ვის ეძებს მარიკა დარჩია "პალიტრა ტვ"-ს ეთერით

ვის ეძებს მარიკა დარჩია "პალიტრა ტვ"-ს ეთერით

ბავშვობაში არც მსახიობობაზე უოცნებია და არც ბალერინობაზე, სკოლაში კარგად სწავლობდა და დამთავრების შემდეგ, ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, რადგანაც ბუნება უყვარდა. მართალია მაშინ სამედიცინო ინსტიტუტში სწავლა მოდური იყო, მაგრამ არც ექიმობა სდომებია, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ოჯახიდან არის. "არ მომინდა ექიმობა, რადგან ადამიანის ავადმყოფობას საოცრად განვიცდი და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მეც ავად ვხდები", - ამბობს მარიკა დარჩია, ადამიანი, რომელიც დღეს "პალიტრა მედიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძრვანელობს.

მარიკას ცხოვრებაში სიახლეა: ყოველდღე, "პალიტა ტვ"-ის ეთერით მისი საავტორო გადაცემა "სტუმრად მარიკა დარჩიასთან" გავა.

მარიკა დარჩია:

- ჩემი გადაცემა არის შეხვედრა ადამიანათან, რომ ყველამ დავინახოთ ის, რაც დღეს ყველაზე ძნელია, როგორც სპინოზას აქვს ნათქვამი: "ბევრ ადამიანს არ ჰყავდა ის, ვინც მას გამოაღვიძებდა და დაგვანახებდა". არადა, პიროვნების დანახვა ძალზე საინტერესო რამ არის. ყოველი ინდივიდი ხომ ცალკე სამყაროა, რომელზეც წიგნი შეიძლება, დაიწეროს. დღეს, როდესაც ყველაფერი პოლიტიკით არის გაჯერებული, მე ადამიანები მაინტერსებს...

ვანხოთ, იმედი მაქვს, რომ საოცარი ადამიანები მეწვევიან. პრინციპში, ორი გადაცემა უკვე ჩაიწერა და უკმაყოფილო სულაც არ ვარ...

გადაცემაში მოსულ თითოეულ სტუმარს ვთხოვ, მათი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი მუსიკალური ნაწარმოები მოიტანოს და მოყვეს იმაზე, რატომ აარჩია ესა თუ ის ნაწარმოები. ესეც მაძლევს პიროვნების სხვანაირად გახსნის საშუალებას. მათ "სიბრძნის ენციკლოპედიასაც" ვჩუქნით და ვთხოვ, საყვარელი რიცხვი დამისახელონ, მერე წიგნს იმ რიცხვზე არსებულ გვერდზე ვშლი და იქ განთავსებულ სიბრძნეს ვუკითხავ, რითაც ვაცილებ კიდეც გადაცემიდან...

- როგორც ვატყობ, ეს გადაცემა იქნება ადამიანების ძიების მცდელობა...

- კი, მე ვეძებ ადამაინებს, რათა ისინი ყველას დავანახო. გადაცემა ორშაბათს, "რადიოპალიტრის" ეთერშიც გავა. მოკლედ, ყოველ საღამოს, 19 საათსა და 30 წუთზე სტუმრებს ველოდები.

სანამ მარიკა დარჩია საინტერესო ადამიანებს საზოგადოებას გააცნობს, მანამდე ჩვენ ვეცდებით, ეს ქალბატონი საზოგადოებას უფრო ახლოს თავად გავაცნოთ და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე შევჩერდეთ.

- ექიმ მშობლებს ალბათ თქვენი მედიკოსობა უნდოდათ...

- მშობლებს რომ ვუთხარი, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლას არ ვაპირებ-მეთქი, არ მოეწონათ, მაგრამ დარწმუნებულები იყვნენ, რომ პროფესიას ჰუმანიტარული მიმართულებით მაინც ავირჩევდი, რადგან პატარაობიდან ვწერდი, ვთარგმნიდი... ისევ გავაწბილე ჩემები, - ვიფიქრე, ლიტერატურულ საქმიანობას თუ მომინდება, ისედაც გავაკეთებ-მეთქი და არჩევანი მეცნიერების სასარგებლოდ გავაკეთე. კარგად ვსწავლობდი. დავამთავრე ასპირანტურა, დავიცავი დისერტაცია... თავიდან მშობლები ამას ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ მერე იფიქრეს, რომ ამ ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებდი და თავი დამანებეს...

თუმცა დისერტაცია რომ დავიცავი, მივხვდი, იმ საქმიანობის გაგრძელება აღარ მინდოდა. მაშინ საქართველოში ეროვნული მოძრაობა იწყებოდა. ერთხელაც, რაღაც გაზეთიდან შევიტყვე, რომ "მწვანეთა მოძრაობა" ყალიბდებოდა, მაგრამ არაფერი ვიცოდი მათ შესახებ და მივხვდი, რომ ამ პროცესში ჩართვა მინდოდა, რადგანაც გარემოს პრობლემები მუდმივად მადარდებდა...

"მწვანეებში" რომ მივედი, დამხვდნენ: ზურაბ ჟვანია, გია ბარამიძე, ნაირა გელაშვილი, ნიკა ონიანი (ეს ჯგუფი "რუსთაველის საზოგადოებასთან" იქმნებოდა). პატარა ორგანიზაცია იყო, თან, ენთუზუასტების გუნდი და დაფინანსება საიდან უნდა ჰქონოდათ? ამიტომ, იმ ზაფხულს, კიკეთში საქველმოქმედო ღონისძიება მოვაწყვე, - დამსვენებლების მონაწილეობით, გურამ ფანჯიკიძის პატარა პიესა დავდგი, ბილეთები გავყიდე, შემოსული თანხით (127 ლარი) "მწვენეთა მოძრაობამ" მთელი საქართველო შემოვიარეთ და ქვეყნის მასშტაბით პრობლემები დავაფიქსირეთ.

- ჟურნალისტური საქმიანობა როდის და როგორ დაიწყეთ?

- 90-იან წლებში ერთადერთი ტელევიზია "I არხი" და სახელმწიფო რადიო იყო. ჰოდა, რადიოში, "პიკი საათს" რუბრიკა - "ბუნება მბრძანებელია" შევთავაზე ("პიკი საათი" ერთადერთი გადაცემა იყო, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა). რადიოს ხელმძღვანელი ვახო ნანიტაშვილი დამთანხმდა და ამ რუბრიკას ყოველ ორშაბათს ვაკეთებდი. ის გადაცემა გარემოს დაცვის პრობლემაზე იყო. იქ ძალიან მალე შემომთავაზეს, - იქნებ რადიოში სამუშაოდ გადმოხვიდეო...

მერე მცირე პერიოდის მანძილზე მე და მამუკა სალუქვაძე სატელევიზიო პროგრამაზე - "ეს შაბათ-კვირა" ვმუშაობდით...

- მთელი ცხოვრება ძიების პროცესი ყოფილხართ...

- ჩემი მშობლებისთვის რთული იყო ჩემი შვილობა...

უფროსი მეცნიერ მუშაკობიდან ტელევიზიაში რედაქტორად წავედი, სამეცნიერო გზაზე უარი ვთქვი... მოკლედ, ვერაფერი გაიგეს... ყოველთვის ვაკეთებდი იმას და ისე, როგორც მე მინდოდა. ტელევიზიაში ძალიან საინტერესო პერიოდში ვმუშაობდით, კარგი ჯგუფი იყო. შემდეგ იმ გადაცემიდან ოთარ შაორშაძემ პროგრამა "ალიონი" გააკეთა. ეს იყო ერთაერთი დილის გადაცემა, რომელზეც მართლა შეკრული გუნდი მუშაობდა.

- "მწვანეთა მოძრაობას" ჩამოშორდით?

- არა, პარალელურად "მწვანეების" თანათავჯდომარე ვიყავი. არასამთავრობო ორგანიზაციებს ვკურირებდი. ბევრ ქვეყანაში გვქონდა მიწვევა. საკუთარი საქმიანობის პოპულარიზაციას ვეწეოდით, ვაწყობდით საბავშვო აქციებს, ჩემი ხელით მაქვს გარეცხილი "მუშთაიდის ბაღი", რომ ბავშვებს ასფალტზე ეხატათ.

ერთხელაც, ბელგიაში, კონფერენციაზე იმის შესახებ შევიტყვე, რომ ვიღაც კარგ "ფაბლიქ რილეიშენს" აკეთებდა. ეს სიტყვა პირველად გავიგე. ეს იყო 1991 წელი. მოკლედ, 1992 წელს ამ საფუძვლიანად საკითხით დავინტერესდი და ამ მიმართულებით კურსები გავიარე. 1993 წლის ბოლოს კი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია - "საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრი" შევქმენი. ამ საქმეს პოპულარიზაციას ვუკეთებდი. გვშველოდა ის, რომ საქართველოში მსოფლიო ბანკი და გაეროს დიდი პროექტები შემოდიოდა, რომელთაც საზოგადოებასთან ურთიერთობის ნაწილი ჰქონდათ. ბევრ ასეთ დიდ პროექტში ვმონაწილეობდი. ტელევიზიიდანაც წამოვედი და დიდხანს ვიყავი ამ საქმნიანობაში...

- საკრებულოშიც მახსოვხართ...

- კი, ზურა ჟვანიამ პოლიტიკაში დამაბრუნა. პირველი არჩეული საკრებულოს წევრი ვიყავი და დიდი კომისიის თავმჯდომარე და თვითმმართველობის კონგრესში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე. პარლელურად, "ფაბლიქ რლეიშენში" ლექციებს ვკითხულობდი. შემდეგ პატარა პაუზა მქონდა, რომლიც დროსაც ამ სფეროში პატარა წიგნიც დავწერე.

- "პალიტა მედიაში" მუშაობა როდის დაიწყეთ?

- წიგნი რომ დავწერე, იმის მერე "პალირტრაში" დამიძახეს. სანამ ამ კომპანიაში მოვიდოდი, მეგონა, რომ აქ მხოლოდ გაზეთი "კვირის პალიტრა" იყო და მეტი არაფერი, მაგრამ კომპანიაში მოსული გაოცებული დავრჩი, როდესაც ამდენი საინტერესო ადამიანი და საინტერესო პროექტი ვნახე. მადლიერი ვარ "მედია პალიტრის" ხელმძრვანელის - ირაკლი თევდორაშვილის. წლების წინ სწორედ მან მომიწვია აქ სამუშაოდ. მითხრა, "ფაბლიქ რილეიშენი" გვაკლია და იქნებ ამ მიმართულებას მიხედოო...

მალე მივხვდი, ამ კომპანიაში მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა... დღეს უკვე მეჩვენება, რომ "პალიტრაში" მისი დაარსებიდან ვმუშაობ.

- ვიცი, რომ თქვენი მონაწილეოიბითა და ინიციატივით "პალიტრა მედიაში" ბევრი რამ შეიცვალა...

- ძნელია საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ბევრ პროექტში მივიღე მონაწილეობა. განახლდა ჟურნალი "ბომონდი", იყო იდეა არაერთი ახალი ჟურნალის შექმნის, მაღაზიათა ქსელი - "ბიბლუსიც" კომპანიაში ჩემ მოსვლას დაემთხვა და ის ცნობილი სლოგანიც - "წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები", ჩემი მოგონილია, რომლითაც ვამაყობ. "50 წიგნის" იდეა, ბრიტანეთდან ჩამოვიტანე. ჟურნალ "და ქალის", ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ...

- არ ნანობთ, რომ მეცნიერებას, საბოლოოდ უარი უთხარით?

- მეცნიერებამ ზოგადად კითხვის დასმა მასწავლა. რომ მიიღო პასუხი ანუ ყველაფერი მზა, დასვი კითხვა: - რატომ ხდება ეს?..

Pს. ორშაბათიდან მარიკა დარჩიას თავის გადაცემაში ბევრი კითხვის დასმა მოუწევს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები