"დაისაჯოს მთვრალი მამაო ჩემი შვილის სიკვდილისთვის" - სასულიერო პირმა ახალგაზრდა იმსხვერპლა

"დაისაჯოს მთვრალი მამაო ჩემი შვილის სიკვდილისთვის" - სასულიერო პირმა ახალგაზრდა იმსხვერპლა

"მღვდელი, რომელმაც ახალგაზრდა კაცი გაიტანა, ნაზიარები იყო და არა - მთვრალი!", - ამბობს მამა აკაკი კუპრაშვილის ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე.

გარდაცვლილი მამაკაცის, რევაზ მაჩხაშვილის დედა კი სასულიერო პირის დასჯას ითხოვს. ქეთინო მამუკაშვილი ამბობს, რომ შვილის ორმოცის მერე, "რკინის ქალამნებს ჩაიცვამს და სამართლიანობისთვის იბრძოლებს".

31 წლის რევაზ მაჩხაშვილი ავტომობილმა 2 ნოემბერს, გორგასლის ქუჩაზე გაიტანა.

ოჯახის წევრების ცნობით, მაჩხაშვილი სამსახურიდან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან სახლში ბრუნდებოდა. ორთაჭალაში, იუსტიციის სამინისტროს ეზოში არსებული ეკლესიის მოძღვარი აკაკი კუპრაშვილი კი, რომელიც, მათი ცნობით, მთვრალი იყო და დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ქვეითად მოსიარულე რევაზ მაჩხაშვილს დაეჯახა.

"ჩემი შვილი გზაზე გადადიოდა და ზოლზე შეჩერდა. ეკლესიიდან "ჯიპით" გამოსულა მამა აკაკი კუპრაშვილი, რომელიც ნასვამი იყო. ის თავის მრევლთან ერთად იმყოფებოდა მანქანაში. ჩემს შვილს დასჯახებია უგონოდ მთვრალი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ისეთი სიჩქარით მოდიოდა, რომ ჩემი შვილი 30 მეტრზე უთრევია. ჩემი შვილი ადგილზევე დაღუპულა. ყველაფერი დაზიანებული ჰქონდა ფეხებით დაწყებული თავამდე", - ამბობს დაღუპულის დედა.

მღვდელმა ოჯახს თანხა შესთავაზა, - დაზარალებულები ამბობენ, რომ სასულიერო პირი ითხოვდა, ოჯახს საჩივარი 15 ათასი ლარის სანაცვლოდ გაეტანა. მამა აკაკის ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე კი ამბობს, რომ გარდაცვლილის ოჯახს მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თანხა მხოლოდ დახმარების მიზნით შესთავაზა და სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია.

"როცა შვილი დაგვეღუპა, ორი მამაო მოვიდა ჩვენთან, რაღაც რიტუალი ჩაატარეს მოგზავნილმა მამაოებმა. მერე ჩვენი შვილი შეუფასებიათ 15 ათას ლარად. ვიღაც მოგზავნეს, 15 ათას ლარს გადავიხდითო და თავი დაგვანებოთო. ჩვენ, რა თქმა უნდა, უარი განვაცხადეთ, როგორ შეიძლება დედას ერთადერთი შვილი მოუკვდეს, ამხელა ვაჟკაცი, და ფული შესთავაზო. სულ რომ ფეხშიშველამ ვიაროთ, 15 ათასი ლარი ან თუნდაც მილიონი, რაში მჭირდება. მე მინდა, რომ უგონოდ მთვრალი მამაო დაისაჯოს საკადრისად ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილისთვის და თან როგორი სიკვდილისთვის. 11 დეკემბერს ორმოცი გვაქვს, ჯერ ჩვენს მიცვალებულს უნდა მივხედოთ და მერე რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, ჩემი შვილის საქმეს თვითონ დავადგენ. ახალი მთავრობის და სამართლიანობის იმედი მაქვს, თუ ეს არ იქნება, მე თვითონ მივხედავ საქმეს", - ამბობს "ამბები.გე"-სთან საუბრისას ქეთინო მამუკაშვილი.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა მამა აკაკის ამ დრომდე ბრალი წაყენებული არ აქვს. მისი ადვოკატის ცნობით, აკაკი კუპრაშვილი მოწმის სტატუსით დაკითხეს.

შსს-ს ინფორმაციით კი, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-9 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე დაზარალებულის განცხადებებს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. ადვოკატი ოჯახის განცხადებებს პასუხობს: ”როდესაც ეს შემთხვევა მოხდა, იმ დღეს წირვა ჩატარდა და მამა აკაკი ნაზიარები იყო, აქედან გამომდინარე მას შეიძლება ჰქონოდა სისხლში ალკოჰოლის შემცველობა. მთვრალი არანაირად არ იყო. იმ ადგილას, სადაც შემთხვევა მოხდა, ჩქარა ვერ გამოივლი, მამა აკაკი დასაშვებ სიჩქარეზე უფრო ნაკლებით მოძრაობდა. ახალგაზრდა მამაკაცმა გზაზე გადმოირბინა. მამა აკაკის მუხრუჭიც კი არ უხმარია, იმიტომ რომ, ვერ დაინახა ეს ადამიანი. მამა აკაკის ბრალეულობა ამ საქმეში არ არსებობს. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს უბედური შემთხვევა. ეს იყო ჩვეულებრივი უბედური შემთხვევა, არანაირ ავტოსაგზაო წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მორალური მხარის გათვალისწინებით, მამა აკაკიმ ოჯახს დახმარება შესთავაზა დაკრძალვის ხარჯების მხრივ. შეთანხმდნენ, რომ 15 ათას ლარს მისცემდა, თავიდან ოჯახი თანახმა იყო, შემდეგ კი - 15 ათასი დოლარი მოითხოვა. მამა აკაკიმ უთხრა, რომ გამორიცხულია, რადგან ამდენის საშუალება არ ჰქონდა. კიდევ კარგი, რომ არ გადაიხადა, რადგან კარგად ხედავთ, რაც ხდება და როგორც არის. საჩივრის გამოტანა თანხის სანაცვლოდ არ მოუთხოვია მამა აკაკის. ყველა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მძღოლი დამნაშავე არ არის და მამა აკაკის შემთხვევაშიც მისი დანაშაული გამორიცხულია”, - ამბობს ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე.

31 წლის ლევან მაჩხაშვილი საგარეჯოში, სოფელ პატარა ჩაილურში დაკრძალეს. მას 5 წლის გოგონა დარჩა.

ხათუნა გაგნიძე, AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია