"ფსიქოსოციოლოგი" ბალზაკი და საზოგადოების "უკვდავი" მანკიერებები

"ფსიქოსოციოლოგი" ბალზაკი და საზოგადოების "უკვდავი" მანკიერებები

"ჩემი რჩეული მსოფლიოს" სერიით გამოცემულ, ონორე დე ბალზაკის რვატომეულში, რომელიც "ადამიანური კომედიის" მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს, მისი დროის ფრანგი საზოგადოების ბუნება და ცხოვრების წესია აღწერილი. პერსონაჟების ვრცელი გალერეის მეშვეობით გადმოცემული სოციალური სურათის გადმოცემისას, მწერალი იმგვარი ანალიზის ნიმუშებს გვთავაზობს, რომელიც დღესაც აქტუალური რჩება არა მარტო ფრანგი საზოგადოებისთვის. ნიმუშად მოტანილი რამდენიმე მათგანი ამას აშკარად ცხადყოფს:

...ამ ქვეყანას ის უნდა მიუზღათ, რისი ღირსიცაა. გსურთ, კარგი მდგომარეობა შეიქმნათ?.. მე დაგეხმარებით... თქვენ თავად გაზომავთ ქალთა გარყვნილების სიღრმეს და მამაკაცთა უბადრუკი ამაოების სიგრძე-სიგანეს. მართალია, მე გულდასმით წავიკითხე "საზოგადოების წიგნი", მაგრამ თურმე ზოგიერთი გვერდი ჩემთვისაც უცნობი დარჩენილა... ახლა კი უკვე ყველაფერი ვიცი. რაც უფრო მეტ გულგრილობას გამოიჩენთ, მით უფრო შორს წახვალთ. შეუბრალებლად იმოქმედეთ ხოლმე და ადამიანებს თქვენი შიში ექნებათ. მამაკაცებსაც და ქალებსაც ისე მოექეცით, როგორც ფოსტის ცხენებს, რომლებსაც უმოწყალოდ მიერეკებიან, თუნდაც ყოველ სადგურზე ფეხი მოეკვეთოთ; ამგვარად მიაღწევთ თქვენი სურვილების მწვერვალს... თუ ჯალათი არ იქნებით, მსხვერპლად გადაიქცევით...

...თქვენს მდგომარეობაში მყოფი ორმოცდაათი ათასი ახალგაზრდა კაცი სწრაფი გამდიდრების პრობლემის გადაწყვეტას ცდილობს. მათ შორის თქვენ მხოლოდ ერთეულს წარმოადგენთ. განსაჯეთ, რამდენი ძალ-ღონე უნდა დახარჯოთ და რა გააფთრებული ბრძოლა მოგელით. ქოთანში მომწყვდეული ობობებივით უნდა დაჭამოთ ერთმანეთი, ვინაიდან ორმოცდაათი ათასი სახეირო ადგილი არ არსებობს. თუ იცით, აქ გზას როგორ იკაფავენ? ან გენიოსის ბრწყინვალებით, ან - მოქრთამვის საშუალებით... პატიოსნებით ვერაფერს მიაღწევთ. გენიოსის ძლიერების წინაშე ქედს იხრიან; იგი სძულთ, ჭორებით ჩირქს სცხებენ, რადგან მას ყველაფერი განუყოფლად მიაქვს. მაგრამ სანამ ურყევად დგას, უჩოქებენ; ერთი სიტყვით, მას მუხლმოდრეკით ეთაყვანებიან, როდესაც არ შეუძლიათ, რომ ტალახში ამოსვარონ. მექრთამეობა - ძალაშია, ნიჭი - იშვიათობაა. ამიტომ მოსყიდვა უნიჭოების იარაღად გადაიქცა. ეს ქვეყანა სავსეა უნიჭოებით და თქვენ ყველგან იგრძნობთ მის ჩხვლეტას...

...აბა, მიდით, ორიოდე ნაბიჯი გადაადგით პარიზში და ნუ შეხვდებით რამე ყალთაბანდობას. თავს დავდებ სანაძლეოდ, რომ პირველივე ქალი, რომელიც მოგეწონებათ, თუ ის მდიდარი, ლამაზი და ახალგაზრდა იქნება, კრაზანების ბუდეში ამოგაყოფინებთ თავს. ისინი ყველანი კანონთან პირშავად არიან და ყოველგვარი საბაბით თავიანთ ქმრებს ებრძვიან... ამიტომაა, რომ პატიოსანი ადამიანი ყველას მტერია, მაგრამ თქვენ როგორ გესმით პატიოსანი ადამიანის რაობა? პარიზში პატიოსანი ის არის, ვინც ჩუმ-ჩუმად აკვარახჭინებს საქმეებს და წილში არავინ შეჰყავს. არაფერს გეუბნებით იმ საცოდავი მონების შესახებ, რომლებიც ყველგან წელს იწყვეტენ და არასოდეს იღებენ საკუთარი შრომის საფასურს... მაშ, თუ სწრაფად გამდიდრება გსურთ, ან უკვე უნდა გქონდეთ შეძლება, ანდა შეძლებულად უნდა მოაჩვენოთ ყველას თავი... აი, ცხოვრების ჭეშმარიტი სინამდვილე! რითია იგი სამზარეულოზე უკეთესი: ისევე ყარს და თუ რამის მომზადება გინდა, ხელიც უნდა გაისვარო, მაგრამ მერე ხელის დაბანაც კარგად უნდა იცოდე. ესაა ჩვენი ეპოქის მთელი მორალი...

"მამა გორიო"

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს