.

"დახურულ სივრცეში, მოკლე დროში დეველოპერები ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო კარგ პროდუქტს შექმნის. ერთი ჰაკათონი არის 3D მოდელირებაში, მეორე ანდროიდზე მობილური აპლიკაციების შექმნაში. 3D მოდელირების თემატიკა იქნება კახეთის ღვინის შატოები. Google map-ი 3D-ზე გადავიდა და სამ განზომილებიანი შენობებია. შევარჩიეთ კახეთის რამდენიმე შატო და შეიქმნება მათი 3D მოდელები, რომელიც დატანილი იქნება რუკაზე. ანდროიდის ჰაკათონზე შეიქმნება მობილური აპლიკაციები ტურიზმის და სოფლის მეურნებისთვის. სხვადასხვა აპლიკაციები იქნება ნერგების მოვლაზე, ქართულ სამზარეულოზე, ღვინოზე და ა.შ. გუნდებს უკვე აქვთ იდეები და ისინი შაბათ-კვირას, დახურულ სივრცეში, სასტუმრო "რადისონში" შეეჯიბრებიან ერთამენთს კარგი პროდუქტების შექმნაში. ჰაკათონში მონაწილეობის მსურველები ძირითადად არიან სტუდენტები და დეველოპერები", - განაცხადა კინწურაშვილმა.

მისივე თქმით, ჰაკათონის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგი კრეატიულ აზროვნებასა და იდეებზე მუშაობაში, ასევე ტექნიკურ საკითხებსა და ანდროიდის თემატიკაზე.

ჰაკათონი 20 ოქტომბერს, სასტუმრო "რადისონში" დასრულდება, რის შემდეგაც გაიმართება მონაწილეების პროდუქტის პრეზენტაცია და დაჯილდოება. ჰაკათონის გამარჯვებული მიიღებს ფასიან პრიზებს კომპანია "სამსუნგისაგან", კომპანია "პალიტრა მედია" კი საკუთარ რჩეულ გუნდს დაეხმარება ინვესტორების მოძიებასა და იდეის სტარტაპად ქცევაში.

როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, "GDG თბილისის" მენეჯერმა გიორგი კინწურაშვილმა განუცხადა, ფესტივალი 4-დღიანია. "კონფერენციას დაესწრებიან ეკონომიკის მინისტრი, მისი მოადგილე, ამავე უწყების ICT და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები. კონფერენციები ოთხივე დღეს სხვადასხვა თემატიკაზე გაიმართება", - აღნიშნა მან.

"Devfest თბილისი" რეგიონული ღონისძიების ხასიათს ატარებს, რომელიც Google-ის მხარდაჭერით აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის დეველოპერებს უმასპინძლებს.

დეველოპერული ფესტივალი თბილისში "IT ინოვაციების კვირეულის" ფარგლებში გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

IT ინოვაციების კვირეული უკვე მეორედ იმართება. ამჯერად იგი უფრო კომპლექსურია და მეტ ღონისძიებას მოიცავს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი