რას ჰპარავს საწოლიდან დაჩი გრძელიშვილი ცოლს

რას ჰპარავს საწოლიდან დაჩი გრძელიშვილი ცოლს

ამჯერად ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი და მისი მეუღლე, ანუ როგორც დაჩი ამბობს, ოჯახის დირექტორი - ირმა იანტბელიძე "დავკითხეთ". "ოჯახის დირექტორობის" სტატუსის გარდა, ირმა გმირი დედაა და მეექვსე შვილს ელოდება. ირმა "რეიტინგის" კულინარიული დანართისა და გამომცემლობა "პალიტრა ელის" კულინარიული გამოცემების რედაქტორიც გახლავთ.

-  სად და რა ვითარებაში გაიცანით ერთმანეთი?

დაჩი:

-  სკოლაში, მე-9 კლასში ვიყავით ორივე. ირმა იმ წელს გადმოვიდა ჩემს კლასში. საერთოდ, ძალიან აგრესიული იყო ჩემ მიმართ, უზარმაზარი წიგნი ჩამარტყა თავში, კარგად მახსოვს.

ირმა:

-  სკოლაში. მის კლასში გადავედი მე-9 კლასიდან და ორი წელი ერთად ვისწავლეთ.

-  როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილება მასზე? როგორ გგო­ნია, მას რა წარმოდგენა დარჩა შენზე?

დაჩი:

-  რაღაცნაირად მამეწონა, შევხედე თუ არა (იღიმის). მას ალბათ ცოტა უცნაური მოვეჩვენე. იმ პერიოდში ფსიქოლოგიური ექსპერიმენტებით ვიყავი დაკავებული. ამ ექსპერიმენტების მსხვერპლი ისევ და ისევ ჩემი კლასელები იყვნენ. ვფიქრობ, ირმას დიდად არ მოსწონდა ჩემი ექსპერიმენტები. ეს იყო გამაღიზიანებელი ფაქტორებით მოქმედება ადამიანის ნერვულ სისტემაზე იმის შესამოწმებლად, როგორი რეაქცია ექნებოდა ამა თუ იმ ადამიანს ამა თუ იმ კონკრეტულ ქმედებაზე. ვამოწმებდი მოთმინების უნარს.

-  კონკრეტულად ირმას როგორ აბრაზებდი?

-  მაგალითად, დავუჯდებოდი წინ და ვუყურებდი თვალებში 15 წუთის განმავლობაში. ამ ცდას საკმაოდ დიდი ზომის წიგნის თავში ჩარტყმა მოჰყვა პასუხად. მწარედ მახსოვს.

ირმა:

-  უცნაური იყო. არ აქტიურობდა, სულ ჩუმად იყო, არაჩვეულებრივ თემებს წერდა და ისეთ იუმორს ავლენდა ამ თემებში, ძალიან მომწონდა. ჩემზე რას ფიქრობდა? რა გითხრათ, თავიდან არ შევუმჩნევივარ, ასე ვფიქრობ.

-  ქორწინების თარიღი?

დაჩი:

-  თარიღებს ვერ ვიმახსოვრებ. ვიცი ჩემი დაბადების დღე, ჩემი ცოლის დაბადების დღე ახლახან დავიმახსოვრე, ჩემი პირველი ბიჭის დაბადების დღე, 21 მაისი და ჩემი მშობლების, ვინაიდან ორივე ერთ დღეს - 10 მარტს არის დაბადებული. სხვათა შორის, ამასაც დიდხანს ვიხსომებდი. ქორწილი, წესით, შემოდგომაზე უნდა გვქონოდა. შარშან, თუ არ ვცდები, ოქტომბერში მისაყვედურა ირმამ, ქორწინების მერამდენეღაცა წლისთავი გვაქვს და რატომ არ გახსოვსო. წელს რაც შეეხება, მოიცა (მაგიდიდან გამომთვლელ მანქანას იღებს და ანგარიშობს) 1994-1995 წელი იქნებოდა, სავარაუდოდ.

ირმა:

-  1994 წლის 14 ოქტომბერი.

-  ვინ გამოტყდა პირველი სიყვარულში?

დაჩი:

-  ალბათ მე. არ გეგონოთ, რომ არც ეს მახსოვს. უბრალოდ, კვირაში რამდენჯერმე ვჩხუბობდით და მერე ერთმანეთს ისევ სიყვარულს ვუხსნიდით. ეს იმდენჯერ მოხდა, ვეღარ დავიხსომე, რომელი როდის იყო პირველი. მე უფრო ხშირად ვიჩენდი ინიციატივას. იმ დღეს კი ვატყუებდი ჩემს უფროს ბიჭს, დედაშენი რამდენჯერ მიტირებია სიყვარულით გულდათუთქული-მეთქი და ამ დროს შემომისწრო დედამისმა (იცინის). გამომიჭირეს ტყუილში.

ირმა:

-  არ მახსოვს. ალბათ დაჩი.

-  რამდენჯერ ჰყვარებია შენა­მდე? შენ?

დაჩი:

-  ალბათ ჰყვარებია, მაგრამ რამდენჯერ არ ვიცი. 15 წლიდან ერთად ვართ და ბევრის შეყვარებას ვერ მოასწრებდა. მე მოვასწარი 2-3-ჯერ. საბავშვო ბაღში მიყვარდა ერთი გოგონა, სახელს არ ვიტყვი. საშინელი ბწკენა იცოდა. ერთ მშვენიერ დღეს მომბეზრდა მისი ბწკენა, პატარა ბავშვი ვიყავი, ბოლოს და ბოლოს, მტკიოდა და ვუთხარი, აღარ მიყვარხარ-მეთქი. ამით დამთავრდა ჩემი პირველი სევდიანი სიყვარულის ამბავი. მერე იყო კიდევ 1-2 სიყვარული, მაგრამ არასერიოზული.

ირმა:

-  საბავშვო ბაღის სიყვარულებსაც თუ ჩავთვლით, ალბათ, 2-ჯერ. მე არავინ მყვარებია დაჩიმდე. 15 წლიდან ერთად ვართ და რა სიყვარული უნდა მომესწრო?

-  ქათინაურებს გულუხვად იმეტებთ ერთმანეთისთვის?

დაჩი:

-  რა ვიცი, ძალიან ალერსიანები ვართ, ოღონდ არ გვიყვარს ამ ყველაფრის საჯაროდ გაკეთება. ძალიან მაღიზიანებს, როცა ერთმანეთს საჯაროდ ბუსუსუნას და მსგავს სახელებს ეძახიან. ჩვენ ცოტა თავშეკავებულები ვართ, არც კალთაში ვუჯდებით ერთმანეთს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ისე, ალერსში ტოლს არ ვუდებთ ერთმანეთს.

ირმა:

-  დაჩი უფრო გულუხვია ამ მხრივ. ისე, ახალი რამ თუ მაცვია, ვერ მამჩნევს, თმაც რომ შევიჭრა, ვერ მიხვდება, თუ ძალიან მოკლედ არ მაქვს, ან წითლად არ შევიღებე (იცინის). მე ვეჩხუბები ბოლო დროს, რომ გასუქდა - იმიტომ.

-  რა გაჩუქა ბოლოს დაბადების დღეზე? შენ რა უსახსოვრე?

დაჩი:

-  ვარსკვლავი გავუხსენით. ირმას მამის აგარაკზე გვაქვს დიდების ხეივანი. ოჯახის წევრებმა ერთობლივი ძალებით ვიმუშავეთ, მთელი პროგრამა გვქონდა გაწერილი და ამ ცერემონიის შემდეგ ირმას, როგორც ღირსეულ დედას, გამოჩენილ საზოგადო მოღვაწესა და გმირ ცოლს გავუხსენით პერსონალური ვარსკვლავი. ჩემი ცოლობა არ არის იოლი. ამ ხეივანში პირველი ირმას ვარსკვლავი გაიხსნა, მერე ვნახოთ ვინ დაიმსახურებს კიდევ. მე რა მისახსოვრა? რა ვიცი, კოცნა მაჩუქა.

ირმა:

-  აგარაკზე ვიყავით, ჩამოვიდა და ჩამოგვიტანა სურსათ-სანოვაგე, თავისი ტორტით. ააა, კიდევ ვარსკვლავი გამიხსნეს, მაგრამ ამ იდეას მარტო დაჩის ვერ მივაწერ, მთელ ოჯახს ეკუთვნის. სხვათა შორის, მე პირველი ვარ ამ ბულვარში, ვისაც ვარსკვლავი აქვს. ამის შემდეგ დამსახურების მიხედვით გაუხსნიან სხვებსაც (იღიმის). მე ვარსკვლავიც არ გამიხსნია დაჩისთვის დაბადების დღეზე.

-  რას გსაყვედურობს ხშირად? შენ მას?

დაჩი:

-  ღიპი რომ წამომეზარდა, იმას. ირმას ძალიან უყვარს საქმეში გადავარდნა. შეუძლია, მთელი დღე წეროს თავისი კულინარიული რეცეპტები, წიგნები. მეჩვენება, რომ ძალიან იღლება. კიდევ კითხვა უყვარს, ზოგჯერ ღამით იღვიძებს, სპეციალური სანათი აქვს და კითხულობს ხოლმე. მე ვგმობ მის ამგვარ საქციელს, გამოვხატავ აღშფოთებას (იცინის), ზოგჯერ სანათს ვპარავ ხოლმე.

ირმა:

-  ძალიან პირდაპირი ვარ და ალბათ ამას. ისე, არ არის პრეტენზიული. სახლი სულ რომ ყირაზე იყოს, არ იტყვის რას ჰგავს აქაურობა, რატომ არ არის კერძი მზად ან პერანგი რატომ არ მაქვს დაუთოებულიო. მე იმას ვსაყვედურობ, რომ აღარ ვარჯიშობს ხშირად და ღიპი გაეზარდა.

-  რისი ფობია აქვს? შენ?

დაჩი:

-  თაგვების და ქვეწარმავლების ეშინია. თაგვების მეც მეშინია. ახლა აქ რომ დავინახო თაგვი, შეიძლება, კედელზე ავიდე. გავიქცევი, მაგრამ გმირულად, ღირსეულად (იცინის). მთლად მშიშარაც არ ვარ, რახან თაგვის მეშინია.

ირმა:

-  გზებზე დაკიდებული დიდი აბრების. ერთხელ ათენში ჩამოვარდა და მის მერე აბრის ქვეშ აღარ მაჩერებს. ძალიან ფრთხილია, არასდროს გადაირბენს გზაზე, აუცილებლად მიწისქვეშა გადასასვლელით ან შუქნიშნით ისარგებლებს. ეს უფრო სიფრთხილეა, ვიდრე ფობია. მე გველების მეშინია.

-  რისი გაკეთება ეზარება საოჯახო საქმეებიდან? შენ?

დაჩი:

-  თევზის გარჩევა და გარჩეულ თევზს ვყიდულობ ხოლმე. კიდევ ნანადირევის გაკეთება ეზარება. არადა, ჩემი სიძე თავგადაკლული მონადირეა და ხშირად მოაქვს, მაგალითად, უდანაშაულო იხვი, ან რამე ეგეთი და მერე დიდი ამბებია, როგორ გავაკეთოთ ხოლმე. სხვათა შორის, მეც მეხერხება საოჯახო საქმეები. ყველანაირად ვცდილობ, მეუღლეს შრომა შევუმსუბუქო. შემიძლია, მაგალითად, სარეცხი გავრეცხო მანქანით. ტყუილად იცინი. ამას ცოდნა სჭირდება. მაგალითად, როცა ათენში ვცხოვრობდით, ერთ მშვენიერ დღეს გადასაყრელი გაგვიხდა მთელი ოჯახის ტანსაცმელი, შემთხვევით სხვა ღილაკს დავაჭირე თითი და ყველაფერი დაპატარავდა. გარდა ამისა, შემიძლია მზარეულობა, ვინ მაცლის, მაგრამ მაინც. მტვერსასრუტს ვხმარობ არაჩვეულებრივად, ნუჩაგოსავით. ეს უკანასკნელი კარატეში ერთ-ერთი იარაღია, მაგრამ ბოლო დროს ბავშვები მეცილებიან, მტვერსასრუტი ჩვენს სახლში საკმაოდ პოპულარული ნივთი გახლავთ.

ირმა:

-  დაუთოება მეზარება. დაჩის თუ არსად ეჩქარება, უყვარს საუზმის გაკეთება. თან იგონებს კერძებს და მოგვართმევს ხოლმე. ავეჯის გაკეთება ეხერხება, ელექტრობაც ესმის. თუ სახლში არ ვარ, შარვალსაც დაიუთოებს.

-  ასაკის მიხედვით ჩამომითვალეთ შვილების სახელები და წლოვანებები...

დაჩი:

-  15 წლის ნიკოლოზი, თამარი 11 წლის, ხარება 7 წლის, ანდრია 5 წლის და კრავაი 3 წლის. ახლა კიდევ ერთ შვილს ველოდებით, რომლის სახელი იქიდან გამომდინარე არ ვიცი, რომ ჯერ სქესიც არ გვიკითხავს.

ირმა:

-  ნიკა 14 წლის, თამარი 10 წლის, ხარება 7 წლის, ანდრია 5 წლის, კრავაი 4 წლის.

-  მისი საყვარელი კერძი? შენი?

დაჩი:

-  გამიჭირდება დასახელება. რა არის ახლა, ეგ რა შეკითხვაა (იცინის)? ირმას უყვარს ჯანმრთელი საკვები: ხილი, ბოსტნეული. მოკლედ, კურდღელივითაა. თუმცა, ბოლო დროს კულინარიით არის გატაცებული და თავს ვერ დავდებ, რომ ზუსტად ვიცი მისი გემოვნება ამ მხრივ. კაცმა არ იცის, ამასობაში რა შეუყვარდა და რას გეახლებათ სიამოვნებით. ძალიან ცუდ დღეში ვარ ამ ყველაფრის გამო. პრაქტიკულად ყველა მისი გამოგონილი თუ ახალი ნასწავლი კერძის დეგუსტაცია მიწევს და ამასობაში წონაში მოვიმატე. მსაყვედურობს, ღიპი დაიდეო და იმას კი აღარ ამბობს ეს ვისი ბრალია. ჩემს გურმანობას რაც შეეხება, ძალიან მიყვარს ცივი კოტლეტი.

-  ცივი რატომ?

-  რა ვიცი, კარგია, ახალგაზრდობას მახსენებს რაღაცნაირად (იცინის). ქაბაბი მიყვარს კიდევ და ირმას მომზადებული წვნიანი კერძები.

ირმა:

-  ხორციანი კერძები უყვარს: კოტლეტი, ქაბაბი.

-  როგორი კოტლეტი უყვარს?

-  კაი დაბრაწული და ცივი, მეორე დღეს უფრო მადიანად შეექცევა ხოლმე. ამიტომ ბევრს ვაკეთებ, მეორე დღესაც რომ დარჩეს. კიდევ შოკოლადის ტორტი უყვარს. მეც მიყვარს ხორცეული, ტკბილეული. ვერ გეტყვით, სალათებზე ვარ, დიეტას ვიცავ-მეთქი. წვნიანი გვიყვარს კიდევ ორივეს.

-  როცა რაიმეზე ვერ თანხმდებით, ვინ თმობს ხშირად?

დაჩი:

-  არ მინდა, ფამილარული ვიყო, მაგრამ, როგორც წესი, ვთანხმდებით ხოლმე. პრინციპულ საკითხებში კონსენსუსს ვაღწევთ. არაპრინციპულ საკითხებს რაც შეეხება, არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემი ცოლი ვანერვიულო.

ირმა:

-  ასეთი შემთხვევა არ მახსენდება. როგორც წესი, ვთანხმდებით ხოლმე. ისე, მე უფრო ჯიუტი ვარ, დაჩი უფრო დამთმობია.

-  ბოლოს რაზე იკამათეთ?

დაჩი:

-  მისაღები ოთახის შპალერის ფერზე. ირმას ღია ფერის უნდოდა, მე და ხელოსანს - მუქი. როგორც გითხარით, პრინციპულ საკითხებში ვთანხმდებით. ამ შემთხვევაში ვინაიდან შპალერის ფერი დიდად მნიშვნელოვანი არ იყო ჩემთვის, დავთმე.

ირმა:

-  ახლა რემონტი გვაქვს სახლში და მისაღები ოთახის შპალერის ფერზე ვერ შევთანხმდით. ბოლოს დაჩიმ დათმო და ღია ფერის შპალერზე შევაჩერეთ არჩევანი.

-  როგორ გგონია, დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?

დაჩი:

-  რა ვიცი, კაცო, სკოლიდან ვიცნობ და ალბათ დაემთხვევა (იცინის).

ირმა:

-  იმედია, დაემთხვევა. თუ არა და არც ეგაა პრობლემა, კიდევ ბევრი რამ გვექნება აღმოსაჩენი ერთმანეთში.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები