საბავშვო ჟურნალი გოგონებისა და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე გაიყიდება

საბავშვო ჟურნალი გოგონებისა და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე გაიყიდება

შემეცნებით-გასართობი ჟურნალის - "საბავშვო კარუსელის" რედაქცია მშობლებსა და პატარა მკითხველებს უპრეცედენტო სიახლეს სთავაზობს. ჟურნალის რედაქცია გოგონებისა და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე ნომრების გამოშვებას გეგმავს. შესაბამისად, მალე საგაზეთო ჯიხურებში "საბავშვო კარუსელი ბიჭებისთვის" და "საბავშვო კარუსელი გოგონებისთვის" გაიყიდება.

როგორც "საბავშვო კარუსელის" რედაქციაში განმარტავენ, ორ ნაწილად ჟურნალი მხოლოდ თვეში ერთხელ, თვის ბოლო პარასკევს გამოვა. დანარჩენი სამი პარასკევის განმავლობაში კი ჟურნალს ჩვეულებრივი ფორმატი ექნება. პირველ გაორმაგებულ ნომერს პატარა მკითხველი 29 ნოემბერს იხილავს. ბიჭების ჟურნალს თან ახლდება სამგანზომილებიანი ასაწყობი თვითმფრინავები, გოგონებისას კი წიგნი სიურპრიზი - "მე და ჩემი ბებიკო". ხმოვანი წიგნების სერია კი, რომელიც ამჟამად ახლავს ჟურნალს, დანარჩენი სამი პარასკევის განმავლობაში ჩვეულებრივ გაგძელდება.

"ამ სიახლეს ერთადერთი მიზანი აქვს - ჟურნალი მაქსიმალურად მოერგოს პატარების გემოვნებას და მოთხოვნებს. აქამდეც ასე იყო, თუმცა გამოკვეთილად გოგონებისთვის და ბიჭებისთვის მომზადებულ მასალებს მკითხველს პირველად შევთავაზებთ", - აცხადებენ რედაქციაში.

შემეცნებით-გასართობი ჟურნალი "საბავშვო კარუსელი" 2004 წლიდან გამოდის და განკუთვნილია 4-დან 10 წლამდე მოზარდებისთვის. ჟურნალში ქვეყნდება შემეცნებით-გასართობი მასალები, რომლებიც როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პედაგოგ-ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულ განმავითარებელ სავარჯიშოებს ეყრდნობა და მოზარდის ინტელექტუალური უნარების განმტკიცებას უწყობს ხელს.

"თამაშები, რომლებიც ბავშვის ლოგიკას, ყურადღების კონცენტრაციას, დაკვირვების უნარს უვითარებს, მოზარდს უფრო სერიოზული ამოცანების გადაწყვეტაშიც დაეხმარება. გარდა ამისა, სასურველია ბავშვს პირველი ინტელექტუალური კონტაქტი ბეჭდურ გამოცემასთან ჰქონდეს და არა კომპიუტერთან. ეს კითხვისადმი და წიგნისადმი სწორ დამოკიდებულებასაც განაპირობებს. ამიტომ ვცდილობთ, რომ ბეჭდური გამოცემა ვიზუალურადაც ისეთივე მიმზიდველი იყოს მათთვის, როგორც საყვარელი მულტპერსონაჟები. "საბავშვო კარუსელი" გოგონებისთვის და ბიჭებისთვის ამის კიდევ ერთი მცდელობაა" - განმარტავენ "საბავშვო კარუსელში".

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები