"ყინულის დედოფლის" 3D ვერსია სპორტის სასახლეში

"ყინულის დედოფლის" 3D ვერსია სპორტის სასახლეში

პირველად ქართულ რეალობაში (და არა მარტო) კინოს, თეატრის, ვიზუალური არტისა და გრაფიკული დიზაინის სინთეზი, პატარებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, საყვარელი მწერლის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის "ყინულის დედოფლის" სრულიად განსხვავებულ თეატრალურ ვერსიას წარმოადგენენ. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და 3D ვიზუალური ეფექტების საშუალებით მთლიანი შოუს განმავლობაში მაყურებელი ულამაზეს ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურებს, როგორიც პატარა ქართველ მაყურებელს ჯერ არ უნახავს...

ბესო ჩანტლაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი, იდეის ავტორი:

- დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გაჩნდა იდეა, თანამედროვე ტექნოლოგიებით გრანდიოზული შოუ გაგვეკეთებინა. ის, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, სამ განზომილებაში გაკეთებული შოუ, სადაც მსახიობები თამაშობენ, არის კინოს, თეატრისა და ვიზუალური არტის სინთეზი. ასეთი შოუ მსოფლიოში მხოლოდ ორი გაკეთდა და საქართველოში ჩვენ ვაკეთებთ მესამეს, კავკასიის რეგიონში კი ეს პირველად ხდება.

- რომელი მსახიობები მონაწილეობენ სპექტაკლში?

- ცნობილი მსახიობები, მათ შორის ნანა ნებიერიძე, გიორგი ვარდოსანიძე, სამორი ბალდე, პაატა გულიაშვილი, ნინო თარხან-მოურავი... რაც შეეხება ნაწარმოებს, ჰანს ქრისტიან ანდერსენის "ყინულის დედოფალი" ვარჩიეთ და მისივე ფაბულას მივყვებით, თუმცა სცენარი ცოტათი ორიგინალურია და მისი ავტორი ხატია ხოსროშვილია. ჩვენი სცენარის მიხედვით, გერდა და კაი პატარა ბავშვები კი არა, თინეიჯერები არიან. გერდა მთელი სპექტაკლის განმავლობაში ეძებს კაის და მოგზაურობს ჯადოსნურ სამყაროში, რათა იპოვოს და დაიხსნას კაი, რომელიც თოვლის დედოფალს ლაპლანდიაში ჰყავს დატყვევებული... მთავარი დამდგმელი მხატვარია დავით მაჭავარიანი, რომელმაც მართლაც საოცრება შექმნა.

- ბესო, იქნებ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ, ვიზუალურად რა ხდება 3D სპექტაკლზე?

- ვეცდები აგიხსნათ, წარმოიდგინეთ, ათი დიდი მონიტორი და ამ ეკრანებზე თამაშობენ მსახიობები. ჩვენ დეკორაცია 3D გრაფიკით შევცვალეთ და სცენაზე მხოლოდ მსახიობები დავტოვეთ...

- ალბათ საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტია...

- დიახ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სპექტაკლია, მისი ბიუჯეტი 400 ათასი ლარია, ამხელაბიუჯეტიანი სპექტაკლი საქართველოში, მგონი, არც არსებობს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ფურორს მოვახდენთ.. 27 დეკემბერს იქნება პრემიერა და 1-ლი იანვრის ჩათვლით ამ საინტერესო სანახობას, მაყურებელი დღეში ორჯერ, 14 და 17 საათზე იხილავს, წარმოდგენა 1,15 საათს გრძელდება...

ბილეთები უკვე იყიდება "დინამო არენაზე", "თბილისი მოლსა" და სპორტის სასახლეში, ფასი 10, 15 და 20 ლარია.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი