რა შემთხვევაში შევიძენთ აფთიაქებში მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე

რა შემთხვევაში შევიძენთ აფთიაქებში მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე

როდის დაიწყება აფთიაქებში მედიკამენტის რეცეპტით გაყიდვა - სამინისტრო ინსტიტუტის ეტაპობრივად დამკვიდრებას იწყებს. პირველი ნაბიჯი იქნება ფარმაცევტული პროდუქტის რეკლასიფიკაცია. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხას კიდევ რამდენიმე მედიკამენტი დაემატა. როგორ, სად და რა შემთხვევაში შევიძენთ აფთიაქებში მედიკამენტებს რეცეპტით და მის გარეშე, კითხვებს ჯანდაცვის სამინიტროს წარმომადგენელი უპასუხებს.

გამოგზავნილი კითხვები

გია:

წნევის, გულის სამკურნალო პრეპარატების შესაძენად ყოველდღიურად ექიმს უნდა მივმართოთ, ეს ხომ ცხოვრების გართულებაა?

-კითხვის ავტორს ყოველდღიურად ექიმთან მიმართვა არ დასჭირდება, ცვლილებების საფუძველზე. ექიმს აქვს უფლება გამოწეროს გრძელვადიანი რეცეპტი ქრონიკული პაციენტების შემთხვევაში. შესაძლებელია რამოდენიმე თვიანი რეცეპტიც გამოიწეროს. მაგალითად ექვს თვიანი სამკურნალო საშუალებების მარაგი. ამ ერთი რეცეპტის ბლანკის საფუძველზე პაციენტს ეძლევა უფლება, რომ რამოდენიმე ფარმაცეპტულ დაწესებულებაში თავის ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე ეტაპობრივად შეიძინოს აღნიშნული ფარმაცეპტული პროდუქტი. ასე რომ ექიმთან ყოველდღიური ვიზიტი გიას არ მოუწევს.

მაიკო:

მაქვს ასთმა, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ სახლში მქონდეს ყველა მედიკამენტი რაც მესაჭიროება. არის შემთხვევები, ღამის საათებში დამჭირვებია ძლიერი მედიკამენტები, ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცე?- თუ შეიძლება განმარტეთ.

-საინტერესოა ამ შემთხვევაში ძლიერ მედიკამენტებში რას გულისხმობს კითხვის ავტორი. თუ აქ იგულისხმება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები და მათთან გათანაბრებული მედიკამენტები, ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში გაცემის წესი არსებობდა და იგივე პრინციპით ხდება, შესაბამისი რეცეპტის მეშვეობით. ქრონიკული პაციენტის შემთხვევაში, მას შეუძლია რამოდენიმე თვის მარაგი ქონდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ან უნდა ქონდეს რეცეპტი, ან მარაგი უნდა გააჩნდეს. თუ არადა უნდა მიმართოს სასწრაფო დახმარებას და ისინი შესაბამის დახმარებას გაუწევენ პაციენტს.

2) თუ არის შესაძლებელი ექიმმა გამოწეროს რეცეპტი გარკვეული დროს ვადით (ერთი-ორი თვით) და ასე ვისარგებლოთ აფთიაქებში მომსახურებით?

-ექიმს უფლება აქვს გამოწეროს გრძელვადიანი რეცეპტი. ეს არანაირად არ იზღუდება, მითუმეტეს ქრონიკული ავადმყოფების შემთხვევაში, რამოდენიმე თვიანი მარაგი შეიძლება გამოწეროს. ამ ერთი რეცეპტის ბლანკით, რამოდენიმე ფარმაცეპტულ დაწესებულებაში შეუძლია ისარგებლოს პაციენტმა.

ჯეკო-მესი:

რომელ კონკრეტულ აფთიაქებში შევძლებთ წამლებს შეძენას რეცეპტის გარეშე?

-ვერცერთ აფთიაქში ვერ შეძლებთ ურეცეპტოდ წამლის შეძენას, იმ წამლებზე მაქვს საუბარი, რომელსაც რეცეპტი სჭირდება. უხერხული შეკითხვაა, ჯანდაცვის სამინისტრო ვერ მიუთითებს აფთიაქს, სადაც სამართალდარღვევით ხდება ამ თუ იმ მედიკამენტის გაცემა. ნებისმიერ ფარმაცეპტულ დაწესებულებაში შეიძლება ურეცეპტოდ შეიძინონ მესამე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცეპტული პროდუქტი, რომელიც დასაშვებია აფთიაქიდან ურეცეპტოდ გაიცეს. სხვას რა თქმა უნდა ვერ შიძენენ. კანონმდებლობა იმიტომ არის განსაზღვრული და იმიტომ დგინდება ეს ნორმები, რომ აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი რეცეპტი.

2)რომელი მედიკამენტები დაემატა ნარკოტიკების, ფსიქოტროპულ და პრეკუსორების ნუსხას. რომელი დამატებული მედიკამენტების მოხმარება დაისჯება ადმინისტრაციული წესით,მაგალითად აქამდე ბაკლოსანის მოხმარება არანაირ სასჯელს არ ითვალისწინებდა, როგორ იქნება ახალი კანონის მიღების შემდეგ?

-ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას დღეის მდგომარეობით ემატება კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატები. მათ ოდენობა განისაზღვრება თუნდაც 1 მილიგრამის არსებობით და მათზე ვრცელდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უკანონო გაცემაზე. ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხას დაემატა ფსევდოეფედრინის, ეფედრინის და ნურეფედრინის შემცველი კომბინირებული პრეპარატები. მათზე ასევე განსაზღვრული არის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები და მათ უკანონო მიმოქცევაზე ვრცელდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მათი გაცემა აფთიაქიდან შესაძლებელია ფორმა ნომერი 2 რეცეპტის საფუძველზე. პირველი ჯგუფის ფარმაცეპტულ პროდუქტს მეორე ჯგუფიდან რეკლასიფიკაციის საფუძველზე დაემატა ექვსი ნივთიერება, რომელთა მოხმარებაც ხდება ბოროტად, არათერაპიული დოზით ნარკოტიკული თრობის მისაღწევად. ეს ნივთიერებები არის იგივე ბაკლოფენი, გაბაპენტინი, დექსტომეტროფანის შემცველი კომბინირებული პრეარატები, ზოპიკლონი, ზალიპლონო, ტროპიკამიდი. ამ მედიკამენტებზე ვრცელდება კონტროლის იგივე მექანიზმები, რაც ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე. მათი მიღება, შენახავა,აღრიცხვა, აფთიაქიდან გაცემა ხდება ზუსტად ისე, როგორც ფსიქოტროპული ნივთიერებების. აფთიაქი ვალდებულია, რომ მათი მიმოქცევის შესახებ მოგვაწოდოს ინფორმაცია. ეს რაც შეეხება ნუსხის დამატებას და ცვლილებებს. მოხმარებასთან დაკავშირებულ სასჯელს რაც შეეხება, ეს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების კომპეტენციაა.

ნანა:

რა აკრძალვა ვრცელდება ფსიქოტროპულ და ფსიქოაქტიურ მედიკამენტებზე, რომლებითაც კუსტარულად ამზადებენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს?

-კუსტარულად დღეის მდგომარეობით ნარკოტიკული საშუალებები მზადდება კოდეინის, ასევე ფსევდოეფედრინის, ეფედრინის და ნურეფედრინის შემცველი კომბინირებული პრეპარატებიდან. კუსტარულად კოდეინის შემცველი პრეპარატებისგან მზადდება დეზომორფინი, ე.წ "ნიანგი", "კრაკადილი". ფსევდოეფედრინის, ეფედრინის და ნურეფედრინის შემცველი კომბინირებული პრეპარატებიდან კუსტარულად მზადდება ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებები-"ვინტი," "ჯეფი". აქ გარკვეული რეკლასიფიკაცია განხორციელდა, ისინი პირველ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, თუმცა იყო იმ ნუსხაში, რომელიც დამტკიცებულია მინისტრის ნომერი 22ნ ბრძანებით, აქედან მათი გადატანა მოხდა ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონით დამტკიცებულ ნუსხაში. კერძოთ კოდეინ შემცველები ნარკოტიკების ნუსხაში, ხოლო ფსევდოეფედრინის, ეფედრინის და ნურეფედრინის შემცველები ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხაში.მათზე ვრცელდება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი მათი უკანონო მიმოქცევა დადასტურდება.

ლალი:

როგორ მოხდება ფსიქოტროპული პრეპარატების ექსპორტ-იმპორტის განხორციელება ახალი კანონმდებლობით?

-ეს არის ერთ-ერთი ეტაპი რეცეპტის ინსტიტუტთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებზე. კანონში შევიდა ცვლილება, სადაც განისაზღვრა მცნება ქვეყნის შიდა კვოტა. ქვეყანაში ხდებოდა იმ რაოდენობით შემოდინება ისეთი ნივთიერებების, რომლებისგანაც კუსტარულად მზადდება ნარკოტიკული საშუალებები და ეს ხდებოდა იმ ოდენობით, რომელიც ქვეყანას არ სჭირდებოდა.ძალიან დიდი რაოდენობით ხდებოდა მათი შემოდინება. კანონმდებლობით მარეგულირებელ ორგანოს არ ქონდა უფლება, რაიმე კორექტირება შეეტანა იმპორტიორის მიერ წარმოდგენილ განაცხადში. იმ ცვლილების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ქვეყნის შიდა კვოტა, ასევე ცალკეულ შემთხვევებში ჯანდაცვის სამინისტროს შსს-სთან ერთად მიეცა უფლება ცალკეულ ნივთიერებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს მოხდეს შიდა კვოტის განსაზღვრა, ქვეყნის მოთხოვნილებიდან გამომდნარე. იმაზე მეტი რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა აღარ მოხდება. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რომ არ მოხდეს ამ პრეპარატების უკანონო არხებში გადინება და მათი ბოროტად მოხმარება. ამ ცვლილების საფუძველზე მარტიდან გვექნება უფლება ამ ნივთიერებების იმპორტი შევამციროთ. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცეპტული პროდუქტის იმპორტ-ექსპორტის განხორციელებისათვის საჭიროა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული საიმპორტო ნებართვის წარდგენა.

ნინია:

რამდენი სახეობის პრეპარატის შეძენა აიკრძალა რეცეპტის გარეშე ახალი კანონმდებლობით?

-კანონმდებლობაში არსებობდა რეცეპტის სამივე ფორმა,რომელიც დღესაც არსებობს- ფორმა1, ფორმა2 და ფორმა3. ფორმა სამი რეცეპტი დამტკიცებული იყო, თუმცა არ იყო ვალდებულება მისი აფთიაქში წარდგენის. საქართველოში დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის 50% დაექვემდებარება რეცეპტით გასაცემ სამკურნალო საშუალებების ნუსხას. თუმცა ეს ნუსხა ყოველდღიურად შეიცვლება. დაახლოვებით 5000 მდე მედიკამენტი იქნება რეცეპტით გასაცემი და დაახლოებით ამდენივე ურეცეპტოდ.

2) ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატებზე ვრცელდება თუ არა შეზღუდვა და რას ურჩევთ მომხმარებლებს?

-შეზღუდვა არანაირ მედიკამენტზე არ ვრცელდება. ჩვენ რეცეპტის ინსტიტუტზე და ამ ინსტიტუტის ამუშავებაზე ვსაუბრობთ. შეზღუდვა არის, როცა პაციენტისთვის მიუწვდომელია ესა თუ ის სამკურნალო საშუალება. რაც შეეხება ანტიჰისტამინურ საშუალებებს, მათი საინექციო ფორმები ყველა იქნება ფომა ნომერი3 რეცეპტით გასაცემი. ტაბლეტირებული ფორმებიდან უმრავლესობა არის ურეცეპტოდ გასაცემი.რეცეპტით გასაცემებში რჩება- ჰიდროქსიზინი, ატარაქსი, დიფენჰიდრამიდი, დიმედროლი და პრომეთაზინი. ვინაიდან მათ აქვთ ძლიერ გამოხატული სედაციური მოქმედება და მეტად უფრო გვერდითი მოქმედებები ახასიათებთ.აქ უკვე ექიმის დანიშნულების ვალდებულება წინა პლანზე დგება.

ნანა:

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მოულოდნელად ცუდად გახდა, შეიძლება თუ არა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა გამოუწეროს რეცეპტი და ასე შეიძინოს მომხმარებელმა პრეპარატები?- მოგეხსენებათ დღეს ბევრს არ აქვს საშუალება ექიმთან მივიდეს.

-სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ექიმს აქვს უფლება ადგილზე აღმოუჩინოს პაციენტს დახმარება, მას არ აქვს უფელება გამოწეროს რეცეპტი. რეცეპტის გამოსაწერად პაციენტს შეუძლია მიმართოს ოჯახის ექიმს, რომელიც საყოველთაო დაზღვევით ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და დანახარჯი არ ექნება პაციენტს. ოჯახის ექიმი უკვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩენს მას სამედიცინო დახმარებას და გამოუწერს შესაბამის მედიკამენტს შესაბამისი რეცეპტის ბლანკზე.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას