"თეოს გზაში შიშის გრძნობა ჰქონდა" - გელა დაიაური ცოლის გარდაცვალებას იხსენებს

"თეოს გზაში შიშის გრძნობა ჰქონდა" - გელა დაიაური ცოლის გარდაცვალებას იხსენებს

არიან ადამიანები, რომლებსაც სხვებისთვის უსაზღვრო სითბო და სიხარული მოაქვთ, ისინი, თითქოს სადღაც მიიჩქარიანო, უმოკლეს დროში ამბობენ თავიანთ სათქმელს და მოულოდნელად ტოვებენ ამ ცოდვილ მიწას. მათ სანაცვლოდ კი რჩება სიცარიელე, რომლის ამოვსება შეუძლებელია. სწორედ ასეთი პიროვნება იყო "მთის ბულბულად" წოდებული თეონა ქუმსიაშვილი, რომლის ტრაგიკულმა აღსასრულმა მთელი საქართველო შეძრა: 2010 წლის 22 ივლისს თეონა და მისი ახლობლები მთიელთა უძველესი დღესასწაულიდან, ათენგენობიდან ბრუნდებოდნენ. მუცოსთან ახლოს, სოფელ ხონეში, მანქანა მოცურდა და მდინარეში გადავარდა. ამ ტრაგედიამ შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყვნენ თეონა და მისი პატარა ანგელოზები - ჯარჯი და დემეტრე. თეონა აღარ არის, მაგრამ დარჩა მისი ხმა - ხავერდოვანი და სევდიანი, როგორც ქართული ზეცა, იდუმალი და მშვენიერი, როგორც ჩვენი მთები და მდინარეებია... თეონას მეუღლეს, პოეტ გელა დაიაურს, ბუნებრივია, უჭირს წარსულის გახსენება, მაგრამ მაინც გულწრფელად ლაპარაკობს თავის განცდებზე და იმაზე, რაც ამ ტრაგედიის შემდეგ გადაიტანა:

- ძალიან ხშირად მეკითხებიან, როგორ გავიცანი თეო და რით მიიქცია მან ჩემი ყურადღება. თითქოს გუშინ იყო: მე და ჩემი მეგობარი, პაატა ვარდანაშვილი, პირველ ხევსურულ საღამოს ვატარებდით "მზიურში", 2007 წლის 26 ივლისი იყო. მოვიწვიეთ მუსიკოსები, მთის მომღერლები. სწორედ ამ საღამოზე გამოვიდა თეონა და მისმა უცნაურმა, გამორჩეულმა ხმამ მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. თითქოს მთელი მისი სული და სხეულიც კი მღეროდა. იმის შემდეგ, ყოველ წელიწადს ვატარებთ ამ საღამოს, რომელიც დღეს უკვე თეონა ქუმსიაშვილის სახელს ატარებს. თეო მისმა მეგობრებმა გამაცნეს. საერთოდ, ძალიან მხიბლავს ცოცხალი, ხალისიანი ადამიანები, მე თვითონ ცოტა მძიმე და სერიოზული ვარ და ეტყობა, ამის გამოც. მაშინ არც მიფიქრია, რომ მომეწონა, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც განსაკუთრებულ ადამიანს შევხვდი. შემდეგ მთაში წავედი და იქ "მზიურში" გადაღებული ვიდეო წავიღე, მარტო თეოს გამოსვლას ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ უკვე სხვა რაღაც მჭირდა. მერე თანდათან დავუახლოვდით ერთმანეთს. როგორ ვიხსენებ თეოს? - ის იყო სიცოცხლის წყარო, ადამიანი, რომელიც ხალისს, იმედს, ენერგიას გაძლევს და დადებით აურაში გახვევს. ერთი შეხედვით სუსტი ჩანდა, მაგრამ თითქოს აღარაფრის გეშინოდა, როცა მის გვერდით იყავი. შეიძლება თეოს ბევრი გაჭირვებაც ჰქონდა ნანახი, ბევრი პრობლემაც ჰქონდა, მაგრამ ამას მალავდა და გარეგნულად სულ სხვა ადამიანი ჩანდა. ის ისეთი იყო, როგორიც მე მჭირდებოდა და ალბათ, მასაც ვჭირდებოდი ისეთი, როგორიც ვარ...

- ამბობენ, ქალებს განსაკუთრებული ინტუიცია აქვთო. ათენგენობაზე მიმავალს თუ ჰქონდა ცუდი წინათგრძნობა?

- სალოცავში აუცილებლად უნდა მივსულიყავით, ჩვენთან, მთაში, თუ იტყვი, რომ სალოცავში უნდა მიხვიდე, ესე იგი, აუცილებლად უნდა მიხვიდე, სიტყვას არ უნდა გადაუხვიო. მახსოვს, რომ ვყოყმანობდით, თითქოს წასვლაც არ გვინდოდა, იყო წუთები, როცა დარჩენასაც ვაპირებდით. არ ვიცი, ეს რა იყო - წინათგრძნობა თუ სხვა რამ, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, თეოს გზაში შიშის გრძნობაც ჰქონდა, არადა, იმ გზაზე არაერთხელ იყო ნამყოფი. მართლა არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს. საჭესთან ჩემი ნათლიმამა იჯდა, დღეს ბევრი ამბობს, რომ მან სიჩქარეს გადააჭარბა, მაგრამ ასე არ ყოფილა: მოულოდნელად გულის შეტევა დაემართა და მანქანა ვეღარ დაიმორჩილა. ავარიის შემდეგ, როცა მანქანიდან გამომიყვანეს, ვიკითხე - გადარჩა ვინმე-მეთქი? და მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა, რომ ჩემს ირგვლივ ყველაფერი დაინგრა. რამ გადამარჩინა? - ალბათ იმან, რომ ჩემ უკან იდგა ხალხი, რომელსაც ვუყვარდი, რომელიც მე მიყურებდა, მე უნდა გამემხნევებინა ისინი. არ მახსოვს, პირველ დღეებში რას ვაკეთებდი და როგორ. თითქოს გავიყინე და არსებობა შევწყვიტე.

- თქვენ ბევრისთვის ხართ მაგალითი, თუ როგორ უნდა შეებრძოლოს ადამიანი მწუხარებას და როგორ უნდა მოერიოს. - ბევრი დაიღუპებოდა, ბოლოს და ბოლოს, გალოთდებოდა ან ნარკომანი გახდებოდა.

- ჩვენთან, მთაში, ხშირად ხდება ტრაგედია: ყოფილა შემთხვევა, რომ ზვავს ერთად რამდენიმე ადამიანი მოუკლავს, ამიტომ ძალაუნებურად ეჩვევი სიმტკიცეს და ფსიქოლოგიურადაც მზად ხარ სიძნელეებისთვის. თუმცა, ადამიანი არასოდეს ელოდება უბედურებას და როცა ფაქტის წინაშე დგები, ამის გადატანა ყველაზე ძნელია. მე სულ ვამბობ - მეუღლის გარდაცვალება არავის გამოაცდევინოს ღმერთმა. ამაზე მძიმეს ცხოვრებაში ვერავინ ვერაფერს ნახავს. უმძიმესი გადასატანია შვილის სიკვდილიც, იმდენად მძიმე, რომ ამაზე ლაპარაკიც ძნელია. იმ დღეებიდან ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი, რაც მახსოვს, იყო ის, რომ პატრიარქი ითხოვდა ჩემთან შეხვედრას. ალბათ იმიტომაც, რომ ჭორები გავრცელდა, თითქოს თავს ვიკლავდი, რაზეც არასოდეს მიფიქრია. მიმიყვანეს პატრიარქთან და ის ნახევარი საათი თუ ორმოცი წუთი, როცა მესაუბრებოდა, არასოდეს დამავიწყდება. იქიდან რომ გამოვედი, თითქოს სულ სხვა ადამიანი ვიყავი. საოცარი გრძნობაა, როცა პატრიარქი შენს ტკივილს იზიარებს. მითხრა, როცა მოგინდება, მოდი და ჩემთან იყავიო. რა თქმა უნდა, ვერ გავკადნიერდი და აღარ შემიწუხებია, მაგრამ ის დღე ჩემს ცხოვრებაში მაინც გამორჩეული იყო. ავარიის შემდეგ მქონდა პერიოდი, როცა ორი კვირა გადაბმულად ვსვამდი და სარკეში რომ ჩავიხედე, მივხვდი, რომ ჩემი საქციელი არც თეოს ეკადრებოდა, არც ჩემს გვარსა და ოჯახს, არც სამშობლოს. ამის შემდეგ სამსახურში მე თვითონ დავრეკე და ჩემი სურვილით დავიწყე მუშაობა. არ დაგიმალავთ: ალბათ დღე არ გაივლის, თეო დღეში ათჯერ მაინც არ გამახსენდეს, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ისინი უფალთან არიან, ვიცი, რომ თუ სწორად ვიცხოვრებ, მეც უფალთან მივალ, ამიტომ ცხოვრება უნდა გავაგრძელო და კარგი საქმეები ვაკეთო.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ცხოვრებაში პირველად ნაყიდმა ლატარიის ბილეთმა მანანა ბეჟუაშვილს 50 000 ლარი  მოაგებინა

"თამბაქოს ინდუსტრია ექიმებისგან მოითხოვს, მწეველს მომაკვდინებელი პროდუქტი გამოუწერონ" -  "თამბაქოს კონტროლის ალიანსი"

"სასამართლო გადაწყვეტილება პანსიონის ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს... მათი საჭიროებები არ კმაყოფილდება" - რას გეგმავს ომბუდსმენის აპარატი