"ახალი ხმის" მონაწილე სკანდალური შოუს შემდეგ გათხოვდა (ექსკლუზივი)

"ახალი ხმის" მონაწილე სკანდალური შოუს შემდეგ გათხოვდა (ექსკლუზივი)

თაკო ოქროპირიძემ "ახალი ხმა" 7 იანვარს სკანდალურად დატოვა: მწვრთნელმა, მაია დარსმელიძემ მხოლოდ ერთი პროცენტით შეაფასა, თიკო მოსემღვდლიშვილს კი - 99% დაუწერა. მიუხედავად იმისა, რომ თაკოს მაყურებლის ხმა არც ისე ცოტა ჰქონდა, მან კონკურსი დატოვა, ქულების სათანადო რაოდენობა ვერ დაუგროვდა... მაგრამ ეს არ არის გუშინდელი დღის მთავარი ამბავი. შოუდან ნახევარ საათში, მას შეყვარებულმა ხელი სთხოვა... ყველაფერი კი თაკოს გაბედნიერებით დასრულდა...

"ამბები.გემ" პატარძალთან დაკავშირება მოახერხა.

- თაკო, გილოცავ გაბედნიერებას.

- დიდი მადლობა...

- გადაწყვეტილი გქონდა გათხოვება თუ ყველაფერი უეცრად მოხდა?

- როგორც კი შოუ დამთავრდა, ჩემმა ახლა უკვე ქმარმა დამირეკა და მითხრა, მოვდივარ და უნდა წამოგიყანოო... ერთმანეთი კონკურსამდე გავიცანით. ურთიერთობა აეწყო. მან  ხელი რამდენჯერმე მთხოვა, მაგრამ უარს ვეუბნებოდი. "ახალ ხმაში" რომ შევედი, ხელი ამანაც შეგვიშალა და დაშორებულებივით ვიყავით. თუმცა ნათქვამი ჰქონდა, კონკურსიდან რომ გამოხვალ, უნდა მოგიყვანოო. ისე, წინა დღეებში კი ვფიქრობდი, აბა, თუ დარეკავს და თუ შეასრულებს თავის დანაპირებს-მეთქი...

მოკლედ, გუშინ, შოუს დასრულებიდან ნახევარ საათში დარეკა. პირობა შეასრულა, სიტყვის კაცი აღმოჩნდა (სიცილით ამბობს)... სხვათა შორის ჩემი მეუღლე მაიას დიდ მადლობას უხდის. კარგია, რომ გუშინ დაგატოვებინა პროექტი და შედარებით მალე გახდი ჩემი ცოლიო. ისე, ერთი კვირით გვიან მოგიყვანდიო.

- ვინ არის შენი მეუღლე?

- გიორგი ბოლქვაძე, სოხუმის თეატრის იურისტია და ძალიან კარგი ადამიანი...

- ისე, პროექტს რომ მივუბრუნდეთ, რას იტყვი?

- თუ წამოვიდოდი, მინდოდა, ასე წამოვსულიყავი, რომ მაიას თიკოსთვის 99% დაეწერა და ჩემთვის - 1%. ხალხის ზარები მეტი მაინც მე მქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებელს ჰქონდა იმის გააზრების უნარი, რომ ჩემთვის დაემესიჯებინა. არც თიკოა ცუდი კონკურსანტი, უბრალოდ ცუდი ვითარება შეიქმნა და ამიტომ მიწევს ასე ლაპარაკი.

- თავზე გვირგვინი გედგა, თეთრი სამოსი გეცვა, თითქოს საპატარძლოდ იყავი გამზადებული...

- სიმღერა როკოპერიდან ("სუპერ ვარსკვლავი") ვიმღერე, მარიამ მაგდალინელი გახლდით. სიმბოლურად დაემთხვა, თან, შობის დღესასწაული იყო. ამასთან, ეკლესიაში ვგალობ...

ვფიქრობდი, თუ დავრჩები, კარგი ნომრით დავრჩები, თუ წამოვალ, კარგი ნომრით წამოვალ-მეთქი. სხავთა შორის, ისეთი ნომერი იყო, რომ ყველა, კულისებში თავის კომენტარში ამბობდა, ისეთ მაგარ სიმღერას მღერი, რომ უკვე ამიტომ ხარ გამარჯვებულიო. დარწმუნებული ვარ, მწვრთნელებსაც მოეწონათ, მაგრამ ყველამ ხმამაღლა ვერ აღიარა. ლელა წურწუმიას მამულიჩასთან ერთად, მერაბ სანოძეს, ბენდს დიდ მადლობას ვუხდი...

- ლელაზე თავიდან უარი რატომ თქვი?

- არა იმიტომ, რომ ნაკლებ პროფესიონალად მივიჩნიე, უბრალოდ, პირველად იჯდა მწვრთნელებს შორის და მეგონა, ამ საქმეში გამოუცდელია-მეთქი. არადა, ყველა მეუბნება, რომ ლელასთან უნდა წასულიყავი, ღირსეული პიროვნებაა და არ გიღალატებდაო. სხვათა შორის მაიასაც არ ეკუთვნოდა ის სიტყვები, რაც მასზე აქამდე ვთქვი, მაგრამ ძალიან შეიცვალა სიტუაცია და ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის