მუსლიმებმა და ქრისტიანებმა იესოს შობა ერთად იზეიმეს

მუსლიმებმა და ქრისტიანებმა იესოს შობა ერთად იზეიმეს

25 დეკემბრის საღამოს, იესო ქრისტეს შობის აღსანიშნავად, ბეთელის მოხუცებულთა თავშესაფარში მუსლიმი და ქრისტიანი წინამძღოლები საქართველოდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან შეიკრიბნენ. ზეიმი ქართველ მუსლიმთა კავშირისა და საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის მიერ იყო ორგანიზებული. საღამო ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის უკვე გადამდგარმა მთავარეპისკოპოსმა, დოქტორმა მალხაზ სონღულაშვილმა და ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ ცეცხლაძემ გახსნეს.

შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა მიმართა: "იესომ თქვა, სადაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან ჩემი სახელით, მეც მათ შორისა ვარო. დღეს ორზე და სამზე მეტნი ვართ იესოს სახელით შეკრებილნი და შესაბამისად, იესო ჩვენთან არის". საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ზეიმს შერიგებისა და მოქალაქეთა თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესწრებოდა, რომელიც მიესალმა ამ ისტორიულ შეხვედრას და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ერთობა ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კიდევ უფრო მეტად გაამყარებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

ზეიმის კულმინაცია მონაწილეთა მიერ საჩუქრების გაცვლა იყო: ქრისტიანმა სასულიერო პირებმა მუსლიმ მეგობრებს სახარების ქართული გამოცემა (ბიბლიური საზოგადოების დახმარებით) და მუსლიმმა სასულიერო პირებმა ქრისტიან მეგობრებს ყურანის ქართული თარგმანი გადასცეს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”