თეა თუთბერიძე ბაგრატიონებზე, რუსულ ფულსა და საპატრიარქოზე - მორიგი სკანდალური განცხადებები

თეა თუთბერიძე ბაგრატიონებზე, რუსულ ფულსა და საპატრიარქოზე - მორიგი სკანდალური განცხადებები

გაზეთი "ვერსია" ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხებზე თეა თუთბერიძეს ესაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- საეკლესიო პირები ღიად მოთიხოვენ, ცალკე ფრაქციას პარლამენტში, მეტიც, თურმე ბიძინა ივანიშვილს მიმართავდნენ კიდეც, სახალხო დამცველად მეუფე იობი დაენიშნა.

- მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ მათი ეს თხოვნა არ გაითვალისწინა, ეს იმდენად ცდება ადეკვატური აზროვნების ჩარჩოებს, რომ თვით ივანიშვილიც კი ვერ აუხდენდა მათ ამ ოცნებას. იმედი მაქვს, არც მომავალში უწერია ახდენა. ამ ქვეყანაში არაფერს გამოვრიცხავ, უბრალოდ, ვიტოვებ იმედს, რომ მსგავსი არაფერი მოხდება.

- თუმცა ბოლო დროს კონსტიტუციურ მონარქიაზე ალაპარაკდნენ და... (არ მამთავრებინებს, - რ.შ.).

- მე მაინტერესებს, რაინდი სად იყო ჩვენს ისტორიაში, იქნებ ეს აგვიხსნას ვინმემ და მერე აღვადგინოთ მონარქია.

- ამ პროექტს ეკლესია ლობირებს და ხომ არაა ეს ისევ და ისევ გავლენის გასაძლიერებლად, ხომ არ მივიღებთ კონსტიტუციური მონარქიის ნიღაბს ამოფარებულ თეოკრატიულ მონარქიას?

- ეს არ არის მხოლოდ საპატრიარქოს სცენარი, ეს არის რუსული სპეცსამსახურების ერთ-ერთი სცენარი და სწორედ მათი მხრიდანაა ყველაფერი ხელშეწყობილი. ახლა ამ ყველაფერს ძალზე არასერიოზულად კი ვუყურებთ და გვეცინება, მაგრამ ივანიშვილსაც ძალიან არასერიოზულად უყურებდნენ, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ფულმა დიდი როლი ითამაშა. ამ ყველაფერს შიშით ვუყურებ, რადგან აქ მარტო ბაგრატიონები არ არიან, ამ ყველაფრის უკან დგას ძალიან დიდი რუსული ფული, საპატრიარქო და პატრიარქი, რომლის ერთ სიტყვაზედაც ხალხს შეუძლია, ხვალვე გადმოაყირავოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობაც კი.

- თავის დროზე, მერაბიშვილიც საუბრობდა, რომ ბაგრატიონები პრიმაკოვის პროექტი იყო, მაშინ ამ ვერსიას ლოგიკა გააჩნდა – რუსეთს სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება სურდა და თუკი ბაგრატიონები ავიდოდნენ ტახტზე, სააკაშვილი ხავერდოვნად დარჩებოდა განზე. რაღატომ გახდა ეს აქტუალური ინაუგურაციის წინა დღეებში, ისევ კუნთების დემონსტრირება?

- არა მხოლოდ. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ საპატრიარქოში, მათ შორის, სინოდში, აღარ არიან რუსული სპეცსამსახურების დასაყრდენები, ძალიან ცდება. რუსულმა სპეცსამსახურებმა ძალიან კარგად იციან, რომ ვერც ივანიშვილი და ვერც მის მიერ დანატოვარი გუნდი საბოლოოდ ვერ შეინარჩუნებს იმ მხარდაჭერას, რომელიც ამ ეტაპზე აქვთ. ყველა ძალიან მალე საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მათ ოცნებებს ახდენა არ უწერია და ამ ხელისუფლებას დიდი პერსპექტივა არ გააჩნია, ამიტომაც რამდენიმე სცენარი არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ბაგრატიონების ტახტზე აყვანაა.

- ამბობ, რომ პასუხისმგებლობას აკისრებს, პასუხს ითხოვ სახელმწიფოსგან, რომელიც არ აჩერებს ეკლესიას. არადა, იგივე მოხდა უსახლკაროთა თავშესაფრის თემაზე, როცა ეკლესია წინ აღუდგა "იდენტობის" ამ ინიციატივას. კიდევ უფრო გაუგებარი იყო სერგეენკოს პოზიცია, რომელიც პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე. საზოგადოებამ ეს ხელისუფლება აირჩია და არა საპატრიარქო. ფაქტია, სახელმწიფო ვერ უძლებს ეკლესიის ზეწოლას, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს?

- სადამდეც მივედით და კიდევ უარესამდეც. მე ამ პრობლემას ვერ დავაბრალებ ამ ხელისუფლებას, ეკლესია წინა ხელისუფლებამ გაათავხედა.

- და იმის წინამ?

- ძალიან კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება შევარდნაძის მიმართ, მაგრამ მან ზუსტად იცოდა, როგორ მოქცეულიყო ეკლესიასთან. 1995 წლის 25 დეკემბერს, ოპერის თეატრში, ილია მეორის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, შევარდნაძემ ღიად განაცხადა, რომ მას მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი ილია მეორის პატრიარქად კურთხევაში. კადრები მაქვს ნანახი, როგორ მოდიან შევარდნაძე და ილია მეორე, შევარდნაძე მხარზე ხელს ურტყამს და მღვდელი გამოატარეთ, მღვდელიო - ირონიული სახით ამბობს. ეს კადრები დღესაც ინახება საზმაუწყებლის არქივში. ვერ ვიტყვი, რომ შევარდნაძის გათავხედებულია ეკლესია ან მის დროს იმდენს ბედავდნენ, რამდენიც სააკაშვილის დროს გაბედეს. შევარდნაძე იყენებდა ეკლესიას იმ დოზით, რა დოზითაც სჭირდებოდა, მიხეილ სააკაშვილს მოუვიდა მეტისმეტი, რაც უკან მოუბრუნდა ძალიან ცუდად. მიხეილ სააკაშვილს ვარდების რევოლუციის შემდეგ ჰქონდა ძალიან დიდი ლეგიტიმაცია, დიდი მხარდაჭერა და მაშინ უნდა დაეწყო ამ ინსტიტუტთან იმ ფორმით ურთიერთობა, როგორც ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა - დაეჭირა მღვდლები, რომლებსაც ნარკოტიკები შეჰქონდათ ციხეებში პატიმრებთან, არ გამოეშვათ, არ მიეჩქმალათ ეს ფაქტები და ა.შ. მაშინ ჩვენ ამ რეალობის წინაშე არ აღმოვჩნდებოდით. სამწუხაროდ, ეს ჯერ არ გააკეთა და მერე უკვე ვეღარ გააკეთა და ივანიშვილის ხელისუფლებას ძალიან ცუდი მემკვიდრეობა ერგო. იგი ვერც შეძლებს ამის წინააღმდეგ ბრძოლას და ბევრს არც ექნება სურვილი, წინააღმდეგობა გაუწიოს ეკლესიის მსგავს გამოვლინებებს.

- ამ ინტერვიუს შემდეგ, როგორც მინიმუმ, ბართლომეს წყევლა გელის!

- ეს ძალიან სასაცილოდ მეჩვენება. მე არ ვთვლი ამ ადამიანებს სასულიერო პირებად, ისინი ჩემთვის სხვა რაღაცასთან ასოცირდება და არა იმ ანაფორიან კრიმინალებთან, რომლებიც დღეს ეკლესიას აფარებენ თავს. იმ მიდგომებით, რომელიც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს, იგი დღეს თუ ხვალ აუცილებლად ჩამოიშლება. რამდენადაც არ უნდა ცდილობდეს, ჰყავდეს ბნელი მრევლი, ტექნოლოგიები, პროგრესი თავისას გაიტანს. საერთოდ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია განათლების პრობლემა და, მგონი, სააკაშვილიც მიხვდა, რომ დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, განათლებაში რომ არ ჩადო იმაზე მეტი, ვიდრე დებდა სახელმწიფო. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდა განათლებას იღებდეს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, სადაც არა გვაქვს კარგი სისტემა, არამედ ქვეყნის გარეთ. მაინც ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუსრულებია თავისი პოლიტიკური კარიერა და გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ შეძლებს ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებას. ვფიქრობ, მთელი ის შეცდომები...

- არ გამორიცხავ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მობრუნებას?

- რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ვფიქრობ, იგი იმ გუნდთან ერთად, რომელიც ჰყავდა, არ უნდა მობრუნდეს.

- ვისთან გაქვს პრეტენზია?

- ძალიან ბევრთან, შაშკინით დაწყებული და ბევრი სხვა ადამიანით დამთავრებული, ვინც კახა ლომაიას შემდეგ, განათლების რეფორმა აქცია ფასადურ რეფორმად. შეცდომა იყო იმათი გვერდით დაყენება, ვინც მხოლოდ შემსრულებელი იყო და საკუთარი ტვინი ნაკლებად ჰყოფნიდა, საკუთარ უწყებაში საქმე დამოუკიდებლად ეკეთებინა. ასეთი მონური მენტალიტეტის ადამიანები არ უნდა იდგნენ სააკაშვილის გვერდით, რადგან სწორედ ამან დაღუპა.

- თქვენც ეთანხმებით მოსაზრებას, რომ სააკაშვილი დაიღუპა? სად ჩანს, რომ დაღუპულია, ორი ვადა მოათავა მშვიდობიანად და თანაც ვამბობთ, რომ აქვს ხელისუფლებაში მობრუნების შანსი?!

- არა, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ მისმა ხელისუფლებამ ვერ შეინარჩუნა პოლიტიკური ძალაუფლება ქვეყანაში.

- გამოდის, რომ დაიღუპა მისი გარემოცვა და არა თავად სააკაშვილი, რომელსაც ადგილი განაღდებული აქვს ისტორიაში.

- დაიღუპა გარემოცვა და რეალურად ქვეყანა, თორემ მართალი გითხრათ, ეგ გარემოცვაც ნაკლებად მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია ქვეყნის ინტერესები და ის საფრთხე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, თორემ სააკაშვილი მსოფლიოში დარჩა, როგორც დემოკრატიული ლიდერი. ამ საფრთხეების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუ სწორად გატარდებოდა რეფორმები და შეირჩეოდა კადრები. სამწუხაროდ, სააკაშვილის გარემოცვიდან ჩამოაშორეს ბაჩო ახალაიას გარდა, ყველა ის მინისტრი, რომელიც დამოუკიდებელი მოთამაშე ფიგურა იყო, დაწყებული კახა ლომაიადან დამთავრებული კახა ბენდუქიძით, ყველა, ვინც გადაწყვეტილებას იღებდა და აქედან დაიწყო ხელისუფლების ჩამოშლა, რეალურად კი მივიდა იმ ლოგიკურ დასასრულამდე, სადაც მივიდა.

რეზო შატაკიშვილი

გაზეთი "ვერსია"