ეგეოსის ზღვაში ჩაძირული ქართული ეკიპაჟის კაპიტნის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ეგეოსის ზღვაში ჩაძირული ქართული ეკიპაჟის კაპიტნის ოჯახი დახმარებას ითხოვს

ეგეოსის ზღვაში ჩაძირული სატვირთო გემის, "სტელას" კაპიტნის ლევან თებიძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კაპიტნის ძმამ, ირაკლი თებიძემ განუცხადა, მისი ძმის პოვნა ამ დრომდე არ მოხერხდა, ეკიპაჟის გადარჩენილ წევრებთან კი, კონტაქტი აქვს და ისინი საბერძნეთში დაკითხვაზე იმყოფებიან.

"მეზღვაურები დაკითხვაზე არიან, ჩემი ძმა კი ამ დრომდე ვერ იპოვეს. როგორც მეუბნებიან, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ვიცით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტროლზე ჰყავს აყვანილი საქმე და საბერძნეთში კონსული საქმის კურსშია. მჯერა, რომ საბერძნეთი ყურადღებას არ მოაკლებს ამ საქმეს, საქართველოს მხრიდანაც ეჭვი არ უნდა შემეპაროს, რადგან სახელმწიფო დონეზე წყდება ყველაფერი", - აღნიშნა ირაკლი თებიძემ.

"სტელას" ეკიპაჟის ექვსივე წევრი ეროვნებით ქართველია. გადარჩენილი ხუთი მეზღვაური საბერძნეთში იმყოფება. სატვირთო გემი თურქეთის პორტ ალიაგადან კვიპროსისკენ მიემართებოდა. მის ბორტზე ტვირთი არ იყო. გემიდან წამოსული განგაშის სიგნალის მიღებისთანავე, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო საბერძნეთის სანაპირო დაცვის შესაბამისი სამსახური, რომელმაც ავარიის რაიონში კუნძულ როდოსიდან ვერტმფრენი და სასაზღვრო კატარღა გაგზავნა. ოპერაციის შედეგად, ნაპოვნი ხუთივე ქართველი ვერტმფრენით კუნძულ როდოსის საავადმყოფოში გადააგზავნეს.

"ინტერპრესნიუსი"