კომპანია "სანტე ჯი ემ თი პროდუქტების" ხელმძღვანელობა წარმოებული პროდუქციის ფალსიფიკაციის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს და "სტრატეგიული კვლევების ცენტრის" ინფორმაციას დეზინფორმაციად აფასებს.
"სანტე ჯი ემ თი პროდუქტების" გენერალური დირექტორის მოადგილის ერეკლე გამყრელიძის ინფორმაციით, აღნიშნულმა ორგანიზაციამ იმდენად ზოგადი და ნეგატიური ინფორმაცია გაავრცელა, რომ მომხმარებელი ვერ ჩამოყალიბდა, კონკრეტულად რომელ პროდუქტზე იყო საუბარი.
"ინფორმაცია იყო აბსტრაქტული და გადმოცემული იყო ბუნდოვნად, იმისთვის, რომ მომხმარებელს სწორი დასკვნა ვერ გამოეტანა. საბედნიეროდ, პროდუქციის რეალიზაციის შემცირებას ეს არ დატყობია. ვინაიდან 15 წელია ჩვენ ბაზარზე ვართ, მომხმარებელი კარგად გვიცნობს და იცის, ვის დაუჯეროს და რას - არა. მომხმარებელმა ისიც უნდა იცოდეს, რომ უცხოეთიდან შემოსული გრძელვადიანი პროდუქტები უფრო დიდ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შესახებ გასულ დღეებში გავრცელდა",-აცხადებს ერეკლე გამყრელიძე.
გავრცელებულ ინფორმაციაში, რამაც მედიის დაინტერესება გამოიწვია, ეტიკეტირებაზე იყო ყურადღება გამახვილებული, რაც მომხმარებლისთვის ისედაც ცნობილია. ვინაიდან "სანტეში" პროდუქციის ეტიკეტირებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
"ბაზარზე გვაქვს ორი სახის პროდუქცია, რომელიც დამზადებულია ნატურალური რძისგან და პროდუქცია აღდგენილი მშრალი რძისგან, რაც უფრო ხელმისაწვდომია ფართო მომხმარებლისთვის. 2013 წელს 8 მილიონი ლიტრი რძე შევაგროვეთ 2000 ფერმერისგან. მათ 8 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. ჩვენ კი უმაღლესი ხარისხის ნედლი რძე ჩავიბარეთ. ჩვენი პროდუქცია ყველა დონეზე მოწმდება. დღეს არ არსებობს რაიმე ნორმატიული აქტი, რომელიც გვავალდებულებს იმას, რომ პროდუქცია ნატურალური ნედლეულიდან უნდა დამზადდეს, მაგრამ ჩვენი კომპანია მაინც დიდ ინვესტიციებს ახორციელებს და მომხმარებელს სთავაზობს დიდ არჩევანს. თუ მომხმარებელი მზადაა ქართული ნატურალური რძისგან დამზადებული პროდუქტი შეიძინოს, ცოტა მეტის გადახდა მოუწევს. ეტიკეტირების სტანდარტები და კანონი ყოველთვის დაცულია ჩვენთან. პროდუქციის შემცველობის შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზე ნათლადაა განმარტებული. სწორედ ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციები გამოაქვეყნა იმ ორგაიზაციამ და არა რაიმე ახალი, რომლის წაკითხვა ყოველთვის შეეძლო მომხმარებელს. ნედლეული, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის ყველაზე მაღალი ხარისხის, რომელიც ევროპიდან შემოგვაქვს. ევროპაში კი კანონმდებლობა არის უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენთან. ამ ვალდებულებას ჩვენ თვითონ ვიღებთ ჩვენ თავზე, რომელიც ჩვენ დაგვაკისრა იმ ამერიკულმა საინვესტიციო კომპანიამ, რომელმაც ჩვენს კომპანიაში ინვესტიცია განახორციელა. ეს კომპანია სისტემატიურად გვამოწმებს და გვაკონტროლებს.
შესაბამისად დანერგილი გავქვს საერთაშორისო სტანდარტები. ამიტომ ყველაფერი გვაქვს მაღალ კონტროლზე აყვანილი, რაშიც ჩართულები არიან ადგილობრივი მაკონტროლებელი ორგანოებიც. გავრცელებულ დეზინფორმაციაში აშკარად იკვეთება იმ ორგანიზაციების ინტერესი, რომლებიც სხვანაირად არიან დაინტერესებულები და მათთვის მთავარია ის, რომ ის ქართული პროდუქტი, რომლისგანაც ქართველი გლეხი იღებს შემოსავალს, გადავიდეს მეორე რიგში და წინ წარმოჩინდეს იმპორტირებული, გრძელვადიანი, კონცენტრატებით გაჯერებული პროდუქცია", - აცხადებს ერეკლე გამყრელიძე.
მისივე ინფორმაციით, დოლარის კურსის აწევამ მზა პროდუქციის გაძვირება 3 პროცენტით გამოიწვია.
"დოლარის კურსმა სამწუხაროდ, იმოქმედა პროდუქციის ფასზე და 3 პროცენტიანი გაძვირება მოხდა. ჩვენ შევეცადეთ საგრძნობი ფასის ზრდა არ მომხდარიყო. თუ ლარის კურსი გამყარდება, პროდუქციაზე ფასი ისევ დაიწევს", - აცხადებს გამყრელიძე.
ნედლეულის და მზა პროდუქციის ხარისხზე საუბრობს კომპანიის ტექნიკური დირექტორი გოგი ზარიძე, რომლის განცხადებით, ხარისხის კონტროლი ყველა ეტაპზეა დაცული.
"რძე მოწმდება ფიზიკურ და ქიმიურ მონაცემებზე, ცილა, ცხიმი, რძის შაქრის შემცველობა ასევე პროდუქცია მოწმდება მიკრობიოლოგიურად, თუ რძე აღმოჩნდა დაბინძურებული, "სანტე" ამ რძეს არ იღებს და უკან აბრუნებს. მას შემდეგ, რაც ლაბორატორია გასცემს დასკვნას, რომ რძე არის მისაღები, ამის შემდეგ ხდება ნატურალური რძის გადამუშავება. ასევე, ნედლი რძე მოწმდება ანტიბიოტიკების შემცველობაზე, რაც დაუშვებელია არსებობდეს ნატურალურ რძეში", - აცხადებს გოგი ზარიძე.
"სანტეს" პროდუქციის ხარისხისა და საწარმოო ციკლის საერთაშორისო სტანდარტების სანახავად დღეს აღნიშნულ რძის პროდუქტების კომპანიაში მედიატური მოეწყო. ჟურნალისტებთან ერთად, "სანტე" "მომხმარებელთა ფედერაციის" ხელმძღვანელმა მადონა კოიძემაც დაათვალიერა.
მისი ინფორმაციით, მომხმარებელთა უფლებების 8 პუნქტიანი გაეროს რეზოლუცია არსებობს. მათ შორის უმთავრესია მომხმარებელს პროდუქციის ეტიკეტზე დატანილი შემადგენლობის წაკითხვის საშუალება და არჩევანის საშუალება მიეცეს, რაც "სანტეს" შემთხვევაში დაცულია. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, "სანტეს" პროდუქციის ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
"კანონმდებლობის თანახმად, ფალსიფიკაცია არის თვისობრივი მაჩვენებლების შეცვლა, ან დეკლარირებული ინფორმაციის შეუსაბამობა. კომპანია "სანტე ჯი ემ თი პროდუქტების" პროდუქციაში ეს ფაქტი არ დადასტურდა. ამ კომპანიის მომხმარებელს აქვს საშუალება, განასხვავოს პროდუქციის ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციიდან, არის ესა თუ ის პროდუქტი ნატურალური თუ აღდგენილი რძიდან დამზადებული და შეუძლია განასხვავოს, საღი რძისა და აღდგენილი რძის პროდუქტები", - აცხადებს მადონა კოიძე.
კომპანია "სანტე ჯი ემ თი პროდუქტები" სამოცდაათი დასახელების პროდუქტს აწარმოებს.
გიორგი ბერიძე