თამთა ასათიანმა მომღერლობას ჟურნალისტობა ამჯობინა

თამთა ასათიანმა მომღერლობას ჟურნალისტობა ამჯობინა

თამთა ასათიანი "პალიტრა ტვ"-ის რამდენიმე გადაცემას უძღვება, საღამოს ეთერშიც ზის და მხიარული ცხოველების შესახებაც გვიყვება. ის ტელევიზიაში შედარებით ახალი სახეა. ჟურნალისტიკის ფაკულტეტი წელს დაამთავრა, სანამ "პალიტრაში" მოვიდოდა, მანამდე მუსიკალურ რადიოში მუშაობდა. თავადაც ბავშვობიდან მღერის. გარკვეულ წრეში პოპულარულიც გახდა, როდესაც გიგა კვენეტაძესთან დუეტი ჩაწერა, თუმცა შოუბიზნესის პარალელურად, ყოველთვის ფიქრობდა, რომ პროფესიაც უნდა ჰქონოდა და არჩევანი ჟურნალისტიკაზე შეაჩერა. "სოციოგრამის" წამყვანს საქმეზე და ცოტაც, პირადულზე ვესაუბრეთ.

- პროფესიით ჟურნალისტი ვარ, წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ბაკალავრის ხარისხი მოვიპოვე. ბავშვობიდან ყოველთვის მაინტერესებდა ეს სფერო. როდესაც სერიოზულად დავფიქრდი პროფესიის არჩევაზე, იმწამსვე მომივიდა იდეა, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა.

- თუმცა სანამ ჟურნალისტად გაგიცნობდით, მანამდე მომღერალი იყავი.

- ბავშვობიდან ვმღეროდი რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში, საკმაოდ დიდი ხნის, დაახლოებით შვიდი-რვა წლის განმავლობაში. ძალიან მიყვარს სიმღერა, მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ საჭირო იყო, სხვა პროფესიაც მქონოდა. ერთ დღეს სტუდიაში სიმღერის ჩასაწერად მივედი. იქ გიგა კვენეტაძემ მომისმინა და შემომთავაზა, სიმღერას დაგიწერ და სხვა ბევრი საკითხის გადაწყვეტაშიც დაგეხმარებიო და ჩემი პროდიუსერობაც აიღო საკუთარ თავზე. მაშინ 16 წლის ვიყავი. ჩავწერეთ პირველი სიმღერა და გადავიღეთ კლიპი. შემდეგ გიგას გაუჩნდა სურვილი, რომ დუეტი "მოდი, მოგეფერო" ჩაგვეწერა. ეს სიმღერა საკმაოდ პოპულარული გახდა, ჩვენი ვიდეო მუსიკალური არხის ეთერში ტრიალებდა. მეც ძალიან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ მერე გიგამ მოსკოვიდან შეთავაზება მიიღო და კარიერა იქ უნდა გაეგრძელებინა. როცა გიგა წავიდა, სიმართლე გითხრა, ცოტა მოვეშვი, მერე მუშაობა რადიოში დავიწყე. გვერდით არ მყავდა ისეთი ადამიანი, რომელიც ცოტა დამაძალებდა ამ მხრივ აქტიურობას, სწავლა, სამსახური და...

- მოკლედ, მომღერლობაზე უარი ჟურნალისტიკის სასარგებლოდ გითქვამს.

- ამ ეტაპზე ასე გამოვიდა. სიმღერამ მეორე პლანზე გადაინაცვლა. თითქმის ერთი წელია, ვოკალის პედაგოგთანაც აღარ მივლია. მეგობრების წრეში ვმღერი. მართალია, სურვილი მიჩნდება ხოლმე, მაგრამ ჯერჯერობით ამ კარიერაზე სერიოზულად არ ვფიქრობ.

- მაშინდელი შოუბიზნესი უფრო აქტიური იყო, ვიდრე დღევანდელი.

- ნამდვილად ასე იყო. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ყველაფერი მიხაროდა და მაოცებდა. როცა გიგა წამიყვანდა ხოლმე კონცერტებზე, ცნობილ სახეებს ვხედავდი და მათთან ერთად გამოვდიოდი სცენაზე, ძალიან მიხაროდა. მე რაც მახსოვს, ძალიან ბევრი კონცერტი იმართებოდა, ტარდებოდა უამრავი ტურნე საქართველოს მასშტაბით. ახლა კი ჩემი მეგობრებისა და კოლეგებისგან ხშირად მესმის, რომ კონცერტებით განებივრებულები არ არიან. როცა დავფიქრდი, რომ სიმღერა ბევრ რამეს ვერ მომცემდა, ჟურნალისტიკა ავირჩიე და ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით (იღიმის).

მეორე კურსიდან უკვე გასართობ-მუსიკალურ რადიოში ვმუშაობდი. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ხალხთან ურთიერთობისა და ეთერში ჯდომის თვალსაზრისით. მქონდა შეხება მომღერლებთანაც, სიახლეების საქმის კურსში ვიყავი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჟურნალისტური კარიერა რადიოში დავიწყე.

შემდეგ "პალიტრა ტვ"-ის პროგრამირების ხელმძღვანელი დამიკავშირდა და შემომთავაზა, რომ სამი თვის განმავლობაში ამ არხის დილის გადაცემა წამეყვანა. ტელეწამყვანი თამთა კვარაცხელია დეკრეტში გახლდათ და მის დროებით შემცვლელს ეძებდნენ. გამიხარდა, ამ ახალი გამოცდილების მიღების შანსი რომ მომეცა. ისიც მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა ამგვარი გადაცემის წაყვანას. პილოტის ჩაწერის შემდეგ დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს დილის გადაცემის გაძღოლა. რა თქმა უნდა, თავიდან ძალიან მიჭირდა, რადგან დილას ადრე გაღვიძებას არ ვიყავი მიჩვეული, დილის 7-ის ნახევარზე უკვე მეღვიძა. ამასთანავე, ღია ეთერს ახლდა ღელვა ბევრი სხვა მიზეზის გამოც, მაგალითად, იმიტომ, რომ ეს გადაცემა არა მხოლოდ ტელევიზიაში, არამედ რადიოეთერშიც გადიოდა, გარდა ამისა, პრესის მიმოხილვა უნდა გამეკეთებინა პირველად ცხოვრებაში. მაგრამ იმდენად კარგი, თბილი და მეგობრული გარემო დამხვდა, რომ ამან სტიმული მომცა. როგორც ჩანს, დილის გადაცემას თავი გავართვი, რადგან თამთას დაბრუნების შემდეგ "პალიტრა ტვ"-ის საღამოს გადაცემის, "სოციოგრამის" წაყვანა შემომთავაზეს. ეს არის ინტერნეტსივრცის აქტუალური თემების მიმოხილვა, ყოველ საღამოს, ექვს და ცხრა საათზე. რა თემებიც არის პოპულარული ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში, ყველაფერზე ვამახვილებთ ყურადღებას, ჩემი აზრით, საინტერესო გადაცემაა და ამგვარი ფორმატი ქართულ არხებზე არსად შემხვედრია. იმედია, მაყურებელსაც მოსწონს. შესაძლოა, ვიღაცას საინფორმაციო გადაცემის ასოციაცია გაუჩნდეს, მაგრამ ეს განსხვავებული ფორმატია მაინც - მაყურებელს შესაძლოა, იმ დღეს ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე, თუმცა არა მხოლოდ თემებზე ვსაუბრობთ, არამედ ამა თუ იმ აქტუალურ თემაზე გამოხმაურებებს, ინტერნეტმომხმარებლის პოზიციასაც ვაცნობთ მაყურებელს. გარდა ამისა, ცნობილი ადამიანების სტატუსებსაც ვკითხულობთ და მათზე ხალხის გამოხმაურებებსაც. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ლანძღვა-გინების შემცველი სტატუსი ეთერში უნდა წამეკითხა და ძალიან შემრცხვენია, მაგრამ მაინც წამიკითხავს. თავს იმით ვიმშვიდებ ხოლმე, რომ ეს ჩემი ნათქვამი არ არის და სხვისას ვკითხულობ (იცინის).

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები