"მსხვილი ენერგეტიკული პროექტების საკითხი კომპეტენტური კვლევების საფუძველზე უნდა წყდებოდეს და არა ემოციებზე დაყრდნობით"

"მსხვილი ენერგეტიკული პროექტების საკითხი კომპეტენტური კვლევების საფუძველზე უნდა წყდებოდეს და არა ემოციებზე დაყრდნობით"

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივამ" (სიპი) ხელისუფლებას მიმართა ინიციატივით, რომ 2014 წელი მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების, კერძოდ კი, "შაჰდენიზი 2"-ის და "ხუდონის" პროექტების წლად გამოაცხადოს. ამ საკითხზე "სიპი"-ს ხელმძღვანელს, ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძეს ვესაუბრეთ.

- და მაინც, ბატონო ლევან, რატომ 2014 წლის "შაჰ-დენიზის" და "ხუდონის" წლად გამოცხადება?

- ამ პროექტების მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმ მოსალოდნელი ეფექტებიდან გამომდინარე, რაც ამ და ამ ტიპის პროექტების განხორციელებამ შეიძლება ქვეყანას მოუტანოს.

პირველი, ეს არის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების დონის მნიშვნელოვანი ზრდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი ელექტრო და ზოგადად ენერგობაზარი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ელექტროენერგიასა და ენერგორესურსებზე. და ამ თვალსაზრისით, ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების დონის მატება რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს საქართველოსთვის, ამისთვის უახლოესი პერიოდის უკრაინული მაგალითის და უკრაინისთვის რუსეთის მხრიდან შექმნილი პრობლემების გახსენება იქნება სრულიად საკმარისი.

მეორე, ეკონომიკური და სოციალური ფაქტორი. "შაჰ-დენიზის" და "ხუდონის" პროექტების რეალიზაცია, ერთი მხრივ საშუალებას იძლევა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, გაჩნდეს შემოსავლების ახალი, დამატებითი წყაროები ბიუჯეტისთვის, და მათ შორის, ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის, და ამავდროულად, ქვეყანას გაუჩნდეს ახალი და რაც ყველაზე მთავარია, იაფი გაზის და იაფი ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული წყარო, და ამით კიდევ უფრო შევამციროთ რუსულ ფაქტორზე ჩვენი დამოკიდებულების ხარისხი.

"შაჰ-დენიზი" საშუალებას გვაძლევს მილსადენში გატარებული 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზიდან სახელმწიფომ 5% ექსკლუზიურად დაბალი ტარიფით შეიძინოს. ხოლო "ხუდონჰესის" აშენების შემდეგ, ყოველგვარი დამატებითი ინვესტიციების განხორციელების და ძალისხმევის გარეშე, 470 მილიონი კვტ/საათით გავზარდოთ "ენგურჰესის" და "ვარდნილჰესის" სიმძლავრე, რომელიც 1,18-თეთრიან უიაფეს ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და ამავდროულად, "ენგურჰესის" ექსპლოატაციის ვადა კიდევ დამატებით 20 წლით გავზარდოთ.

- ამ პროექტებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი, ხუდონის პროექტის გარემოზე ზემოქმედების საკითხებზე დღეს ბევრი კითხვა არსებობს საზოგადოებაში. საუბრობენ, რომ არის შესაბამისი დასკვნებიც და კვლევებიც, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი.

- მართალს ბრძანებთ, კითხვა ბევრია და ეს სავსებით ბუნებრივია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ პროექტებისადმი და გეთანხმებით, განსაკუთრებით ხუდონის პროექტისადმი, აუცილებელს ხდის ერთი მხრივ ამ პროცესის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის აუცილებლობის საკითხს და მეორე მხრივ, საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას და მონაწილეობას მასში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაცია საზოგადოებასთან იყოს სწორი და მოსახლეობამ ზედმიწევნით კარგად და სწორად გაიგოს იმ სიკეთეების შესახებ, რაც ამ პროექტმა შეიძლება მოუტანოს სახელმწიფოს და საზოგადოებას ერთი მხრივ, და რა სირთულეები და პრობლემები გვექნება გადასალახი და დასაძლევი მეორე მხრივ.

გეთანხმებით, რომ მრავალი პოზიტიური და დადებითი კვლევა და დასკვნა არსებობს ხუდონის პროექტთან დაკავშირებით. მაგრამ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ არსებობს რაიმე სახის უარყოფითი დასკვნა ან კვლევა. ასეთი არ არსებობს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ უკმაყოფილებას ან წინააღმდეგობას გამოხატავენ ხუდონის პროექტთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უკმაყოფილება და წინააღმდეგობა არა რაიმე კონკრეტულ კვლევას ან კომპეტენტური ორგანიზაციის დასკვნას ეფუძნება, არამედ წმინდა ემოციურ ფაქტორს და შიშს, რომ თითქოს ხუდონი დააქცევს და დაღუპავს ქვეყანას.

რაც შეეხება კომპეტენტური ორგანიზაციების დასკვნებს, რამდენიმე მათგანის შესახებ მოგახსენებთ:

პირველი ეს არის ჯერ კიდევ 2008 წელს "მსოფლიო ბანკის" შეკვეთით სერბულ-იტალიური ძალიან კომპეტენტური და სერიოზული S.E.E.C.-ის მიერ ჩატარებული კვლევა "საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება". ეს არის პრაქტიკულად ის სტანდარტი, რომლითაც თანამედროვე ევროპაში ხდება ამა თუ იმ ენერგეტიკული პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის დადგენა. ამ კვლევით განსაზღვრულია, რომ თუ საქართველო განვითარების შემდგომ წლებში უზრუნველყოფს ყოველწლიურად მინიმუმ 3%-იან ეკონომიკურ ზრდას მაინც, ხუდონის პროექტის რეალიზაცია გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს და ამ თვალსაზრისით, ხუდონი პრაქტიკულად უალტერნატივოა. ანუ, მისი ჩანაცვლება სხვა რამე ალტერნატივით პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

მეორე კვლევა "ხუდონჰესის პროექტის გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასება", ისევ "მსოფლიო ბანკის" შეკვეთით უკვე 2010 წელს ფრანგულ-იტალიურმა საერთაშორისო კონსორციუმმა BRL/Progetti S.P.A.-მ გააკეთა.

მესამე და საბოლოო კვლევა "ხუდონჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება", 2013 წელს საერთაშორისო არასამთავრობო გარემოსდაცვითი ქსელის CENN-ის მიერ არის მომზადებული.

გარდა ამისა, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და კომპეტენტურმა შვეიცარიულმა კომპანიამ STUCKY, რომელიც სპეციალიზებულია სწორედ ასეთი ტიპის პროექტებზე, ჩაატარა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, სეისმოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები.

ასევე, მომზადებულია ძალიან საფუძვლიანი და დეტალური საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშებები ასევე საკმაოდ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ - ერთი, ეს არის ავსტრიული "ფანდრაიზინგ ჯგუფი", ხოლო მეორე ძალიან მსხვილი და კომპეტენტური საერთაშორისო საბანკო-საინვესტიციო კონსორციუმი.

მე არ ვსაუბრობ ემოციებით და ემოციებზე დაყრდნობით. მე ვეყრდნობი საერთაშორისო კომპეტენტური კვლევითი ორგანიზაციების ანალიზს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს. და ეს არის სწორედ ის კვლევები, რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია ვიმსჯელოთ ამ პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის და აუცილებლობის შესახებ, და რაზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვისაუბროთ ამ პროექტის გარემოზე ზემოქმედებისა და გავლენის მასშტაბების შესახებ. ეს კვლევები კი მოწმობს, რომ გარემოზე ზემოქმედების მასშტაბი და ხარისხი მინიმალური იქნება.

- რაც შეეხება სოციალურ და ეკონომიკურ ფონს სვანეთის რეგიონში, დღეს ამ მხრივ არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა. სვანეთის მოსახლეობისგან დაცლის პრობლემაც მეტად აქტუალური საკითხია.

- აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა და არა მხოლოდ სვანეთისთვის, მთელი მთიანეთისთვის. სვანეთში, სადაც მოსახლეობა 24 ათასი კაცი იყო, დღეს მხოლოდ 14 ათასია დარჩენილი და აქედანაც, 3 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნება. პრობლემაც სწორედ ისაა, რომ დღეს არსებული მიდგომებით, ჩვენ სვანეთში მოსახლეობას ვერ ვინარჩუნებთ. ამ ადამიანებს არ აქვთ არც სამუშაო ადგილები და არც ეფექტური სოციალ-ეკონომიკური გარანტიები. ანუ, მთაში ადამიანების შენარჩუნების ეფექტური მოტივაცია დღეს რეალურად არ არსებობს. და ხვალ ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობა გვექნება.

მე ერთი ევროპული ტენდენციის შესახებ მინდა მოგახსენოთ. ევროპის სახელმწიფოებშიც, განსაკუთრებით საფრანგეთში, იტალიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მთის მოსახლეობის მიგრაცია და მთიანი რეგიონების მოსახლეობისგან დაცლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. შვეიცარიის, იტალიის, საფრანგეთის მთიანეთის მხოლოდ იმ რაიონებში, ალპებს ვგულისხმობ, სადაც ბოლო წლებში განხორციელდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის კაშხლებისა და ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, შენარჩუნებულია მოსახლეობის მიგრაციის პრაქტიკულად ნულოვანი მაჩვენებელი. ანუ, მხოლოდ ეს რაიონებია, საიდანაც მოსახლეობა არ გაედინება. მაგალითად, ძალიან პატარა რაიონები - ვალ და აოსტა იტალიაში, სადაც 10 კაშხალია, ტიჩინო შვეიცარიაში, სადაც 4 ძალიან დიდი (111 მეტრიდან 225 მეტრამდე სიმაღლის) კაშხალია, ტრენტინო იტალიაში, სადაც 37 კაშხალია. ეს ის რაიონებია, სადაც კაშხლების აშენების შემდეგ მოსახლეობის რაოდენობა არათუ შემცირდა, პირიქით გაიზარდა კიდეც.

ახსნა ძალიან მარტივია. ჰესების მშენებლობამ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მთიან რეგიონში დარჩენის მოტივაცია შექმნა. გაჩნდა სამუშაო ადგილები, გაჩნდა ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლები და საგრძნობლად გაუმჯობესდა ამ რაიონებში ცხოვრების ელემენტარული ყოფითი პირობები და სოციალ-ეკონომიკური გარანტიები.

ნანა სამხარაძე

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი