"პარაფირებული ჟურნალისტის" ჩანაწერები ვილნიუსიდან

"პარაფირებული ჟურნალისტის" ჩანაწერები ვილნიუსიდან

ვილნიუსის დროით 17:40 საათია. თბილისში 20.00 საათი ხდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და მედიისთვის განკუთვნილი ღონისძიებები დამთავრდა, მაგრამ მედიაცენტრიდან არ ვიძვრით. ვამბობთ, რომ დავიღალეთ, მაგრამ "ისტორიული დღის" სიხარულით არ ვიმჩნევთ. ეს განწყობა ალბათ კიდევ დიდხანს გამყვება.

კარგია ევროკავშირში - უკვე ავიკვიატე. ახლა 2014 წლის სექტემბრამდე დროის ათვლა დაიწყო, ხელმოწერა უფრო სასიხარულოა და იმიტომ. ვიზების ლიბერალიზაცია ალბათ ამ შეთანხმების ყველაზე საინტერესო ნაწილია - ამას ვამბობ როგორც მოქალაქე და არა - ჟურნალისტი. სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა ევროკავშირმა შეგვიფასა, როგორც "ძალიან კარგი". თუ ასე გავაგრძელებთ, გამარტივებულ სავიზო რეჟიმს უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთო - საქართველოს პრეზიდენტმა გვითხრა.

ასოცირების ხელშეკრულება ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის ნაწილთან ერთად საქართველოსთვის არანაკლებ სარგებელს შეიცავს. ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირის წევრობას არ ნიშნავს და ამას არც არავინ გვპირდება. ეს რთულად მიღწევადია და იმდენ მუშაობას მოითხოვს, ვადებს ვერავინ ასახელებს, მაგრამ თუ მიაღწია ლიტვამ, რატომ არ შეიძლება, მიაღწიოს საქართველომ.

ვილნიუსში ბევრი არაფერი მინახავს, მაგრამ არ მშორდება კითხვა, რით სჯობს ეს ქალაქი თბილისს. პასუხი მხოლოდ ერთი მაქვს - იმით, რომ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.

კიდევ ის მაკვირვებს, რომ ადგილობრივების უმეტესობამ არც იცის, მისი ქვეყანა 28-29 ნოემბერს მსოფლიო ლიდერებს რომ მასპინძლობს. არ აინტერესებთ. ნეტავ, ევროკავშირის წევრობის სინდრომია?! დიდი სტუმრიანობა ქალაქის ცენტრში პოლიციელების სიმრავლით იგრძნობა, სხვა არაფრით.

საახალწლო სამზადისიც ადრიანად დაუწყიათ - მოედნებზე ნაძვის ხეები ანთია, ქუჩებში - თბილისის მსგავსი საახალწლო ნათურები.

ყინავს და პერიოდულად თოვს. ტაქსის მძღოლმა გვითხრა, პირველად იმ დღეს მოუთოვია, ჩვენ რომ ჩამოვედით. საიდან ხართ, თქვენ ხომ არ ჩამოგვიტანეთო. ვუთხარით, რომ საქართველოდან. თქვენ რა გიჭირთ, ჯერ იქ თბილაო, მეზობელი ჰყოლია ქართველი.

"ევროკავშირში ცხოველური წარმოების პროდუქტის შემოტანა აკრძალულია", - ეს წარწერა პირველად ვარშავის აეროპორტში მომხვდა თვალში, ვილნიუსში რომ მოვდიოდით. აქ ყველა ქვეყნის პროდუქტს არ ენდობიან. საჭმელი შეიძლება, უგემურია, მაგრამ სამაგიეროდ იცი, რომ ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს და მაინც სიამოვნებით მიირთმევ. ისე, კარგი განცდაა და არ მიკვირს ევროპელების, ამ განცდას რომ ვერ თმობენ.

ამ ყველაფერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მედიაცენტრში ვწერ. დილის 06:00 საათიდან აქ ადგილის პოვნა ჭირდა, ახლა - აქა-იქ ვსხედვართ. მონიტორზე დაიწერა, რომ რეისი, რომელმაც Litexpo-დან ქალაქის ცენტრამდე უნდა გაგვიყვანოს, გაუქმებულია. სასტუმრომდე ტაქსით წავალთ, უნდა გამოვიძახოთ. . .

ჩემი სასტუმრო ძველ ქუჩაზეა, ქვაფენილიანზე. თბილია და მყუდრო, დიდი ნაძვის ხე დგას, ხელოვნური. თბილისში საახალწლო განწყობით ვბრუნდები. კარგია ახალი წელი და ევროკავშირი...

იქ ჩემი სახლია. . .

ნინო წივწივაძე

"ინტერპრესნიუსი"

თბილისი-ვილნიუსი

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები