გია ხუხაშვილსა და ლაშა ნაცვლიშვილს დაკითხვაზე იბარებენ?

გია ხუხაშვილსა და ლაშა ნაცვლიშვილს დაკითხვაზე იბარებენ?

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნები, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი შესაძლოა, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარონ. ინფორმაცია ამის შესახებ "ალიას" სანდო წყარომ მიაწოდა.

"ალია" წინა ნომერში წერდა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას მოადგილე დავით ჩხატარაშვილმა, რომელიც 7 დეკემბერს დააკავეს, უკვე დადო სქემა, რა გზით "ახევდნენ" ბიზნესმენებს კუთვნილ კომპანიებს წლების განმავლობაში. "ალიასთვის" ცნობილი გახდა ისიც, რომ ჩხატარაშვილს გამომძიებლებთან მხოლოდ საკუთარ თანაგუნდელებზე არ უსაუბრია. წყაროს ინფორმაციით, ჩხატარაშვილმა დაასახელა ვინ ლობირებდნენ მას "ქართულ ოცნებაში" და რა დახმარებას ითხოვდნენ მისგან. როგორც "ალიასთვის" გახდა ცნობილი, ჩხატარაშვილმა დაასახელა რამდენიმე ყოფილი ჩინოვნიკის გვარი, მათ შორისაა შს მინისტრის აწ უკვე ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და გია ხუხაშვილი. ჩხატარაშვილს გამომძიებლებისთვის მიცემულ ჩვენებაში უთქვამს, როგორ ჰპირდებოდა ლაშა ნაცვლიშვილი მას ხელშეუხებლობას და როგორ სთხოვდა გია ხუხაშვილი, მიეწოდებინა მისთვის ინფორმაცია, რომელ ბიზნესს რა შემოსავალი ჰქონდა და სად იქნებოდა უმჯობესი წილში ჩაჯდომა. წყარო ამბობს, რომ, თუკი გია ხუხაშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ორი კაპიკი იშოვა, ეს დავით ჩხატარაშვილის მიერ მისთვის მიცემული რჩევების დამსახურებაა.

როგორც "ალიას" წყარო უყვება, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პირადად გასცა ბრძანება, ყველა იმ პირის საქმიანობა გამოეძიათ, ვის მიმართაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ისმოდა ბრალდებები, რომ ისინი "ნაციონალებთან" ერთად შეთანხმებულად მოქმედებდნენ და უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ. ერთ-ერთი ინფორმაციით, დავით ჩხატარაშვილის დაკავების შემდეგ ლაშა ნაცვლიშვილს ქვეყნის დატოვება ჰქონია გადაწყვეტილი და აშშ-ს საელჩოსთვის მიუკითხავს ვიზის მისაღებად, თუმცა უარი მიუღია.

"ალიას" ინკოგნიტო რესპონდენტები ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უყვებოდნენ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ბიძინა ივანიშვილმა დანიშვნიდან მალევე აითვალწუნა, რამდენჯერმე დაიბარა და ურჩია, "ჭკუით ყოფილიყო", წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნება ექნებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ნაცვლიშვილმა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის რჩევა არ გაითვალისწინა.

"ალიას" ინფორმაციით, პროკურატურას ლაშა ნაცვლიშვილთან კითხვები აქვს დათა ახალაიასთან მის კავშირებზე. მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ეჭვი აქვს, რომ ბაჩო ახალაიას რამდენიმე ეპიზოდში დამდგარი გამამართლებელი განაჩენი სწორედ ახალაიასა და ნაცვლიშვილს შორის გარიგების შედეგია. შეგახსენებთ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი პროკურატურაში გამოძიებას კურირებდა, მათ შორის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეს.

ამას გარდა, "ალია" ჯერ კიდევ თვეების წინ წერდა, რომ ნაცვლიშვილს ბიზნესის წართმევის მცდელობაში "რუსმეტალის" ხელმძღვანელები ადანაშაულებენ. "რუსმეტალის" ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის, ზაზა მამულაშვილის განცხადების საფუძველზე, კომპანიის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. კომპანიის ფინანსურ დირექტორს, გერონტი ცვარიანსა და ბუღალტერს, თამარ ჯავაშვილს პროკურატურამ დოკუმენტების გაყალბების ბრალდება წაუყენა. კომპანიის გენერალური დირექტორის, თემურ მიმინოშვილის განცხადებით, პროკურატურაში შეტანილია ორი სარჩელი თაღლითობის სქემაზე, რომლის მეშვეობითაც მამულაშივლმა მილიონ ლარზე მეტი მიითვისა. თუმცა, ეს საკითხი წინ არ წაწეულა ნაცვლიშვილის პოსტზე ყოფნის დროს, რადგან მამულაშვილი ნაცვლიშვილის უახლოესი მეგობარია.

მიმინოშვილის განცხადებით, ლაშა ნაცვლიშვილის სახელი ფიგურირებს ბიზნესმენ გელა მიქაძის დაკავების საქმეშიც. არსებობს ინფორმაცია, რომ დაკავებამდე მას მოსთხოვეს ბიზნესის დათმობა და როგორც ამბობენ, მასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებას მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი აწარმოებდა და სწორედ უარის შემდეგ მოხდა მისი დაკავება, რასაც ასევე მოჰყვა მისი ქონებისა და საბანკო ანგარიშების დაყადაღება.

ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს, კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომლის განცხადებითაც, მისი შვილის მკვლელებს უშუალოდ ლაშა ნაცვლიშვილი მფარველობდა. მისივე თქმით, ნაცვლიშვილი უშუალოდ მფარველობდა შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს ლევან გვაზავას, რომლის უშუალო ხელმოწერითაც მოხდა სპეცდანიშნულების რაზმის სპეცოპერაციაზე გაყვანა.

როგორც "ალიას" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, არ არის გამორიცხული ნაცვლიშვილის კავშირი ქვეყნიდან გაქცეულ ყოფილ მაღალჩინოსნებთან მტკიცებულებებითაც დადასტურდეს, რადგან ამ ყველაფრის დასადასტურებლად დოკუმენტაცია არსებობს.

რაც შეეხება გია ხუხაშვილს, როგორც "ალიას" წყარომ განუცხადა, მას ინტერესი ჰქონია ნავთობის ბიზნესში და ყოფილ პრემიერთან და სხვა მაღალჩინოსნებთან "სოკარს" ლობირებდა, პარალელურად კი სხვა ნავთობკომპანიების წინააღმდეგ დეზინფორმაციას აწვდიდა ბიძინა ივანიშვილს, რათა "სოკარის" პოზიციები კიდევ უფრო გამყარებულიყოო.

აი, რას უყვება "ალიას" წყარო, რომელსაც ამ საკითხთან უშუალო შემხებლობა აქვს: "გია ხუხაშვილი "სოკარს" ლობირებდა საქართველოში, პარალელურად კი ხლართავდა ინტრიგებს და საქმეს უფუჭებდა სხვა კომპანიებს. ამ კომპანიების ხელმძღდვანელებმა პირადად მისცეს გაფრთხილება გია ხუხაშვილს, რომ შეეწყვიტა უკანონო საქმიანობა და თავი დაენებებინა ერთი კონკრეტული ფირმის ლობირებისთვის. ხუხაშვილმა მათ არ მოუსმინა. საბოლოოდ ეს ადამიანები გავიდნენ პირად კავშირზე ბიძინა ივანიშვილთან და ჩააყენეს ყველაფრის საქმის კურსში. გაგიჟდა კაცი, ისეთი რაღაცები შეიტყო", - ამბობს წყარო, რომელიც დასძენს, რომ სწორედ ნავთობკომპანიებისა და საქართველოს რკინიგზის თემა გახდება ხუხაშვილის დაკითხვის მიზეზი.

ინფორმაციის გადასამოწმებლად "ალია" გია ხუხაშვილს დაუკავშირდა:

- ეს არის მორიგი ავადმყოფური გაგება რეალობის. დამალული არაფერია, ყველამ იცოდა, რომ სანამ მე პოლიტიკაში ჩავერთვებოდი, "სოკარში" ვმუშაობდი, ახლაც ვაპირებ "სოკარში" მუშაობას, რადგან რაღაცა უნდა ვაკეთო, ბუნებრივია. ეს არის ბინძური შეკერილი ისტორია, რომელიც ძალიან სასაცილოა. მე სახელმწიფო ინტერესებზე ზემოთ არასდროს არაფერი დამიყენებია. ეს თქვენი სანდო წყაროები პირდაპირ გეტყვით, ან ავადმყოფები არიან, ან კონკრეტული მიზნები ამოძრავებთ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძალიან მწვავე საუბარი შედგა თქვენსა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის, ადასტურებთ ამას?

- ესეც ძალიან სასაცილოა. ეს ყველაფერი სისულელეა და სისულელეებზე კომენტარს ვერ ვაკეთებ. ეს თქვენი სანდო წყაროები ან ავადმყოფები არიან ან კიდევ კონკრეტულ მიზანს ემსახურება მათი ინფორმაციები, რომელსაც თქვენ გაწვდიან.

- თავის დროზე სწორედ მე გავავრცელე ინფორმაცია სანდო წყაროზე დაყრდნობით, რომ შეხვედრა გაიმართა პრემიერ ივანიშვილის ბიზნესცენტრში, სადაც საუბარი იყო თქვენ მიერ პატარკაციშვილების ოჯახის ლობირებაზე, რის გამოც "თანაინვესტირების ფონდის" ერთ-ერთი ინვესტორისგან, ალექსანდრე მაშკევიჩისგან საყვედური მიიღეთ. ეს ინფორმაცია თქვენ უარყავით და სისულელე უწოდეთ, მოგვიანებით კი დადასტურება მოგიწიათ. ახლა რატომ უნდა დაგიჯეროთ?

- მე ვისთან რა სათქმელიც არის, ყოველთვის ვამბობ და რაც არ არის სათქმელი, იმას არ ვამბობ. შეხვედრა რომ შედგა თავის დროზე, შეიძლება დავადასტურე, მაგრამ კონფლიქტი არ დამიდასტურებია.

- არც შეხვედრა დაადასტურეთ, თქვენ თქვით ან შედგა შეხვედრა, ან - არაო. არადა ამ შეხვედრას თავადაც ესწრებოდით.

- ინფორმაცია დაპირისპირებაზე იყო სისულელე და არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში შეტანილი განცხადების შესწავლა დაიწყო, თუმცა რა დასკვნამდე მივა გამოძიება, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "ალია"

ასევე დაგაინტერესებთ: გია ხუხაშვილი - "უძლეველი არა ვარ, მაგრამ რაღაცები მეც შემიძლია"

"ჩვენ სტუმართმოყვარე ქვეყანა ვართ, მაგრამ  სტუმრების ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია" - რას პასუხობს ღარიბაშვილი ლიეტუველ დეპუტატს

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატის შემადგენლობით ჩამოყალიბდება - ვინ შევა კომისიაში ოპოზიციიდან?