ვის უხდიდა სააკაშვილი დაბადების დღეებს 200-მილიონიან იახტაზე

ვის უხდიდა სააკაშვილი დაბადების დღეებს 200-მილიონიან იახტაზე

"ქრონიკა" ორიოდე ნომრის წინ წერდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 200 მილიონ დოლარად უმაღლესი კლასის იახტა შეიძინა. ცნობილ გერმანულ გემთმშენებელ კომპანია BLOH BIOM+VOSS -ს იახტის შეკვეთა სააკაშვილმა 2010 წელს მისცა და ამავე წლის მიწურულს არათუ იახტის აშენება, მისი მოწყობა და ზღვაში გაშვებაც მოასწრო. დიზაინსა და სხვა ამგვარ საკითხებს, ამ საქმეში მეტად პრესტიჟული ბრიტანული კომპანია IACHT ASLAND DESIGN-ი აგვარებდა. მიშას ხომ ყველაფერი ეჩქარებოდა, გარდა საპრეზიდენტო ვადის გასვლისა და ხელისუფლების დაკარგვისა. "ქრონიკისთვის" ცნობილი გახდა, რომ იმ გერმანულმა კომპანიამ, მიშას იახტის მშენებლობა, მისივე დაჟინებული მოთხოვნით, რეკორდულად მოკლე დროში დაასრულა. სერიოზული ეჭვი მაქვს, მიუხედავად გერმანელი გემთშენებლების მაღალი პროფესიონალიზმისა, დაჩქარებული წესით აშენებულ ამ იახტას რაიმე ნაკლი გამოჰყვებოდა ჩვენი იუსტიციის სახლივით და დიდი შანსია, ერთ მშვენიერ დღეს, უცხოური მედიით, ჩვენი ყოფილი პრეზიდენტის ფათერაკიანი საზღვაო მოგზაურობის ამბავი გავიგოთ. მოკლედ, ეს ყვლეაფერი 200 მილიონი დოლარი დაჯდა და გარდა ამისა, ამ იახტის შენახვაში სააკაშვილი ყოველწლიურად 15 მილიონ დოლარს იხდის. 2011 წლიდან დღემდე იახტის შენახვის ხარჯებმა 45 მილიონი დოლარი შეადგინა. მიშას იახტას მეტად უბრალო სახელი "სწრაფი" ჰქვია და ის ჰოლანდიაში, როტერდამის პორტშია ბაზირებული.

მიშა სააკაშვილმა ეს იახტა საიდუმლო ვითარებაში შეიძინა, ცხადია, იახტის შემკვეთი თავად არ არის, მესამე პირია საქმეში გარეული. დღესაც იახტა "სწრაფი" სხვა კერძო ან იურიდიული პირის სახელზეა რეგისტრირებული. იმედია, ოდესმე ამ დეტალებსაც გავიგებთ. სააკაშვილი იახტის არსებობას არა მხოლოდ ხალხს უმალავდა, არამედ თავისი გუნდის წევრებსაც. მართალია, მაინც გასკდა ეს ამბავი და ყველამ გაიგო მიშას იახტის შესახებ, მაგრამ ამით ბევრი არაფერი შეცვლილა იმ ადამიანებისთვის, ვისაც მიშა სიმართლეს უმალავდა. მათ არასდროს მისცემიათ შესაძლებლობა, რომ "სწრაფზე" ერთი დღე მაინც გაეტარებინათ.

სააკაშვილი "სწრაფზე" სტუმრობით მხოლოდ თავის უახლოეს წრეს, "ლიბერასტული ფრთის" წარმომადგენლებს ანებივრებდა: ზოგს სამოგზაუროდ იწვევდა,ზოგს დაბადების დღეებსაც უხდიდა... ეგ კი არა, მავანთა ცოლებსაც "სწრაფზე" გადაუხადა მიშამ დაბადების დღეები.

ეს მეორე ნაწილი მისი გარემოცვისა, მისი კარის ბიზნესმენები, "ნაციონალი" დეპუტატების 95%, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელები, მინისტრები, გუბერნატორები და სხვები, მიშას მხოლოდ საკუთარი ვნებების დასაფინანსებლად სჭირდებოდა - ზოგი საკუთარი ბიზნესკომპანიიდან ურიცხავდა პრეზიდენტს საგრიალოდ ფულს, ზოგი პირადი ანგარიშიდან (დეპუტატები და გუბერნატორები). ამ საცოდავებს, უნახავი ბავშვივით, ერთხელ შორიდანაც კი არ დაანახა მიშამ ის იახტა, რომელზეც ეს მონები, მიშასა და მისი ნამდვილი მეგობრების "გულაობას" აფინანსებდნენ.

"ქრონიკა" შეეცადა, დამატებითი ინფორმაცია მოეპოვებინა მიხეილ სააკაშვილის იახტის შესახებ. ამხელა გემს, უბრალოდ, ვერ დამალავ და ის უთუოდ მოხვდება თვალში ვინმეს. გარდა ამისა, მესამე პირზე გადააფორმებენ ამ სატრანსპორტო საშუალებას და მეათეზე, ის ოფიციალურად უნდა დაარეგისტრირო რომელიმე ქვეყანაში და მისი მონაცემები ამა თუ იმ სახელმწიფოს რამდენიმე უწყების მონაცემთა ბაზაში აისახება.

"სწრაფის" არსებობა "ქრონიკას" როტერდამში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა პაატა ჯვარშეიშვილმა დაუდასტურა: "ამგვარი იახტის შესახებ მსმენია ჩემი მეგობრებისგან. 200 მილიონ დოლარად ღირებული იახტა ბევრი არ შემოდის არათუ როტერდამის პორტში, მსოფლიოში არც ისე ბევრია. მით უფრო, თუ ის აქ არის ბაზირებული, ცხადია, ბევრს მოხვდებოდა თვალში. თუმცა, გადავამოწმე და ამჟამად "სწრაფი" როტერდამის პორტში არ დგას. მხოლოდ იმის გარკვევა მოვახერხე, რომ ის ჰოლანდიის დროშის ქვეშ დაცურავს და მისი მფლობელის ვინაობა არავინ იცის. არ ვიცი, შეგნებულად ასაიდუმლოებენ თუ, უბრალოდ, არ იციან. საერთოდ, როტერდამში მრავლად წააწყდებით სხვადასხვა კატეგორიის იახტებს, რომელთა მეპატრონეთა ვინაობა არავინ იცის, მათი მხოლოდ სახელი და ის სახელმწიფოა ცნობილი, რომლის დროშის ქვეშაც დაცურავენ. სიმართლე გითხრათ, ამ იახტათა ინკოგნიტო მფლობელთა ვინაობით დიდად არავინ ინტერესდება. ჟურნალისტები მხოლოდ მაშინ ატეხენ ხმაურს, თუ იახტის მფლობელი ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოს მაღალჩინოსანი აღმოჩნდება, ანდა თუ იახტის კვალი რომელიმე მსხვილ მაფიოზამდე მიდის. ყურადღებას, ასევე, იქცევს დიდი და მდიდრული იახტები. დღეში სხვადასხვა ტიპის, დაახლოებით, 200 იახტა შედის და გადის როტერდამის პორტიდან და დანარჩენების ბედი არავის აინტერესებს. შემიძლია ვთქვა, რომ "სწრაფი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ფეშენებულრი იახტაა, რომელიც ბოლო წლებში გამოჩენილა ამ პორტში. ცხადია, დღეის შემდეგ უფრო ყურადღებით ვიქნები და მიხეილ სააკაშვილის იახტის შესახებ დამატებით ინფორმაციას მოვაგროვებთ მე და ჰოლანდიაში მცხოვრები სხვა ქართველებიც და აუცილებლად მოგაწვდით. ცხადია, თუ "სწრაფს" ვნახავთ, მის ფოტოებსაც მოგაწვდით"...

იახტის ფლობის, რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული სხვა დეტალების შესახებ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა იახტსმენმა საშა კოკაიამ: "არსებობს სპორტული და არასპორტული კლასის იახტები, მერე ესენი კიდევ კლასიფიკაციად იყოფა, თუმცა არის დადგენილი საერთაშორისო ნორმები, რომლებიც ყველა ტიპისა და კლასის იახტისთვის ერთია და სავალდებულო. იახტა აუცილებლად დარეგისტრირებული უნდა იყოს რომელიმე ქვეყნის საზღვაო-სატრანსპორტო სამსახურში. ეს უწყება ანიჭებს იახტას საძახისს, იგივე სახელს. ცხადია, სახელი იახტას უკვე ჰქვია, მაგრამ რეგისტრაციისთანავე მისი სახელი იქცევა მის საძახისად, რაც, პირობითად, მისი ნომერია.

აქვე აღვნიშნე, რომ საქართველოს საზღვაო-სანაოსნოს, საერთაშორისო წესების შესაბამისად, საქართველოს დროშის გამოყენების უფლება არ აქვს, ამიტომ ყველა, საქართველოს სახელმწიფო თუ საქართველოს მოქალაქეთა კერძო მცურავი საშუალებები, სხვა, უცხო ქვეყნის დროშით დაცურავენ.

შესაძლებელია ერთი და იგივე სახელი ერქვას რამდენიმე იახტას. თუმცა, როცა მას საძახისს ანიჭებენ, ერთი სიტყვა მაინც უნდა დაემატოს. თუ რამდენიმე იახტას ჰქვია "სწრაფი", ერთს დაერქმევა "სწრაფი-ბავარია", "სწრაფი-მარსელი" ანდა "სწრაფი-ჰამბურგი", ანუ უმთავრესად ემატება იმ ქალაქების სახელები, სადაც ისინია დამზადებული. იახტის სახელს შეიძლება დაამატო იმ ქვეყნის სახელი, რომლის დროშის ქვეშაც ის დაცურავს, მაგალითად, "სწრაფი-ჰოლანდია". მოკლედ, ამ მხრივ ასარჩევადაა საქმე, მთავარია, ყველა იახტას ჰქონდეს განსხვავებული სახელი. ეს, უმთავრესად, რეგისტრაციისთვის და საჭირო შემთხვევაში, იახტასთან კავშირზე გასასვლელადაა საჭირო, თორემ ვისაც იახტისა რაიმე გაეგება, მას ერთმანეთში არ აერევა იახტები. ჯერ ერთი, ყველა სხვადასხვა კლასისა და ტიპისაა და მეორეც, ორი ერთნაირი იახტა არ არსებობს. ბოლოს და ბოლოს, თუ საქმე გაჭირდა, იახტას აქვს პასპორტი, სადაც მისი ქარხნული ნომერია დაფიქსირებული და იგივე ნომერია დატანაბული იახტაზეც. ამის საშუალებით შეიძლება გაირჩეს ორი, თუნდაც ტყუპისცალი იახტა...

თავისუფლადაა შესაძლებელი, გყავდეს იახტა, წლების მანძილზე შედიოდეს და გადიოდეს რომელიმე პორტში ან იახტ-კლუბში და მისი ნამდვილი მეპატრონის ვინაობა ბოლომდე გასაიდუმლოებული დარჩეს. არანაირი პრობლემა არ არის, დაარეგისტრირებ რომელიმე იურიდიული პირის სახელზე, მისი წარმომადგენელი წაიყვანს და მოიყვანს იახტას, რემონტის შეკვეთასაც ის მისცემს და სხვა საჭირო მომსახურებაც მისი სახელით გაუკეთდება იახტას, ეკიპაჟსაც დაიქირავებს და რასაც უნდა, იმას გააკეთებს. თუ იახტის დოკუმენტაცია წესრიგშია, ამ წარმომადგენლის საბუთები წესრიგშია, მას არასდროს არავინ შეეკითხება, მისია თუ სხვისია ეს იახტა. მით უფრო, როცა საქმე ძვირადღირებულ იახტას ეხება. მათი მეპატრონეების უმრავლესობა საერთოდ არ ჩნდება იმ პორტებში, სადაც იახტებია ბაზირებული. სადაც დაიბარებენ, საკუთარ იახტას იქ მიუყვანს ეკიპაჟი"...

ახლა კი იმ "ღირსშესანიშნავ" მოვლენებს მივხედოთ, რომელთა შესახებაც "ქრონიკას" იმავე სანდო წყარომ უამბო, რომელმაც 2 კვირის წინ ამ საიდუმლო იახტის არსებობა გაგვანდო და მის შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი შეგვატყობინა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პირველი ვისაც "სწრაფზე" დაბადების დღის გადახდა ეღირსა, მიშა სააკაშვილის მრჩეველი რაფაელ გლუქსმანი იყო. შეგახსენებთ, რომ გლუქსმანი სააკაშვილის კარზე 2009 წელს გამოჩნდა, ის საფრანგეთის ექსპრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეგობრის, ცნობილი ფილოსოფოსის, ანდრე გულქსმანის შვილია და სააკაშვილს სწორედ სარკოზის წყალობით დაუახლოვდა. რაფაელ გლუქსმანი პარალელურად უშიშროების საბჭოს კონსულტანტად მუშაობდა. საქართველოს ხელისუფლებაში მისი დასაქმების იდეა გიგა ბოკერიას ეკუთვნის. რაფაელ გლუქსმანი ბოლოს ჩვენი სიძეც გახდა, ცოლად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკა ზღულაძე შეირთო. მოკლედ, 2011 წელს რაფაელ გლუქსმანს სააკაშვილმა დიდი ამბით გადაუხადა დაბადების დღე. როტერდამიდან იახტა ბათუმის პორტში შემოვიდა და კამპანიამ ბათუმიდანვე დაიწყო გრიალი. სხვათა შორის, მიშას ეს იახტა იყო, ბათუმელებს დონალდ ტრამპისა რომ ეგონათ და ხმა გავრცელდა, ტრამპი საკუთარი იახტით ეწვია ბათუმსო. ეს ხმები, ცხადია, სააკაშვილის ხალხმა გაავრცელა.

სააკაშვილის, გლუქსმანისა და ზღულაძის გარდა, "სწრაფზე" იყვნენ გიგა ბოკერია, ბათუ ქუთელია, სოფო ნიჟარაძე, ალანა გაგლოევა, ვანო მერაბიშვილი და მისი მეუღლე, თაკო სალაყაია, ამირან მესხელი, დავით კეზერაშვილი, თემურ ჯანაშია, ზურაბ ადეიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები... ეს ის დათა ახალაიაა, საქართველოს უსაფრთხოების მთავარ სამსახურს - კუდ-ს რომ თავკაცობდა 7 წლის განმავლობაში და სააკაშვილმა ამას წინათ რომ განაცხადა, სულ სამჯერ მყავს ნანახიო. ერთ-ერთი მათი შეხვედრა, ეტყობა, "სწრაფზე" შედგა და ისიც შემთხვევით - ბაჩო ახალაიამ ძმა, ალბათ, "ჩანგალზე" წაიყვანა.

რაფაელ გლუქსმანის დაბადების დღეზე სულ 30 კაცი იყო მიწვეული. ვინც ჩამოგითვალეთ, წყარომ, მათ გარდა, სხვების დადგენა ვერ მოახერხა. ეს დაბადების დღე ორ დღეს გაგრძელდა. ერთ დღეს ხომ იახტაზე მოულხინეს, შემდეგ, სააკაშვილის ბრძანებით, იახტა საბერძნეთს ეახლა თავისი კომპანიით და ერთი დღეც კუნძულ როდოსზე გაატარეს. ამის შემდეგ ნაგრიალები კომპანია საქართველოში დაბრუნდა და საქვეყნო და სახალხო საქმეების "კეთება" განაგრძო. სხვათა შორის, ეს ის რაფაელ გლუქსმანია, რომელმაც ტელეკომპანია "იმედის" დირექტორს, გიორგი არველაძეს "მოდელირებული ქრონიკის" გაკეთება შესთავაზა. არველაძემაც დაუჯერა გლუქსმანს, გააკეთა ეგ "მოდელირებული ქრონიკა" და კი გეხსომებათ, ახალგორში, ცხინვალსა და გალში მდგარი რუსეთის ჯარები, კინაღამ დაიძრნენ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებისკენ – მზადყოფნა #1 ჰქონდათ გამოცხადებული და ბოლო მომენტში მიაწოდეს რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელობას ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარის ნაწილები, ბრძანების გარეშე, თბილისისკენ არ მოიწევდნენ. აბა, ამისთანა კაცს იახტაზე უნდა გადაუხადო დაბადების დღე, სხვაგან როგორ ეკადრება?!

თავისი საუკეთესო მეგობრების მეუღლეებიდან მიშა სააკაშვილმა, პირველი ზურაბ ადეიშვილის მეორე ნახევარი გამოარჩია. იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და აწ უკვე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილის, ზურაბ ადეიშვილის ცოლი, მაია მესხიშვილი, 2011 წლის 1 ნოემბერს 40 წლის გახდა. ადეიშვილმა ცოლის იუბილე წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე გადაიხადა და 80-კაციან სუფრას ვანო მერაბიშვილი თამადობდა. სააკაშვილი დაბადების დღეზე გვიან მოვიდა, მხოლოდ 2 საათს გაჩერდა და გაიქცა. იმ დღეს შეჰპირდა იუბილარს, რომ აუცილებლად მოუწყობდა სიურპრიზს. 2 დღის შემდეგ, 23 ნოემბერს "ნაციონალებმა" ვარდების რევოლუციის" მე-8 წლისთავი იზეიმეს. აქ რომ მორჩნენ ღრეობას, სააკაშვილმა თავისი საძმო-სადაქალო და მათი მეუღლეები "სწრაფზე" დაპატიჟა, უპირველესად, ცხადია ზურაბ ადეიშვილი და მაია მესხიშვილი.

ამჯერად მიშა და კომპანია საპრეზიდენტო თვითმფრინავით გადაფრინდნენ როტერდამში და "სწრაფი" სრულ მზადყოფნაში დახვდათ. მხოლოდ იახტაზე გაუმხილა მიშამ ადეიშვილის მეუღლეს, რომ ეს იყო მისი დაპირებული სიურპრიზი. მაია მესხიშვილის მეორე დაბადების დღეზე 20 კაცი იყო მიწვეული, თითქმის ყველა იმ "სასტავიდან", ვინც რაფაელ გლუქსმანის დაბადების დღეს ესწრებოდა და ასევე, მიშას რამდენიმე "მუზიკანტი", რომელთაც მუდამ თან დაათრევდა იახტაზე, როცა იქ რაიმე საზეიმო ხდებოდა. ეს ის ქართველი მომღერლები, მოცეკვავეები, მოდელები და კომედიანტები არიან, რომლებიც არც აქ აკლდებოდნენ სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" პიარაქციებს, ყველა ტელეარხზე ეგენი მღეროდნენ და ტაშ-ფანდურობდნენ, ყველა ტოქშოუში ეგენი ისხდნენ და ლაქლაქებდნენ და ხალხს მათი ცქერით თვალებზე მართლა მაზოლი ჰქონდა ამოსული. თუ მათი ნახვა ისევ მოგინდათ, "რუსთავი 2"-ს მიეძალეთ! მიშა ამ მასხარებს სოლიდურადაც უხდიდა, ცხადია, ხალხის ჯიბიდან, და უპირველესად, საიდუმლოს შენახვას სთხოვდა, - არსად არ წამოსცდენოდათ, რომ სააკაშვილს არათუ საკუთარი იახტა ჰყავდა, საერთოდ, მასთან ერთად იახტაზე თუ იყვნენ ნამყოფნი. ცხადია, საიდუმლოს პირნათლად ინახავდნენ, ფული იქით იყოს, და ძმები ახალაიებისა და ვანო მერაბიშვილის შემხედვარეთ, საიდუმლოს გათქმის სურვილი რომელ ჭკუათმყოფელს დაებადებოდა? ისე გაუხდიდნენ საქმეს, მთელი ცხოვრება დააკარგვინებდნენ სიმღერისა და იმ ხუმრობის ხასიათს, ცეკვაზე რომ არაფერი ვთქვა.

ზურაბ ადეიშვილის მეღლის იუბილეზეც მაგრად გაინავარდა სააკაშვილმა, იახტაზე დროსტარებასა და ათასგვარ სიამოვნებას არ დასჯერდა და ადრიატიკის ზღვას მიაშურა. იახტით იტალიას "კრუგი" დაარტყა და კუნძულ სარდინიაზე გაჩერდა. იქ ერთი დღე დაჰყვეს ჩვენებურებმა, რამდენიმე ბარი და რესტორანი გამოიცვალეს, დაიმხვეს თავზე, რისი დამხობაც მოასწრეს და მერე იახტაზე დაბრუნდნენ. მაია მესხიშვილი თურმე იფიცებოდა, რომ მას ასეთი სასწაული დაბადების დღე არასდროს ჰქონია. მაია, გენაცვალე, ძალიან კარგად მესმის შენი. აბა, "ვარდების რევოლუციამდე" ზურაბ ადეიშვილი ხომ არაფერი იყო, ერთი მართლა კარგი იურისტის გარდა. ცოლად როცა გაჰყევი ზურას, იახტა მხოლოდ ტელევიზორში თუ გექნებოდათ ნანახი ორივეს და ამ დროს, რა არის არა, ცხოვრება? დაბადების დღე თავად შენი ქვეყნის პრეზიდენტმა გადაგიხადა, მიუხედავად იმისა, რომ თამადობა არ უყვარს, პირველი სამი სადღეგრძელოს თამადაც იყო და გვერდით იუსტიციის მინისტრიის მეუღლე ეჯდა. ამას კიდევ ერთი სიურპრიზი დაამატე – სარდინიაზე მიშასგან ნაყიდი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც თურმე ისე გიყვარს, რომ, როცა საქართველოდან შვილებთან ერთად გაიქეცი, იმ რამდენიმე ნივთს გააყოლე, თითზე რომ ჩამოითვლება.

სხვათა შორის, როგორც ჩემმა წყარომ მიამბო, შენი დაბადების დღე თავის საჩუქრიანად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, ზაზა გოროზიას დაუფინანსებია. საიდან ჰქონდა 4500-ლარიან ხელფასიან გუბერნატორს 150 000 დოლარი მთელი ამ 3-დღიანი ღრეობისა და შენი 20 000-დოლარიანი საჩუქრის დასაფარად, ეს შენს მეუღლეს ჰკითხე.

მაგან ზეპირად იცის ქართული ელიტარული კორუფციის ანატომიაც და მისი მთავარი მოქმედი გმირებიც მისი შერჩეულნი არიან ძირითადად. ისე, ამ ზაზა გოროზიასიც მიკვირს. რაც მაგას იმ 2011 წელს, ადეიშვილის ცოლის დაბადების დღემდე აკადრა მიშამ. თავმოყვარეობა რომ ჰქონოდა, სულ ცოტა, ახლა პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით უნდა იჯდეს ციხეში. ეგ კიდევ, ამ ამბის შემდეგ, მიშას ხუნტრუცებსა და გრიალს აფინანსებდა. ფუი...

2011 წლის 15 აგვისტოს თბილისის მერის, გიგი უგულავას დაბადების დღე გახლდათ, მასაც პატივი ჰქონდა "სწრაფზე" მოლხენის.

გიგი უგულავას მეუღლე, ლელა კილაძე ახლდა. 15 აგვისტოს დაწყებული მოლხენა 18 აგვისტოს დაასრულეს. იახტაზე 2 დღე-ღამე გაატარეს, მერე მიშას კარიბის კუნძულებზე მოუნდა და წინ რა დაუდგებოდა? გაცურა და კარიბის ზღვის ერთ-ერთ საუკეთესო კურორტზე, სინტ-მარტენზე იგრიალეს ჩვენი დაქცეულის ქვეყნის პატრონებმა.

ვაი ჩვენს პატრონს! სწორედ სინტ-მარტენის ერთ-ერთ საუიველირო ბუტიკში უყიდა მიშამ იუბილარს ოქროს პერსტენი და პატრონის უკვდავსაყოფად, გიგი უგულავა დღემდე ხელიდან არ იხსნის. ისე, იუბილარი იქით იყოს და მიშას სჩვევია, თავისი ახლობლებისთვის უცხოეთში საჩუქრების ყიდვა და ჩუქება. არა, ბიუჯეტის ფულით ნუ იყიდდა, თორემ მთელი ბუტიკები აეკიდა და თან წამოეღო, უშლიდა ვინმე?

ვიდრე სინტ-მარტინზე გაინავარდებდნენ ჩვენი გმირები, ერთი საინტერესო რამ მოხდა იახტაზე. მიშამ თან თავისი კარის მომღერლები, რამდენიმე მოცეკვავე, მოდელი და იუმორის გრძნობის ნატამალი რომ არ აქვთ და მარტო "ნაციონალებს" ეცინებათ იმათ ხურობებზე, ორი ეგეთი სკეტჩისტიც წაიყვანა. პირველ დღეს, გიგი უგულავას დაბადების დღე რომ დამთავრდა, უგულავა, მისი მეუღლე, დაახლოებით ათიოდე კაცი აიშალა 30-კაციანი რესტორნიდან და დასაძინებლად კაიუტებს მიაშურა. დანარჩენებმა კი ბარში გადაინაცვლეს და იქ განაგრძეს სმა და ცეკვა. ერთი ჩვენი "ფეისი", რომელსაც შანსი მიეცა, რომ მიშას ერთხელ მაინც ჩაჰგორებოდა ლოგინში, მთელი 2 საათის განმავლობაში არ გაჩერებულა, ცეკვისგან თურმე ღვართქაფი გასდიოდა, ბევრს ეცადა, მაგრამ მიშას ყურადღება ვერ მიიპყრო. მიშა თბილისიდან წაყვანილ ერთ-ერთ მოდელთან იჯდა და ვისკის წრუპავდა. მოკლედ, ეს გაჭირვებული, ერთი მიშას მაგიდაზე არ ახტა და ზედ არ იცეკვა, თორემ სხვა არაფერი დაუკლია. ტყუილად ჩაიარა მისმა მცდელობამ – მიშამ მოდელთან ერთად დატოვა ბარი და ცხადია, მასთან ერთად განმარტოვდა კაიუტაში. ამ ხელმოცარული "ფეისის" მოწადინება კი არ გამოჰპარვია, წასვლის წინ უთქვამს, - ძალიან კარგი გოგო ხარ, მაგრამ რა ვქნა, ეს ქერათმიანი ქალები დიდად არ მიყვარს და შენნაირი გოგონები, მით უმეტესო. უკაცრავად, მაგრამ მეტს ვეღარაფერს გეტყვით, მომღერალი იყო, მოდელი, მოცეკვავე თუ ტელეწამყვანი, ეს "მიშასმაძიებელი ქალი", თავად გაარკვიეთ. ჯანდაბას, ერთ მინიშნებასაც მოგცემთ - იმ დროს 21 წლის იყო. ამ გოგოს მთელი ეს მონდომება იმით დასრულდა, რომ მიშას ნაცვლად, ერთ-ერთმა "ნაციონალმა" დეპუტატმა დაითრია და საკუთარ კაიუტაში წაიყვანა. პრეზიდენტი ვერა, მაგრამ ძალზე გავლენიანი დეპუტატი შერჩა ამ გოგოს. მე თუ მკითხავთ, ესეც დიდი საქმეა მაგისთვის.

პატივცემულო მკითხველო! ამ წერილს როცა ჩაამთავრებთ, ძალიან გთხოვთ, უახლოეს ეკლესიაში წაბრძანდით, ერთი კელაპტარი დაანთეთ და ღმერთს დიდი მადლობა შესწირეთ! გულმხურვალე მადლობა შესწირეთ უფალს, რომ ცოცხლები ხართ და ეს ქვეყანა ბოლომდე დაქცეული არ არის. წინა წლებს თავი დავანებოთ და "ნაციონალების" მმართველობის ბოლო ორ წელიწადს ხელისუფლებად მოძრავი ბორდელი გვყავდა და კიდევ უარესი რომ არ დაგვემართა, ეს სწორედ ღვთის წყალობითაა.

ეს არ არის ბოლო გაფრენა მიშა სააკაშვილისა საკუთარ ბორდელზე. ერთხელ, ამ იახტით, თავის ძალზე ვიწრო წრესთან ერთად წავიდა სათევზაოდ. თან პირადი დაცვის უფროსი თემურ ჯანაშია, ოთხი მცველი, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია იახლა. ამჯერად კრუიზის მიზანი თევზაობა იყო. მოგზაურობა ამჯერადაც როტერდამიდან დაიწყეს და გეგმაში ერთი დღით, თევზაობა-თევზაობით, ადრიატიკის ზღვის გავლით, იტალიაში გაჩერება ჰქონდათ გადაწყვეტილი - სახმელეთო დროის გასატარებლად. მიშას თევზაობა, ზოგადად, დიდად არ ხიბლავს, მაგრამ საკუთარ იახტაზე და თანაც ზღვაში, ეტყობა, სხვა ეშხი აქვს. ითევზავეს, თევზიც დაიჭირეს და მზარეულებმა უცებ შეუწვეს თუ მოუხარშეს ნადავლი. მერე გრძელი ქეიფი გაიმართა, საკმაოდ ბევრი სვეს და ცხადია, სასმელიც მოეკიდათ. ამ დროს მიშას წითელმა აუნთო - მაგრად გაჭედა. ერთ-ერთ საერთაშორისო, ამერიკელ "მამაშას" დაურეკა, რომელიც პრეზიდენტებს, პრემიერებს, შეიხებს, მილიარდერ და მულტიმილიონერ ბიზნესმენებს ლამაზმანებით ამარაგებს. სააკაშვილი კი ამ ქალის ძველი კლიენტია. მიშას ამ "მამაშასთვის" ადრე უთქვამს, ერთი სლოვენიელი მოდელი მომეწონა და ეს საქმე უნდა გაჩარხოო. ცხადია, საქმე სოლიდურ გასამრჯელოს ეხებოდა, მოდელს თავისი უნდა გადაუხადო და ამ ამერიკელ "მამაშას" - თავისი, საშუამავლო. მიშას გასახარად, ის სლოვენიელი მოდელი დათანხმებულა, ჩვენთვის უცნობი თანხის საფასურად, მიშასთან ერთი ღამის გატარებას. თუმცა, მიშას ბოლოს უნამუსია. "მამაშასთვის" უთქვამს, - ახლა იახტაზე ვარ, ჩემ გარდა აქ შვიდი კაცია (პირადი დაცვის 5 თანამშრომელი, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია), მაგის გარდა, კიდევ 7 ლამაზმანი უნდა გამოაგზავნო სასწრაფოდ და არც ერთი არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, მე რომ მომეწონაო. ბევრს აღარ გავაგრძელებ, მოკლედ ვიტყვი. მიშას ვერტმფრენმა მოუყვანა სლოვენიელი ლამაზმანები უკვე შეღამებულზე, მისი მოწონებული ქალბატონი მიშას მაშინვე დაუთრევია და კაიუტაში შეუყვანია. ახალაია, მერაბიშვილი, ჯანაშია და დაცვის თანამშრომლები ბარში დამსხდარან, გოგონებთან ლაპარაკი გაუბამთ, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გაიცნო ქალი, მიშასავით ეგრევე ხომ არ ეტაკები, არა? ამ მასლაათში ყოფილან, რომ კაცის ქართულ-ინგლისური გინებისა და ქალის ყველა ენაზე გასაგები წივილ-კივილის ხმა გაუგიათ. ბარიდან ამოსულან და რას ხედავენ: ეს სლოვენიელი მოდელი, დედიშობილა წინ და უკან დარბის და სრულიად შიშველი მიშა უკან დასდევს, აგინებს, მოიხელთებს და ხან წიხლს ამოარტყამს და ხან სახეში მუშტს ამოჰკრავს. დაცვას უყოჩაღია, გალეშილი მიშა კაიუტაში ძალით შეუყვანიათ და საწოლში ჩაუწვენიათ. ამასობაში ვანო მერაბიშვილი საკუთარ კაიუტაში შევარდნილა, რაღაც წამლები მოუტანია და მიშასთვის სულ ძალით დაულევნებია. ამის მერე დამშვიდებულა მიშა.

საერთოდ, ვანო მერაბიშვილი სულ თან ახლდა მიშას იახტაზეც და ყველგან, სადაც მას შესაძლოა, ზომაზე მეტი დაელია. ვანო იყო ერთ-ერთი, ვისაც გადამთვრალი, გონდაკარუგლი მიშას დაშოშმინება შეეძლო. ზოგჯერ უწამლოდაც ახერხებდა ამას, თუმცა, მთავარია, რომ მიშა უფრო ხშირად ვანოს არ უძალიანდებოდა და ასეთ დროს დამამშვიდებელ წამლებს სვამდა. თუმცა, ვანო მერაბიშვილიც არაერთხელ ჩავარდნილა გამოუვალ მდგომარეობაში, გამტყვრალ მიშას მისთვისაც არ დაუჯერებია და არც წამლები დაულევია. ასეთ დროს, თურმე ვანო "სასწრაფო დახმარებას" იძახებდა. თუ ახლოს და ხელმისაწვდომზე იყო, მიშას დედა, გიული ალასანია მიირბენდა და შვილს დაამშვიდებდა, დამაწყნარებელ წამალსაც დაალევინებდა და მერე უკან ბრუნდებოდა. თუ ისეთ ადგილზე გააფრენდა მიშა, რომ ქალბატონი გიული იქ ფიზიკურად ვერ მივიდოდა, ვანო მერაბიშვილი მაშინ ან ისევ მას ურეკავდა და ან მიშას ბიძას – თემურ ალასანიას. ხან დედას და ხან ბიძას სატელეფონო ფსიქო-თერაპიით გამოჰყავდათ პრეზიდენტი მდგომარეობიდან და იმ კონდიციამდე მიჰყავდათ, რომ ვანოს დამორჩილებოდა. აი, ასეთი კაცი გვმართავდა 9 წლის მანძილზე. ამ კაცს პრეზიდენტი ერქვა და განუზომელი ძალაუფლება ეპყრა ხელთ. მე მგონი, კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები, ამის ხელში და თან მთელი 9 წლის მანძილზე, უარესიც შეიძლება დაგვმართნოდა. არა, ამ დამთხვეულს, ეტყობა, მართლა საფუძვლიანად აკონტროლებდნენ ამერიკის სპეცსამსახურები და პოლიტიკური წრეები, ამის ამორალურობას სადღაც სამანს უგებდნენ კიდეც და მიშასაც ეშინოდა თავისი პატრონებისა, რადგან მისი საერთაშორისო იმიჯის შელახვა ამერიკის სახელის გატეხის ტოლფასი იყო. ეგრე რომ არ ყოფილიყო, ეს ქუჩაში შიშველი ირბენდა და ჩვენც გვარბენინებდა... ნუ, ვისაც მოგვერეოდა, იმათ.

იქ, იახტაზე, სხვა საინტერესო და სასეირო აღარაფერი მომხდარა. მიშას იმდენი დამამშვიდებელი და ძილის წამალი მიაყარა მისმა "პირადმა ექიმმა", ვანო მერაბიშვილმა, პრეზიდენტს მალე მიეძინა. დილით მიშას ბოდიში მოუხდია ნაცემი გოგოსთვის და კომპენსაციად ორი იმდენი თანხა გადაუხდია, რაზეც შეთანხმებული იყო. ცხადია, ქველი ხასიათის გამო არ გააკეთა ეს სააკაშვილმა – პრეზიდენტი იყო და კაცმა არ იცის, ეს ნაცემი სლოვენიელი მოდელი, რა შარსა და შანტაჟს აუტეხდა. ცხადია, საქმეში ის ამერიკელი "მამაშაც" ჩარეულა და ყველაფერი კეთილად დასრულებულა. სხვათა შორის, იმ "მამაშას" მიშას "სიგიჟე ერთი ღამისა"არ გაჰკვირვებია, ეს მისთვის პირველი არ ყოფილა, მიშასგან ნაცემ-დალილავებული გოგონები მრავალგზის გამხდარან მისი დასაშოშმინებლები და სამკურნალონი...

ხათუნა ელბაქიძე

გაზეთი "ქრონიკა"

ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ უყიდა სააკაშვილს ძვირადღირებული სპორტული ავტომობილი (ექსკლუზივი)

"ქართულმა ოცნებამ“ 3 კვირაში საარჩევნო ბანერებსა და სხვა ტიპის რეკლამებზე 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

"ნუ ავყვებით პროვოკაციებს, მოვთოკოთ ემოციები..." - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"