დღეს ბევრს კამათობენ ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ღირსება-ნაკლოვანებებზე, თუმცა, უამრავი ადამიანი ახერხებს სოციალური ქსელიც კეთილი საქმისათვის გამოიყენოს. მათ შორის არის საოცრად ნიჭიერი და მომხიბვლელი ქალბატონი - შორენა ალაზნისპირელი, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ პოეტი "ფეისბუქიდან".
- როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა "ფეისბუქთან"?
- ჩემი პროფილი არ შექმნილა პირადი მეგობრობის ან პირადი ინტერესებისათვის, მინდოდა ეს ყოფილიყო გვერდი, სადაც მხოლოდ კახეთზე დაწერილ ლექსებს გამოვაქვეყნებდი. იქ არც ჩემი სახელი ეწერა, არც გვარი და არც ჩემი მონაცემები. ალაზნისპირელი ჩემი ფსევდონიმია და კარგად გადმოსცემს უდიდეს სიყვარულსა და ნოსტალგიას ამ კუთხის მიმართ. თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში გავიზარდე. მთელი ბავშვობა ალაზნის პირას გავატარე და ძალიან დიდი სიყვარული დამრჩა ჩემი სოფლისა და ამ ულამაზესი მდინარის მიმართ. მოგვიანებით გავიგე, რომ ალაზნისპირელი გვარი ყოფილა და დავიტოვე. ჩემი ნამდვილი გვარი, პოპოვი, რუსული წარმოშობისაა. ჩემი დიდი პაპა აქ სარკინიგზო მშენებლობის დროს ჩამოსულა და იმდენად მოსწონებია საქართველო, რომ დარჩენილა. მოგეხსენებათ, რომ აქ ბევრი ჩამოსული დარჩა და ასე გაუჩნდა საქართველოს შეძენილი შვილები. ძალიან მინდოდა ქართული გვარი მქონოდა, მით უმეტეს, დედ-მამა ტრადიციული ქართველები არიან: მამა კახელი მყავს, ხოლო დედა - რაჭველი. მიმაჩნია, რომ სისხლით, ხორცით, სულითა და გულით ქართველი ვარ, ქართულ ოჯახში გავიზარდე, ამიტომაც ვამჯობინე ვიყო ალაზნისპირელი და არა - პოპოვი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გვარს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. როგორც გითხარით, საქართველოს ჰყავს შეძენილი შვილები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის სიყვარულში ვერავინ გაეჯიბრება.
- შორენა, მოგვიყევით თქვენზე და იმაზეც, თუ როგორ დაიწყეთ "ფეისბუქზე" ლექსების გამოქვეყნება.
- მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს: 2000 წელს დავამთავრე საშუალო სკოლა, ჩავაბარე უნივერსიტეტში და იმავე წელს ოჯახიც შევქმენი. მყავს 12 წლის გოგონა და 9 წლის ვაჟი. როგორღაც, მოულოდნელად გადავწყვიტე ჩემი ლექსები მეგობრებისათვის შემეთავაზებინა, ამას ძალიან დიდი მოწონება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვირტუალური მეგობრები არც მე მიცნობდნენ და არც ჩემს შემოქმედებას, მაქებდნენ და მამხნევებდნენ, რაც ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის. ვფიქრობ, რომ ადამიანმა ნებისმიერი რამ შეიძლება სიკეთისათვის გამოიყენოს. ასეა "ფეისბუქიც" - ის დაყოფილია თანამოაზრეთა კატეგორიებად: მუსიკოსები ერთად არიან, პოეტები ერთად, მსახიობები - ერთად და ა.შ. მე ჩემს გარშემო შემოვიკრიბე, თუ თვითონ შემოიკრიბნენ ძალიან თბილი, მოაზროვნე, ქართული სულის მქონე ადამიანები და ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი მეგობრები მყავს ვირტუალურ სამყაროში. დღეს სოციალურ ქსელებში ლექსებს ბევრი აქვეყნებს. პროფესიით ფილოლოგი ვარ და ვხედავ, რომ ამ ლექსების უმეტესობა ძალიან მშრალია და მხოლოდ ერთ თემატიკას უტრიალებს - სატრფიალო ხასიათისაა. რატომღაც, მივიწყებულია პატრიოტიზმი, სისხლი, რჯული, ადათები. ჩემი ლექსების მთავარი თემა პატრიოტიზმია, პირველი ლექსებიც კი, რომელიც 15-16 წლისამ დავწერე, სამშობლოს ეძღვნებოდა. ჩემი ლექსების მკითხველი ძირითადად უფროსი თაობაა, რაც ძალიან მეამაყება, მაგრამ ამავე დროს, კიდეც მაწუხებს. უმცროს თაობას არ აინტერესებს სამშობლო, ბევრმა არ იცის, ვინ არის გიორგი ანწუხელიძე, ამხელა გმირობის მოწმენი გავხდით და ბევრს ეს არც აინტერესებს.
- რა მიგაჩნიათ 21-ე საუკუნის ქართული მწერლობის მთავარ ნაკლოვანებად?
- ჩემი აზრით, პატრიოტიზმის თემის წინ წამოწევა ქართულ ლიტერატურაში აუცილებელია. კარგ ლექსს რომ წაიკითხავ, უნდა გამოგაფხიზლოს, ცეცხლივით უნდა დაგიაროს და თუ ადამიანი ნამდვილი ქართველია, ნამდვილი მამულიშვილი, სამშობლოზე დაწერილი ლექსი აუცილებლად დაუვლის ძარღვებში. რამდენი დიდი სახელმწიფო დაიკარგა, ჩვენ კი გადავრჩით, ამიტომ ქართულ სიმღერაში, ქართულ ლექსში წინ უნდა იყოს წამოწეული ყველაფერი, რაც ქართულია და ქართული სულის გამოღვიძებას ხელს შეუწყობს. მიუღებელია ჩემთვის გადაჭარბებული უიმედობაც, რომელიც დღეს ასე მოდურია. რამდენიმე ახალგაზრდა პოეტის ლექსები რომ წავიკითხე და კარგად ჩავუღრმავდი, შევცბი, რადგან მათ ლექსებს სუიციდისკენ მიდრეკილება გასდევდა. როცა ადამიანს ჰყავს კარგი მეგობრები, ახლობლები, აქვს "პური არსობისა", როგორ შეიძლება თვითმკვლელობაზე იფიქროს? მე მესმის იმ ადამიანებისა, რომლებმაც ძალიან დიდი ტრაგედია, სულიერი წნეხი განიცადეს: ზოგს ერთდროულად გარდაეცვალა შვილი, მეუღლე, უახლოესი ნათესავი, მაგრამ ადამიანს უიმედობა მაინც არ უნდა მოერიოს, ყოველთვის უნდა ეყოს ძალა, რომ საკუთარ თავს, თავის პრობლემებს არ გაექცეს. არანაკლებ მტკივნეული პრობლემაა ჩვენთვის ამდენი უცხოელის შემოსახლება საქართველოში, მაშინ, როცა ათასობით ქართველი უცხოეთშია გადახვეწილი. ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ხმლითა და თარეშით ვერ მოახერხეს, სიმღერითა და ღიმილით შემოსულები ახერხებენ. ამას ემატება ისიც, რომ ქართველები საკუთარ სულიერებას ვერ აფასებენ და ფიქრობენ, რომ რადგან ის ამერიკელია ან ევროპელი, ჩვენზე უკეთესად მღერის, ჩვენზე უკეთესად აცვია და ჩვენზე მეტი იცის, ამიტომაც ჰბაძავენ. რაღაც უცნაური სენი გვჭირს მიმბაძველობისა, მაშინ, როცა მუხრანის თქმისა არ იყოს, მისაბაძი არაფერი გვჭირს. ჯერ ქართული სიმღერა მოისმინე და შეიყვარე, ჯერ შენს სამშობლოს დაუწერე ლექსი და არა - ლონდონს, პარიზს ან ნიუ-იორკს.
- წიგნის გამოცემას როდის აპირებთ?
- ჩემი კრებული ალბათ 6-7 თვეში გამოვა. საერთოდ, ძალიან მორიდებული ადამიანი ვარ და წინასწარ უნდა მოვემზადო იმისათვის, რომ ჩემი ლექსები მეგობრების წინაშე წავიკითხო. ვგეგმავ, რომ ის საჩუქარი იქნება მხოლოდ ჩემი მეგობრებისათვის და არ გაიყიდება. ეს იქნება მოკრძალებული საჩუქარი იმათთვის, ვისაც ჩემი ლექსები მოსწონს.
ხათუნა ჩიგოგიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)