ლიტერატურის ტიტანი და უნიათო საქმოსანი

ლიტერატურის ტიტანი და უნიათო საქმოსანი

ონორე დე ბალზაკი, რომლის რვატომეულიც ჟურნალ "გზასთან" ერთად, "ჩემი რჩეული მსოფლიოს" სერიით გამოდის, ძალზე რთული, ბობოქარი ცხოვრებით ცხოვრობდა და სინამდვილიდან აღებული გამოცდილებაც თავის მრავალფეროვან შემოქმედებაშიც "ფერადოვნად" ასახა. თუმცა თავად მწერლის ბიოგრაფიაც რამდენიმე დიდ რომანში ასახვის ღირსია, ამიტომ მის ცალკეულ ეპიზოდებს ჟურნალის მომდევნო ნომრებშიც დავუბრუნდებით...

ბალზაკის შრომითი ბიოგრაფია სასამართლო კანტორაში, წერილების დამტარებლის ადგილით დაიწყო. სამწლიანი მუშაობის შემდეგ გადაწყვიტა, ლიტერატურაში ეცადა ბედი. 1819-24 წლებში ფსევდონიმით გამოაქვეყნა რამდენიმე რომანი, რომლებიც რუსოსა და სკოტის გავლენით დაწერა. იმთავითვე უჩვეულოდ დიდი შემოქმედებითი ნაყოფიერებით გამოირჩეოდა: ყოველდღიურ ლიტერატურულ გამოცემებთან თანამშრომლობით, კომერციული დანიშნულების მრავალი რომანი გამოაქვეყნა.

1822 წელს დაიწყო მისი სასიყვარულო კავშირი 45 წლის მადამ დე ბერნისთან. თავდაპირველად მხურვალედ დაწყებულმა ურთიერთობამ ონორე ემოციურად გაამდიდრა, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებაც შესძინა. მოგვიანებით ამ კავშირმა პლატონურ "სივრცეში" გადაინაცვლა და ამგვარი მეგობრობის იდეალური სურათი მის ნაწარმოებში - "შროშანი ველზე" აისახა.

მცდელობამ - საგამომცემლო-სასტამბო საქმიანობით მატერიალური კეთილდღეობისთვის მიეღწია, ბალზაკი დიდ ვალებში ჩააგდო. ამის შემდეგ ისევ მწერლობას დაუბრუნდა და რომანი - "უკანასკნელი შუანი" გამოაქვეყნა. ეს მისი პირველი წიგნი იყო, რომელიც საკუთარი გვარით გამოსცა. საზოგადოების ყურადღება ავტორმა სხვა იუმორისტული გამოცემითაც მიიპყრო. ეს იყო დამხმარე სახელმძღვანელო მამაკაცებისთვის - "ქორწინების ფიზიოლოგია".

პირველი სერიის გამოცემაზე - "ეტიუდები ზნე-ჩვეულებებზე" (1833-37) - ხელშეკრულება ბალზაკმა მაშინ გააფორმა, როცა მრავალი ტომი (სულ 12 გამოვიდა) ჯერ დასრულებული არ ჰქონდა, ზოგი კი მხოლოდ დაწყებული იყო. ჩვეულებრივ, ნაწარმოებს თავდაპირველად პერიოდულ გამოცემაში აქვეყნებდნენ, ხოლო შემდგომ, წიგნად გამოსცემდნენ. საბოლოოდ, ავტორს საშუალება ჰქონდა, ისინი ცალკეულ კრებულებად გაეერთიანებინა.

ბალზაკი მიზნად ისახავდა, საზოგადოებისთვის დაესვა დიაგნოზი და შეეთავაზებინა წამალი, მასში გავრცელებულ დაავადებათა სამკურნალოდ. "ადამიანური კომედიის" ჩანაფიქრის ძირითადი კონტურები მწერალმა 1834 წელს განსაზღვრა და შემდეგ, დასახული გეგმის შევსებას მიჰყო ხელი. ერთხანს საკუთარ თავს ამ გეგმიდან მოწყვეტის ნებაც მისცა და რაბლეს მიმბაძველობით, რამდენიმე თავშესაქცევი, ერთობ უხამსი "შუასაუკუნოვანი" ამბავიც დაწერა, სახელწოდებით - "თავაშვებული მოთხრობები" (1832-1837), რომლებიც "ადამიანურ კომედიაში" არ შესულა.

მისი შემოქმედება იმით გამოირჩევა, რომ გამოჩენილ მწერალთაგან პირველმა მიაპყრო დიდი ყურადღება მატერიალურ ფონსა და საკუთარი პერსონაჟების სახეებს. მანამდე ასე არავის გამოუსახავს მომხვეჭელობა და დაუნდობელი კარიერიზმი როგორც მთავარი, სასიცოცხლო სტიმულები. მისი რომანების სიუჟეტები ხშირად ფინანსურ ინტრიგებსა და სპეკულაციებზეა აგებული.

ბალზაკმა სახელი გაითქვა აგრეთვე ე.წ. "განმეორებადი პერსონაჟებით", რომლებიც ერთ რომანში წინა პლანზე არიან წამოწეული, მომდევნოში კი ახალი კუთხითა და ახალ გარემოებებში ჩნდებიან. აღსანიშნავია, რომ საკუთარი "აზრის თეორიის" განვითარებისას, მწერალი თავის მხატვრულ სამყაროში, აკვიატებული იდეებით ან რაიმე ვნებით შეპყრობილ ადამიანებს ასახლებს. მათ შორის არიან, მაგალითად, მევახშე გობსეკი ("გობსეკი"); შეშლილი მხატვარი ("უცნობი შედევრი"); წუწურაქი ("ეჟენი გრანდე"); მანიაკი ქიმიკოსი ("აბსოლუტის ძიება"); ქალიშვილების სიყვარულით დაბრმავებული მოხუცი მამა ("მამა გორიო"); შურისმაძიებელი შინაბერა და გამოუსწორებელი მექალთანე ("კუზინა ბეტა"); "დაბადებით" ბოროტმოქმედი ("მამა გორიო" და "კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე").

თხრობის სრულყოფილი ტექნიკა, აღწერის ოსტატობა, დრამატული ინტრიგის შექმნის ნიჭი, ყოფითი წვრილმანების დაფიქსირების უნარი, სულიერი განცდების დახვეწილი ანალიზი - ყველა ეს თვისება ონორე დე ბალზაკს აძლევს უფლებას, თანამედროვე რომანის ერთ-ერთ "მამად" იწოდებოდეს. საფრანგეთში მის უახლოეს მემკვიდრეებად ითვლებიან: გიუსტავ ფლობერი, ემილ ზოლა, მარსელ პრუსტი და კიდევ არაერთი სხვა ცნობილი მწერალი. მისი გავლენა მოგვიანებით, XX საუკუნეშიც თვალსაჩინო იყო, თუმცა კლასიკური რომანი უკვე მოძველებულ ფორმად მიიჩნეოდა.

"ადამიანური კომედიის" თითქმის ასი სახელწოდების ნაწარმოებთა ერთობლიობა მოწმობს ამ საოცარი ნაყოფიერებით გამორჩეული გენიოსის მრავალმხრივობაზე. ბალზაკი დაუღალავად, ტიტანურ შრომას ეწეოდა. იმითაც იყო სახელგანთქმული, რომ ხელნაწერის კორექტურას ნაწარმოების გადახედვისა და ტექსტის მნიშვნელოვანი სახეცვლილების მიზნითაც იყენებდა. ამასთანავე, არ ივიწყებდა რაბლესეულ სანახაობრიობას - სიამოვნებით დადიოდა ვიზიტად მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებთან, მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ და სასიყვარულო გატაცებაც მრავლად ჰქონდა.

განსაკუთრებული ადგილი მის პირად ცხოვრებაში პოლონელ გრაფინიას - ეველინა განსკას ეკუთვნოდა. ეს კავშირი, რომელსაც შემდგომ ცალკე წერილს დავუთმობთ, 1832 თუ 1833 წელს გაიბა. იმ დროს გათხოვილი, ეველინა განსკა ბალზაკს დაჰპირდა, რომ ქმრის გარდაცვალების შემდეგ ცოლად გაჰყვებოდა. ქალმა პირობა შეასრულა, თუმცა მათი თანაცხოვრება ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდა. უმძიმესი შრომით გამოწვეული მძიმე დაავადების პირველმა ნიშნებმა ბალზაკს ცხოვრების უკანასკნელი წლები გაუმწარა. როცა ბოლოს და ბოლოს, 1850 წელს ქორწინება შედგა, მას მხოლოდ სიცოცხლის ხუთი თვეღა ჰქონდა დარჩენილი.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს