კომპანია "კარტლისი" საპატრიარქოსთან ერთად სასოფლო-საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთო

კომპანია "კარტლისი" საპატრიარქოსთან ერთად სასოფლო-საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთო

ახალგაზრდა ფერმერებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით, კომპანია "კარტლისსა" და საქართველოს საპატრიარქოს შორის, 5 ნოემბერს მემორანდუმი გაფორმდა.

"გახდი ფერმერი" - ამ პროექტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საპატრიარქოს და "კარტლისის" წარმომადგენლებმა ხელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში, მოაწერეს. ღონისძიებას ახალგაზრდა ფერმერები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აგრარულ სექტორში წამყვან კომპანია "კარტლისსა" და საპატრიარქოს შორის თანამშრომლობა, პირველ ეტაპზე 15 ახალგაზრდის სოფლის მეურნეობის სპეციალისტად აღზრდას ითვალიწინებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახალგაზრდებს პრაქტიკულ სამუშაოებს "კარტლისში" მომუშავე გამოცდილი სპეციალისტები შეასწავლიან. "კარტლისის" მიწებზე ხორბლის, სიმინდის და კარტოფილის თესვის, მიწის დამუშავების და მოსავლის აღების პროცესში მომავალი ფერმერები თავად მიიღებენ მონაწილეობას. ხვნა-თესვის სამუშაოები ასევე ჩატარდება საპატრიარქოს მიერ გამოყოფილ 15 ჰექტარ მიწის ფართობზე.

"კარტლისის" მენეჯმენტში აცხადებენ, რომ მომავალი სეზონისთვის ახალგაზრდა ფერმერები მზად იქნებიან დამოუკიდებლად შეძლონ იმ მიწების დამუშავება, რომელსაც პროექტის ფარგლებში მათ საპატრიარქო გამოუყოფს.

"დღეს-დღეობით, საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიონალი ფერმერების ნაკლებობაა, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საპატრიარქოს წამოწყებას და საკუთარი წვლილი შევიტანოთ სასოფლო-საგანმანათლებლო სფეროში. აღნიშნულ პროექტს კომპანია "კარტლისი" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელებს", - აცხადებს კომპანია "კარტლისის" დირექტორი რობერტ რევია.

"აგრობიზნესის განვითარების ინოვაციური ცენტრი უწმინდესის კურთხევით დაარსდა და მისი ძირითადი მიმართულება ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების განათლება და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაა. პროექტის ფარგლებში, თეთრწყაროს რაიონში 20 ჰექტარზე უკვე ჩავატარეთ სახნავ-სათესი სამუშაოები. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვერდში გვიდგას ისეთი წარმატებული აგრო კომპანია, როგორიც "კარტლისია", - განაცხადა აგრობიზნესის ინოვაციური ცენტრის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე სვანიძემ.

კომპანია "კარტლისმა" საპატრიარქოს პროექტის მხარდასაჭერად, ახალგაზრდა ფერმერებს უფასოდ გადასცა 3,3 ტონა ხორბლის მაღალი ხარისხის სათესლე მასალა და 750 კილოგრამი სასუქი. "კარტლისის" მენეჯმენტში აცხადებენ, რომ მემორანდუმი ორწლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს. პროექტის მხარდასაჭერად კომპანია "კარტლისმა" 30 000 ლარი გამოყო.

მემორანდუმის ცერემონიაზე საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის დარგის თავჯდომარე დეკანოზი თევდორეც იმყოფებოდა, რომელმაც მომავალი ფერმერები დალოცა და წარმატება უსურვა.

კომპანია "კარტლისი" (ყოფილი "გარემო და ანალიტიკა") 1997 წელს დაარსდა და მუშაობს სოფლის მეურნეობაში არსებული ყველა მიმართულებით: სათესლე მასალა, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, საირიგაციო სისტემები, სასოფლო - სამეურნეო კულტურების წარმოება. ამ დროისთვის იგი თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის მიმართულების ისეთ მსოფლიო ბრენდებთან როგორებიცაა: DuPont, Pioneer, FMC, Bejo, TimacAgro და HZPC. კომპანიას გააჩნია ფერმერთა მომსახურების ცენტრები და სავაჭრო ობიექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათ შორის: ლაგოდეხში, ბოლნისში, წნორში, გორში,ზუგდიდში და სხვა რაიონულ ცენტრებში. "კარტლისი" პრესტიჟული ამერიკული ჯილდოს "ENVIRONMENTAL RESPECT AWARDS"- ის მფლობელია. კომპანიას ჯილდო პესტიციდების დისტრიბუციის საუკეთესო მენეჯმენტისთვის გადაეცა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი