როდის ვარდება თამთა ჭელიძე დეპრესიაში

როდის ვარდება თამთა ჭელიძე დეპრესიაში

ფულსა და მის საჭიროებაზე ამჯერად, მსახიობი და მომღერალი - თამთა ჭელიძე გვესაუბრება. მას დიდი სურვილი აქვს, ფულის ყადრი ისწავლოს და მშობლებისგან თუ ახლობელი ადამიანებისგან ამის გამო შენიშვნა აღარ მიიღოს. "ფულს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია როგორც ჩვენთვის, ასევე გარშემო მყოფებისთვის. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, აღმოაჩინოს ის საიდუმლო, რომელსაც ჩვენთვის ფინანსური წარმატების მოტანა შეუძლია", - ამბობს მსახიობი.

- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ფულის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ვშრომობთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, წარმატება კი ჩვენი უზრუნველი ცხოვრების საწინდარია... ბევრი ფულის შოვნის იოლ გზას ირჩევს, ზოგიერთები კი პურის ფულის საშოვნელად მთელი დღე ქუჩაში დგანან. სამწუხაროდ, ეს ცხოვრება ასეა მოწყობილი: საზოგადოების ნაწილს ბევრი ფული აქვს, მაგრამ უმეტესობა გაჭირვებაში ცხოვრობს.

- ბევრ ფულსა და სიმდიდრეზე ხშირად ოცნებობ?

- მიოცნებია იმდენ ფულზე, რამდენიც ჩემი სურვილების ასრულებისთვის დამჭირდება. ფული ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს.

- მაინც, რამდენი გჭირდება ოცნებების ასასრულებლად?

- ოოო, ძალიან ბევრი (ფიქრობს)... ალბათ მილიონი მეყოფა...

- მაგალითად, გაქვს მილიონი. საინტერესოა, პირველ რიგში, რომელ ოცნებას აისრულებდი?

- ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ ქალაქგარეთ, თბილისთან ახლოს მქონ­დეს საკუთარი გემოვნებით მო­წყობილი, კომფორტული სახლი, სადაც მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრებ. სხვათა შორის, ქალაქგარეთ აგარაკი კი გვაქვს, მაგრამ ის არ მომწონს... რაც დამრჩებოდა, იმ თანხას მოგზაურობისთვის, ჩემი შვილის განათლებაზე ზრუნვისთვის გამოვიყენებდი.

- არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ფული ისე უყვართ, რომ მის და­ხარჯვაზე უარს ამბობენ; ასეთები თანხის დაგროვებით იღებენ სიამოვ­ნებას... შენ თუ შეგიძლია ფულის შეგროვება?

- არა, ფული არასდროს შემიგროვებია, საამისო ნებისყოფა ნამდვილად არ მაქვს. ფულის ხარჯვა უფრო კარგად გამომდის, ვიდრე დაგროვება. ვაღიარებ, ფულის ყადრი არ ვიცი და დედა, ახლობლები გამუდმებით ამის გამო მსაყვედურობენ. დღის განმავლობაში რამდენი ლარიც უნდა მქონდეს, საღამომდე მის დახარჯვას როგორმე მოვახერხებ (იცინის).

- დღეში ყველაზე მეტი, რამდენი დაგიხარჯავს?

- ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ ერთხელ დღის განმავლობაში მთელი ხელფასი რომ დავხარჯე, ამის თქმა კი დანამდვილებით შემიძლია.

- ფულს ყველაზე დიდი სიამოვნებით, რაში ხარჯავ?

- შვილისთვის საჩუქრების ყიდვა მსიამოვნებს. საკუთარი თავის გა­ნებივრებაც მიყვარს, მაგალითად, კოს­მეტიკით, ტანისამოსით და ა.შ.

- ოდესმე ყულაბა გქონია?

- ყულაბა მხოლოდ ბავშვობაში მქონდა. თურმე, პატარაობისას ფულის შეგროვება მიყვარდა, მაგრამ მას მერე, რაც გავიზარდე, ეს საქმე აღარ გამომდის.

- შენს შვილს თუ აქვს ყულაბა?

- ჰქონდა, მაგრამ ახლა აღარ აქვს. ხომ იცი, ბავშვი რომ იზრდება, შესაბამისად, მოთხოვნილებებიც ეზრდება და ხურდა ფული აღარ აკმაყოფილებს, ქაღალდის კუპიურები უფრო მეტად ხიბლავს.

- ოდესმე, ფული თუ გიპოვია?

- არასდროს მიპოვია და არც დამიკარგავს.

- როცა ფინანსურ კრიზისს განიცდი, დასახმარებლად ვის მიმართავ?

- მე ისეთი მხარჯველი ვარ, რომ ფინანსურ კრიზისს ხშირად განვიცდი (იღიმის). სიტუაციიდან მშობლებს გამოვყავარ. ფულის არც სესხება მიყვარს და არც - გასესხება. როცა ფულს მთხოვენ, ამ დროს თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ; იმის კი არ მეშინია, რომ დამეკარგება, უბრალოდ მიმაჩნია, რომ ძალიან უხერხული პროცესია. მირჩევნია, ადამიანს საჭირო თანხა ვაჩუქო.

- შენთვის თუ უჩუქებიათ გარკვეული თანხა?

- ფულს ბავშვობაშიც და ახლაც ხშირად მჩუქნიან. ამით უფრო მეტად, მშობლები მანებივრებენ.

- შენი აზრით, ფულით წარმატების მიღწევა შესაძლებელია?

- ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რა არის წარმატების საზომი, ფულს მოაქვს წარმატება თუ წარმატებას - ფული? ბოლოს ყოველთვის, ერთ აზრამდე მივდივარ: როცა ბევრი ფული გაქვს, წარმატებული ადამიანი ხარ... ფულთან ერთად, განათლებაც თუ გაქვს, ეს უკვე "საუკეთესო" ვარიანტია. მიმაჩნია, რომ მდიდარ ადამიანს ყველანაირი პრობლემის მოგვარება შეუძლია.

- ოდესმე რაიმე საქმის მოსაგვარებლად ქრთამის სახით, ფული თუ გადაგიხდია?

- არასოდეს არავის მოქრთამვა არ დამჭირვებია და არც მე მოვუქრთამივარ ვინმეს (იცინის). ვფიქრობ, ეს მდაბიური საქციელია. შეიძლება, ადამიანს მადლობის ნიშნად, რაიმე საქმის მოგვარებაში დახმარებისთვის, უბრალოდ, პატივი სცე და რაღაც სიმბოლურად უსახსოვრო, ამით მის მიმართ ერთგვარი პატივისცემა გამოხატო.

- ხელგაშლილი, მხარჯველი მამაკაცები მოგწონს თუ ხელმომჭირნე ანუ ისეთი, ვინც დანაზოგის გაკეთებასაც ახერხებს?

- ხელმომჭირნე ქალბატონებიც არ მომწონს და მით უმეტეს - ასეთი მამაკაცი როგორ მომეწონება? როცა შენ არ ხარ "ჟმოტი" და წუწურაქი, ხელმომჭირნესთან ურთიერთობა აუცილებლად გაგიჭირდება. ფული იმისთვის არსებობს, რომ დახარჯო და ამით სიამოვნება მიიღო.

- მამაკაცთან ერთად კაფეში ყო­ფ­ნისას, ოდესმე ფული თავად თუ გადაგიხდია?

- გადამიხდია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. არ მესმის, მამაკაცი რატომ არის ვალდებული, ქალი ყოველთვის თავად დაპატიჟოს? ასეთი რაღაცები არ მომწონს.

- ამბობ, რომ ფულის ხარჯვა გიყვარს. საინტერესოა, ხარჯვის დროს საფულეში თანხის ოდენობას თუ აკონტროლებ?

- რა თქმა უნდა, საფულეში ფულს ხშირად ვაკონტროლებ. ხომ უნდა ვიცოდე, სად და როდის უნდა ვთქვა: "თამთა, შეჩერდი"?!

- ტანსაცმელი ან რაიმე ნივთი ნი­სიად თუ შეგიძენია?

- ნისიად ტანსაცმელი შემიძენია. ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მაღაზიებში ბევრი ნაცნობი მყავს და თუ რამე მომეწონება, მაგრამ საკმარი თანხა არ მაქვს, მეუბნებიან: არა უშავს, მერე გადაგვიხადეო.

- უფულობამ შეიძლება, დეპრესიაში ჩაგაგდოს?

- დამეთანხმებით, რომ ზოგადად, უფულობა ძალიან ცუდი რამ არის. ფინანსური კრიზისის დროს უსუსური ვხდები, თითქოს ხელ-ფეხი მაქვს შეკრული და დეპრესიაში ვვარდები, სახლში ვიკეტები, გარეთ გასვლაც არ მინდა. მოკლედ, უფულობის ძალიან მეშინია.

- აზარტული ხარ?

- აზარტული არ ვარ, ბავშვობიდან არ მიყვარს კარტის თამაშიც კი... თუმცა, კაზინოში ორჯერ ვარ ნამყოფი.

- კაზინოში ითამაშე თუ ისე, გასართობად, რომელიმე მეგობარს ან ახლობელს გაჰყევი?

- ჩემდა სამწუხაროდ, ვითამაშე და წავაგე. საერთოდ, მძულს მოთამაშე ადამიანები, მთელ ცხოვრებას კაზინოში რომ ატარებენ და ვინ იცის, რა გზით ნაშოვნ ფულს აგებენ. ასეთ ადამიანებს ვერასოდეს გავუგებ. ათასში ერთხელ შეიძლება, კაზინოში გასართობად შეხვიდე, მაგრამ როცა თამაში ყოველდღიურ სახეს იღებს, ეს საშინელებაა.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება